სად, როგორ და რამდენად დავისვენოთ?
ეკა გაბადაძე
სინოპტიკოსთა პროგნოზით, ეს ზაფხული დიდად განსხვავებული არ იქნება, გასული, ორი ზაფხულისგან, ანუ მცხუნვარე მზე ისევ აიძულებს საარჩევნო ციებ-ცხელებაში ჩართულ თბილისელებს, ჯიბე მოიქექონ და დასვენებაზე იფიქრონ. ჯიბეში კი, სულ მცირე, 300 დოლარი უნდა იპოვონ, რომ საზღვარგარეთ, კერძოდ კი, ბოლო ხანებში საკმაოდ მოდურ კურორტზე, კუშადასში ამოჰყონ თავი. სხვათა შორის, სპეციალისტთა და სოციოლოგთა დასკვნით, ამ ზაფხულშიც, წინა ზაფხულების მსგავსად, ზღვის მიმართულებით გაცილებით მეტი დამსვენებელი გაემგზავრება. მთაში ვიკენდებისა თუ ტურების მსურველები წელსაც ნაკლებად იქნებიან.
თუმცა, ეს არც არის გასაკვირი – ზღვა, მზე, ოქროს ქვიშა ზაფხულში უფრო მიმზიდველია, ზამთარში კი – თოვლი და თხილამურები. კიდევ ერთი ნიუანსიც არის გასათვალისწინებელი – ტურისტთა და დამსვენებელთა მომსახურების მხრივ, გაცილებით მაღალ დონეს ზღვისპირეთმა მიაღწია. რაც შეეხება მთას, ამ მხრივ, საქართველოს მთიანი რეგიონები ნაკლებად მომხიბვლელია.
მაშ ასე, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ თბილისური ზაფხულის სამი თვიდან ყველაზე ცხელ, ივლისის თვეში, ზღვისკენ აიღონ გეზი. მნიშვნელობა არა აქვს შავი ზღვა იქნება, ეგეოსის თუ ხმელთაშუა ზღვა, გააჩნია რა ბიუჯეტის პატრონი ბრძანდებით.საქართველოს მასშტაბით, თქვენი ბიუჯეტი, თუ იგი 100 დოლარის ეკვივალენტს, ლარებში არ აღემატება, აბსოლუტურად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ათი მშვენიერი დღე ბათუმის, ქობულეთისა თუ ურეკის სანაპიროზე გაატაროთ. ბარ-რესტორნებში ხშირი ვიზიტებისა და დისკოთეკებზე სირბილისაგან თავის შეკავებას თუ შეძლებთ, ამ თანხით მოახერხებთ იმას, რომ კერძო ტურიზმის, ანუ ოჯახური ბიზნესის წარმომადგენლებს მიმართოთ. ივლისის თვეში ერთი ღამისთევის ღირებულება 2,5 ლარიდან 5-7 ლარამდე მერყეობს. თუმცა, აგვისტოში, როცა დამსვენებელთა გაცილებით დიდი რაოდენობა მიაწყდება შავი ზღვის სანაპირო კურორტებს, ფასიც კატასტროფულად გაიზრდება, თითქმის გაორმაგდება და მინიმალური ზღვარი 7 ლარს, ხოლო მაქსიმალური – 25 ლარს მიაღწევს. მოგეხსენებათ, ქართული ტურისტული მომსახურების მენტალიტეტი, ამიტომ, ძალიან ნუ გაგიკვირდებათ, თუ დიასახლისს 5-7 ლარად მოურიგდებით, საშხაპე კი მისი სახლის ეზოში სულაც არ აღმოჩნდება და მეზობლის ეზოში მოგიწევთ სირბილი. ასეთ სიტუაციაში, შესაძლოა, მაშინაც აღმოჩნდეთ, თუ, ვთქვათ, ქობულეთის ერთ-ერთ სასტუმროში დაჯავშნით ნომერს. არ გაგიკვირდეთ, სართულზე მხოლოდ ერთი საშხაპე თუ აღმოაჩინეთ, საპირფარეშოს გვერდით, რომლის ადგილსამყოფელსაც, თქვენი ყნოსვის წყალობით, ადვილად მიაგნებთ… ასეა, საქართველოა და ჯერ ყველაფერი არ ვიცით: მაშინ, როცა ვარსკვლავებს სოციალისტური შრომის გმირებს გულზე ვკიდებდით, “დამპალი კაპიტალიზმის” ქვეყნებში ვარსკვლავებს სასტუმროებს ანიჭებდნენ.
ვარსკვლავთა რაოდენობის მიხედვით, საზღვარგარეთ დასვენებაც დაახლოებით 300-დან 1000 დოლარამდე და ზოგჯერ მეტ თანხასაც აღწევს. განსაკუთრებული პოპულარობით თურქეთისა და ბულგარეთის კურორტები სარგებლობენ. ტურისტული ფირმის “იბერ-ტურის” მენეჯერის, ზურაბ მთიულიშვილის თქმით, დამსვენებელთა გაცილებით დიდი ნაკადი ბულგარეთისკენ მიემგზავრება. უკვე გაემგზავრა რამდენიმე ათეულობით ადამიანი და რივიერას მშვენიერებით ტკბება. სხვათა შორის, “იბერ-ტურელთა” განცხადებით, ბულგარეთში დასვენება მინიმალური ფასი ჯდება – დაწყებული 450 დოლარიდან. თორმეტდღიანი ტური (სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობის მიხედვით) ათასობით დოლარს აღწევს, მაგ. არის სასტუმროები რივიერაზე, სადაც ღამე “სულ რაღაც” 600 დოლარი ღირს. “იბერ-ტურის” კეთილშობილ თანამშრომელთა თანაგრძნობა, ქართველი მომხმარებლის მიმართ, გასაოცარიც კი არის. იცით, რა მდგომარეობაშია დღეს ხალხი და ამის შესაბამისად ჩვენ ყველანაირ შეღავათებზე მივდივართ. – გვითხრა ზურაბ მთიულიშვილმა. ის ფაქტი, რომ “იბერ-ტურის” ბიუჯეტი ვეღარ წვდება სარეკლამო კამპანიის ხარჯებს (როცა ჩვენ ბ-ნ ზურაბს დავუკავშირდით, მან გვითხრა, რომ სარეკლამო კამპანიაზე თანხები აღარ გვაქვსო), გვაძლევს საბაბს ვიფიქროთ, რომ ტურისტული კომპანიის მიერ გაწეული ყველა შეღავათის მიუხედავად, არცთუ ისე ბევრ ქართველს აქვს საშუალება, მიმართოს ასეთ კომპანიას დასასვენებელი ადგილის შესარჩევად. “იბერ-ტურის” მომსახურების პაკეტში გერმანიის, ჩეხეთის, ბულგარეთის გარდა, ევროპის კიდევ სხვა ქვეყნებიც შედის. როგორც ყველა სხვა კომპანიის, ასევე მისი პრობლემაც ავიაბილეთების სიძვირეა. თუმცა, ამ პრობლემის დარეგულირება, რუსეთისგან განსხვავებით, არ მოხერხდა.
“იბერ-ტურისაგან” განსხვავებით, ტურისტული ფირმის “N-ტურის” დახმარებით, ტურისტთა გაცილებით დიდი ნაკადი თურქეთისკენ მიემგზავრება: ეგეოსის, ხმელთაშუა ზღვისპირეთი შავი ზღვისპირეთისაგან იმით განსხვავდება, რომ კლიმატური პირობები გაცილებით უკეთესია, ხანგრძლივი წვიმები თავს არ მოგაბეზრებთ და დასვენებაც გაცილებით სასიამოვნო იქნება. თურქეთისკენ დამსვენებელთა დიდი ნაკადი იმითაც არის გამოწვეული, რომ, როგორც “N-ტურის” მენეჯერმა, ვასიკო გაბუნიამ გვითხრა, ბულგარეთში გაცილებით დაბალი დონის სასტუმროებია. ბულგარეთში “კომუნისტებისდროინდელი” სასტუმროები სჭარბობს, ხოლო თურქეთში გერმანელების, ინგლისელების მიერ აშენებული სასტუმროები არაფრით ჩამოუვარდება ვაშინგტონისა თუ ნიუ-იორკის მრავალვარსკვლავიან სასტუმროებს.
თურქეთის წარმტაც კურორტზე, კუშადასში შეგიძლიათ კომფორტაბელური ავტობუსით გაემგზავროთ (ავიაბილეთზე დაზოგოთ თანხა) და 13 ღამეში 246 დოლარი გადაიხადოთ, ამ თანხაში შედის ავტობუსით მგზავრობა და ორვარსკვლავიან სასტუმროში დილის საუზმე. თურქეთის მიმართულებით, თურქეთის ავიახაზების დახმარებით, მგზავრობა 513 დოლარი ღირს და თუ ამას სასტუმროს ხარჯებსაც მივამატებთ, სიამოვნება გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ. ამიტომ უკეთესი იქნება, ცოტა რომ გაიჭირვოთ და ავტობუსზე უარი არ თქვათ. კუშადასის ხუთვარსკვლავიან სასტუმრო “ფანტაზიაში” 10 ღამის გატარება ერთი ადამიანისთვის 1000 დოლარის ტოლია. სამაგიეროდ, ვისაც ჭარბი წონა არ აშინებს, შეუძლია ამ სასტუმროში შეუზღუდავად იკვებოს.
ღამის ცხოვრება, ხმაური, გართობა ახალგაზრდებისთვის სწორედ რომ მისწრებაა და კუშადასიც მათთვის არის ზედგამოჭრილი. ოჯახურ იდილიაში დასვენებას მოწყურებულთათვის კი ანტალიის კურორტია მისწრება. ოჯახური ტურის მომსახურება გარკვეულ შეღავათებსაც ითვალისწინებს (2, 6, და 12 წლამდე ბავშვებისათვის). მაგ. 6 წლამდე ასაკის ბავშვთან ერთად დედ-მამა ორი კვირის განმავლობაში ორვარსკვლავიან სასტუმროში 570 დოლარად დაისვენებს. სასტუმროს ტერიტორიაზევეა ყველაფერი ის, რაც დასვენებას უფრო გაალამაზებს.
კვიპროსზე, ესპანეთში, ეგვიპტეში, შვეიცარიასა თუ საფრანგეთში დასვენების მსურველთათვის ტურისტული ფირმა “K.L.G.” Gგიწვევთ, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფური დასვენებით, ორკვირიან ტურებში:
კვიპროსი, ლიმასოლი – ოთხ და სამვარსკვლავიან სასტუმროებში: სასტუმრო “ARSINOE BEACH HOTEL” (სამვარსკვლავიანი), ზღვის პირას, ორჯერადი კვებით, საექსკურსიო პროგრამით. გაფრენა თბილისიდან “აირზენას” ბოინგით, 13.08-დან 28.08.02-მდე და 20.08-დან – 04.09-მდე. ფასი – ერთი კაცის ღირებულება, ორადგილიან ნომერში, 1200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, 12 წლამდე ბავშვის ღირებულება, ორ უფროსთან ერთად, 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
ესპანეთი ბარსელონა “კოსტა ბრავა”; ოთხვარსკვლავიან სასტუმროში “ROYAL SUN” ზღვის პირველ ხაზზე, ორჯერადი კვებით და საექსკურსიო პროგრამით. გაფრენა თბილისიდან ავსტრიის ავიახაზებით, გამოფრენა 24.07.02. ფასი – 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ბავშვის ღირებულება 1100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
საფრანგეთი, პარიზი, ნიცა – 3 დღე პარიზში, 11 ნიცაში ოთხვარსკვლავიან ფეშენებელურ სასტუმროებში თანამედროვე აღჭურვილობით, ზღვის პირას ერთ-ორ ადგილიან ლუქს ნომრებში, საუზმითა და საექსკურსიო პროგრამით. პარიზში სასტუმრო “NEW ROBLIN” ქალაქის ცენტრში, ნიცაში სასტუმრო “MERIDIEM” – ზღვის პირას საკუთარი პლაჟით. გასვლა თბილისიდან 16.07.02 თბილისი-პარიზის თვითმფრინავით, გამოფრენა 30.07.02. 1 კაცის ფასი ორადგილიან ნომერში 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, 12 წლამდე ბავშვის ღირებულება – 1250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
ყველა ეს სასტუმრო აღჭურვილია კონდიციონერით, სატელიტური ტელევიზორით, მინი-ბარით, პირადი სეიფით, თმის საშრობით და ა.შ. სასტუმროებს აქვთ ლიფტი, გარაჟი მოთხოვნით, რესტორნები, კაფე-ბარები, ღამის ბარები, კაზინო, საცეკვაო მოედნები, საცურაო აუზები, აერობიკის დარბაზი, ტრენაჟორები, საუნები და დასასვენებელი პარკი. საღამოობით იმართება შოუკონცერტები. “K.L.G.”-ის აქვს ტურები პალმა-დე-მალიორკაზე, ეგვიპტეში. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების თამაშზე (ამა წლის 7 სექტემბერს) დასასწრებად ფირმა შვეიცარიაშიც გიწვევთ.
ერთი სიტყვით, საქართველოში უამრავი ფირმა და კომპანიაა შექმნილი, რომელიც თქვენს დასვენებასა და გართობაზე ზრუნავს, მაგრამ ყველაფერი მაინც თქვენს მოხერხებასა და ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ვინც მოახერხებს და მინიმალური დანახარჯით მაქსიმალურ ეფექტს მიაღწევს, ისღა დაგვრჩენია, კეთილი მგზავრობა ვუსურვოთ და ვუთხრათ: ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!