ინფორმაცია მათთვის, ვისაც საქართველოში მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის დაწყება სურს
თათა თორია
მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი. მისი ფლობის უფლება კი არ აქვს ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირს ან თანამშრომელს, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოუკიდებელ იურიდიულ პირს, პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირს.
მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ის არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, რომელიც არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო უწყებას. კომისიის ფუნქციებია:
ა) მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ წინადადებების შემუშავება, საზოგადოებრივი აზრის, სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების გათვალისწინებით. მათ განხორციელებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
ბ) სალიცენზიო პირობების დადგენა, აგრეთვე ლიცენზიების გაცემა, მოდიფიცირება, ლიცენზიების მოქმედების შეჩერება და განახლება, ლიცენზიების გაუქმება;
გ) სიხშირული სპექტრის დადგენა და განაწილება კანონით განსაზღვრული წესით. სიხშირეების მინიჭება;
დ) ლიცენზიის მფლობელის მიერ კანონის მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი. მათი დარღვევის შემთხვევაში, ლიცენზიის მფლობელისთვის შესაბამისი სანქციების დაკისრება;
ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კონკურენტული გარემოს შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა;
ვ) სალიცენზიო საფასურისა და რეგულირების საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრა;
ზ) საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის, რეკლამის შესახებ საკანონმდებლო აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
თ) სამართლებრივი აქტების, მათ შორის ქცევის კოდექსის მიღება.
სალიცენზიო გადასახადი არის სიხშირული სპექტრის დროებითი გამოყენებისთვის სამაუწყებლო ლიცენზიის მაძიებლის მიერ გადახდილი თანხა, რომლის ოდენობას და გადახდის წესს განსაზღვრავს კომისია. სალიცენზიო გადასახადი სრულად ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
რეგულირების საფასური კი არის კომისიის ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყარო, რომელიც ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი არ არის. რეგულირების საფასურიდან იფარება კომისიის ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯები.
რეგულირების საფასურის გადამხდელები არიან ლიცენზიის მფლობელები. მისი ოდენობაა ლიცენზიის მფლობელის მიერ განხორციელებული და რეგულირებას დაქვემდებარებული საქონლის, მიწოდების და შესრულებული სამუშაოს მთლიანი ღირებულების 1% და გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ლიცენზიის მფლობელის შემოსავლიდან ნაზარდი ჯამით. ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის ანგარიშზე ჩარიცხონ რეგულირების საფასური.
მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის რამდენიმე სახე არსებობს. კერძოდ, კომისია გასცემს სათემო და კერძო მაუწყებლობის ლიცენზიებს.
კერძო მაუწყებლობის ლიცენზიები გაიცემა საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობისთვის.
საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობა ხორციელდება ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების, საკაბელო ქსელის ან სამაუწყებლო გადამცემების მეშვეობით სიხშირული სპექტრის გამოყენებით. იკრძალება სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ტრანზიტი, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული მაუწყებლისგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე ან რადიოარხის უცვლელი სახით გადაცემისა.
მაუწყებლობის სფეროში ლიცენზია გაიცემა 10 წლის ვადით. ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ მისი მოქმედება ერთხელ, იმავე ვადით ავტომატურად გრძელდება. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისთვის დადგენილი სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას. სხვა შემთხვევაში, ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე ლიცენზიის მფლობელი კონკურსის გამოცხადების შემდეგ განცხადებით მიმართავს კომისიას. კომისია კონკურსს ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე ატარებს.
კომისიის გადაწყვეტილებით საქართველოს ტერიტორია იყოფა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად.
საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს ტელე ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისთვის.
კომისია გადაწყვეტილებას ტელე ან რადიოსამაუწყებლო თანამგზავრული სისტემების მიწისზედა სადგურების ან საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ იღებს კომისიისთვის განცხადების წარდგენიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. სიხშირული სპექტრის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა კონკურსის საფუძველზე.
მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელმა კომისიას უნდა მიმართოს განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) ფიზიკური პირისთვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, რეგისტრაციის მონაცემები, მისამართი, მოქალაქეობა;
ბ) იურიდიული პირისთვის – საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი, მონაცემები სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მონაცემები პარტნიორთა შესახებ, აგრეთვე იმ აქციონერთა შესახებ, რომლებიც აქციების 5 ან მეტ პროცენტს ფლობენ;
გ) მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის სახე, რომლის მიღებასაც მოთხოვს მაძიებელი;
დ) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო ზონა;
ე) მაუწყებლობის სავარაუდო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში;
განცხადებას ასევე უნდა დაერთოს:
ა) სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ფიზიკური პირებისთვის – აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მაძიებელმა კი ზემოთჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად განცხადება უნდა დაურთოს:
1. განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა;
2. დოკუმენტაცია პროგრამების გავრცელებისთვის გამოსაყენებელი ტექნიკური საშუალებების თაობაზე;
3. განსახორციელებელი სამაუწყებლო კონცეფცია;
4. ლიცენზიის გადასახდელის 10%-ის დაფარვის დამადასტურებელი საბუთი.
მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიებს მხოლოდ კომისია გასცემს. სხვა ლიცენზიებისა თუ ნებართვების დაწესება და მოთხოვნა აკრძალულია.
საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის წესი.
კონკურსის გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებაში მითითებული უნდა იყოს:
ა) გასაცემი ლიცენზიის ზუსტი დასახელება;
ბ) მაუწყებლობის სახე, მინიმალური ხანგრძლივობა და გეოგრაფიული გავრცელების ზონა;
გ) პროგრამების მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წამოდგენილი სამაუწყებლო კონცეფცია;
დ) ტექნიკური პარამეტრები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი პროექტი;
ე) სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და გადახდის წესი;
ვ) მოსამზადებელი სხდომისა და კონკურსის ჩატარების თარიღები.
კონკურსის ჩატარებამდე არა უგვიანეს 20 დღისა, კომისია ატარებს მოსამზადებელ სხდომას, რომელზეც ხდება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადებების განხილვა და თანდართული დალუქული დოკუმენტაციის ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით გახსნა. აღნიშნული დოკუმენტაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო გაცნობისთვის.
დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კომისიამ უნდა გააფრთხილოს ლიცენზიის მაძიებელი და მისცეს მას დამატებით არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღე, დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.
დოკუმენტების არასრულყოფილების, აგრეთვე პროგრამებისა და საინვესტიციო ვალდებულებების მინიმალური მოთხოვნების დაუცველობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას, განცხადების განუხილველად დატოვებისა და ლიცენზიის მაძიებლისთვის კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.
კომისია კონკურსს ატარებს საჯარო სხდომაზე.
რაც შეეხება სათემო მაუწყებლობას, მისი ლიცენზიის მფლობელი:
ა) უნდა ემსახურებოდეს თემის ინტერესებს;
ბ) უზრუნველყოფდეს მაუწყებლობის პროცესში იმ საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობას, რომელსაც იგი ემსახურება;
გ) უზრუნველყოფდეს მისი მომსახურების ზონაში მცხოვრები უმცირესობების აზრების გაშუქებას;
სათემო მაუწყებლობისთვის სიხშირულ სპექტრს ანაწილებს კომისია.
სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად ტარდება კონკურსი, რომლიც დროსაც კომისია მხედველობაში იღებს, თუ რამდენად შეესაბამება შემოთავაზებული მომსახურება თემის მიმდინარე და სამომავლო ინტერესებს და ლიცენზიის მაძიებლის შესაძლებლობებს; თემის სახეს და მრავალფეროვნებას; ლიცენზიის მაძიებლისთვის ლიცენზიის სამოქმედო ზონაში სხვა მაუწყებელთა მიერ გაწეული მომსახურების სახეობებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ლიცენზიის გასხვისება ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემა, დაგირავება, ლიცენზიით მინიჭებული უფლებების საწარმოს საწესდებო კაპიტალში შეტანა ან მემკვიდრეობით გადაცემა იკრძალება.
საერთო და სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზიების მფლობელები, აგრეთვე საზოგადოებრივი და სათემო მაუწყებლები ვალდებულნი არიან შექმნან არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახონ პროგრამები. ისინი ასევე ვალდებულნი არიან:
ა) უზრუნველყონ სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა;
ბ) მიიღონ ყველა ზომა პროგრამაში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი
სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები;
გ) გამოაქვეყნონ მომავალი კვირის გადაცემათა განრიგი პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით. მოახდინონ პროგრამების, მათ შორის, ფილმების კლასიფიკაცია მათთვის კატეგორიისა და შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნის მინიჭებით;
დ) ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიოდ გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება;
იკრძალება ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა, ასევე ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.
იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსების და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას; არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის ან ტელეშოპინგის განთავსება.
ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არაუგვიანეს ყოველი წლის პირველი მაისისა, კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტორული დასკვნა. ანგარიშის ფორმას ადგენს კომისია.
ლიცენზიის მფლობელმა აღნიშნული ინფორმაცია კომისიას უნდა წარუდგინოს მისი მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში.