რას ნიშნავს ევრაზიული კავშირი
მოამზადა მაკა ღანიაშვილმა
გასული წლის ბოლოს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საორგანიზაციო საკითხების ბოლო დეტალები უკვე მოგვარებულია და ყაზახეთსა და ბელარუსთან ერთად ეკონომიკური კავშირი 2015 წლის 1 იანვრისთვის ფუნქციონირებას დაიწყებს. პუტინმა იქვე იმედი გამოთქვა, რომ კავშირს მალე უკრაინაც შეუერთდება. პუტინის შეფასებით, ე.წ. ევრაზიული ეკონომიკური კავშირი უნდა გახდეს ახალი ეკონომიკური ზრდის საწინდარი ყველა წევრი ქვეყნისთვის. ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის ინიციატორთა შეფასებით, მან უნდა ჩაანაცვლოს რუსეთის კიდევ ერთი, ნაკლებ წარმატებული ევრაზიის საბაჟო კავშირი, რომელიც კრემლმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ექვს ქვეყანასთან ერთად შექმნა.
მისი მიზანი კავშირის წევრი ქვეყნებისთვის ევროკავშირთან სავაჭრო პროცედურების გამარტივება იყო. ევრაზიის საბაჟო კავშირი ფორმალურად 2012 წლის 1 იანვრიდან არსებობს და მასში, ამ ეტაპზე, რუსეთის გარდა ყაზახეთი და ბელორუსი არიან გაერთიანებულნი. ბელორუსში ქვეყნის პირველმა პირმა გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე ევრაზიის კავშირი უკეთ ემსახურება მის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანას. ყაზახეთში კი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ბიზნეს-ელიტა იმთავითვე ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას, პრეზიდენტმა ნაზარბაევმა ჩათვალა, რომ მის ქვეყანაზე ჩინეთის ეკონომიკური ზეგავლენის დასაბალანსებლად, ევრაზიული კავშირი საჭირო ინსტრუმენტი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ, როგორც ჩანს, ყაზახი ოლიგარქების შეშფოთება, რომ ევრაზიულ კავშირში მათი ქვეყნის გაწევრიანება რუსეთს გზას გაუხსნიდა საკუთარი ეკონომიკური ინტერესების გასატარებლად და ყაზახურ ბიზნესს დარტყმას მიაყენებდა, გამართლდა. უკანასკნელ დღეებში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ცენტრალური აზიის ამ სახელმწიფოში დაიწყო საზოგადოებრივი მოძრაობა მოთხოვნით – უარი ითქვას ევრაზიის კავშირზე. ამ ფონზე სავარუდოა, რომ სომხეთის გადაწყვეტილება ევრაზიის კავშირში გაწევრიანების შესახებ სწორედ რუსეთის ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის შედეგი უნდა იყოს. მიუხედავად სომხეთში მიღწეული მცირედი გამარჯვებისა, პუტინის მთავარი სამიზნე, ევრაზიული კავშირის შექმნის გზაზე, უკრაინაა. უკრაინის გარეშე, იგი ვერასდროს გააკონტროლებს ევრაზიის გულს და მისი ევრაზიული პროექტი კრახისთვის იქნება განწირული. რუსეთმა უკვე გამოიყენა თავისი ეკონომიკური ბერკეტები და მოახდინა ზეწოლა კიევზე, როდესაც მისმა ხელისუფლებამ უარი თქვა ხელი მიეწერა სავაჭრო და პოლიტიკური ასოცირების ხელშეკრულებაზე ბრიუსელთან, რამაც ქვეყანაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. არეულობები კიევის ქუჩებში მსხვერპრლიც მოჰყვა.
დღევანდელი მსოფლიოს მთავარი გეოპოლიტიკური კითხვაა, თუ რომელი მხარე შეძლებს უკრაინის „გადაბირებას“ – ევროპა თუ რუსეთი. არის თუ არა კიევის მიერ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმა ევრაზიის ახალ კავშირში გაწევრიანების წინაპირობა? რას წარმოადგენს რეალურად ევრაზიის კავშირი? არის თუ არა ის საფრთხე დასავლეთისთვის? რა გავლენა და როლი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ამ პროცესებში? ვლადიმერ პუტინის მთავარი ამბიცია, პირველი ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში იყო რუსეთის გადაქცევა მსოფლიოს „ენერგო ზესახელმწიფოდ“. მაგრამ როცა ჩრდილოეთ ამერიკაში გაზისა და ნავთობის მარაგების ზრდის ტემპებმა ეს ოცნება დაასამარა, პუტინს ახალი ამბიცია და მიზანი გაუჩნდა, რომლის ქვაკუთხედიც, პირველ რიგში, რუსეთის რეგიონული ბლოკის ცენტრად ქცევაა, ევრაზიული კავშირის შექმნის გზით.
დასავლური საზოგადოების შეფასების მიხედვით, ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში რეინტეგრაციის საკითხი არსებითად ცუდი არაა. ეკონომისტები იმაზეც თანხმდებიან, რომ კავშირს სარგებელის მოტანაც შეუძლია, მაგრამ ამასთანავე, საფრთხეებიც ბევრია. კავშირის სტრუქტურა და რეგულაციები წააგავს ევროკავშირის სისტემას, მაგრამ, ამავე დროს, ევრაზიის კავშირი ბევრი თვისობრივი ნიშნითაც განსხვავდება ევროკავშირისგან.
ევროკავშირი თავისუფლებას, ადამიანის უფლებებსა და საბაზრო დემოკრატიაზეა დაფუძნებული, მაშინ როცა, დასავლელი ეკონომისტების შეფასებით, ევროკავშირის პოსტ-საბჭოთა პროტოტიპს მსგავსი მისწრაფებები არ აქვს. ამის ნაცვლად, ევრაზიული კავშირი უფრო დიქტატორულ კლუბს ჰგავს, რომლის ხელმძღვანელიც ავორიტარული რეჟიმი იქნება. „ფაქტია, ამ წამოწყებას ევროპა ორ ნაწილად შუძლია გახლიჩოს: დემოკრატიულ ევროკავშირად და „ფასადურ“ დემოკრატიად აღმოსავლეთით“, – მიიჩნევენ დასავლელი ანალიტიკოსები. ევროკავშირისგან განსხვავებით, რომელიც ძალაუფლების გადანაწილებას რამდენიმე ძლიერ სახელმწიფოს შორის ცდილობს, პუტინი, რუსეთს ევრაზიის ბლოკის უპირობო ლიდერად განიხილავს. ოქტომბერში გამართულ სამიტზე, ყაზახეთის ხელმძღვანელობამ უკვე დაიჩივლა რუსეთის „გადაჭარბებული“ როლის შესახებ ბლოკის წევრებზე. რუსეთი აძლიერებს ზეწოლას სომხეთზეც. ამავე დროს, მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ასპექტიც – მიუხედავად ყველაფრისა, ევრაზიის კავშირი შეიძლება გახდეს ისეთი კონკურენტი ევროკავშირისთვის, რომელიც მას აქამდე არასოდეს ჰყოლია. ინტერესთა კონფლიქტი უკვე სახეზეა. რუსეთი ცდილობს ევრაზიის კავშირში იმ ქვეყნების გაწევრიანებას, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორების წევრები არიან (მათ შორის საქართველოც), მაგრამ ამ ქვეყნებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ – ევროკავშირი ან აზიური კავშირი, ორივე ბლოკის წევრობა შეუძლებელია. ფრონტის ხაზზე პირველი უკრაინა აღმოჩნდა. საწყისი „შეტაკება“ რუსეთის გამარჯვებით დასრულდა, უკრაინამ ევროკავშრს ზურგი აქცია. რუსეთმა კიევი სავაჭრო სანქციებით, შემდეგ კი 20 მილიარდი აშშ დოლარის სესხითა და გაზზე უფრო დაბალი ფასის შთავაზებით აიძულა ე.წ. დასავლური გზიდან გადაეხვია. არსებული რეალობიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე 6 პოსტ-საბჭოთა ქვეყნის იძულების ბერკეტები არ აქვს ან არ სურს მათი გამოყენება რუსეთისაგან განსხვავებით.
ევროკავშირის უპირატესობად შეიძლება განვიხილოთ საზოგადოებრივი და მმართველობითი წყობა, რომლსაც, როგორც გამოკვლევებით ირკვევა, მოსახლეობის უმეტესობა იზიარებს და ემხრობა (თუნდაც იგივე უკრაინაში), მაგრამ მოსახლეობისაგან განსხვავებული აზრის ქონამ ხელისუფლების მხრიდან, ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე შეიძლება მიიყვანოს. პუტინი კარგა ხანია “ევრაზიული კავშირის” შექმნის მოწოდებით გამოდის. ზოგიერთი უცხოელი მიმომხილველი ამ კავშირის შექმნას მიიჩნევს საბჭოთა კავშირის აღორძინების შენიღბულ მცდელობად, იმ საბჭოთა კავშირისა, რომლის დაშლასაც პუტინმა “XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა” უწოდა. რასაც უნდა მოასწავებდეს ევრაზიული კავშირის შექმნა, ის საბჭოთა კავშირი ნამდვილად ვერ გახდება. მოსკოვს დიდი ხანია აღარ აინტერესებს მეზობლების სუბსიდირება. მეტიც, პუტინი და რუსეთის სხვა ხელმძღვანელები დაეთანხმნენ იმ აზრს, რომ მოსკოვი ვერ შეძლებს საკუთარ ორბიტაზე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შენარჩუნებას. „მართალია, განგაში, ახალ სსრკ-თან დაკავშირებით გადაჭარბებულია, მაგრამ აშშ-ს შეშფოთების საფუძველი აქვს. პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილზე ინტეგრაციის გაღრმავების ეკონომიკური და პოლიტიკური ლოგიკა საკმაოდ ძლიერი და რუსეთის სპონსორობის პირობებში სხვა სახის საფრთხის მატარებელია: რუსეთის მეზობელი ქვეყნების მოსკოვზე დამოკიდებულების ზრდა საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ მათ განვითარებას, არამედ საგარეო პოლიტიკურ დამოუკიდებლობასაც“, – წერს ამერიკული გამოცემა „ნეიშენ ინტერესტი“.
ევრაზიის კავშირის, როგორც ვლიდიმერ პუტინის ეკონომიკური და პოლიტიკური პროექტის გაცხადებას, რამდენიმე წლით წინ უსწრებდა სკანდალური რუსი ნაციონალისტის, პოლიტმეცნიერისა და იდეოლოგის ალექსანდრ დიუგინის მიერ იმავე თემაზე საკუთარი იდეების პუბლიკაცია. რას წარმოადგენს დიუგინის იდელოგია? იგი ეფუძნება მოსაზრებას, რომ რუსეთმა, როგორც ბიზანტიური და, შესაბამისად, ჭეშმარიტად ქრისტიანული ტრადიციების მემკვიდრემ, საკუთარ განსაკუთრებულ, სლავურ და მართლმადიდებლურ იდენტობაზე დაყრდნობით, რომელსაც იგი ევრაზიულთან აიგივებს, უნდა შექმნას გავლენის სფერო (ანუ იმპერია) იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს დასავლეთს. ამ იდეოლოგიის თანახმად, დასავლეთს რუსეთთან მიმართებაში ერთად ერთი მოტივაცია – მისი საბოლოოდ დასუსტება და დაკნინება ამოძრავებს. რუსეთის ყოფილ იმპერიაში, ანუ ევრაზიაში, დასავლეთის გავლენის შეჩერება კი, დიუგინის იდეოლოგიის თანახმად, გადამწყვეტია ამ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში გამარჯვების მოსაპოვებლად. ხაზგასასმელია, რომ დუგინამდე დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ 1904 წელს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტეროტირიას „ევრაზიის გული“ უწოდა ცნობილმა ბრიტანელმა გეოგრაფმა ჰალფორდ მაკინდერმა და განაცხადა, რომ ის, ვინც ამ რეგიონს დაეპატრონება, შეძლებს ევრაზიის კონტინენტის სრულად გაკონტროლებას. რუსეთის გეგმის თანახმად, ევრაზიის კავშირის პოტენციური ტერიტორია, რუსეთის გარდა, უკრაინას, მოლდოვას და ბელორუსს, კავკასიის სამ და ცენტრალურ აზიის ხუთ რესპუბლიკას მოიცავს.
ალექსანდრ დიუგინი
ევრაზიული იდეოლოგიის თანახმად, უკლებლივ ყველა ამ ქვეყანაში რუსეთის გავლენის აღდგენა გახლავთ რუსეთის კეთილდღეობის მთავარი გარანტია. ის, რომ თანამედროვე სამყაროში მხოლოდ სამხედრო დომინირება ვერ იქნება გრძელვადიანი გავლენის შენარჩუნების გარანტია, რუს იდელოგებს კარგად ესმით. შესაბამისად, სამხედრო გავლენის შენარჩუნების პარალელურად, აუცილებელი გახდა აღნიშნულ ქვეყნებზე ეკონომიკური და იდეოლოგიური გავლენის მექანიზმების შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ დიუგინს საკუთარ იდეოლოგად კრემლი არასდროს აღიარებს, სინამდვილეში, თანამედროვე რუსეთში ევრაზიული კავშირის იდეოლოგიური საფუძველი პირველმა სწორედ მან გააჟღერა. მთავარ იარაღად რუსეთმა ეკონომიკური ზეგავლენის სფეროს აღდგენა შეარჩია. შესაბამისად, ევრაზიული კავშირი, პირველ რიგში, სწორედ ეკონომიკური პროექტია და ევროკავშირის მსგავსი გაერთიანების შექმნას გულისხმობს. რუსეთს სურს, საბაჟო კავშირით დაწყებული გაერთიანება 2015 წლისთვის სრულფასოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირად გარდაქმნას. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, ევრაზიის კავშირის იდეის მიმართ ევროპის საკმაოდ ფრთხილი დამოკიდებულების გასანეიტრალებლად, პრეზიდენტი პუტინი იმაზეც კი საუბრობდა, რომ ორი კავშირის – ევრაზიის და ევროკავშირის ჰარმონიული გაერთიანება ერთიან ეკონომიკურ სივრცეს შექმნიდა ვლადივოსტოკიდან ლისაბონამდე. მაგრამ რუსეთი არ აღმოჩნდა მზად, რომ მიეღო ის თამაშის წესები, რომელიც მსგავსი ეკონომიკური ალიანსისთვის არის აუცილებელი. ევროპასთან საერთო ეკონომიკური სივრცის შესაქმნელად საჭირო სტანდარტები რუსეთს დაავალდებულებს იმ ეკონომიკური და სავაჭრო პირობების გაუქმებას, რომელიც მორგებულია რუსეთის მმართველი ელიტის ეკონომიკური ინტერესებს. კრემლის კატეგორიულმა უარმა ევროპული სტანდარტების ნაწილობრივ დანერგვაზეც კი, ნათლად გამოაჩინა, რომ ევრაზიის კავშირის იდეის უკან მხოლოდ რუსეთის მმართველი ელიტის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები დგას. მიუხედავად ამისა, ნათელია, რომ კავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყნები უკვე გამოჩნდნენ.
დასავლელი ანალიტიკოსების პროგნოზით, კარგია ის ღირებულებები, რასაც ევროკავშირი არაწევრ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს სთავაზობს, მაგრამ ისინი ახლოსაც ვერ მოვა იმ ზიანთან, რაც რუსეთის სანქციებმა ამ ქვეყნებს შეიძლება მოუტანოს. ამიტომ ურჩევენ ანალიტიკოსები ევროკავშირს ამ ქვეყნების მიმართ უფრო აქტიური პოლიტიკის გატარებას და მათ უფრო მეტად დაინტერესებას.