ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ხელშეკრულებების სტანდარტიზაციას დაავალდებულებს
ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ თბილისში, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” მიკროსაფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ეს ნაბიჯი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით მომდევნო ეტაპზე გადაიდგმება.
”ჩვენი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ყველა საჭირო ღონისძიებას გავატარებთ, რათა მოქალაქეებს სამომავლო რისკები მაქსიმალურად ავარიდოთ. უპირველესად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დავავალდებულებთ, მოახდინონ ხელშეკრულების სტანდარტიზაცია და ხელშეკრულების ყველა მნიშვნელოვანი პირობა პირველივე გვერდზე თვალსაჩინოდ და მარტივად აღსაქმელად გამოიტანონ. ასევე, პროდუქტის ფინანსური ხარჯების ნაწილი მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადონ. ამავდროულად, კიდევ ერთხელ ვთხოვთ და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, უფრო მეტად დაინტერესდნენ, ვის ანდობენ საკუთარ ფინანსებს, დიდი ყურადღებით წაიკითხონ ხელშეკრულებები და მოსალოდნელი საფრთხეები შეაფასონ. ხშირ შემთხვევაში, მოქალაქე 5-6-გვერდიან ხელშეკრულებას თითოეულ გვერდზე ისე აწერს ხელს, რომ მის პირობებს არ ეცნობა”, – აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.