პოლიტიკური პაპანაქება პარლამენტში
სოფიკო სიჭინავა
საქართველოში პოლიტიკური ვითარება ისევ მწვავე მუხტს ინარჩუნებს. დაპირისპირება გაერთიანებულ ოპოზიციასა და ზურაბ ჟვანიას გუნდს შორის პიკს აღწევს. სიტუაცია იმანაც გაამწვავა, რომ პარლამენტში უმრავლესობამ ოპოზიციის გარეშე მიიღო კანონები საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. შეიძლება უმრავლესობის ეს ნაბიჯი შეცდომაც იყოს, რადგან იგი ოპოზიციის ერთიანობას კიდევ უფრო გაამყარებს. მეორეს მხრივ ჟვანიას გუნდს გათამამებული ოპოზიციისათვის წინააღმდეგობის გასაწევად სხვა იარაღი არც ჰქონდა. ერთადერთი, რამაც შეძლო ოპოზიციის ერთად შეკვრა, ზურაბ ჟვანია და მისი შესაძლო პრემიერ-მინისტრობა აღმოჩნდა.
ბატალიები საკონსტიტუციო ცვლილებებზე მართალია, მიჩუმდა, მაგრამ სავარაუდოა, რომ პოლიტიკური სეზონის დადგომისთანავე ამ საკითხზე ისევ აქტიურად დაიწყება საუბარი. ამორიცხული არ არის, რომ ამ პოსტზე ჟვანიას კანდიდატურის წარდგენისთანავე მისი წარმდგენისთვის დღესავით ნათელი იყო, თუ რა მოჰყვებოდა ოპოზიციის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას. “ჟვანიას საშიშროებამ” ისეთი წარმოუდგენელი ნაბიჯებიც გადაადგმევინა პოლიტიკოსებს, როგორც ედპ-მ და “სახალხომ” გააკეთეს- მრავალწლიანი განშორების შემდეგ მათ შესძლეს გამოენახათ საერთო ენა. ეს ფაქტი კლასიკური მაგალითია იმისა, რომ პოლიტიკაში არ არსებობს ცნებები – არასოდეს და ყოველთვის. ამ დღეებში საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია მრეწველების ოფისში შეიკრიბა და საკოორდინაციო საბჭო ჩამოაყალიბა. საბჭო კონსესუსის პრინციპით იხელმძღვენელებს. როგორც ჩანს, ოპოზიცია საკმარისზე მეტად არის დაზაფრული. თუმცა, მათი ერთიანობის შემხედვარეს არც უმრავლესობას უნდა ეძინოს მშვიდად.
ნეიტრალური დამკვირვებლის სტატუსით ამ მწვავე დაპირისპირებაში მესამე ჯგუფიც იღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს მოქალაქეთა კავშირს განეკუთვნება. საჭიროების შემთხვევაში ისინი ხმას აძლევენ ჟვანიასთვის სასურველ კანონპროექტებს, მაგრამ რიგ საკითხებში შინაგანად ოპოზიციის მიერ წამოყენებულ წინადადებებს ეთანხმებიან. ამის დასაბალანსებლად გვევლინება აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი – გუბერნატორებისა და მინისტრ-კანცელარისტების სახით, კასტა, რომელიც ჟვანიას წინააღმდეგ აწარმოებს თამაშს, რამეთუ იციან, რომ მის გაპრემიერებას ხელისუფლების რეალური ცვლა მოჰყვება. ისინი არც ოპოზიციას ენდობიან ბოლომდე და შუა ნეიტრალური ადგილი უჭირავთ, მათი პრინციპია – გამარჯვება არც ჟვანიას და არც ოპოზიციას ხვდეს წილად. ამ წრედში მიმდინარეობს იმ მოვლენების განვითარება, რომელიც დღეს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში განიხილება როგორც მწვავე ხაზი და, ძირითადად, შემდეგ საკითხებში ფოკუსირდება: ეს არის ადგილობრივი არჩევნების და მთლიანად არჩევნების საკითხი, თუ როგორი წესით იქნება საარჩევნო ხმების მთავარ გამყალბებლებად მიჩნეული მერების და გუბერნატორების არჩევა. მეორე საკითხი კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს კანონები მეტ-ნაკლები გაყალბებით პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე მიიღო. ტელევიზიით სხდომის პირდაპირი ტრანსლაციისას კარგად ჩანდა, თუ როგორ იღებდა ერთი დეპუტატი რამდენიმეს მაგივრად გადაწყვეტილებას. კანონები, რომლებზეც ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა და რამდენიმე ვარიანტიც კი დაწერეს, უმრავლესობამ მათ გარეშე მიიღო. ოპოზიციას ორი გზა დარჩა – პრეზიდენტისთვის მოეწოდებინა, ვეტო დაედო მიღებული კანონებისთვის, რაზედაც პრეზიდენტმა უარი განაცხადა და მეორე, სარჩელი შეეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. თუმცა, ჯერჯერობით სასამართლო დუმს.
ამ მოვლენების პარალელურად ეკონომიკური გუნდი, რომელიც ჟვანიამ ჩამოაყალიბა სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა. გარეგნულად მათ გააუმჯობესეს გეგმის შესრულების ხარისხი, მაგრამ მთლიანად საგადასახადო შემოსავალი 1999 წლის დონემდეც ვერ ავიდა, სავალუტო ფონდმა 205 მლნ-ის სეკვესტრი მოითხოვა, ამის მიზეზად, ძირითადად, ის გარემოება სახელდება, რომ არ შემოვიდა თანხები გარე წყაროებიდან გრანტების, კრედიტების და სხვადასხვა ტრანშების სახით. ეს საკითხი, ასევე, მეტ-ნაკლებად დაკავშირებულია პრივატიზაციის 80 მლნ-თან და აჭარიდან გადმოურიცხავ თანხასთან. მაგრამ მთავარი და ნამდვილი მიზეზი ბიუჯეტის შედგენის ფილოსოფიაა.
საბიუჯეტო შემოსავლებში მცირე იყო საგადასახადო შემოსავლების, ხოლო დიდი გარე წყაროების წილი. პრივატიზაციიდან შემოსული თანხები საერთოდ არ უნდა იყოს გათვალისწინებული ხარჯების დასაფარად და, ეროვნული ბანკის კრედიტი, რომლითაც იფარება 170 მლნ ბიუჯეტის დეფიციტი, სარეზერვო ნაწილში უნდა ყოფილიყო გადატანილი, ანუ ბიუჯეტთან ხარჯების მიმართება სწორედ საგადასახადო შემოსავლების კუთხით უნდა ყოფილიყო გადაფარული. თუ გაიყიდებოდა რაიმე ობიექტი, გასტუმრებული იქნებოდა შარშანდელი ბიუჯეტის 300 მლნ-ის ვალის ნაწილი, თუ გარე სახსრები შემოვიდოდა, ასევე სარეზერვოდ ბიუჯეტის შესრულებას მოხმარდებოდა. ამ ორი წყაროს არარსებობის შემთხვევაში რეზერვად იქნებოდა ეროვნული ბანკი. ჩვენს ხელთ არსებული 2001 წლის ბიუჯეტის შემთხვევაში კი ბიუჯეტის შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილში ჩათვლილია გრანტები და გარე დაფინანსება, ჯერ არ არსებული პრივატიზაცია და გაუყიდავი ობიექტებიდან შემოსული თანხები. ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების ნაწილში წინასწარ ჩადებულია ეროვნული ბანკის კრედიტი, რომელიც ძირითადად ასევე საგარეო წყაროებიდან ფორმირდება. ამ სამი პუნქტის ჩადება განაპირობებს იმას, რომ ბიუჯეტი არქაული მეთოდებით დაიგეგმა. ამის გამო საგადასახადო ნაწილი ძალიან დაბალი იყო. თუმცა, ეს დაბალი მაჩვენებელიც არ შესრულდა და ეკონომიკურმა გუნდმა ვერ მიაღწია იმას, რომ სიგარეტის, საწვავის დაბეგვრაში წინსვლა ჰქონოდა. არადა, ეს მიმართულებები ძირითადია. მართალია, საწვავის დაბეგვრიდან სერიოზული თანხები შემოდის, მაგრამ არა იმიტომ, რომ უფრო და უფრო მეტი საწვავი ხვდება ლეგალურ დაბეგვრაში, არამედ იმიტომ, რომ მისი ფასი სერიოზულად მაღალია. საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრაციას შორის ძირითადი გეგმა საბაჟოზე იყო გადანაწილებული. საგადასახადო ყოველთვის სრულდება და ტაშს იმსახურებს, ხოლო საბაჟოსი პერმანენტულად არ სრულდება და საყვედურების ღირსია. აი, ამ სპექტაკლმა, პლუს ხაზინაში განხორციელებულმა რეფორმამ, რომელიც სხვა არაფერში არ გამოიხატება, თუ არა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ხარჯებზე მკაცრ მონიტორინგში, გამოიწვია ის, რომ სავალუტო ფონდმა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა სეკვესტრი მოითხოვა. გარღვევა დაფიქსირებულია 80 მლნ-ის ოდენობით. ამას დაემატება ისიც, რომ წლის ბოლომდე მეორე ცვლილებაც მოხდება, ანუ ყველაფერი გამეორდება შარშანდელი სცენარით – ზაფხულში მოხდა ერთი სეკვესტრი, წლის ბოლოსთვის კი მეორე. წელს იგივე გუნდმა ვერ მოახერხა 450 მლნ-იან საგადასახადო ბარიერი დაეძლია და დაბალი მაჩვენებლების მიუხედავად ბიუჯეტი შეესრულებინა. მათ ვერ შეძლეს ეკონომიკის ოდნავ წამოწევა და კრიზისის შეჩერება. ანალოგიური დასკვნები გააკეთა ბალცეროვიჩის ჯგუფმა, რომელმაც ბევრ ნაწილში გააკრიტიკა საგადასახადო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებები და ურჩია, რომ არსებულმა ხელისუფლებამ რეალური ეკონომიკური პოლიტიკა ჩამოაყალიბოს. ვერც თავად ბალცეროვიჩმა თქვა საქართველოს ეკონომიკაზე ვერაფერი სახარბიელო.
ასეთ სიტუაციაში მიზანშეწონილი არ არის პარლამენტის მხრიდან მთავრობის მუდმივი კრიტიკა. მით უფრო, როცა პარლამენტის ძალები გადაბმულია იმ ეკონომიკურ გუნდთან, რომელიც ამ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს. ძირითადი პრიმატი კეთდება არა პროფესიონალიზმზე, არამედ პოპულიზმზე და მოჩვენებითობაზე. ხოლო სისტემური და რეალური რეფორმა არ ხორციელდება. ამ ყველაფერმა ჟვანიას გუნდი იქამდე მიიყვანა, რომ მათი პოპულარულობა დაეცა და ეს პროცესი დღითიდღე გრძელდება. მათ, ფაქტობრივად, პოპულიზმისთვის მასალაც კი აღარ რჩებათ. ჟვანიას ძალიან ეჩქარება შეცვალოს ეს სიტუაცია. ამ ჩიხიდან ერთადერთი გამოსავალი, მისთვის ესოდენ ნანატრი პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებაა. თუმცა, დღეს ასე ცნობილი ჟვანიას გუნდი მაინც პირობითი ცნებაა, რადგან სიტუაციის გამოსწორება გასაგებ ენაზე ამ გუნდის გაწირვას ნიშნავს, ეკონომიკური კრიზისის ვინმესთვის გადაბრალება შეუძლებელია. მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებას მინიმუმ ექვსი თვე მაინც დასჭირდება, ამის შემდეგ დაიწყება ახალი პერიოდი, ანუ ახალი მთავრობის მოღვაწეობის პერიოდი და რეფორმების გასატარებლად დაახლოებით თვრამეტ თვეს მოითხოვენ. ამასობაში დადგება არჩევნების დროც და ჟვანია ხუთ-ექვს მინისტრს კიდევ გაწირავს, რომ ხალხისთვის რაღაც ჰქონდეს სათქმელი და მეორეს მხრივ, რეიტინგი შეინარჩუნოს.
ჟვანია პრემიერ-მინისტრად მოსვლის შემდეგ აუცილებლად გააუმჯობესებს ეკონომიკურ მდგომარეობას, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ეკონომიკაში არის სერიოზული რეზერვები და თუ მოინდომა და პოლიტიკური ნება იქნება, სიტუაცია შეიცვლება. რაც შეეხება იმას, ეყოლება თუ არა ეს გუნდი, ნათელია, რომ თითქმის არ ეყოლება, რადგან მათ თავიანთი თავი უკვე ამოწურეს. მე ვფიქრობ არც შეიძლება დღეს ვისაუბროთ ეკონომიკურ გუნდზე. ეს არის ეკონომიკური პროფილის სამინისტროების ერთიანობა, მათი ხელმძღვანელები ცდილობენ ამ ჭიდილში გადარჩნენ, როგორც პოლიტიკოსები ცალ-ცალკე.
შემოდგომაზე ჟვანიას მოუწევს პრეზიდენტს ბალანსის აღსადგენდად სასწრაფოდ შესთავაზოს პარლამენტის თავმჯდომარის ალტერნატიული ვარიანტი. შევარდნაძეს რაოდენ უნდა უყვარდეს ჟვანია, ბალანსის პრინციპიდან გამომდინარე არ დაუშვებს, რომ ეს პიროვნება ჟვანიას გუნდის წევრი იყოს. მას რჩება ორი ვარიანტი – შესთავაზოს ნიკო ლეკიშვილი ან ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ვაჟა ლორთქიფანიძე. ლეკიშვილს მყარი ფესვები აქვს გამდგარი უმრავლესობაში, პარალელურად ამისა, მას თავისი გუნდიც ჰყავს. იგი საკმაოდ პოპულარულია, როგორც აჭარის სივრცეში, ასევე თბილისში მყოფ ოპოზიციური ბანაკის პოლიტიკოსებში. ლეკიშვილი რეალური კანდიდატურაა და მისი წინააღმდეგი არც პრეზიდენტი იქნება, მაგრამ იგი ჟვანიასთვის მეტად არასახარბიელოდ გამოიყურება, რადგან უმრავლესობის ლიდერი სერიოზული ფიგურაა, ძლიერი ლობი ჰყავს, საკმაოდ კარგ ურთიერთობაშია ბიზნესმენებთან, თვითონაც ძლიერი ფინანსური წყაროები გააჩნია. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ჟვანიასთვის არსებობს იმის საშიშროება, რომ ლეკიშვილი აბსოლუტურად უმართავი გახდეს.
რაც შეეხება ვაჟა ლორთქიფანიძეს, ცნობილია თავისი რაფინირებული პოლიტიკური ინტრიგებით, მაგრამ მას თავისებური სირთულეები აქვს როგორც ძველ ოპოზიციურ ძალებთან, ასევე ხელისუფლებაში არსებულ პირებთან. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ ჟვანიას მთელი იმედები ამ პიროვნებაზე იყოს დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ჟვანიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლორთქიფანიძე სახელმწიფო მინისტრის პოსტიდან წასულიყო, იგი მაინც მეტად ლოიალურია ჟვანიას მიმართ. შესაძლოა, ლორთქიფანიძემ თვითონაც გადადგა ეს ნაბიჯი, რადგან იგი არ ფლობდა რეალურ ეკონომიკურ ბერკეტებს, არადა ამის გარეშე ეკონომიკაში ჩარევა შეუძლებელია და აქედან გამომდინარე თვითონ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაც, ფაქტობრივად, არარსებული თანამდებობაა.
ჟვანია, ალბათ, გულისფანცქალით ელოდება ბაღდათის არჩევნებს, სადაც ეჭვგარეშეა ვაჟა ლორთქიფანიძე გაიმარჯვებს და ჟვანია მის კანდიდატურას დიდი იმედებით წარუდგენს პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე. იმდენად, რამდენადაც იგი მიიჩნევს, რომ მისგან ნაკლები პრობლემები შეიძლება მოდიოდეს. სწორედ ამიტომაც გადაიდო პრემიერ-მინისტრის საკითხი შემოდგომისთვის, რომ ჟვანია ბაღდათის არჩევნებს ელოდება. სხვათა შორის, ბაღდათი არის ადგილი, საიდანაც ბევრი პოლიტიკოსია წამოსული. პიროვნება, რომელიც პოლიტიკაში სერიოზულ კლიმატს ქმნის, გაეროში ჩევნი წარმომადგენელი პეტრე ჩხეიძე ბაღდათელია და ბევრი სხვა დეპუტატი, რომელიც იქიდან მოდიოდა. მიმაჩნია, რომ დღეს ბაღდათელები სერიოზული არჩევანის წინაშე დგანან, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ პოლიტიკური რუკის ჩამოყალიბება მათზეა დამოკიდებული. შეიძლება ბაღდათიდან დაიწყოს სრულიად ახალი გაწონასწორებული ერა ქართულ პოლიტიკაში. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ვაჟა ლორთქიფანიძის სახელთან, რომელიც, როგორც პოლიტიკური ფიგურა დაბრუნდება არა აღმასრულებელ, არამედ საკანონმდებლო ხელისუფლებაში.
რამდენად მართვადი იქნება ვაჟა ლორთქიფანიძე პარლამენტის თავმჯდომარის ამპლუაში, ძნელი სათქმელია. როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობთ, გასათვალისწინებელია, რამდენად მოახერხებს ბატონი ვაჟა დაივიწყოს ძველი წყენა და ითანამშრომლოს ოპოზიციასთან. თუმცა, როგორც ზემოთ ვსაუბრობდით, პოლიტიკაში არასოდეს უნდა თქვა – არასოდეს და ყოველთვის. დღეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი იმდენად წონიანი და მნიშვნელოვანია, რომ ამ სავარძელში უსახური ფიგურის დასმა დიდი შეცდომა იქნებოდა, რაც ბალანსს უდავოდ დაარღვევდა.
ამგვარად, ცხელი ზაფხულის შემდეგ, ძნელად სავარაუდოა, რომ შემოდგომამ პოლიტიკოსები ოდნავ გააგრილოს. მოსალოდნელია ისევ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტიკური დებატები, საარჩევნო და თვითმმართველობის შესახებ კანონებში ცვლილებების მოთხოვნა, არჩევნები და ოპოზიციის დემარშები. შესაძლოა, შემოდგომაზე კვანძის გახსნის მოწმენიც გავხდეთ.