ჭანტურიამ თბილისში ევროპული სასამათლო პროცესი გამართა
სოფიკო სიჭინავა
“მე არ მიყვარს სიტყვა რეფორმა, ის, რაც სასამართლო სისტემაში ხდება რეფორმა კი არა, ფორმირება უფრო არის”. – განაცხადა ერთხელ ლადო ჭანტურიამ ჩვენთან საუბარში და არ შეიძლება არ დაეთანხმო. ვისაც სასამართლო დარბაზებთან შეხება არ ჰქონია, ვინც არ დაუჩაგრავთ, ვისთვისაც არ დაუმტკიცებიათ თეთრზე შავიაო, კაცის გამტაცებლის, მკვლელისა და ყაჩაღის შეფასებისას არ უთქვამთ, უბრალოდ, ცელქი და “არც ისე ცუდი ბიჭიაო”, ვისთვისაც პარტნიორებს აწყობილი ბიზნესი არ წაურთმევიათ, ის ვერასოდეს გაიგებს, რის ფორმირებაზეა საუბარი და რატომ ვუთმობთ სასამართლო რეფორმას ამდენ ყურადღებას ჩვენ და მთელი ევროპა.
ქართული სასამართლო სისტემა რეფორმების შედეგად, თანდათან მიუახლოვდა მსოფლიო სტანდარტებს. თუმცა, წინაა ძალზე საინტერესო და სერიოზული გეგმების განხორციელება. მიუხედავად ყველაფრისა, თუკი სამართალდამცავ ორგანოებში პარალელურად არ დაიწყო ანალოგიური ძვრები, შესაძლოა, მსოფლიო სტანდარტების მიხედვით აწყობილი სასამართლო სისტემა ერთ ოაზისად დარჩეს საქართველოში. ჩვენი ნომრის სტუმარია უზანაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ლადო ჭანტურია
ლადო, აპრილის თვეში თბილისში ევროსაბჭოს ეგიდით კონფერენცია გაიმართა. რას იტყოდით ამის თაობაზე, რით იყო იგი მნიშვნელოვანი?
დამეთანხმებით, რომ ევროპის საბჭოს ეგიდით, საქართველოში ასეთი დიდი ფორუმის ჩატარება ძალიან საპატიოა და კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული სამართლებრივი და სასამართლო რეფორმის წარმატებას, რომელზედაც ხაზგასმით ისაუბრა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ. კონფერენცია გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა. მასში მონაწილეობდნენ ევროპის საბჭოს ქვეყნების უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები 27 ქვეყნიდან, საერთო ჯამში, 55-ზე მეტი წარმომადგენელი. კონფერენციის ძირითადი თემა იყო კასაციის საგანი, კასაციის ფარგლები და კასაციის მართვა. ევროსაბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოს უზენაეს სასამართლოებში საქმეების რაოდენობა იზრდება. გარდა ამისა, ერთ-ერთი სერიოზული საკითხი, რომელზედაც მსჯელობა მიმდინარეობდა და კონფერენციის რეზოლუციაშიც აღინიშნა, გახლავთ ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განტვირთვა. მოგეხსენებათ, რომ ამ სასამართლოში 41 მოსამართლეა, რომლებიც, პრაქტიკულად, 8000 მლნ-იან ევროპას ემსახურებიან. საქმეების რაოდენობა ისე გაიზარდა, რომ ფიზიკურად საფრთხის წინაშე დადგა სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირება. ამიტომ, ერთ-ერთი საკითხი იყო და ეს რეზოლუციაშიც ასახულია, ნაციონალური უზენაესი სასამართლოების საშუალებით როგორ არის შესაძლებელი ევროპის განტვირთვა. კონფერენცია 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველ დღეს მე ვთავმჯდომარეობდი, ბოლო დღეს სხდომის თავმჯდომარე გახლდათ ბელგიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც, ალბათ, მომავალი კონფერენციის მასპინძელი იქნება. 3 დღის განმავლობაში იყო ძალიან საინტერესო და სასარგებლო მოხსენებები იმ ექსპერტებისა, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ იტალიიდან, საფრანგეთიდან, ნორვეგიიდან. ასევე, საინტერესო იყო უზენაესი სასამართლოების მონაწილეობა ამ დისკუსიებში. ეს გახლდათ წმინდა პროფესიული თავყრილობა. აღინიშნა, რომ კასაციის სისტემები ევროპის ბევრ ქვეყანაში განსხვავდება ერთმანეთისაგან. ჩემთვის საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, რომ დღეს ჩვენი კასაციის სისტემა, რომელიც რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდა, ძირითადად, ემყარება გერმანულ და ავსტრიულ გამოცდილებას და ეს გამოცდილებაDდღევანდელ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. ასევე მსჯელობის საგანი იყო, როგორ შეიძლება ამ დიდი რაოდენობის კასაციების მართვა. უზენაესი სასამართლოების შესაძლებლობა შეზღუდულია და, ცხადია, ყველას აქვს სურვილი, საქმე უზენაეს სასამართლომდე მივიდეს. საინტერესო მსჯელობა ამაზეც იყო. ჩვენი აზრიც გაითვალისწინეს, რომ მოსამართლეების უფლებამოსილება იმისა, რომ მოახდინონ საჩივრების სელექცია, უნდა შემცირდეს და ზუსტად განისაზღვროს კანონით საფუძვლები, ეს საჩივრები წარმოებაში საკასაციო სასამართლომ თუ როდის არ უნდა მიიღოს. ჩვენ ანალოგიური სისტემა გვაქვს სამოქალაქო საქმეებზე, თუ 1000 ლარზე ნაკლებია დავის საგანი, საჩივრები უზენაეს სასამართლოში არ გასაჩივრდება.
რა პერიოდულობით იმართება მსგავსი კონფერენციები და ამ სფეროში ტრადიციებით მდიდარი ქვეყნების მქონე სახელმწიფოების მხრიდან, ფაქტობრივად, ტრადიციის არმქონე საქართველოში ასეთი დიდი კონფერენციის გამართვა ობიექტურობით იყო გამოწვეული თუ ვიღაცის კერძო სიმპათიების, ან მიმდინარე პროცესების მხარდაჭერის გამო?
ეს იყო, ფაქტობრივად, მხარდაჭერა და აღიარება იმ სასამართლო რეფორმისა, რომელიც საქართველოში განხორციელდა. ამ მხრივ, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რაზედაც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა კიდეც. გარკვეულწილად, საქართველოს ამით შეუძლია მაგალითის როლიც ითამაშოს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაში. რაც შეეხება პერიოდულობას, იგი ყოველ წელიწადს იმართებოდა, მაგრამ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ გაიმართოს 2 წელიწადში ერთხელ. სხვათა შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ესტონეთის შემდეგ საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ანალოგიური კონფერენცია გაიმართა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი აღიარებაა და ევროპის საბჭოს მხრიდან – მხარდაჭერა. საქართველო ევროპული ქვეყანაა და რა თქმა უნდა, ჩვენთვის სულ ერთი არ არის, რას ფიქრობენ ჩვენზე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები.
საბაზრო სისტემის დამკვიდრებასთან ერთად იმატა სხვადასხვა ეკონომიკურმა დანაშაულებებმა, რაც ადრე აბსოლუტურად უცხო ოყო. რამდენად შეითვისა რეფორმირებულმა სასამართლომ ეს სიახლეები?
დამოუკიდებლობის პირველ წლებში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ახალი კანონები მივიღეთ, რომლებიც სწორედ საბაზრო ეკონომიკის სამართლებრივ საფუძვლებს ქმნიან. ეს იყო კანონი მეწარმეთა შესახებ, სამოქალაქო კოდექსი – ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კანონებს შორის, და ბევრი სხვა, რომლებიც რეალურად უნდა დანერგილიყო ცხოვრებაში. მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა საბანკო სფეროში, მივიღეთ სრულიად ახალი კანონმდებლობა. ფაქტობრივად, დღემდე საბანკო სისტემა არ გვქონია. უცხოელი ექსპერტები ხშირად ამბობენ, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც ინგლისისა და საფრანგეთის კოლონიები იყვნენ ამ ქვეყნების იქიდან წამოსვლის შემდეგ, კოლონიებს გამართული საბანკო სისტემა მაინც დარჩათ, მაგრამ საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსგავსი არაფერი დაგვრჩენია. აუცილებელი გახდა ყველაფრის თავიდან დაწყება. ცხადია, ამას სჭირდებოდა სრულიად განსხვავებული სასამართლო სისტემა, რომელიც ახალი კანონების სულისკვეთებას გაიგებდა. ამიტომაც იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ცოდნის მხრივ შემოწმებულიყვნენ მომავალი მოსამართლეები, ან მოსამართლეობის კანდიდატები. ცხადია, საბაზრო ეკონომიკამ წარმოშვა ისეთი ურთიერთობები, ისეთი დავები, რომლებიც ადრე სრულიად უცხო იყო ჩვენთვის და დღესაც ძალიან ბევრი საკითხის გადაწყვეტა მოსამართლეებისათვის ძალიან რთულია. ამიტომაც, უცხოელ კოლეგებთან ძალიან ინტენსიურად ვთანამშრომლობთ, განსაკუთრებით გერმანელებთან. ჩვენ არ გვრცხვენია ისიც კი, რომ როდესაც ასეთი რთული საქმეები გვაქვს, მათ ვიწვევთ. წელიწადში 2-3 თვე უზენაეს სასამართლოში უცხოელი მოსამართლეები გვყავს, რომლებიც ამ კონკრეტულ საკითხებზე ჩვენთან ერთად მუშაობენ და კვალიფიკაციის ამაღლების პრობლემაში გვეხმარებიან. მაგრამ, ცხადია, თვისობრივად ახალი ურთიერთობები გაჩნდა. მაგალითად, კერძო საწარმოების გაკოტრება, რომელიც ადრე აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო. გაკოტრების ვულგარული გაგება ბევრად განსხვავდება მისი სამართლებრივი გაგებისგან. გაკოტრება არ ნიშნავს იმას, რომ დაკეტო საწარმო და გადააგდო. ეს არის პროცესი, რომელიც, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს, ამას სჭირდება ხალხი, რომელთაც სათანადო კვალიფიკაცია აქვთ და შეუძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება, რაც ძალიან რთულია. კერძო კომპანიების წარმოშობის კვალდაკვალ გაჩნდა წილებისა და აქციების გასხვისებით წარმოშობილი დავების მოწესრიგების აუცილებლობა. ამან კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა და, ცხადია, სასამართლო პრაქტიკაში აისახა. იგივე შეიძლება ითქვას საწარმოების მართვაზე. ურთიერთობა კერძო საწარმოების მართვის ორგანოებში, სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორებს შორის. ასე რომ, ბევრი სიახლე შემოვიდა, რაც ადრე სრულიად უცხო იყო და მხოლოდ მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლეებს შეუძლიათ კომპეტენტური გადაწყვეტილებების მიღება. გნებავთ, მიწის კერძო საკუთრების შემოღების შემდეგ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავები. პრივატიზაციასთან დაკავშირებული დავები ყველაზე დიდი სირთულით გამოირჩევა. მისი ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ “პერესტროიკის” დროს მიღებული კანონმდებლობა (ჯერ კიდევ სსრკ-ის დროს), რომელიც პრივატიზაციის დროს კერძო საკუთრების ვულგარულ გაგებას ემყარება. მხედველობაში მაქვს ე.წ. შრომითი კოლექტივების, ხალხის საკუთრების აბსტრაქტული ცნება, რაც სრულიად წარმოუდგენელია იმ ქვეყნებში, რომელთაც კაპიტალიზმის დიდი ხნის ტრადიცია აქვთ. ამან ბევრი დავა წარმოშვა. თუნდაც ამ უფლების დარეგისტრირების პროცესში შრომითი კოლექტივის წევრებს შორის დავების სახით. რამდენიმე დავა დაგვრჩა, რაც წინა წლებში განხორციელებულ პრივატიზებას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ყველაფერმა ამან საინტერესო გახადა სასამართლოების საქმიანობა, მაგრამ ამავე, დროს საკმაოდ რთული და თავისი შინაარსით საპასუხისმგებლოც.
რაც შეეხება სისხლის სამართლის დანაშაულებებს. რა თქმა უნდა, ამგვარი დანაშაულებები საბაზრო ეკონომიკის შესაბამისად უფრო მრავალფეროვანი გახდა, მაგრამ აქ შეიძლება კრიტიკის სახით ითქვას ისიც, რომ ეკონომიკური სისხლის სამართალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ჩამორჩა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ახალი სისხლის სამართლის კოდექსი გვაქვს, არ არის ადეკვატური დანაშაულთა შემადგენლობები, რომლებისთვისაც სხვა ქვეყნებში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის. მაგალითად, ჩვენი სამეწარმეო კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ როდესაც საწარმო გახდება გადახდისუუნარო ე.ი. როცა მისი ვალები აღემატება საზოგადოების ქონებას, დირექტორი ვალდებულია, იმ წუთში განაცხადოს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. ეს ნორმა, ფაქტობრივად, არ სრულდება. არადა, ამ ნორმის მიზანია, კრედიტორების დაცვა. ე.ი. საბაზრო ურთიერთობების მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ამ ურთიერთობების მონაწილე სუბიექტების ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, ნორმა მიზნად ისახავს იმ პარტნიორების ინფორმირებას, რომლებიც, როგორც წესი, არ მართავენ საწარმოებს და ეს საქმე მინდობილი აქვთ დირექტორებისთვის. ადეკვატური ნორმა სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს, რომელიც დირექტორს ამისთვის დასჯიდა. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დირექტორებისთვის ძალიან დიდი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული. მეწარმეთა კანონი ითვალისწინებს – თუ დირექტორი ამ მოვალეობას არ შეასრულებს, მას ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგრამ ეს ინსტიტუტი დღემდე, პრაქტიკულად, გამოყენებული არ არის. ამით იმის თქმა მინდა, რომ საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში სამეწარმეო საქიანობის თავისუფლებასთან ერთად, არის ძალიან მნიშვნელოვანი სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს მოვალეობის პატიოსნად შესრულებას. იგივე დირექტორების, რომელთაც შეუძლიათ საზოგადოების ქონების ჯიბეში ჩადება. რადგან პარტნიორები და აქციონერები ქონებას უშუალოდ არ მართავენ და დირექტორებს შესაძლებლობა აქვთ, ეს უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენონ. პრაქტიკულად, ამ მხრივ, საქართველოში კანონმდებლობით არავითარი პასუხისმგებლობა არც გათვალისწინებულია და არც სასამართლო პრაქტიკაში მსგავსი რამ არ გვაქვს. არ ვსაუბრობ უკვე ტრადიციულ დანაშაულებებზე: კონტრაბანდა, საბაჟო წესების დარღვევა, შემოსავლების დამალვა და ა.შ. სადაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არცთუ ისე გამოიყენება, თუმცა, აშკარად არაეფექტურია დანაშაულის იმ მასშტაბებთან შედარებით, რომელიც დღეს რეალურად გვაქვს.
საკონტრაქტო დავებისას ეკონომიკურ პროცესებში ჩაება დამოუკიდებელი არბიტრაჟი. როგორ ხდება მათთან სასამართლოს თანაარსებობა?
დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები კერძო არბიტრაჟების სახით არსებობს ყველა ქვეყანაში, მაგრამ ამ არბიტრაჟების როლი ძალიან მცირეა. ისინი ვერასოდეს ვერ შეცვლიან სასამართლოებს. არც ერთ ქვეყანაში არ არის იმის პრეცედენტი, რომ კერძო არბიტრაჟებს სასამართლოს ადგილი დაეკავებინოთ.
ეს, პირველ რიგში, იმით აიხსნება, რომ კერძო არბიტრაჟში მიმართვის შესახებ მხარეები თვითონ უნდა შეთანხმდნენ წინასწარ. პირველ რიგში, კერძო არბიტრაჟი, ეს არის მედიატორების სასამართლო, იმ პირთა მიერ შექმნილი, რომელთაც სურვილი გამოთქვეს, რომ მათი დავა მოაწესრიგონ კერძო არბიტრაჟის მეშვეობით.
ასე რომ, ამ მხრივ, კერძო არბიტრაჟები სასამართლოს კონკურენტებად კი არ მოიაზრებიან, არამედ ისინი თანაარსებობენ სასამართლოების გვერდით და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების სრულიად ბუნებრივ ნაწილს წარმოადგენენ.
საქართველოში არსებობს რამდენიმე კერძო არბიტრაჟი, მაგრამ მათი დატვირთვა იმდენად უმნიშვნელოა, რომ სასამართლოებში საქმის განხილვას ვერც შევადარებთ. ჩვენ გასულ წელს მთლიანად სასამართლოებში დაახლოებით 45 ათასზე მეტი საქმე გვქონდა. კერძო არბიტრაჟებს თუ შევადარებთ, იქ რამდენიმე ათეული საქმეც კი არ არის შესული.
არსებობენ ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კერძო არბიტრაჟები, როგორიც არის ყველაზე სერიოზული პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებული არბიტრაჟი. ასევე, ლონდონის, სტოგჰოლმის. რუსეთშიც რამდენიმე შეიქმნა და, შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული ბუმიც კი არის საარბიტრაჟო სასამართლოებისა, მაგრამ, როგორც ჩვენთან, მსოფლიოშიც მათი როლი დავებში ძალიან უმნიშვნელოა.
კერძო არბიტრაჟი რაიმე ცალკე ინსტიტუტს არ წარმოადგენს. პრაქტიკულად, იგი სიაა იმ არბიტრებისა, რომლებზეც მოდავე მხარეები თანხმდებიან. არსებობს სახელდახელოდ შექმნილი არბიტრაჟები, კონკრეტული დავის გადასაწყვეტად. მრავალგვარი ვარიაციებია, რომლებიც, ძირითადად, მაინც საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში გამოიყენება. იმ შემთხვევებში, როდესაც საინვესტიციო დავებისას, სხვა ქვეყნის კომპანიები არ ენდობიან ნაციონალურ სასამართლო სისტემებს. ეს განსაკუთრებით დამახასიათებელია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის. ერთ-ერთ პირობად ინვესტიციის განხორციელებისა ან ერთობლივი საწარმოების შექმნისას არის დავის განხილვა რომელიმე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში.
ეკონომიკურ დავებში მაინც რა უპირატესობა აქვს ამ საარბიტრაჟო სასამართლოებს?
უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მხარეები თვითონ ნიშნავენ არბიტრებს. ე.ი. თვითონ მხარეს აქვს მოსამართლის, არბიტრის, მედიატორის არჩევის შესაძლებლობა. მაშინ, როცა მხარეებს ნაციონალურ სასამართლოებში არავინ ეკითხებათ მოსამართლის არჩევას.
მეორე უპირატესობა არის ნდობის საკითხი. როცა მხარეების მიერ არჩეული მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, ნდობა უფრო მაღალია. ეს არის ძირითადი ორი არგუმენტი. გარდა ამისა, არსებობს გაეროს წესები, ე.წ. “უსიტრალი” დავების გადაწყვეტის საერთაშორისო წესი, ჩვენთან მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც, სამწუხაროდ, დიდი ხანია პარლამენტში დევს და რატომღაც არ იღებენ. კანონპროექტი კერძო არბიტრაჟის მიერ დავების გადაწყვეტის უნიფიცირებულ წესებს შეიცავს.
სასამართლო პროცესი და განაჩენი საქმის ერთი მხარეა, მაგრამ მეორეა აღსრულებული ჭეშმარიტება, რომელიც ხშირად ვერ მიიღწევა. რა მიმართებაში ხართ აღმასრულებლებთან ეკონომიკურ პროცესებში?
საინტერესო კითხვაა, მაგრამ მხოლოდ არა იმ თვალსაზრისით, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებების აღსრულებაზეა საუბარი, არამედ სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება პირდაპირ პროპორციულია სახელმწიფოს სიძლიერისა. ე.ი. სახელმწიფოს არ აქვს უნარი, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეასრულოს. თუ შევადარებთ არაღსრულებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს პროცენტულად იმ პოლიტიკურ ან სხვა გადაწყვეტილებებთან, რომელიც სახელმწიფოში მიღებულია და არ შესრულებულა, თანაფარდობა თითქმის ერთნაირი იქნება. ეს პირდაპირპროპორციულია. ასე რომ, ძალიან სერიოზული პრობლემაა. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ითვალისწინებს ამ სფეროში თანამშრომლობასაც. აღსრულების სამსახური არის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, სასამართლოს სხვა არაფერი შეუძლია, გარდა კანონის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისა.
აქაც რამდენიმე მოდელი არსებობს, რომელიც ყველა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია.
გერმანიაში ასეთი სამსახური არის მთლიანად სახელმწიფოსი და სახელმწიფო პოლიციის მეშვეობით უზრუნველყოფს ასრულებას. საფრანგეთში არსებობს სხვა სისტემა. დაახლოებით ნოტარიუსების მსგავსად. ეს არის კერძო გაერთიანება და პირი, ვის სასარგებლოდაც იყო გადაწყვეტილება მიღებული, ამ სამსახურის დახმარებით გარკვეული საფასურის სანაცვლოდ გადაწყვეტილების აღსრულებას აღწევს.
ჩვენთან, გარკვეულწილად, შერეული სისტემაა, იმიტომ, რომ კანონი არ ითვალისწინებს გადაწყვეტილებების აღსასრულებლად გარკვეული საზღაურის გადახდას. ზუსტი რაოდენობა და სტატისტიკური მონაცემები არა მაქვს, თუ რამდენი გადაწყვეტილება სრულდება ან ვერ სრულდება. არსებობს გადაწყვეტილებები, რომელთა შესრულება ფიზიკურად შეუძლებელია, იმის გამო რომ მოვალეს ქონება არა აქვს.
შესაძლოა აქვს კიდეც, მაგრამ სხვის სახელზეა გაფორმებული….
ასეთი შემთხვევები უცხოეთშიც ასეთ დროს დგება ვალაუვალი მოვალეების სია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს არავინ ენდობა. ასე რომ, ეს სერიოზული პრობლემაა.
ამ კუთხით არის თუ არა რამე მოსალოდნელი? შესაძლებელია, სასამართლო რეფორმა წარმატებით დასრულდეს, მაგრამ ეს გააუფასუროს იმან, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ფარატინა ქაღალდად დარჩეს.
სააღსრულებო სამსახურში ძალიან ბევრი რამ უკვე გაკეთდა. ამ საქმეს სათავეში ენერგიული, ახალგაზრდა კაცი ჩაუდგა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებებია გატარებული, მაგრამ მე ამ საკითხში ნაკლებად კომპეტენტური ვარ. უწინდელთან შედარებით ბევრი რამ შეიცვალა. რამდენიმე ბანკის შენობაც კი გაიყიდა აუქციონზე, რაც, პრაქტიკულად, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაა. არის გადაწყვეტილებები, რომლის აღსრულება ძნელია, მაგალითად, ბინიდან გამოსახლება. რამდენიმე მსგავს შემთხვევას საზოგადოების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
საერთო განხილულ საქმეებში ეკონომიკური ხასიათის დავებს რა მოცულობა უჭირავს?
2001 წელს საქართველოს I ინსტანციის სასამართლოებში სულ განსახილველი იყო 11,648 სისხლის სამართლის საქმე. სულ დამთავრდა 8876, აქედან განაჩენის – 7370. ეკონომიკური დანაშაულის საქმეთა ხვედრითი წილი განსახილველ საქმეებში მაღალია და შეადგენს 42,9%-ს (4993 საქმე), მაგრამ ეს მაღალი პროცენტი განპირობებულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა საქმეებით, როგორიცაა: ქურდობა – 2783, ანუ 24%, ძარცვა – 323 საქმე ანუ 2,8%, ყაჩაღობა – 296 საქმე ანუ 2,5%, თაღლითობა – 237 საქმე, ანუ2,0% და სხვა. ეკონომიკური დანაშაულის განხილულ საქმეთა რაოდენობა შეადგენს 3810 საქმეს, ანუ 42,9%-ს, მათგან განაჩენის გამოტანით დამთავრებულია 3272, ანუ 44,4%.
რამდენად ახლოა რეფორმირებული სასამართლო მსოფლიო სტანდარტებთან და რა პრობლემები არსებობს, განსაკუთრებით ეკონომიკური ხასიათის?
საკანონმდებლო სიახლეების დონეზე, ჩვენ, რეფორმის შედეგად, თითქმის ყველა სტანდარტი დავნერგეთ, რაც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არსებობს:
რეფორმამდე არსებობდა ე.წ. საპროკურორო ზედამხედველობა სასამართლოზე. ე.ი. სასამართლოების კონტროლს პროკურატურაNახორციელებდა. პროკურატურას უფლება ჰქონდა ნებისმიერი კანონიერი, ძალაში შესული გადაწყვეტილება გაეუქმებინა და საქმე ხელახალი წარმოებისათვის გადაეცა. იგივე იყო უზენაეს სასამართლოში საზედამხედველო წარმოების სახით, როცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ან მისი მოადგილეების პროტესტის საფუძველზე შეიძლებოდა გაუქმებულიყო და ხელახალი განხილვისთვის საქმე გადაეგზავნათ. ეს იმას იწვევდა, რომ კონკრეტულ საქმეებზე დავები ათეული წლობით გრძელდებოდა. როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მოვედი, 700 ისეთ საქმე დამხვდა, რომელიც 10-15 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს წესი გავაუქმეთ და კონკრეტულად ვთქვით, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და არავის აქვს მისი გაუქმების უფლება. შეიძლება ეს გადაწყვეტილება შეცდომით იყო მიღებული, მაგრამ მართლმსაჯულების წარმოება სადღაც უნდა დასრულდეს, ადამიანი ყველაფერს ეგუება და შეეგუება სასამართლო გადაწყვეტილებასაც. ამან საკმაოდ განტვირთა მომჩივანთა რაოდენობა.
ადრე უზენაესი სასამრთლოს პლენუმი დადგენილებებს და რეკომენდაციებს იღებდა, რომელსაც ქვედა სასამართლოებისათვის სავალდებულო ხასიათი ჰქონდა. ეს იყო დამახასიათებელი მხოლოდ საბჭოთა კავშირისათვის და იგი დღემდე, საქართველოს გარდა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში შემორჩენილია. ჩვენ ეს წესი გავაუქმეთ, იმ მიზეზით, რომ მოსამართლე დამოუკიდებელია, იქნება იგი რაიონის, ოლქის თუ უზენაესი სასამართლოსი. კონკრეტული საკითხის გადაწყვეტის დროს მოსამართლე დამოუკიდებელი უნდა იყოს და მისთვის სავალდებულო მითითების მიცემის უფლება კონკრეტული საქმის გარეთ არც ერთ ინსტანციას არ უნდა შეეძლოს. ამ წესის გაუქმებით ჩვენ დავამკვიდრეთ ის სტანდარტი, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში არსებობს, მაგრამ მის ნაცვლად შემოვიღეთ სხვა წესი – უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ქვეყნდება. ნებისმიერი გადაწყვეტილების გაცნობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. ეს გადაწყვეტილებები ვებგვერდებზეც ხელმისაწვდომია. ადრე გადაწყვეტილებები, პრაქტიკულად, დახურული იყო. ხელმისაწვდომობამ გაზარდა მოსამართლის პასუხისმგებლობაც. მან იცის, რომ მისი სახელით და გვარით გადაწყვეტილება ქვეყნდება და მას წაიკითხავს ნებისმიერი დაინტერესებული პირი. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ უზენაეს სასამართლოში საქმის შემოსვლიდან ათი დღის ვადაში ინიშნება ყველა საქმე, რაც ათი დღის განმავლობაში ქვეყნდება.
რეფორმის შედეგად უზენაესი სასამართლო ჩამოყალიბდა საკასაციო ინსტანციის სასამართლოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არსებითად საქმეს არ ვიხილავთ, ჩვენ არ შეგვიძლია დამატებითი მტკიცებულების მოთხოვნა, მოწმეების დაკითხვა, ექსპერტიზის ჩატარება და ა.შ. ჩვენ ვახდენთ სააპელაციო ინსტანციის დონეზე მოპოვებული ფაქტობრივი მტკიცებულებების და გარემოებების სამართლებრივ შეფასებას. ე.ი. ვამოწმებთ, რამდენად სწორი კვალიფიკაცია გააკეთა ქვედა ინსტანციის სასამართლომ. თუმცა, არსებობს გამონაკლისი. უზენაესი სასამართლო იხილავს სისხლის სამართლის დანაშაულებს, რომელიც გარდამავალი პერიოდისთვის 2006 წლამდე გვაქვს გადმოცემული, ასევე მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს.
უზენაეს სასამართლოში გვაქვს დიდი პალატა, რომელიც 9 მოსამართლის შემადგენლობით განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეებს იხილავს, რომელთა გადაწყვეტას დიდი მნიშვნელობა აქვს ერთიანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად.
სხვა საკითხია, ის სიახლეები, რომელიც ახალი კანონმდებლობით გათვალისწინებულია თუ რამდენად ხორციელდება. შარშან ჩამოვაყალიბეთ სამუშაო ჯგუფი, რომელიც სწავლობს ახალი საპროცესო კანონმდებლობის გამოყენებას და, სხვათა შორის, ქვედა ინსტანციის სასამართლო საქმეების თაობაზე არცთუ სასიამოვნო მასალა გვაქვს. უახლოეს მომავალში ვაპირებთ ამ საკითხის საფუძვლიან განხილვას.
ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული თანამშრომლობა გერმანიის უზენაეს სასამართლოსთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე სტაჟირებას გერმანიაში გადის.
შენდება ახალი თერთმეტი სამოდელო სასამართლო. რაც ნიშნავს, რომ შენობით, მართვით და მატერიალური ბაზით სანიმუშო იქნება და განსხვავებული სხვა სასამართლოებისგან. ასევე, გვაქვს კომპიუტერიზაციის პროექტი. გერმანიის უზენაესმა სასამართლომ 27 კომპიუტერი გვაჩუქა. 50 კომპიუტერს აგვისტოს ბოლომდე გვაჩუქებენ. რაც გათვალისწინებულია მსოფლიო ბანკის პროექტით. მომავალი წლის ივლისამდე უზენაეს სასამართლოში არც ერთი სამუშაო ადგილი არ იქნება კომპიუტერის გარეშე. ყველა ეს კომპიუტერი შეერთებულია ლოკალურ ქსელში. მომავალი წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება ჯერ თბილისის სასამართლოების კომპიუტერიზაცია, შემდეგ 2004 წლის ბოლომდე მოხდება მთელი სასამართლო სისტემის კომპიუტერიზაცია. ესეც მსოფლიო ბანკის პროექტით ხორციელდება, ჩვენი მთავრობის თანადაფინანსებაც არის, მაგრამ ძალიან სიმბოლური ოდენობით.
ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება, ეს გახლავთ თბილისის ერთიანი საქალაქო სასამართლოს შექმნა. ყველა კოლეგიას ექნება ცალკე შენობა. ყველას ეცოდინება, რომ სამოქალაქო საქმეები იხილება ერთ შენობაში, ადმინისტრაციული – მეორეში, სისხლის სამართლის – სხვაში. ეს ხელს შეუწყობს მოსამართლეთა სპეციალიზაციას, საქმეების განხილვის სისწრაფეს და ბევრი პრობლემა, რაც დღეს ჩვენ თბილისის რაიონულ სასამართლოებში გვაქვს, აბსოლუტურად მოიხსნება.
რეფორმებს სამართალდამცავი ორგანოების სფეროშიც და რა თქმა უნდა, სასამართლოშიც მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ მას აქვს მწყობრი განათლების სისტემა. ამის გარეშე მხოლოდ ინსტიტუციური ცვლილებები არანაირ შედეგს არ მოგვიტანს. დამეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი თვითნასწავლი კადრი გვყავს. იუსტიციის უმაღლესი სკოლის შექმნის იდეა, რომელსაც მხარს უჭერს ევროპის საბჭო, პირველად საფრანგეთში შარლ დე გოლის დროს განხორციელდა. ყოველ წელს 3000 უნივერსიტეტდამთავრებული, მათ შორის, ისეთი უნივერსიტეტისა, როგორიც არის სორბონის. მაგისტრატურის ეროვნულ სკოლაში მისაღებ გამოცდას აბარებენ და ირიცხება მხოლოდ 141. იქ არის აბსოლუტურად პრაქტიკული, სამწლიანი სწავლება, ისინი მიიჩნევიან სახელმწიფო მოხელეებად, ეძლევათ ხელფასი და მხოლოდ სკოლის დამთავრების შემდეგ აქვთ უფლება იმუშაონ.
ანალოგიური სკოლის შექმნის იდეა ჩვენც გვაქვს. კანონპროექტი მზად არის და იმედია, უახლოეს მომავალში პროექტი პარლამენტს წარედგინება. იუსტიციის სკოლაში ჩააბარებენ უმაღლესი განათლების მქონე პირები, რომელთაც იურისტის დიპლომი აქვთ. 2 წლის განმავლობაში პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ უფლება მუშაობისა.
არსებობს ბრალდება, რომ ამ სკოლის დაარსება აუქმებს იურიდიულ ფაკულტეტს….
იურისტის დიპლომით მოსამართლე ვერ გახდები, ვერც ნოტარიუსი და ვერც პროკურორი. საჭიროა გამოცდის ჩაბარება. უმაღლესი სასწავლებლებისათვის არაფერი იცვლება. თუ მსურველს იურისტის დიპლომი არ ექნება, ჩვენს სასწავლებელში ვერ ჩაირიცხება. უნივერსიტეტი აძლევს თეორიულ განათლებას, პრაქტიკულ განათლებას კი კურსდამთავრებულები ვერსად იღებენ.
ამის შემდეგ გაუქმდება თუ არა სპეციალური გამოცდები?
სასამართლოსათვის და პროკურატურისათვის გაუქმდება. რაღაც გარკვეული გარდამავალი პერიოდისთვის შენარჩუნებული იქნება. იუსტიციის უმაღლეს სკოლას არ შეუძლია ერთბაშად ამდენი კადრის მომზადება. იგი გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი.
იუსტიციის საბჭოს როლი რაში მდგომარეობს?
იუსტიციის საბჭო იქნება სკოლის უმაღლესი მმართველი ორგანო.