შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტის საქმიანობის შედეგები გასაჯაროვდა

მაკა ღანიაშვილი

10 აპრილს, სოფლის მეურნეობის სამინისტოსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ერთი წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს წარუდგინეს.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლის 27 მარტიდან ახორციელებს. პროექტი, რომელშიც ჩართულია 13 ბანკი, 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 2 სალიზინგო კომპანია – უკვე ერთი წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანია, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით.

ძირითადი ამოცანები: სასოფლო სამეურნეო საქმიანობის სტიმულირება; სასოფლო სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობა; პირველადი და გადამამუშვებელი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა; სასოფლო სამეურნეო ინფრასტრუქტურის განვითარება; ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოების ზრდა და სოფლად დასაქმების ზრდა.

პროექტის ინიციატორებია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განმახორციელებელი კი ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო. 2013 წელს პროექტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის მიერ ფინანსდებოდა, 2014 წლის პირველ იანვარს კი სახელმწიფოს საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადავიდა. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ გახსნეს.

giorgi chxeidze

„დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას. ხელისუფლება ყველა მიმართულებით ახორციელებს ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რამაც ქვეყნის ეფექტიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს. სოფლის მეურნეობის დარგმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა შეასრულოს. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა და არაერთი პროექტი შეიმუშავა დარგის მაქსიმალურად სწრაფად და სწორად განვითარებისთვის. აგროსექტორით საბანკო სისტემის დაინტერესება და მათი პროექტში ჩართვა, ვფიქრობ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რამაც სოფლის მეურნეობის დარგის განვითრებისთვის გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს“, -განაცხადა შალვა ფიფიამ.

fifia-shalva

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას განცხადებით, ეს პროექტები რეგიონული განვითარების თვალსაზრისითაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან ხდება ადამიანების დასაქმება, ოჯახებში დამატებითი შემოსავლების შედინება და იქმნება სამამულო წარმოების პროდუქცია.

davit narmania

საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა. სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს აღნიშნული რგოლების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით შემუშავდა „შეღავათიანი აგრიკრედიტის პროექტი“. აღნიშნული პროექტი, რომელიც მორგებულია სოფლის მეურნეობის სფეროს საჭიროებებზე, თავდაპირველად შედგებოდა სამი კომპონენტისგან: 1. უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისთვის; 2. შეღავათიანი აგრო კრედიტი საშუალო და მსხვილი ფერმერებისთვის; 3. შეღავათიანი აგრო კრედიტი სასოფლო – სამეურნეო საწარმოებისთვის.

ერთი წლის მანძილზე, ფერმერთა და მეწარმეთა მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, პროექტი დაიხვეწა და დაემატა სხვა კომპონენტები: 4. შეღავათიანი აგროლიზინგი; 5. შეღავათიანი აგროკრედიტი ყურძნის გადამამუშავებელი კომპანიებისათვის; 6. შეღავათიანი აგროკრედიტი ციტრუსის ექსპორტიორი და გადამამუშავებელი კომპანიებისათვის; 7. შეღავათიანი აგროკრედიტი თანმხვედრი გრანტით დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ შვიდივე კომპონენტი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფას ემსახურება. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში, უკევ გაცემულია 318,000,000 ლარის ოდენობის 14,100 შეღავათიანი აგროკრედიტი.

პროექტის ერთი წლის საქმიანობის შედეგად, დაფინანსდა 70 ახალი საწარმო და 400-ზე მეტი უკვე არსებული საწარმოს გაფართოება/გადაიარაღება. 2014 წლის 4 აპრილის მონაცემებით: პირველ კომპონენტში გაცემულია 1,837,478 ლარის 4,309 სასაქონლო განვადება. მეორე კომპონენტში გაცემულია 168,644,280 ლარის ოდენობის 9,258 შეღავათიანი აგროკრედიტი. მესამე კომპონენტში გაცემულია 96,991,211 ლარის 482 შეღავათიანი აგროკრედიტი. მეხუთე კომპონენტით, 2013 წლის რთველის პერიოდში, ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა ყურძნის შესაძებად ისარგებლეს. ამ მიზნით, გაცემულია 49,625,810 ლარის ოდენობის 48 სესხი.

Screen Shot 2014-04-11 at 3.00.22 PM

Screen Shot 2014-04-11 at 3.02.43 PM

მიღებული კრედიტების ოდენობის მიხედვით, კახეთის რეგიონი ლიდერია. რაც შეეხება დარგებს, ყველაზე მეტი კრედიტი მესაქონლეობის დარგში გაიცა.

Screen Shot 2014-04-11 at 3.02.46 PM

რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის გაცემულ კრედიტებს რეგიონების მიხედვით, ამ შემთხვევაშიც ლიდერი კახეთის რეგიონია. იგივე სურათია დარგების მიხედვითაც.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მესამე კომპონენტის ფარგლებში სრულაიდ ახალი 70 საწარმო შეიქმნა.

Screen Shot 2014-04-11 at 3.07.08 PM

Screen Shot 2014-04-11 at 3.07.11 PM

Screen Shot 2014-04-11 at 3.07.16 PM

ბოლო წლების განმავლობაში, სპეციალისტთა მხრიდან ყოველთვის ხდებოდა აპელირება იმ ფაქტზე, რომ მაღალი რისკის გამო, კომერციული ბანკები და საკრედიტო ინსტიტუტები ძალიან რთულად აკრედიტებდნენ სოფლის მეურნეობის დარგს, რაც მის განვითარებას მკვეთრად ამუხრუჭებდა. მაგალითისათვის,

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2013 წელი 1 იანვარის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის დარგზე გაცემული იყო 59 მლნ. ლარი, 2014 წელი, 1 იანვარისთვის კი ეს მაჩვენებელი 154 მლნ. ლარამდე გაიზრდა. შესაბამისად, გაიზრდა აგრობიზნესის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობაც.

Screen Shot 2014-04-11 at 3.16.08 PM

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ბენეფიციარები მას დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ შეღავათიანი კრედიტების საშუალებით, საწარმოების გაფართოების საშუალება მიეცათ. თუმცა, ისინი პროექტის ერთ ნაკლსაც უსვამენ ხაზს. კომპანია „თელიანი ღვინის“ წარმომადგენლის, ივანე იოსელიანის შეფასებით, „პროექტს ერთადერთი ნაკლი გააჩნია. თანხა ლიმიტირებულია და სამომავლო განვითარებისთვის მეორედ ვერ ვისარგებლებთ ამ პროდუქტით“.