რედაქტორისაგან
ეკ. მეცნ. კანდ. ემზარ ჯგერენაია
მერამდენედ ხვდება საქართველო უფლის აღდგომას თავისი უფლებებით და მოვალეობებით; მერამდენედ იწყება საარჩევნო მარათონი და ხალხი დაპირებების კასკადში იმარხება. გვინდა თუ არ გვინდა, საბაზრო ეკონომიკის მანქანა სიჩქარეს კრეფს და ჯერჯერობით ამა ქვეყნის ჩინიანს და უჩინოს გაურკვეველი მიმართულებით მიაქანებს. გაურკვეველი მიმართულებით იმიტომ, რომ ჯერ არავის არ აქვს ის აზიმუტები, რომელიც აღთქმულ მიწასთან მიიყვანს ქართველებს.
ცეცხლი უკიდია წმინდა მიწას და იწვის ქრისტეს სამშობლო, სალოცავებს ვერ მიეკარებიან მართმადიდებლები. ვერც ჩვენი ხალხი მიეკარება ხელისუფლებას ადგილობრივ არჩევნებზე. განსხვავება მხოლოდ იმაში იქნება, რომ აქამდე თუ ორ პოლიტიკურ ირგანიზაციას ჰქონდა მონოპოლიური უფლება არჩევნების მანიპულირებით, ამჟამად ამ სიკეთით გაცილებით მეტნი ისარგებლებენ და ანტიმონოპოლიური კანონი არჩევნების გაყალბებაში არ დაირღვევა. სხვათა შორის, ესეც დიდი მიღწევაა, რადგან კონკურენცია გაიზრდება და პოლიტიკური ძალები შეეცდებიან უფრო ნიჭიერად ითამაშონ “მშრომელი მასების, დემოკრატიული ძალების და უმწეო პენსიონერთა გულმხურვალე და მიუკერძოებელი დამცველის” როლი. ჰოდა, ამ თამაშ-თამაშში შეიძლება კიდევაც წამოცდეთ, არა, წამოცდეთ კი არა, ქე “შემოეკეთოთ” თითო-ოროლა საქმე. ყველამ რომ თითო-ოროლა საქმე გააკეთოს, ამ მუდმივად გარდაქმნების და რეფორმების მომლოდინე ხალხს მეტიც არ უნდა.
ამასობაში ეკონომიკა თავისი გზით მიდის, ყველაზე დიდი ტვირთი ენერგოდანახარჯებზე ხდება. ნებისმიერი ბიზნესი თავის კალკულაციის დიდ სექტორს უთმობს სწორედ ამ სტატიას და იმის გამო, რომ ეს ძალზე აძვირებს საქონელს, მომსახურებას, და არსებული მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის პირობებში კატასტროფულად ამცირებს რეალიზაციას, ყველა ცდილობს, დენი სხვადასხვა მეთოდებით “მოიპაროს”. თუმცა, ქურდობის ეს არხი დღითი დღე იხურება და მიმდინარეობს პროდუქციის და მომსახურების გაძვირება. ჩვენი გათვლებით, 2001 წელთან შედარებით 2002 წლის პირველ კვარტალში მოსახლეობის სამომხმარებლო კალათა 25 პროცენტით გაძვირდა, ამან სერიოზულად იმოქმედა ვაჭრობის და მომსახურების საერთო მოცულობის ზრდაზე და ის 18 პროცენტით შემცირდა.
საერთო ემპირიულ ეკონომიკური აჟიოტაჟის პირობებში პირველი კვარტალი რეალური რეგრესის ხანა იყო.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ არჩევნების დროს ეკონომიკური აქტივობა მცირდება, ამას ემატება პოლიტიკის ნაწილში რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა და კოდორ-აფხაზეთის საკითხი, ხოლო ეკონომიკაში – არანაირი რეალური და კონცეპტუალური ცვლილებების არარსებობა. გარდა იმისა, რომ საქართველო “სალფეთქივით” დავკეცეთ, საბაჟო სისტემის ინსტიტუციონალური კუთხით, ყაზბეგი გავაერთიანეთ ვალესთან, ხოლო ლაგოდეხი – თბილისთან (ალქიმიკოსები ვართ, მე და ჩემმა მზემ). ასევე 18 სახეობის გადასახადი გვინდა შევამციროთ 4-მდე და გაურკვეველი მიზნით, საინვესტიციო სასათბურე, სასაჩუქრე სააგენტოს შექმნას ვაპირებთ. მოკლედ, ეკონომიკაში სრული სიწყნარე სუფევს და “ღადავის” ხასიათზე ვართ.
ყოველივე ეს იმის უფლებას გვაძლევს, რომ განვაცხადოთ – მეორე კვარტალშიც არაფერი შეიცვლება და გაგრძელდება სტაგნაცია. რა არის აქ ახალი? – არაფერი, გარდა იმისა, რომ სხვა, ადრინდელი პერიოდებისგან განსხვავებით ელექტროენერგიაზე გადასახადი, თუნდაც იმ ახალი გაძვირების გარეშეც სერიოზულად გააძვირებს ბიზნესს და ეს შეამცირებს მოთხოვნილებას, რაც, საბოლოო ჯამში, ისედაც მცირე მოცულობის წარმოებას კიდევ შეკვეცს. ისე, ცხოვრება თავის გზით მიდის ეკონომიკა კი წინ. წინ, საითკენ? იკითხავს ჩემი მრავლისმნახველი და მრავლისმომსმენი მკითხველი. ეს უკვე პოლიტიკურ ლიდერებს ჰკითხეთ არჩევნების წინ, როცა პროგრამებს წარმოგიდგენენ, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს.
ისე, ერთ რამეს შეგახსენებთ – ბისმარკს უთქვამს, არასოდეს იმდენი ტყუილი არ ითქმება, როგორც ნადირობის შემდეგ, ომის დროს და არჩევნების წინ. მაშ, აღიჭურვეთ უფლის მოთმინებით და მოემზადეთ!
მორიგი ბრწყინვალე აღდგომა მობრძანდა ამ ქვეყანაზე. ცეცხლშია გახვეული წმინდა მიწა და გოდებენ სალოცავები.
თბილისში ნუშის ყვავილთან ერთად ახალმა მადლმა იფეთქა ელიას მთაზე. ვილოცოთ ყველამ, ვილოცოთ, რადგან საერო საქმეების კეთების დრო შემოდგომისათვის გადაუტანიათ და ლოცვით მაინც მოვიშუშოთ იარა.