რა მდგომარეობაა ინვესტორებისათვის ყველაზე მიმზიდველ დარგში

მაკა ღანიაშვილი

ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ ნოემბერში სამინისტროს ერთი წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა. ენერგეტიკის მინისტრი გასული ერთი წლის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად ტარიფების შემცირებას მიიჩნევს. 2013 წლის 1 იანვრიდან მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3,54 თეთრით (დაახლოებით 20%) შემცირდა. მიმდინარე წლის 1 მარტიდან მოსახლეობისათვის ასევე შემცირდა ბუნებრივი აირის ტარიფი 5 თეთრით (10%). ინდივიდუალურად გამრიცხველიანებულია საქართველოს მთელი მოსახლეობის 85% და გაზიფიცირებული – 65%.

ანგარიშის წარდგენისას კალაძემ ყურადღება გაამახვილა 2013 წლის 21 აგვისტოდან ამოქმედებულ ახალ რეგულაციებზე, რომელმაც კიდევ უფრო გამჭვირვალე, გამარტივებული და ლიბერალური უნდა გახადოს საინვესტიციო პროექტების განხორციელება ენერგეტიკის სექტორში. მის ფარგლებში ამოქმედდა პროექტის განხორციელების ორსაფეხურიანი სისტემა: წინასამშენებლო ფაზა და სამშენებლო ფაზა; შემცირდა საბანკო გარანტიის მოცულობა; ამოქმედდა სანქცირების წესი, რაც ინვესტორს აძლევს საშუალებას, ვადების დარღვევის მიუხედავად, გააგრძელოს სამუშაოები და არ დაკარგოს საბანკო გარანტიის თანხა და პროექტი. ახალი წესების ამოქმედების შემდეგ, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების მიზნით, მემორანდუმები 26 ჰიდროელექტროსადგურზე გაფორმდა. ხელმოწერილი მემორანდუმების ჯამური დადგმული სიმძლავრე – 545 მგვტ, მთლიანი საინვესტიციო ღირებულება – 850 მლნ აშშ დოლარი.

დღეისათვის საქართველოში მიმდინარეობს 15 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება ოთხი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ჯამური სიმძლავრით – 46 მგვტ, წლიური გამომუშავება – 250 მლნ კვტ.საათი, მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 45 მლნ აშშ დოლარით. გასული ერთი წლის განმავლობაში ასევე ამოქმედდა ორი ჰიდროელექტროსადგური (”შილდა ჰესი” და ”ხადორი ჰესი 2″), ჯამური სიმძლავრით 10 მგვტ.

დასრულდა საქართველოსა და თურქეთს შორის ახალი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. მიმდინარეობს რამდენიმე ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა და რეაბილიტაცია. ასევე, იგეგმება 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის ”ახალციხე-ბათუმი” მშენებლობა. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების საინვესტიციო ღირებულება 180 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, დაიწყო კახეთის მაგისტრალური გაზსადენის ”რუსთავი-საგარეჯოს” მონაკვეთის მშენებლობა. დაგეგმილია სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის ”წითელი ხიდი – მარნეულის” 25-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის დაწყება. დღეისათვის ბურღვითი სამუშაოები ნავთობის 25 სალიცენზიო ბლოკზე მიმდინარეობს. 2013 წელს ახალი ხელშეკრულებები 3 სალიცენზიო ბლოკზე გაფორმდა. 2013 წლის სექტემბრის მონაცემებით, მოპოვებულია 36,278 ტ ნავთობი, ბურღვით სამუშაოებში 44 მლნ აშშ დოლარი ჩაიდო.

საქართველოს ენერგოსექტორში არსებულ მდგომარეობაზე გვესაუბრება ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ელექტროენერგეტიკის დამსახურებული მუშაკი გიორგი თავაძე: `საქართველოს ენერგეტიკის დღევანდელი მდგომარეობა შეიძლება დახასიათდეს, როგორც სტაბილური. ელექტროენერგია მთელ ქვეყანას, მოსახლეობასაც და ეკონომიკას მიეწოდება უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში და ისიც საკმაოდ დაბალი ტარიფით. ამავე დროს, საქართველო, ძირითადად, საკუთარი წარმოების ელექტროენერგიით მარაგდება. იმპორტირებული ენერგიის წილი მთლიან მოხმარებაში 6-7%-ს არ აჭარბებს (614 მილიონი კილოვატსაათი 10 მლიარდიდან), თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ეს 614 მილიონი კილოვატსაათი ზამთრის ძვირადღირებული ელექტროენერგიაა.

დადებითი მომენტია ისიც, რომ შენდება რამდენიმე სერიოზული (დარიალი, ფარავანი) და მცირე (ბახვი, არაგვი) ჰიდროელექტროსადგური და ერთიც 250 მეგავატიანი კომბინირებული ციკლის თბოსადგური, რაც უდაოდ აამაღლებს სტაბილურობის განცდას.

ს.ე. როგორია ელექტრო ენერგიის მოხმარების სტრუქტურა? გადანაწილება მოსახლეობას, მრეწველობასა და სოფლის მეურნეობას შორის?
გ.თ.
ელექტროენერგიის მოხმარების სტრუქტურა, წარსულ წლებთან შედარებით, თანდათანობთ სწორდება. 90-იან წლებამდე მოსახლეობის წილი ელექტროენერგიის მთლიან მოხმარებაში 20%-ს არ აღემატებოდა. 80% მიდიოდა მრეწველობასა და ს/მ-ის დარგებზე. 90-იან წლებში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და უკვე მოსახლეობაზე მოდიოდა მოხმარების 80%, ხოლო 20% ეკონომიკაზე. ამჟამად მოსახლეობის წილად მოდის ელენერგიის მოხმარების 27%, რაც უდავოდ ბოლო წლებში ეკონომიკის განვითარების ტენდენციაზე მიუთითებს.

ს.ე. რამდენად აქვს საქართველოს ათვისებული ენერგეტიკული პოტენციალი?
გ.თ.
სხვადასხვა გათვლებით, საქართველოს ჰიდრორესურსების ენერგეტიკული პოტენციალი 15 500 მეგავატია (160 მილიარდი კილოვატსაათი საშუალოდ წელიწადში). ტექნიკური პოტენციალი 80 მილიარდი კილოვატსაათი, ხოლო ეკონომიკურად დასაბუთებული 40 მილიარდი კილოვატსაათი. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეისთვის საქართველოს ყველა ჰიდროელექტროსადგურის საშუალო წლიური ჯამური გამომუშავება არის 7-8 მილიარდი კილოვატსაათი, გამოდის, რომ ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ათვისება დაახლოებით 18-20%-ია, რაც ნიშნავს იმას, რომ ასათვისებელი ჯერ კიდევ ბევრია.

ს.ე. რა რაოდენობის ელ. ენერგიას მოიხმარს საქართველო ამჟამად? ეკონომიკის საშუალოდ 5-6%-ით ზრდის შემთხვევაში, რამდენად გაიზრდება მოხმარების არსებული მაჩვენებელი?
გ.თ.
საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება ბოლო წლებში ასეთი იყო: 2007 წ. – 8,6 მილიარდი კილოვატ საათი, 2008 წელს – 8,9 მილარდი კილოვატ საათი, 2009 წელს – 8,5 მილიარდი, 2010 წელს – 10, 2 მილიარდი, 2011 წელს – 10,4 მილიარდი და 2012 წელს 10,1 მილიარდი კილოვატსაათი. ძნელი სათქმელია ეკონომიკის 5-6%-იანი ზრდის შემთხვევაში, რამდენად გაიზრდება მოხმარების არსებული მაჩვენებელი. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად პროგრესული ან ენერგოტევადი ტექნოლოგიები დაინერგება ეკონომიკის სხვადასხვა დარგში და მოსახლეობის თბომომარაგების ფორმებზე. თუმცა, ჩვენი გათვლით, ამისათვის საჭირო იქნება ყოველწლიურად 800 მილიონი კილოვატსაათიდან 1 მილიარდ კილოვატსაათამდე ელექტროენერგიის მატება, რასაც, თავის მხრივ, დასჭირდება ყოველწლიურად 150-200 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ექსპლუატაციაში შეყვანა მოსახლეობის მოხმარების ზრდის გათვალისწინებით.

ს.ე. შესწევს თუ არა ქვეყანას საკუთარი რესურსებით ენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება, ეკონომიკის დაანონსებული ზრდის (5-6%) შემთხვევაში?
გ.თ.
ქვეყანას აქვს პოტენციალი საკუთარი რესურსებით დააკმაყოფილოს ენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნები, მაგრამ თუ ჰესები პრაქტიკულად არ აშენდა, პოტენციალი დარჩება პოტენციალად, ხოლო ქვეყანა – უშუქოდ.

ს.ე. რა მდგომარეობაშია ქვეყნის ინფრასტრუქტურა, რამდენად მაღალია ელექტრო ენერგიის გადაცემასა და დისტრიბუციაზე დანაკარგები სხვა ქვეყნებთან შედარებით?
გ.თ.
ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა 15-20 წლის წინანდელთან შედარებით შესამჩნევად გაუმჯობესებულია ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და ინვესტორების ხელშეწყობით. დიდი როლი ითამაშა სადისტრიბუციო კომპანიის პრივატიზაციამაც, თუმცა, ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია მოძველებული, საბჭოური ენერგოდანადგარებისა და ქსელების წილი ენერგეტიკაში.

ქსელში ქვეყნის მასშტაბით ენერგიის გადაცემა-განაწილების ფაქტიური ჯამური დანაკარგები 9-10%-ის ფარგლებშია. ეს, რა თქმა უნდა, უარესია ევროპის მოწინავე ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (5-6%), მაგრამ გაცილებით უკეთესია ბევრი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მაჩვენებელზე (15-20%).

ს.ე. რამდენად შესაძლებელია დღეს არსებული ტარიფების გაიაფება? რა მონაცემებზე დაყრდნობითაა არსებული ტარიფები დათვლილი?
გ.თ.
პასუხი ბევრს არ მოეწონება, მაგრამ, ჩემი აზრით, დღეს არსებული ტარიფების გაიაფება შეუძლებელია და მიზანშეუწონელიც. ტარფების შემდგომი ხელოვნური გაიაფება ძალიან მტკივცნეულად აისახება ენერგეტიკის განვთარებასა და მდგომარეობაზე. უახლოეს წლებში ტარიფების ამ დონეზე შენარჩუნების ჰიპოთეტურმა შანსმა შეიძლება იარსებოს, თუ სამხრეთ კავკასიურ მილსადენში (სკმ), ბაქო-თბილისი-ერზრუმი, საშუალოდ წელიწადში ნაცვლად დღევანდელი 7მ3 გაზისა, გაივლის 20-30 მლიარდი მ3 ბუნებრივი აირი, საიდანაც საქართველოს შეღავათიანი ფასით 60-65 აშშ დოლარის 1000 მ3 დარჩება მილიარდ-მილიარდნახევარი მ3 აირი, რაც საშუალებას მოგვცემს იაფი (და არა უფასო!) გაზის გარკვეული ნაწილი მივმართოთ თბოსადგურებში შედარებით იაფი ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, რაც დადებითად იმოქმედებს ელექტროენერგიის გენერაციის საშუალო ღრებულებაზე, თუმცა ვფიქრობ ამ დონეზე ტარიფის შენარჩუნება მაინც გაჭირდება.

საყოველთაოდ გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, რომ საქართველოში ყველაზე ძვირი ტარიფებია, მინდა განვაცხადო, რომ ელექტროენერგიის და თუნდაც გაზის ტარიფები საქართველოში ყველაზე დაბალია ევროპის (და არა მარტო ევროპის) ყველა ქვეყანასთან შედარებით, სადაც ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი, ჩვენს ვალუტაში გადაყვანით, 1 კვტ. საათისთვის საშუალოდ 35 თეთრია, ხოლო დანიასა და გერმანიაში სულაც 60-66 თეთრი კვტ საათში, კვიპროსში, ბელგიაში, შვედეთში, ავსტრიაში, იტალიაში, ნორვეგიასა და ისლანდიაში _ 45-50 თეთრი და ა.შ.

რაც შეეხება გაზის ტარიფს, რომელიც საქართველოში 50 თეთრია 1 მ3-სთვის, შვედეთში ის 273 თეთრია (2 ლარი და 73 თეთრი!), დანიაში 2 ლარი და 71 თეთრი, იტალიაში 2 ლარი, ნიდერლანდებში 180 თეთრი, სლოვენიაში 169 თეთრი, ბელგიაში 150 თეთრი, ლიტვაში 101 თეთრი, ესტონეთში 100 თეთრი (ერთი ლარი!), სომხეთში 59 თეთრი და ა.შ. ის საკითხი, რომ ჩვენთან ხელფასები დაბალია, ჩამოთვლილ ქვეყნებთან შედარებით, ტარიფების ხელოვნურად შემცირების არგუმენტად ვერ გამოდგება. ტარიფების დადგენას ობიექტური კანონიკური და მეთოდოლოგიური საფუძვლები აქვს, როელსაც სემეკი ვერ გადაუხვევს.

ტარიფების დადგენის პრინციპები მკაცრადაა რეგლამენტირებული საქართველოს კანონით ”ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ”, რომლის 43-ე მუხლი ცალსახად განსაზღვრავს, რომ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები ”შესაძლებლობას აძლევს ლიცენზიანტებს დაფარონ თავიანთი ხარჯები, რომელიც მოიცავს ეკონომიკურად გამართლებულ ფასებში შეძენილი საწვავის ღრებულებას, საექსპლუატაციო ხარჯებს, მიმდინარე და კაპიტალური რემონტის დანახარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილისა და პროცენტების გადასახადებს. ამასთან, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებათა ამონაგების კეთილგონიერ და სამართლიან დონეს, რომელიც საკმარისი უნდა უყოს დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით ინვესტიციების მოსაზიდად,” ე.ი. კანონითაა დადგენილი ტარიფში შესატანი კომპონენტების ჩამონათვალი, რომელსაც ვერავინ ვერაფერს დაამატებს. ეს ჩამონათვალი კონკრეტდება ”ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის” მე-3 თავში, სადაც მითითებულია, რომ ელექტროენერგეტიკული საწარმოების დანახარჯები (ფაქტიურად, ტარიფი მოგების და დანაკარგების გამოკლებით) გაიანგარიშება სათანადო საკალკულაციო მუხლების მიხედვით, რომელიც, თავის მხრივ, დადგენილია ფინანსთა სამინისტროს სპეციალური ინსტრუქციით და კონტროლდება შესაბამისი ორგანოების მიერ. ასე რომ, არც ერთი სხვა დანახარჯი, ვიდრე ამას ითვალისწინებს კანონი და მეთოდოლოგია, ტარიფების გაანგარიშებაში არ შესულა და ვერც შევიდოდა, მით უმეტეს ტარიფების დადგენის ღია პროცედურის დროს. ამდენად, ყოველგვარი საუბარი რაღაც მითიურ ”ფიქტიურ კომპონენტებზე”, რომელიც თითქოსდა ვიღაცეების ინეტრესების გამოა შეტანილი ტარიფში, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია. ფიქტიური კომპონენტის შეტანა ტარიფის კალკულაციაში ისეთი დანაშაულია, რომლის ჩადენაც, უბრალოდ, შეუძლებელია, სურვილის შემთხვევაშიც კი.

ს.ე. როგორია თქვენი დამოკიდებულა ჰუდონჰესის აშენების საკითხთან დაკავშირებით? უნდა აშენდეს თუ არა? რას მოუტანს მისი აშენება ქვეყანას, როგორც ზოგადად ეკონომიკას, ისე კონკრეტულად ენერგეტიკის დარგს.
გ.თ.
ენერგეტიკული თვალსაზრისით, ჰუდონჰესი, რა თქმა უნდა უნდა, ასაშენებელია. საქართველოს ტერიტორიაზე სხვაგან არსადაა ისეთი პირობები, სადაც შეიძლება აშენდეს 700-მეგავატიანი ჰესი (მთლიანად 500 ათასი კვტ.სთ.) და პლუს დამუშავებული წყლით ენგურჰესს დაემატოს 400 მილიონი კილოვატსაათი გამომუშავება. ჰუდონჰესის საშუალებით საქართველოს ენერგოსისტემას შეიძლება შეემატოს 2 მილიარდ კილოვატ საათამდე ენერგია, რაც ენერგომომარაგებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტაბილიზების მძლავრი ფაქტორი გახდება. სხვა საკითხია, რომ ამავე დროს გულდასმით უნდა იქნას გათვალისწინებული, ეკოლოგიური, დემოგრაფიული და იქ მცხოვრები ადამიანების ყოველგვარი ინტერესი. სამწუხაროდ, ეს საკითხი ისე ღრმად შევიდა ჩიხში, რომ მხოლოდ ენერგეტიკის განვითარებას არ უქმნის საფრთხეს…

ს.ე. შესაძლებელია თუ არა მსგავსი მასშტაბების ჰესების ჩანაცვლება ალტერნატიული ენერგოწყაროებით?
გ.თ.
შეუძლებელია. განა შესაძლებელია მეგაპოლისებში ერთ და ორსართულიანმა სახლებმა ჩაანაცვლონ მრავალსართულიანი შენობები?!
თვალსაწიერ მომავალში ალტერნატიული წყაროების წილი (მზის, ქარის, მზირე ჰესების) მთლიან ენერგომოხმარებაში ვერ გადააჭარბებს 20-30%-ს. ჰუდონჰესის მასშტაბის ჰესების ჩანაცვლება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მძლავრი თბოსადგურების აშენებით, თუ ამისთვის საკმარისი იაფი ბუნებრივი აირის რესურსები გვექნება (რაც ფრიად საეჭვოა), წინააღმდეგ შემთხვევაში, ტარიფები მნიშვნელოვნად გაძვირდება, ან მძლავრი ატომური სადგურების აშენებით, რასაც ასევე ვეჭვობ, მიესალმოს მოსახლეობა. არჩევანია გასაკეთებელი.

* * *
ის რომ ენერგეტიკა ყველაზე მეტად მიმზიდველი დარგია ინვესტორებისთვის საქსტატის მონაცემებიდანაც ჩანს. ყველაზე მსხვილი ინვესტიცია კი ამ სფეროში ჰუდონჰესზე შიძლება განხორციელდეს. 2013 წლის 6 თვეში საქართველოში სულ 459 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. აქედან, ენერგეტიკაში 108,1 მლნ აშშ დოლარი ჩაიდო, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 28%-ია. 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული უცხოური ინვესტიცია 7%-ით გაიზარდა.