საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს სახელში დაშვებული შეცდომა
ეკა ლომიძე
საქართველოში ყველას ინვესტიცია აკერია პირზე. უკვდავების წყაროსავით იგი ყველას სწყურია და აი… გავარდა ხმა, წყარო ამოხეთქვას აპირებსო. დოკუმენტი საკანონმდებლო ლაბირინთებს ისე შიყენეს, მასში არსებული კაზუსები, თუნდაც ტერმინოლოგიური – ინვესიტიცია და სუბსიდია ერთმანეთისაგან არ გამიჯნეს, მხოლოდ ბიუჯეტის კანონში ჩანაწერით ოპერირებენ. შეიქმნა “ალიაქოთი” , რაშია საქმე, რა ინვესტიციაზეა საუბარი? მაშ ამოხეთქავს თუ არა უკვდავების წყარო?
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 მარტის #282 განკარგულების “2001 წლის საქართველოს ეკონომიკის ფუნქციონირების ძირითადი შედეგების, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბის შემცირების უახლესი ამოცანების შესახებ” Mმე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დაევალა, 2002 წლის 15 მარტამდე წარმოედგინა საქართველოს კანონპროექტი “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ”, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს სამრეწველო პოტენციალის ამაღლების სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის ინსტიტუტის შემოტანა.
პროექტი დაეყრდნო საქართველოს კანონებს: “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, “საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გრანტების შესახებ” და სხვა სამართლებრივ აქტებს. კანონპროექტში წავიკითხავთ: “კანონის მოქმედების სფერო: 1. “ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო საწარმოო-საინვესტიციო პოლიტიკის სფეროში არსებული საჯარო მიზნების განხორციელების ზოგადსამართლებრივ, ორგანიზაციულ, ეკონომიკურ პრინციპებს და რეგულირების კონკრეტულ მექანიზმს; 2. ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება საქართველოში სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი ყველა სახის საინვესტიციო საწარმოო პროგრამაზე, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა”.
“რაც შეეხება კანონის მიზანს, შემდეგნაირად ფორმულირდება: “კანონის მიზანია: ა)საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისი საწარმოო-საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ეფექტიანი ხარჯვის მექანიზმის ჩამოყალიბება და მისი მართვის უზრუნველყოფა; ბ) საწარმოო-საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისას პროგრამების წარმომდგენ ორგანიზაციათა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული დამოკიდებულების უზრუნველყოფა; გ) საწარმო-საინვესტიციო პროექტების საჯაროობის უზრუნველყოფა; დ) საწარმოო-საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისა და სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის სისტემის შექმნა; ე) საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის გააქტიურება და ამ მიზნით, სამართლებრივი საფუძვლის შექმნისთვის წინადადებების შემუშავების ხელშეწყობა.
პროექტით შემოდის ახალი დაწესებულება, რომელიც დაფუძნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი სტატუსით და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო.
ნათია თურნავა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს, მინისტრის პირველი მოადგილე. ეკ. მეცნიერებათა კანდიდატი: &ლსქუო;- საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მრეწველობის განვითარებას, როგორც ფინანსური, ისე სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით. სააგენტო იქნება ძირითადი საფუძველი და მნიშვნელოვანი კატალიზატორი ქართული ბიზნესის განვითარებისათვის. იგი დაამკვიდრებს პერსპექტიული საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის ქმედით და ეფექტურ ფორმებს.
სააგენტოს მიზნების დაფინანსების ძირითადი წყარო იქნება საქართველოს ბიუჯეტით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის წარმოების განვითარების საინვესტიციო ფონდი და აგრეთვე სხვადასხვა გრანტები, რომლებიც მოხმარდება სამრეწველო-საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას ხელშემწყობი პირობით. სახელმწიფო კონტროლს გასწევს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტრო, ვინაიდან საინვესტიციო საქმიანობის აქტივობის ამაღლებას, საინვესტიციო საქმიანობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და შესრულებასთან დაკავშირებულ პოლიტიკას სწორედ აღნიშნული სამინისტრო ახორციელებს. საქმიანობის კოორდინაციის მიზნით სააგენტოსთან იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრებიც იქმნებიან როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სააგენტო სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით, კონკურსის გზით შეარჩევს იმ საინვესტიციო-საწარმოო პროექტების უზრუნველყოფას, რომლის ხელშეწყობასაც იგი მოახდენს, ხოლო გამჭვირვალობის მიზნით, საკონკურსო კომისიის წევრებს განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
რას გულისხმობს საინვესტიციო-საწარმოო პროექტების ხელშეწყობა?
ძირითადი ხელშეწყობის სახეებია, წარმოების ან დარგის განვითარების მიზნით, საინვესტიციო პროექტით მოთხოვნილი დაფინანსების თავდებობა, სუბვენცია, ანუ გრანტის გაეცემა, საბანკო სესხის საპროცენტო მომსახურების, საბანკო სესხის ძირითადი თანხის, ფისკალური ხარჯებისა და სალიზინგო მომსახურების სუბსიდირება და შეღავათიანი კრედიტის გაცემა. აღნიშნულ ოპერაციებს აქამდე მარტო ბანკები ახორციელებდნენ, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის გარეშე, ხოლო სააგენტოს მიერ განხორციელებული ოპერაციების გარანტი იქნება სახელმწიფო, რაც გამოიწვევს როგორც საქართველოს, ისე უცხოური ბიზნეს- წრეების მნიშვნელოვან დაინტერესებას.
ფონდის ძირითადი სახსრები საიდან მოიზიდება?
საქართველოს პრეზიდენტის წარმოების განვითარების საინვესტიციო ფონდი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განუყოფელი ნაწილია. ფონდისათვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრების მოცულობა დგინდება მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმის მიხედვით. ფულადი სახსრები აკუმულირდება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშზე. რაც შეეხება ფონდის სახსრების მართვას, ახორციელებს სააგენტო, ამ კანონით დადგენილი წესით. სააგენტო გამოყოფს სახსრებს მცირე და საშუალო საწარმოთა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.ამასთანავე, სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით სააგენტო ყოველწლიურად ფონდის სახსრების ფარგლებში ადგენს, სარეალიზაციო პროგრამების კონკრეტულ მახასიათებლებს (თანხების ოდენობა, საპროცენტო განაკვეთები, ვადები), ქვეყნის ერთიანი და რეგიონალური ეკონომიკური პოლიტიკით განსაზღვრული პრიორიტეტების გათვალისწინებით და უთანხმებს სამეთვალყურეო საბჭოს.
რა ფორმით მოხდება სააგენტოს მიერ წარმოების ან დარგის დაფინანსების თავდებობა?
სააგენტოს მიერ წარმოების ან დარგის განვითარების მიზნით საინვესტიციო პროექტით მოთხოვნილი დაფინანსების გამცემი ორგანიზაციის წინაშე საწარმოს თავდებობის პროექტის განხორციელების შესახებ, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ფორმდება ხელშეკრულება სააგენტოსა და მსესხებელს შორის; ხელშეკრულებაში უნდა განისაზღვროს მხარეთა ვალდებულებები, სააგენტოს თავდებობის ოდენობა, ხანგრძლივობა, პირობები და მათი დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები; სააგენტო განახორციელებს მონიტორინგს საწარმოს მიერ ვალდებულებების შესრულებაზე – საწარმომ სააგენტოს კვარტალურად უნდა წარუდგინოს საბუღალტრო ანგარიშგება სესხის გამოყენების მდგომარეობის შესახებ; ფონდის სახსრები დაიხარჯება იმ შემთხვევაში, თუ საწარმო ვერ შეასრულებს სესხის დაფარვის ვალდებულებებს და დამფინანსებელი ორგანიზაცია ამოწურავს საგარანტიო უზრუნველყოფის რეალიზაციის შედეგად თანხების მიღების ყველა შესაძლებლობას.
საწარმოო-საინვესტიციო პროექტების დაფინანსება ხდება კონკურსის წესით, რომელსაც ატარებს საკონკურსო კომისია და თავმჯდომარეობს სააგენტოს დირექტორი. ორგანიზაცია, რომელიც გამოთქვამს სურვილს, მიიღოს ფონდის სახსრებიდან დაფინანსება, ვალდებულია, სააგენტოს წარუდგინოს საწარმოო-საინვესტიციო პროექტი.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სააგენტო იქნება მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ინსტიტუტი, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკის აღმასვლას.
რა გამოხმაურება მოჰყვა კანონპროექტს პარლამენტში?
რა თქმა უნდა, დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იყო. გამოითქვა მოსაზრება – არის კი ეს ინვესტიცია? რა თქმა უნდა, არის – სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა დარგის საწარმოებში, სამეწარმეო პროექტებში სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებში, კაპიტალის დაბანდება, რომლის ძირითადი მიზნებია ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის მაქსიმალური ეფექტიანობით ამოქმედება. წარმოების განვითარების ხელშეწყობით უმუშევრობის დონის შემცირება – აი, ამ დატვირთვით არის მოცემულ კანონში ტერმინი “ინვესტიცია”.
გამოითქვა მოსაზრება, რომ სახელმწიფომ შეიძინოს საწარმოთა აქციები, აამუშაოს, მიმზიდველი გახადოს და ამ კონკრეტულ სამუშაოს შესრულების შემდეგ გაყიდოს. ეს დეპრივატიზაციაა, რომელმაც არა მგონია რაიმე დადებითი შედეგი გამოიღოს, სახელმწიფო ვერ არის კარგი მენეჯერი, მისი მხრიდან არარაციონალურად იმართება საწარმოთა მენეჯმენტი, რამაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა. რაც უფრო მალე მოხდება კერძო სექტორის გაძლიერება, მით მალე მოიხსნება პრობლემა. იცით, ამ ფონდს ყველა ფუნქციას ვერ დააკისრებთ. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს კერძო სექტორის განვითარებას. გაუგებარია, რატომ უნდა გამოვიდეთ იმის წინააღმდეგ, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს კერძო სექტორი, აამუშაოს, რომ შემდგომში მისი სახით მიიღოს სერიოზული გადამხდელი. ანდა, რითია ცუდი, რომ სააგენტო მზად არის გარანტად დაუდგეს კერძო მეწარმეებს, კომერციულ ბანკებს, რათა მიიღონ გარკვეული თანხა, თავიანთი ბიზნესის გასაფართოებლად.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ამ ფონდს ყველა ფუნქციას ვერ დავაკისრებთ. მე მჯერა, რომ სააგენტო იქნება მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ინსტიტუტი ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკის აღმასვლის საქმეში.
“საქართველოს ეროვნული სააგენტოს შესახებ” კანონპროექტს უარყოფითი შეფასება მისცა საქართველოს პარლამენტის ოფისის ხელმძღვანელმა, რომან გოცირიძემ. მასთან შეხვედრა საარჩევნო ციებ-ცხელებასთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა. აქვე მინდა მოვიყვანო მოკლე ამონარიდი საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნიდან: “კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ინვესტიციური პოლიტიკის შესაბამისად ახალი სტრუქტურული ერთეულის ეროვნული სააგენტოს ფორმირებას, რომლის საქმიანობაც ეკონომიკის დაფინანსება და სახელმწიფო ქონების მართვა იქნება. კანონპროექტით აღნიშნული ინსტიტუტის მიზანშეწონილობა და საქმიანობა არ არის საკმარისად დასაბუთებული შემდეგი მიზეზების გამო.
საერთაშორისო ორგანიზაციები (მსოფლიო ბანკი) საქართველოში, და არა მარტო საქართველოში, ეკონომიკის რეკონსტრუქციისათვის სესხის მიცემის უპირატესობას არასახელმწიფო ორგანიზაციებს აძლევენ, სახელმწიფოს მყარი გარანტიით, რამდენადაც ასეთი ორგანიზაციები თავისუფალნი არიან ბიუროკრატიული ზეგავლენისაგან, კორუფციისაგან და აქედან გამომდინარე, ფინანსების მართვის სისტემაც გამჭვირვალეა.ამასთანავე, ნაკლებად რისკიანი. ამ უპირატესობის გამო, საინვესტიციო რესურსების მართვაც, უპირატესად, არასახელმწიფო, კომერციულ საწყისებს უნდა ექვემდებარებოდეს. სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოზიდული თანხების საფუძველზეც განახორციელებს თავის საქმიანობას, რაც შეიძლება დონორებთან წინააღმდეგობის საფუძველიც გახდეს,ვინაიდან სააგენტო სახელმწიფო ბიუროკრატიული ორგანიზაციის ნაწილი გახდება და იგი ნაკლებად მისაზიდი იქნება სერიოზული საფინანსო სტრუქტურებისთვის.
სახელმწიფო სტრუქტურების მიერ კომერციული მიზნებისათვის განკუთვნილი საინვესტიციო რესურსების მართვა და გრძელვადიანი კრედიტების გაცემა, მისი ბიუროკრატიული ხასიათის გამო, არ იქნება დაზღვეული რესურსების უყაირათო ხარჯვისაგან. ამასთანავე სააგენტო, თავისი ფუნქციებით, საბანკო სფეროს ემსგავსება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ საბანკო მექანიზმი და გარანტიები საბაზრო ხასიათისაა და კერძო საკუთრების რისკით ხორციელდება, ხოლო კანონპროექტით შემოთავაზებული სააგენტოს საქმიანობა კი სახელმწიფო ფინანსების ხანგრძლივმოქმედ გარანტებს გულისხმობს, რომლის რისკიც სახელმწიფომ უნდა ითავოს. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, სახელმწიფო ფინანსები, რომლებიც დაბანდებულია მეწარმეობის სფეროში, ნაკლებად დაბრუნებადია და მისი დაკარგვის რისკიც მაღალია. ამ რისკისაგან დაზღვევის მექანიზმი არ არის გათვალისწინებული კანონპროექტით, ამიტომ სახელმწიფო საგარანტიო ფინანსები, შესაძლებელია, რისკის კომპენსაციის წყარო აღმოჩნდეს, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს სახელმწიფო ბიუჯეტის მდგომარეობას.
კანონპროექტის თანახმად, სააგენტომ უნდა განახორციელოს საინვესტიციო პროგრამისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების მართვა. ამისათვის მას გადაეცემა ქონების მართვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ქონება და ბიუჯეტიდან გამოეყოფა ფინანსები, რომლის განკარგვასაც ახდენს, როგორც ქონების მართვის სამინისტროსთან, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით. ამდენად, იგი არის ქონების მართვისა და ფინანსთა სამინისტროს ფუნქციების განმახორციელებელი, რაც იმთავითვე ქმნის აღნიშნული სამინისტროებისა და სააგენტოს ურთიერთობის საკმაოდ რთულ და ფუნქციების არცთუ ბოლომდე გამიჯნულ ურთიერთობის სისტემას.
კანონპროექტში არაფერია ნათქვამი ამ სტრუქტურების უფლებამოსილებაზე, სააგენტოს საქმიანობის განხორციელების თაობაზე და გულისხმობს იმ ფუნქციების დუბლირებას, რომელიც ამ სამინისტროების საქმიანობასაც ეხება. ამასთანავე, არც ქონების მართვის სამინისტრო და არც ფინანსთა სამინისტრო არ მონაწილეობს სააგენტოს საქმიანობაში, არ არის განსაზღვრული არც მათი წარმომადგენლობა სამეთვალყურეო საბჭოში, რაც ქმნის მათ შორის ინტერესთა წინააღმდეგობის წარმოშობის საფუძვლის, მისი გადაჭრის მექანიზმი კი კანონპროექტში არ არის ჩადებული.
საწარმოების დაფინანსების ხასიათით სააგენტო ასრულებს ბანკის ფუნქციებს, მაგრამ კანონპროექტში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორ კისრულობს პასუხისმგებლობას სააგენტო საფინანსო რისკზე. მეტიც, კანონპროექტით, სუბსიდირება და სუბვენციები მხოლოდ სააგენტოს უფლებამოსილებას შეადგენს, მაგრამ რამდენადაც ამ სააგენტოს კომერციული ინტერესები არ გააჩნია და იგი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშაა, ამიტომ ვერ იქნება თავისუფალი სახელმწიფო ბიუროკრატიული ზეგავლენისგან, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს როგორც საბიუჯეტო, ასევე მოზიდული თანხების არაეფექტურ გამოყენებასა და კორუფციას.
ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სტრუქტურის დაქვემდებარებაშია ანალოგიური ხასიათის მცირე ბიზნესის განვითარების ფონდი, რომლის საქმიანობაც მცირე ფინანსებით ვერ ქმნის ხელსაყრელ ბიზნეს-გარემოს.ანალოგიური, მაგრამ უფრო მსხვილი მასშტაბის ეროვნული სააგენტო მით უფრო მეტად განწირული შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებაში.
დღევანდელ პირობებში ყოველი სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ეკონომიკის დაფინანსებას გულისხმობს და დაქვემდებარებულია სახელმწიფო მართვის უწყებებზე, უკანგადადგმული ნაბიჯია საბაზრო ეკონომიკის ფორმირების პროცესში.
ყოველივე აქედან გამომდინარე, სააგენტოს მენეჯმენტი და კანონპროექტით გათვალისწინებული მისი ფუნქციები ვერ გახდება საქართველოს საინვესტიციო რესურსების განკარგვის ეფექტური ინსტიტუტი, ამიტომ კანონპროექტის მიღება, ამ ფორმით, არ არის მიზანშეწონილი.
კანონპროექტით გათვალისწინებული საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი ინსტიტუტების ფორმირების საკითხი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა, რაც აქტუალურია და მისი გადაწყვეტა კი – აუცილებელი. საინვესტიციო ფონდის სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ მახასიათებლებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ამ ფონდის ეფექტიანი საქმიანობა, აგრეთვე იმ მექანიზმის ფორმირება, რომელიც სახელმწიფო გარანტსა და საბიუჯეტო თანხებს დააზღვევს არამიზნობრივი გამოყენებისაგან.
მიხეილ თოქმაზიშვილი, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, მაკროეკონომიკის განყოფილების გამგე:
წარმოდგენილ კანონპროექტში საინვესტიციო სპეციალური სახელმწიფო ფონდის დაფუძნების ინსტიტუციურმა ასპექტმა არ შეიძლება უზრუნველყოს მისი ეფექტიანი საქმიანობა შემდეგი მიზეზების გამო: აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ფონდის ფორმირებას, რომელსაც ინვესტიციური საქმიანობის პროფილი ექნება, საკონტროლო პაკეტის უცვლელი მეპატრონე სახელმწიფო უნდა იყოს და სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ განახორციელოს თავისი საქმიანობა. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საბაზრო ეკონომიკის ეფექტიანი ფუნქციონირების ძირითადი ინსტიტუტი კერძო საკუთრებაზე დამყარებული სამეწარმეო საქმიანობაა. ამ მიზანს დაექვემდებარა პრივატიზების პროცესი საბანკო-საფინანსო, საშუამავლო, საწარმოო სფეროში, ხოლო ამჟამად შენარჩუნებული სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც ანალოგიურ ფუნქციებს ატარებს, უკანგადადგმული ნაბიჯია საბაზრო ეკონომიკის მშენებლობაში. ერთ ასეთ სტრუქტურად შეიძლება აღმოჩნდეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი.
ძირითადად, რა შენიშვნები გაქვთ?
კანონპროექტი ვერ განსაზღვრავს საინვესტიციო ფონდის მართვის მონაწილეობაში ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის გვერდით საინვესტიციო ფონდისა და ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობის განაწილებას. ეროვნული სააგენტოს საქმიანობა სახელმწიფო სესხების აღებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან ერთად სავალო საქმიანობაში ზრდის სუბიექტების რაოდენობას და ართულებს მისი მართვის პროცესებს. ამასთან, ეწინააღმდეგება კანონს, სახელმწიფო ვალის შესახებ. ეროვნული სააგენტოს საქმიანობა დუბლირებულია ფინანსთა სამინისტროს ფუნქციებთან სახელმწიფო გარანტიების გაცემის თაობაზე. კანონპროექტში გარანტიებისა და სავალო პროცესების ორი უწყებისადმი დაქვემდებარება ართულებს ვალებისა და გარანტიების მართვის საკითხს და არ იძლევა წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ უნდა გადაწყდეს წინააღმდეგობა მაშინ, როდესაც ფინანსთა სამინისტროსა და საინვესტიციო ფონდის ინტერესები დაუპირისპირდება ერთმანეთს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ საინვესტიციო ინსტიტუტები დაფუძნებული იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პრინციპების თანახმად.
თუმცა, აღნიშნული პროექტი პარლამენტის მიერ მოწონებულ იქნა.
პარლამენტარები, ფრაქციები, პარტიები კანონს თავის თავზე ირგებენ. თუ დაინახავენ, რომ კანონპროექტი მათ ინტერესებს შეესაბამება, რა თქმა უნდა, მხარს უჭერენ. აქედან გამომდინარე, სააგენტო უკვე პარლამენტარების გავლენის ქვეშ ექცევა. თუ პარლამენტმა მესამე მოსმენითაც მიიღო, მერწმუნეთ, კიდევ ერთ გამფლანგველობას ექნება ადგილი.
კერძო მეწარმეთათვის, ალბათ, დიდი შეღავათი იქნება, თუ აღნიშნული სააგენტო გარანტად დაუდგება მათ კომერციულ ბანკებთან სესხის აღებასთან მიმართებაში.
როგორ შეუძლია ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო გარანტად დაუდგეს ვინმეს, როდესაც ზურგს არ უმაგრებს ფული. აქ გარანტად მოიაზრება ფინანსთა სამინისტრო, რადგან მას ფუნქციურად ეკისრება თანხების განკარგვა. ეროვნული საინვესტიციო სააგენტო დაინტერესებულია, შევიდეს ფინანსთა სამინისტროს სიღრმეებში და გადმოქაჩოს თანხები, რადგან, ფაქტობრივად, გარანტად დადგომა მას შეუძლია, ვისაც ფული აქვს.
– თქვენ თვლით, რომ ამ ტიპის სააგენტოს არსებობა მიუღებელია?
– მიუღებელია ამ ფორმით. არავითარი სახელმწიფო ფონდი, თუნდაც კომერციული ფონდი იყოს. რა განსხვავებაა? სახელმწიფო ფონდი ითვალისწინებს ბიუჯეტიდან მიიღოს თანხები ანუ ბიუჯეტის დადგენისას უნდა იყოს გათვალისწინებული თანხები აღნიშნული ფონდისათვის. თუ ის იქნება კომერციული ხასიათის, მაშინ ფულის მფლობელი იქნება სახელმწიფო, რომელიც გამოაცხადებს ტენდერს კონკრეტული საქმიანობის წამოწყებისთვის. რომელი ფონდიც შეძლებს გააკეთოს საქმე ხარისხიანად, იაფად. მას მიენიჭება უფლება, ამ თანხების განკარგვისა, რომელიც თან პასუხისმგებელიც იქნება და ის არ დაუშვებს გაკოტრდეს ან წაგებაზე წავიდეს. მცირე ბიზნესის ფონდი როგორ დღეშიც არის, ანალოგიურ ვითარებაში აღმოჩნდება საინვესტიციო სააგენტოც.
უნდა ამოქმედდეს სახელმწიფო შესყიდვების კანონი. ამ ფონდის საქმიანობა აგებულ უნდა იყოს სამოქალაქო კოდექსზე.
როგორც ვხედავთ, “საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო ფონდის” შესახებ კანონპროექტს, ერთი მხრივ, არ აქვს პრეტენზია, თავის თავზე აიღოს ყველა ფუნქცია, მეორე მხრივ, ის ფუნქციებიც კი, რომელსაც ითვალისწინებს, ეკონომისტთა გარკვეული წრეებისათვის მიუღებელია, თავისი დაუხვეწაობის, ბუნდოვანებისა და, საერთოდ, იმ საწყისის გამო, რაზეც, ზოგადად, ეს კანონპროექტი აღმოცენდა.
საინტერესოა, პარლამენტარები თუ დაინახავენ ამ კანონპროექტში თავის “საკბილოს”. როგორც ვარაუდობენ, თუ ეს ასე მოხდა, ანუ პარლამენტარებმა “მხრებზე მოიგდეს” “ეროვნული საინვესტიციო ფონდი”, უნდა ველოდოთ კიდეც მესამე მოსმენით ამ კანონის მიღებას. საით გადაწონის სასწორის პინა, ამას მომავალი გვიჩვენებს. გაამართლებს თუ არა კანონპროექტი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სურვილებს, კერძო სექტორის აღორძინების გარშემო, თუ პირიქით, კვლავ პოლიტიკურ მოდაში უკვე დამკვიდრებული “ჩრდილოვანი ეკონომიკის” პირმშო გახდება?!