მსოფლიო ბანკის კვლევის პრეზენტაცია ფინანსთა სამინისტროში
მიმდინარე წლის 10 ივნისს, ფინანსთა სამინისტროში გაიმართა მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული დოკუმენტის „საქართველოს სახელმწიფო ხარჯების კვლევა“ პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრნენ მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები.
დოკუმენტში დეტალურადაა განხილული ის გამოწვევები და რეფორმების წარმართვის გზები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო ხარჯების პოლიტიკასთან. მთავრობის ფინანსების მდგრადობის შესანარჩუნებლად და, ამავე დროს, სტაბილური ეკონომიკური ზრდის და სამუშაო ადგილების შექმნის უზრუნველსაყოფად განხილულია ფისკალური პოლიტიკის, სოციალური დაცვის, ჯანდაცვის, განათლების, სახელმწიფო საწარმოების სექტორის და საერთაშორისო ურთიერთობების მხრივ რეფორმების გატარების მიმართულებები.
„მსოფლიო ბანკი აქტიურად გვეხმარება ფისკალური პოლიტიკის წარმართვაში. დღეს განვიხილეთ სახელმწიფო ხარჯების სტრუქტურა მდგრადი განვითარებისთვის. გასულ პერიოდში მიუხედავად იმისა, რომ იზრდებოდა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები, ისე ეკონომიკა, მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად, ჩვენი მოსახლეობის 40%-ის ცხოვრების დონე ყოველწლიურად 1%-ით უარესდებოდა. ჩვენი ამოცანაა, რომ ეკონომიკური ზრდით ისარგებლოს მოსახლეობის ფართო ფენებმა. დღეს განვიხილეთ ჯანდაცვის, განათლების სოციალური დაცვის დაფინანსების საკითხები, ისე რომ ამან ხელი შეუწყოს არა მხოლოდ სოციალური პრობლემების გადაწყვეტას, არამედ ეკონომიკურ ზრდას, რომლითაც ყველა ისარგებლებს,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ კვლევის მომზადების პროცესში ასე აქტიურად თანამშრომლობდა მსოფლიო ბანკთან. აღნიშნულ კვლევაში ძირითადად საუბარია სახელმწიფო ხარჯებზე. საქართველოში შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, მაგრამ იმისთვის, რომ ზრდა გაგრძელდეს, აუცილებელია დამცავი მექანიზმების შემქნა, ხარჯების კონსოლიდაცია, თანხების უფრო ეფექტიანი ხარჯვა. ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და სამუშაო ადგილების შექმნა – ეს ანგარიში სწორედ ამ მიზნებისთვის შემუშავდა,“ – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში ჰენრი კერალიმ.
ანგარიში მთავრობის წარმომადგენლებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან და დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით მომზადდა.