რედაქტორისაგან
ეკ. მეცნ. კანდ. ემზარ ჯგერენაია
ხომ არ მოიწყინეთ?! თუმცა, რა მოგაწყენდათ მრავალგვარი შოუს მაცქერალებს. ერთი მხრივ, საფეხბურთო შოუ გვიტაცებს მსოფლიო ჩემპიონატის სახით, მეორე მხრივ კი, პოლიტიკური შოუ – არჩევნების სახით, და, რაც მთავარია, მუდმივი, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შოუ, “სანტა ბარბარასავით” რომ უსასრულოდ გრძელდება, მოულოდნელობებით სავსე სცენარებით.
აბა, ვინ ელოდა საფრანგეთი და პორტუგალია თავს რომ მოგვჭრიდა, იაპონია და აშშ კი გაილაღებდა? ან “მოქალაქეები” ასეთი უპირატესობით რომ წააგებდნენ “ნაციონალებთან”, სოციალისტები კი – ლეიბორისტებთან?! ვინ წარმოიდგენდა, რომ ამდენი წვიმების შემდგომ, გაგანია ზაფხულში შუქი გრაფიკით გვექნებოდა და ასეთი საბიუჯეტო გეგმების შესრულების პერმანენტული ტრიუმფის შემდეგ პენსიები და ხელფასები კვლავ არ დარიგდებოდა, წარმოების ზრდა ისევ დაეცემოდა და სამომხმარებლო კალათა 49%-ით გაძვირდებოდა? ვინ იფიქრებდა, რომ შუა ზაფხულში ბალს 4 ლარად და ხორცს 6-ად ვიყიდიდით?! არა, ნამდვილად არ ველოდით! ისე, კაცმა რომ თქვას, რა ბები… ველოდით ამ გაზულუქებული ზიდანისგან, რომელსაც თავი სამყაროს ცენტრი ჰგონია და, თუნდაც, მრავალ ათეულ მილიონიან ფიგუსგან? ან, იმ პოლიტიკოსებისაგან, რომელთაც პოლიტიკა, პროფესიონალები და რეალობა დაავიწყდათ? ან მეთოდები მოუძველდათ და ვერ ამჩნევენ მათ ირგვლივ რა ხდება, რადგან ზიდანის არ იყოს, თავი სამყაროს ცენტრი ჰგონიათ და პოლიტიკის შენებას მუშტის დაბრაგუნებით აპირებენ; ლოზუნგებით ცხოვრობენ, როგორც არჩევნებისას, ისე მის შემდეგაც. ხალხი უნდა მოატყუო და შენი პირადი სიკეთისათვის იზრუნო, მაგრამ ზომა უნდა იცოდე, შენვე არ უნდა გაეხვიო იმ ინტრიგების აბლაბუდაში, ოდესღაც თვითონვე რომ დახლართე და გახსოვდეს, ის, ვინც მიუჩვეველს მიაჩვიე, შენი ყველაზე დიდი მტერია, რადგან არავინ ისე სასტიკი და ნაძირალა არ არის, როგორც მონა, რომელსაც დაუმსახურებლად თავისუფალი, განათლებული და ღირსეული რომაელის მანტია მოასხეს და შვილი, რომელსაც სიყვარულით თუ მამობრივი სიბრმავით მამამ მთელი სამყარო, დიდება და სახელი აჩუქა, მან კი მშობელი უმოწყალოდ გაანადგურა, რამეთუ არ იცოდა, რას იქმდა. ვერც ფიგუმ და ზიდანმა დააფასეს ის ნაჩქარევად გადაცემული დაფნის გვირგვინები და დიდება, სამაგიეროდ, უცნობი, მაგრამ საქმის ერთგული იაპონელები და კორეელები ამერიკელებთან ერთად “იკლავდნენ” მოედანზე თავს და გაახარეს ქვეყანაც და ხალხიც.
ქვეყანა 8-ნაწილად დაიყო:
– ყველა დონის მმართველი ელიტა – 1%;
– მდიდრების ელიტა (ბიზნეს-პოლიტიკოსები) – 3%;
– პოლიტიკოს-“ლუბიტელ”-ბალასტი – 4%;
– პოლიტიკოს-პროფესიონალ-დემაგოგები – 6%;
– მოძალადე “პრისტუპნიკები”, “პაგონით” თუ “უპაგონოდ” – 5%;
– ნიჰილისტები – 1%;
– უკმაყოფილო სოციალისტ-არსენისტ-რევანშისტები – 50%;
– სამზარეულოს პოლიტიკოსები და თავშეკავებული ხალხი – 30%.
ზუსტად ამ სქემის ასლი იყო არჩევნები, მისი ასლია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ანატომია და მასში დევს მისი გადარჩენის გასაღები. ქართული სახელმწიფოებრიობის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მის შემოქმედ ძალას – სამზარეულოს პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ მოვა ვიღაც X და იმ პრობლემებს გამოასწორებს, რაზეც ისინი სამზარეულოებში ასე ემოციურად კამათობენ. მათ ვერ გაუგიათ, რომ ისინი ქვეყნის ძირითად შემოქმედ ძალას წარმოადგენენ და თვითონ უნდა დაიწყონ:
1) კანონის შექმნა და მისი პატივისცემა;
2) თავისი სამოქალაქო საზოგადოების, ქვეყნის, უბნის და ქუჩის შენება, ამის გარეშე, რამდენიც უნდა ვიწუწუნოთ, საშველი არასოდეს დაგვადგება;
3) მორალური კოდექსის შექმნა, რომლის მიხედვითაც ქურდს, ყაჩაღს, მატყუარა პოლიტიკოსს, ქვეყნის გამყიდველს და მნგრეველს ხალხი ხელს არ ჩამოართმევეს და სალამს არ ეტყვის;
4) სხვისი საკუთრების, პიროვნული თავისუფლების და განსხვავებული აზრის პატივისცემა და წმიდათაწმიდად აღიარება.
ყოველივე ეს საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ და არა სხვის თვალში ბეწვის ძებნით. დავიწყოთ თვინიერად და რუდუნებით, იმ იდეით გამსჭვალულებმა, რომ საქართველოს და მისი თითოეული შვილის გადარჩენა, მხოლოდ ჩვენვე შეგვიძლია.
საქართველოს შემოქმედ-გადამრჩენ ძალას ჯერ სამზარეულოში დაუდია ბინა იმის მაგივრად, რომ ასპარეზზე გამოვიდეს და პროფესიონალი პოლიტიკოსები აიძულოს, აკეთონ მხოლოდ ის პოლიტიკა, რომელიც მათ და ქვეყანას სჭირდება და არა ის, რომელიც უკმაყოფილო სოციალისტ-რევანშისტ-არსენისტებს ესოდენ სწყურიათ. ისინი აშკარად დესტრუქციულ ძალებს წარმოადგენენ და ნგრევის მეტს ამ ქვეყანას ვერაფერს მოუტანენ. მხოლოდ ამ გზით შეიძლება მდიდარ ელიტას “მონოპოლური ბიზნესის” კეთების მადა დააკარგვინო, მოძალადე “პრისტუპნიკებს” ხუნდები დაადო და გაერთო ნიჰილისტების და “ლუბიტელების” ჟღურტულით. გემუდარებით, სამიათასწლიანი ისტორიის ერის სახელით, ქართული სახელმწიფოს და სამოქალაქო მშენებლობის შანსს ნუ დაკარგავთ, ნუ ათქმევინებთ მსოფლიოს – ამათ მარტო სუფრაზე ბაქიაობა, ერთმანეთის გინება და მონობაში ცხოვრება შეუძლიათო.
საფრანგეთის და პორტუგალიის ნაკრებთა მესვეურთ მოუწევთ თავიანთი აჟიტირებული თავდამსხმელების, ზიდანის და ფიგუს ადგილს მკაცრად გადახედონ. რას იზამენ, ნეტავ, ჩვენი პოლიტიკოსები? სანამ დროა, შეცვლიან სტრატეგიას და სამზარეულოს პოლიტიკოსები ასპარეზზე გამოვლენ? მაგრამ როგორც მულენ რუჟშია, რაც არ უნდა მოხდეს, შოუ მაინც გაგრძელდება მსოფლიო ჩემპიონატზეც, ჩვენს პოლიტიკაშიც და სანტა ბარბარაშიც!..