ვიშეგრადის ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალური საკითხები ევროკავშირში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდეგ
ეკა ლეკაშვილი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი
პრობლემის აქტუალურობა: ,,ვიშეგრადის ჯგუფი“ შესაძლებელია განვსაზღვროთ, როგორც საშინაო და საგარეო საკითხებში რეგიონალური თანამშრომლობის მექანიზმი ცენტრალური ევროპის ოთხ ქვეყანას უნგრეთს, ჩეხეთსა, სლოვაკეთსა და პოლონეთს შორის. თანამშრომლობის ეს მექანიზმი შექმნილ იყო კომუნიზმის მემკვიდრეობის დასაძლევად და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისათვის საჭირო რეფორმების მხარდასაჭერად.
ვიშეგრადის ქვეყნების მსგავსად, ევროინტეგრაციის პროცესები პრიორიტეტულია აღმოსავლეთ ევროპის მოსაზღვრე რეგიონის ქვეყნებისათვის, რომლებიც თავიანთი საზოგადოებების ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის წარმატებით გაგრძელებას, ევროკავშირის სტანდარტებთან კორვენგენციას და ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფიან. ამ მიზნის მისაღწევად ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, თანამშრომლობის ახალი ფორმა შესთავაზა – აღმოსავლეთ პარტნიორობის სახით, რომლის მიზანსაც პარტნიორი ქვეყნების ევროკავშირში უფრო ღრმა ინტეგრაცია წარმოადგენს, რაც მიიღწევა მონაწილე ქვეყნებისთვის სოციალური და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში დახმარებით. ვიშეგრადის ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მზაობის მიღწევის დიდი გამოცდილება და მისი ცალკეული ასპექტის გათვალისწინება აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან მაგალითს წარმოადგენს. სწორედ ამით არის განპირობებული საკვლევი თემის ინტერესი.
კვლევის მიზანია ვიშეგრადის ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკის აქტუალური საკითხების შესწავლა ევროკავშირში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდეგ. კერძოდ, მაკროეკონომიკური სტაბილურობის, საჯარო ფინანსების კონტროლის, საქონლის, მომსახურების, ადამიანებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების, ფასების ლიბერალიზაციის, სახელმწიფო შესყიდვების, სახელმწიფო დახმარებისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი ჩარჩოს, შრომითი კანონდებლობის, სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის სფეროების პრიორიტეტული განვითარების და ა.შ.
მდგომარეობის ანალიზი: 1989 წლის მოვლენების შემდგომ, ტოტალიტარული რეჟიმის ნგრევის შემდეგ, ვიშეგრადის ქვეყნებმა ინტეგრაციის პროცესების დასაჩქარებლად აირჩიეს რეგიონალური თანამშრომლობის მექანიზმი, იმის გათვალისწინებით, რომ ოთხივე ქვეყანას მეტ-ნაკლებად მსგავსი სასტარტო პირობები გააჩნდა. ვიშეგრადის თანამშრომლობა განსხვავდება დანარჩენი ევროპისგან, რადგან მას საკუთარი იდენტობა და დინამიზმი გააჩნია და განსაკუთრებული ღირებულებით მკვიდრდება საერთაშორისო სივრცეში. ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებმა განაცხადეს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი, რადგან ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია მათ საშუალებას აძლევს, უკეთ დაიცვან საკუთარი ეროვნული ინტერესები და რეგიონული ასპექტების გათვალისწინებით უსაფრთხოების საკითხებზე განაცხადი გააკეთონ. ევროპულ თანამეგობრობას მნიშვნელოვანი ინტერესი გაუჩნდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, სხვადასხვა ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისითაც.
ოფიციალურად ვიშეგრადის ჯგუფი შეიქმნა 1991 წლის 15 თებერვალს „ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე უნგრეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის“ ხელმოწერით. დეკლარაციით განისაზღვრა ვიშეგრადის ჯგუფის ძირითადი მიზნები: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, დემოკრატიისა და თავისუფლების სრულად აღდგენა; ტოტალიტარული სისტემის ყველა არსებული სოციალური, ეკონომიკური და მენტალური ასპექტის აღმოფხვრა; საპარლამენტო დემოკრატიის და სახელმწიფო სამართლის მშენებლობა, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების პატივისცემა; თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის შექმნა; სრული ჩართულობა ევროპულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაში, ასევე, უსაფრთხოებისა და საკანონმდებლო სისტემაში.
ორგანიზაციული სტრუქტურის თვალსაზრისით, საერთო სტრატეგიების შემუშავების მიზნით, თანამშროლობის ფორმად შერჩეულ იქნა რეგულარული ყოველწლიური შეხვედრები პრემიერ-მინისტრებისა და მინისტრების დონეზე. ამ მიზნით ოთხივე ქვეყნის წილობრივი მონაწილეობის საფუძველზე შეიქმნა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდი, რომლის ძირითადი მიზანი რეგიონული მასშტაბის პროექტების დაფინანსებაა.
ფაქტობრივად, ვიშეგრადის თანამშრომლობა არ არის ინსტიტუციონალიზებული გაერთიანება. ის ემყარება მისი წარმომადგენლების პერიოდულ შეხვედრებს სხვადასხვა დონეზე. სამიტებს შორის საპრეზიდენტო პოზიცია აქვს ამ ოთხი ქვეყნიდან ერთ-ერთს, რომელიც პასუხისმგებელია ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.
ვიშეგრადის ქვეყნებისთვის ევროკავშირის მხრიდან პოზიტიური და გრძელვადიანი მხარდაჭერის საბაზისო ინსტრუმენტი იყო ე.წ. ასოცირების ხელშეკრულებების მომზადება და რატიფიცირება. ასოცირების ხელშეკრულებები ვიშეგრადის ქვეყნებთან 1991 წელს გაფორმდა. ამ ხელშეკრულებებს ევროპის ხელშეკრულებებსაც უწოდებენ. ხელშეკრულებებით განისაზღვრა ინტეგრაციის დონე, რომელიც უფრო ნაკლები იყო ვიდრე წევრობა, მაგრამ უფრო მეტი ვიდრე თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. ისინი ამავდროულად ქმნიდნენ წინაღობას სრული წევრობისაკენ მიმავალ გზაზე. ევროპის ხელშეკრულებებმა შექმნა საფუძველი ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნებისათვის მოეხდინათ ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული დაახლოება.
თანამშრომლობის სფერო მოიცავდა პოლიტიკურ თანამშრომლობას, ხელსაყრელ სავაჭრო ურთიერთობებს, ეკონომიკურ საქმიანობასა და კულტურულ თანამშრომლობას. ევროპის ხელშეკრულებები წარმოადგენდა წევრობის მსურველი ქვეყნისთვის პოლიტიკურ და ეკონომიკურ შანსს და ორმხრივად იქნა ხელმოწერილი. ეს ხელშეკრულებები თითოეული კანდიდატი ქვეყნის საჭიროებებზე იყო მორგებული, თუმცა, ამავდროულად მოიცავდა საერთო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კომერციულ ამოცანებს და ქმნიდა რეფორმების განხორციელების ჩარჩოს. ევროპის ხელშეკრულებების ფარგლებში ხელმოწერილ სავაჭრო ხელშეკრულებებს უნდა ჩამოეყალიბებინათ თავისუფალი სავაჭრო ზონა ევროკავშირსა და თითოეულ სახელმწიფოს შორის .
ევროპის ხელშეკრულების ხელმოწერების კომპლექსურ სტრატეგიას საფუძველი ჩაეყარა ევროპის საბჭოს კოპენჰაგენის შეხვედრაზე (1993 წლის დეკემბერი). კოპენჰაგენის სამიტმა ნათელი სიგნალი მისცა ამ ქვეყნებს, რომ ისინი მომავალში ევროკავშირის წევრები გახდებოდნენ, თუკი დააკმაყოფილებდნენ გარკვეულ პირობებს. გაფართოების პირობები თითოეული ქვეყნისათვის მოიცავდა თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემის, კანონის უზენაესობის პრინციპებს, ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ეს ქვეყნები გახდებოდნენ ევროკავშირის წევრები. ე.წ. “კოპენჰაგენის კრიტერიუმები” დაამტკიცა ევროპის საბჭომ და ასოცირებული ქვეყნისაგან მოითხოვს:
• სტაბილურ ინსტიტუციებს, რომლებიც წარმოადგენენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და უმცირესობების პატივისცემისა და დაცვის წინაპირობას;
• მოქმედ საბაზრო ეკონომიკას, რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს კონკურენციის წნეხს და ევროკავშირს შიგნით საბაზრო ძალების მუშაობას;
• წევრობის მოვალეობების შესრულების უნარს, განსაკუთრებით პოლიტიკური, ეკონომიკური და სავალუტო კავშირის ამოცანების შესრულების უნარს.
კოპენჰაგენის კრიტერიუმები ევროკავშირის მართვის საერთო მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს. ვიშეგრადის ქვეყნების სოციალისტური წარსულის გათვალისწინებით, ევროპის საბჭომ მოითხოვა მათი ეკონომიკის გარდაქმნა და ევროკავშირის სისტემასთან ჰარმონიზაცია, ევროკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციამდე.
ევროკომისია პასუხისმგებელი იყო გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნების პროგრესის მონიტორინგზე გაწევრიანების მთელი პერიოდის განმავლობაში და იგი სისტემატურად აწვდიდა დასკვნებს საბჭოს. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატი ქვეყნის გაწევრიანების საწყისი მდგომარეობა განსხვავებული იყო, ევროკომისიამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა თანმიმდევრულ განაცხადს, რომელიც გამაგრებული იყო ბაზარზე ორიენტირებული რეფორმებითა და ეკონომიკური პოლიტიკის ფართო სპექტრით. ვიშეგრადის ჯგუფის ყველა კანდიდატმა ქვეყანამ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისას მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კომუნისტური სავაჭრო ბლოკის დაშლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა კანდიდატმა ქვეყანამ მიაღწია ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს, კვლავ არსებობდა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური რისკები. მაგალითად, კომისიამ ჩათვალა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი და პოლონეთი წარმოადგენდნენ ფუნქციონალურ საბაზრო ეკონომიკებს. მათ სჭირდებოდათ უფრო მეტი პროგრესის მიღწევა ფინანსური ბაზრების განვითარებაში. სლოვაკეთში განხორციელდა კანონმდებლობის დაახლოვების პროცესი, მაგრამ გადაჭარბებული სამთავრობო ჩარევები და ტრანსპარანტულობის ნაკლებობა არ იყო თავსებადი საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებასთან. უფრო მეტიც, მაკროეკონომიკური სტაბილურობა გაუარესდა. კომისიამ ჩათვალა, რომ უნგრეთს, პოლონეთს და ჩეხეთის რეპუბლიკას უნდა გაეგრძელებინათ შესაძლებლობების გაძლიერება, რათა გამკლავებოდნენ კონკურენციის წნეხს. სლოვაკეთის უნარი გაეძლო ევროკავშირს შიგნით კონკურენციის წნეხისა და საბაზრო ძალებისათვის შუალედური პერიოდში დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა, აუცილებელი იყო მთავრობის მიერ სასწრაფო ნაბიჯების გადადგმა სრულად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის ჩამოსაყალიბებლად.
უნგრეთი დაბალანსებულად განაგრძობდა დაახლოების პროცესს. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა შიგა საბაზრო კანონმდებლობის ჩარჩოს ჩამოყალიბების დასრულებას. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთმა დააკმაყოფილა გაწევრიანების პარტნიორობის ხელშეკრულების მოკლევადიანი პრიორიტეტები ეკონომიკური რეფორმების სფეროში, ხელი შეუწყო ვეტერინარული, ფიტოსანიტარული, ფინანსური კონტროლის ინტიტუტების, სასამართლო და საშინაო საქმეების სფეროების გაძლიერებას, არასაკმარისი აღმოჩნდა ყურადღება, მიმართული რეგიონალური განვითარების სტრუქტურების გაძლიერებისაკენ და საავტორო უფლებების კანონმდებლობის შემუშავებისკენ, საშინაო ბაზრის პრიორიტეტებისა და სახელმწიფო დახმარების კანონმდებლობის გაძლიერებისაკენ.
პოლონეთში სატრანსპორტო კანონმდებლობასთან და მის ამოქმედებასთან დაკავშირებით პოზიტიური ძვრები შეინიშნებოდა, თუმცა საშინაო ბაზრის კანონმდებლობასთან დაკავშირებული პროგრესი დამაკმაყოფილებლად არ მიმდინარეობდა, რაც გამოწვეული იყო სტანდარტებისა და სერტიფიცირების სფეროებში ინსტიტუციურ სტრუქტურებთან დაკავშირებული ახალი მიდგომების მიღების გაჭიანურებით. დაახლოების ერთიან პროცესში პოლონეთის ძირითადი ჩამორჩენა ეკოლოგიურ სფეროს ეხებოდა. არასაკმარისი ყურადღება ექცეოდა სოფლის მეურნეობას, გარემოს დაცვას, ინსტიტუციონალური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების პრიორიტეტებს.
შედარებით შენელებული იყო სლოვაკეთის დაახლოების ტემპი, რადგან სტრუქტურების რეფორმები და მათი გაძლიერება სათანადოდ არ მინდინარეობდა. გარკვეულ სექტორებში, სადაც აუცილებელი იყო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმა. შეფერხებები შესამჩნევი იყო (მაგალითად, საშინაო ბაზარი, გარემოს დაცვა). მიუხედავად იმისა, რომ ტარდებოდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, კვლავ არსებობდა მრავალი პოლიტიკური პრობლემა, რომლებიც მოგვარებას საჭიროებდნენ. ინტელექტუალური და ინდუსტრიული კანონმდებლობის მიღების გარდა, საშინაო ბაზრის, ადმინისტრაციული შესაძლებლობებისა და გარემოს სფეროების მოკლევადიან პრიორიტეტებს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა.
ჩეხეთის რესპუბლიკამ მცირე პროგრესი განიცადა დაახლოების საერთო პროცესში. საშინაო ბაზრის კუთხით, შესამჩნევი პროგრესი იქნა მიღწეული სტანდარტებისა და სერტიფიცირების სფეროებში, თუმცა, უფრო ნაკლები – საბანკო და სააქციო ბაზრის მეთვალყურეობის სფეროებში, საშინაო ბაზრის სხვა ძირითად სფეროებში, როგორებიცაა ინტელექტუალური და ინდუსტრიული ქონება, საჯარო შესყიდვები, მონაცემთა დაცვა, დაზღვევა და სახელმწიფო დახმარების კონტროლი და ა.შ.
გაწევრიანების პროცესის ძირითად კომპონენტს წარმოადგენდა გაწევრიანების წინა პერიოდის სტრატეგიის მხარდაჭერა, რომლის ამოცანაც იყო ყველა კანდიდატი ქვეყნისათვის ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციისთვის ხელშეწყობა გაწევრიანებამდე. ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებიდან მოლაპარაკებები დაიწყო ყველა ქვეყანასთან სლოვაკეთის გარდა. კომისიამ გამოყო 100 მილიონი ევროს ბიუჯეტი აღნიშნული პროცესისათვის. 1998-1999 წლებისათვის პროგრამები ფოკუსირებული იყო ინვესტიციების მხარდაჭერაზე, ეკონომიკურ რესტრუქტურიზაციასა და კორუფციასთან ბრძოლაზე.
გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები სამ ეტაპად მიმდინარეობდა:
1. შემოწმება – ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შედარება;
2. მოლაპარაკების პროცესი – კანონმდებლობისა და დასახული გარდამავალი პერიოდის ამოცანების დეტალური შედარება იმ სფეროებში, რომელიც საჭირო იყო ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოსათვის;
3. რატიფიკაციის პროცესი – გაწევრიანების შეთანხმების რატიფიკაცია ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ, გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის მიერ.
მოლაპარაკებები ახალ ქვეყნებთან კანონმდებლობის 31 თავს მოიცავდა და რთული და კომპლექსური იყო. მოლაპარაკების ძირითადი პრინციპი იყო არ მომხდარიყო პერმანენტული გადახვევა ევროკავშირის წესებიდან, რაც დაშვებული იყო კანდიდატი ქვეყნებისათვის, ვინაიდან ისინი აწყდებოდნენ ტექნიკურ და პრაქტიკულ სირთულეებს გარდამავალ პერიოდში; გარდამავალი პერიოდი 6-დან 12 წლამდე გრძელდებოდა. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ იქნა ჩართული ე.წ. “ლუქსემბურგის ქვეყნებში” სლოვაკეთი გახლდათ. სლოვაკეთის მთავარი ამოცანა იყო შესულიყო ევროკავშირში ვიშეგრადის ჯგუფის პარტნიორებთან ერთად და ეს მრავალი მიზეზით იყო განპირობებული. პოლიტიკური ინტერესების გარდა, ეს ძირითადად გამომდინარეობდა სურვილით გამოყენებულიყო ჩეხეთისა და სლოვაკეთის საბაჟო კავშირის უპირატესობა მანამ, სანამ მოხდებოდა ევროკავშირის ჰარმონიზებულ რეჟიმში ინტეგრაცია. პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ საპარლამენტო არჩევნების გამო სლოვაკეთმა შეძლო შუალედური პერიოდის პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება.
2003 წლის ანგარიშებში კომისია სისტემატიურად ამახვილებდა ყურადღებას პრობლემურ საკითხებზე. ანგარიშის დოკუმენტი საბოლოო იყო და ქვეყნის გაწევრიანების შესახებ საერთო მომზადების დონეს განსაზღვავდა. ამ ანგარიშის მიხედვით, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შემდეგი სფეროებისათვის უნდა მიექციათ ყურადღება: ჩეხეთის რესპუბლიკას, უნგრეთსა და პოლონეთს არ ჰქონდათ დასრულებელი ევროკავშირის საჯარო შესყიდვების წესებთან ჰარმონიზაცია. რაც შეეხება საქონლის, მომსახურების, ადამიანებისა და კაპიტალის თავისუფალ მოძრაობას, აქ ჰარმონიზაცია შეუფერხებლად მიმდინარეობდა. რაც შეეხება ფინანსურ სერვისებს, პოლონეთი საჭიროებდა საფინანსო სექტორთან დაკავშირებულ საბოლოო ცვლილებებს. ჩეხეთის რესპუბლიკა და სლოვაკეთი ამას დაზღვევის სექტორში საჭიროებდნენ. ჩეხეთის რესპუბლიკას, პოლონეთსა და სლოვაკეთს უნდა უზრუნველყოთ ყველა სახელმწიფო დახმარების მიზნობრივი ათვისება. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ძირითადად არსებობდა, ყველა კანდიდატი ქვეყანის პრიორიტეტს წარმოადგენდა მზაობა სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის სფეროებში, რომლებიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენდნენ მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრებაზე.
პოლონეთს და სლოვაკეთს უნდა დაეჩქარებინათ დღგ-თან დაკავშირებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან მოწესრიგება, საბაჟო გადასახადის გაუქმება. აუცილებელი იყო მეტი ძალისხმევა ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთსა და პოლონეთში შიდა საჯარო ფინანსური კონტროლის ოპტიმიზაციის საკითხში, ხოლო უნგრეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის გაწევრიანებისათვის საჭირო იყო ევროკავშირის ფინანსური ინტერესების დაცვა. ეკონომიკურ და მონეტარულ კავშირთან დაკავშირებით, პოლონეთს უნდა გადაედგა დასკვნითი ნაბიჯები ქვეყნის ცენტრალური ბანკის სრული დამოუკიდებლობის მისაღწევად. სოციალურმა და დასაქმების პოლიტიკამ გაწევრიანების წინა პერიოდის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. ჩეხეთის რესპუბლიკას, უნგრეთსა და პოლონეთს უნდა დაეჩქარებინათ ჯანმრთელობისა და უვნებლობის კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. პოლონეთში უნდა გადამუშავებულიყო შრომის კანონი. ბუნების დაცვა ჩეხეთის რესპუბლიკაში, უნგრეთსა და პოლონეთში კვლავ არასათანადო იყო, ისევე როგორც სამრეწველო ნარჩენების და დაბინძურების საკითხები, ხოლო რისკების მენეჯმენტი უნგრეთში, პოლონეთსა და სლოვაკეთში.
ყველა კანდიდატ ქვეყანაში არსებობდა განხორციელებული პროგრამების ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები. პროგრამების დაწყება უკავშირდებოდა სამართლებრივი ჩარჩოს, მათ შორის ევროკავშირის წესებს სახელმწიფო შესყიდვაზე, სახელმწიფო დახმარებასა და გარემოს დაცვაზე, ასევე, ფინანსური მენეჯმენტისა და კონტროლის გაუმჯობესებას. ჩეხეთის რესპუბლიკამ ძირითადად შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა. თუმცა, საჯარო ფინანსების მდგომარეობა გაუარესდა. ჩეხეთის რესპუბლიკა განაგრძობდა რეფორმის გზას, თუმცა ცალკეული შეფერხებებით. უნგრეთის საერთო მაკროეკონომიკური წონასწორობა გაუარესდა, განსაკუთრებით მთლიანი შიგა პროდუქტის სტრუქტურის, საგადასახდელო ბალანსისა და გაცვლითი და საპროცენტო განაკვეთების სტაბილურობასთან დაკავშირებით. 2002 წელს საბიუჯეტო დეფიციტი აღმოფხვრილ იქნა 2003 წელს ამბიციური ფისკალური პოლიტიკით, თუმცა, მონეტარული და გაცვლითი კურსის პოლიტიკა კიდევ უფრო მეტ დაძაბულობას მატებდა არსებული პოლიტიკის ინსტრუმენტების ნაკრებს. ეკონომიკური რეფორმის გზა ღირსეულად მიმდინარეობდა დარჩენილი სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაციის, ადმინისტრაციული ფასების თანდათანობითი ლიბერალიზაციით და პროგრესული საპენსიო რეფორმის დასრულებით. პოლონეთმა შეინარჩუნა სტაბილური მაკროეკონომიკური მდგომარეობა, რაშიც განმსაზღვრელი როლი საგარეო მოთხოვნამ შეასრულა. სლოვაკეთის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა მაინც არსებობდა უთანაბრობა განვითარებაში. სლოვაკეთში რეფორმის განხორციელების პროგრესმა საჯარო საფინანსო სფეროს განვითარებას ძლიერი სტიმული მისცა.
გაწევრიანების ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნა ათენში, 2003 წლის 16 აპრილს. ვიშეგრადის ქვეყნები ევროკავშირს 2004 წლის 1 მაისს შეუერთდნენ. 2004 წლის გაფართოების ტალღა პირველად შეეხო ევროპის ხელახალი გაერთიანების საკითხს. რეუნიფიკაცია მიზნად ისახავდა კონსტიტუციურ ჩარჩოში თავი მოეყარა ევროპაში მცხოვრები ხალხებისათვის, რომელიც მათ სტიმულს მისცემდა მშვიდობისა და სტაბილურობის გარემოში ერთობლივი მუშაობისათვის. გაფართოების მეხუთე ეტაპი ისტორიული და უპრეცედენტო იყო ევროკავშირის ისტორიაში, მან შექმნა შესაძლებლობები კონტინენტზე მშვიდობიანი ინტეგრაციის შემდგომი პროცესების მხარდაჭერისათვის.
ევროკავშირში ვიშეგრადის ქვეყნების გაწევრიანებას შემდეგი სახის სარგებელი მოაქვს ქვეყნებისთვის:
• შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა ევროკავშირის ბაზარზე;
• გაუმჯობესებული საინვესტიციო გარემო და დაბალი რისკი. ევროკავშირის წევრობა ვიშეგრადის ქვეყნებს უფრო მიმზიდველს ხდის, ეკონომიკური პერსპექტივის და საინვერსტიციო რისკის თვალსაზრისით;
• ვიშეგრადის ქვეყნების მოქალაქეებისათვის ევროკავშირის შრომის ბაზრის გახსნა;
• შეუზღუდავი შრომითი მობილურობა დადებით გავლენას მოახდენს ვიშეგრადის ქვეყნების შრომის ბაზრებზე, რაკი ხელს შეუწყობს შრომით მიგრაციას და შეამცირებს უმუშევრობას;
• ხელმისაწვდომობა ტრანსფერებზე ევროკავშირის სტრუქტურული და დაახლოების ფონდებიდან და სხვა.
ევროკავშირში გაწევრიანებიდან იწყება თანამედროვე ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის ახალი გამოწვევები. შუალედური და ხანგძლივი პერიოდის ეკონომიკური გადასახედიდან, ვიშეგრადის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება მოულოდნელობებით აღსავსე გამოდგა: ევროკავშირის ღია ბაზარმა ამ ქვეყნებს უფრო მეტი შესაძლებლობები მისცა და ვაჭრობა ევროკავშირის ქვეყნებთან 90-იან წლებთან შედარებით გასამმაგდა. ამასთან, ამ ქვეყნებისათვის კონკურენტუნარიანობის გაზრდა ევროკავშირში შესვლამდე მნიშვნელოვანი გამოწვევა გახდა, რისთვისაც მათ უნდა ესარგებლათ სოლიდარობის პრინციპზე დაფუძნებული ევროკავშირის დახმარების ფონდით. აღნიშნული პრინციპი გულისხმობს ეკონომიკურად განვითარებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების სოლიდარობას ნაკლებად განვითარებული წევრი სახელმწიფოების მიმართ. ეს კი ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს უფრო მეტ რესურსებსა და გარდაქმნის ხანგრძლივ პერიოდს.
ფინანსური დახმარება გაწევრიანებამდე დაიწყო. ჯერ კიდევ 1999 წლის მარტში ბერლინში, ევროპის საბჭომ გამოყო 75 მილიარდი ევრო გაფართოების წინა და გაფართოების პერიოდისათვის, რომელიც 2000-2006 წლების ფინანსურ პერსპექტივებს მოიცავდა. გაწევრიანების წინა სტრატეგიისათვის წელიწადში 3.72 მილიარდი ევრო გამოიყო. 2002 წლის კოპენჰაგენის ევროპის საბჭომ მიიღო 40.9 მილიარდი ევროს დახმარების პორტფელი 10 კანდიდატი ქვეყნისათვის, რომელიც 2004-2006 წლების პერიოდს მოიცავდა. ხარჯების ვალდებულებები კანდიდატი ქვეყნების სასარგებლოდ შეადგენდა 37.5 მილიარდ ევროს, რომელიც პირველ რიგში, სოფლის მეურნეობის ერთიანი პოლიტიკისათვის (9.8 მილიარდი ევრო) და საშინაო პოლიტიკისათვის გამოიყო (4.2 მილიარდი ევრო).
მაკროეკონომიკური თვალსაზრისით ვიშეგრადის ყველა ქვეყნისათვის ევროს შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია (ევროზონის წევრია მხოლოდ სლოვაკეთი). ვიშეგრადის ქვეყნებს ევროს შემოღება შესაძლებლობას მისცემს სრულად მიიღონ სარგებელი ერთიანი ბაზრიდან. ევროზონაში მონაწილეობა პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ზრდასა და სტაბილურობაზე ხანგრძლივ პერსპექტივაში. ევროს შემოღება გავლენას ახდენს ეკონომიკური მაჩვენებელზე მთელი რიგი მაკროეკონომიკური და მიკროეკონომიკური არხებით. იგიხელს უწყობს სტაბილურობაზე ორიენტირებული მაკროეკონომიკური ჩარჩოს მიღებას, ლიკვიდური ბაზრების ხელმისაწვდომობას, მზარდუფრო მეტ ვაჭრობასა და უცხოურ პირდაპირ ინვესტიციას, ტრანზაქციების დაბალ ხარჯებსა და გაზრდილ კონკურენციას. შესაბამისად ევროზონის წევრობაზე საჯარო დებატები უნდა ეყრდნობოდეს უფრო ფართო ასპექტებს და არა მხოლოდ ნომინალური დაახლოების სტატიკურ ხედვას.გლობალური ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ევროს შემოღების გეგმებზე და საზოგადოებრივი აზრი პოზიტიურია უნგრეთსა და პოლონეთში.
ახალმა წევრმა ქვეყნებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს სტრუქტურული რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით. გაწევრიანების პერიოდში მათ გარდაქმნეს ეროვნული ეკონომიკა ცენტრალიზებული გეგმიური მოდელიდან ბაზარზე დაფუძნებულ მოდელად. ეს გაფართოების პროცესის მთავარი პოზიტიური მახასიათებელია. ვიშეგრადის ქვეყნებს შორის ყველაზე საუკეთესო ეკონომიკური ინდიკატორები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან სლოვაკეთს აქვს. უფრო მოკრძალებული გაუმჯობესება აქვს პოლონეთს და ჩეხეთის რესპუბკიკას. უნგრეთის მაჩვენებლების გაუმჯობესება არ ჩანს ევროკავშირ 15-ის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. განსხვავება ევროკავშირ 15-სა და ახალ წევრებს შორის განსაკუთრებით იგრძნობა გლობალური ტექნოლოგიების ნაკლებობაში.
ეკონომიკური პოლიტიკის რეფორმირების წარმატება ემყარება ისეთ ფასეულობებს, როგორებიცაა თავისუფლება, სამართლიანობა, უსაფრთხოება და პროგრესი. ამასთან, წარმოდგენილი ძირითადი ფასეულობების რეალიზება კონკურენციის პირობებში დემოკრატიის, როგორც მეთოდური ნორმის საკითხს ანიჭებს უაღრესად დიდ მნიშვნელობას. შესაბამისად, ვიშეგრადის ქვეყნებში ეკონომიკური პოლიტიკის რეფორმირების პრობლემატიკა განხილვას მოითხოვს სამოქალაქო საზოგადოების დამკვიდრების პროცესებთან ერთად. სამოქალაქო საზოგადოების განვითარებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში ბოლო ოცი წლის მანძილზე, წარმატებით შეასრულა რა შუამავლის როლი კერძო და სახელმწიფო ინტერესებს შორის.
ამრიგად, ,,ვიშეგრადის ჯგუფმა“ ცენტრალური ევროპის ქვეყნების ევროკავშირთან წარმატებული ინტეგრაციის მაგალითი შექმნა. ევროკავშირი მას მხარს უჭერს როგორც ეფექტიანი სუბრეგიონული თანამშრომლობის სტრუქტურას. ვიშეგრადის ქვეყნების ჯგუფი ხელს უწყობს საერთო ფასეულობების გავრცელებას, რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას და ეკონომიკურ განვითარებას მრავალმხრივი თანამშრომლობის გზით.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ლეკაშვილი ე., მაისურაძე ნ., ყუფარაძე გ., ვიშეგრადის ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკა ევროინტეგრაციის გზაზე (ლექციების კურსი). ლექციების კურსი მომზადდა ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ..საუნივერისტეტო გრანტების პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის“ პროგრამის ფარგლებში. თბილისი, 2013;Crampton R.J., 1997. Eastern Europe in the Twentieth Century – and After, New York: Routledge;
2. Nugent, N., 2004. European Union Enlargement. Basingstoke: Palgrave Macmillan;
3. Bellamy, R., Warleigh, A. (eds.). 2001. Citizenship and Governance in the European Union. London: Continuum;
4. Sharing the Experiences of Visegrad Cooperation in the Western Balkans and the Eastern Neighbourhood countries, International Centre for Democratic Transition. Project Preparatory Study 2010;
5. Delanty, G., Rumford, Ch. 2005. Rethinking Europe. Social theory and the implications of Europeanization. London and New York: Routledge;
6. Filip Fraňo, Market Microstructure of Stock Exchanges in the Visegrad Region: Facts and Comparative Analysis. 2012. LAP LAMBERT Academic Publishing GmbH & Co. KG;
7. Tomas Kavaliauskas, 2012. Transformations in Central Europe between 1989 and 2012: Geopolitical, Cultural, and Socioeconomic Shifts.Lexington Books;
8. The New Member States and the European Union: Foreign Policy and Europeanization. 2005. Edited by Michael Braun and Dan Marek, Routledge Advances in European Politics;
9. Foreign Direct Investment in Central and Eastern Europe, edited by Svtla Trifonova Marinova and Marin Alexandrov Marinov , 2003. Transition and Development;
10. Nugent, N., 2004. European Union Enlargement. Basingstoke: Palgrave Macmillan;
11. Crampton R.J.,1997. Eastern Europe in the Twentieth Century – and After, New York: Routledge;
12. Theo Hitiries, European Union Economics, 2003. FT Prentice Hall, 5-th edition;
13. John Gillingham, European Integration 1950-2003. Superstate or New Market Economy? 2003. Cambridge;
14. Larry Ned, The Economics of Europe and EU, 2007. Cambridge Un.pr.
15. The Economics of EU: Policy and Analysis, 2007. Edited by Mike Artis and Frederick Nixon, Forth Edition, Oxford Un. Press;
16. Gill, Indermit Singh, Martin Paiser et al. Golden Growth. Restoring the Iustre of the European Economic Model. IBRD,2012.
17. . Sharing the Experiences of Visegrad Cooperation in the Western Balkans and the Eastern Neighbourhood countries. International Centre for Democratic Transition. Project Preparatory Study 2010;
18. A collection of Conference Speeches 22-23 November, 2012. The Role of Civil Society in Integration Processes: Real Enlargement through Effective Involvement.
19. Peter Bielik et al. Economics, Social Policy and Citizenship in the Europan Union. 2010. Nitra, Slovak University of Agriculture;
20. Fidrmuc, J.,Fidrumc, J., Horvath, J. The Constraints of the Growth in Visegrad Countries, Wolrd Bank Research Project: Determinants of Economic Growth in Global Development Network, 2003;
21. KÁLMÁN DEZSÉRI AND PÁL GÁSPÁR. Economic and Political Relations after the EU Enlargement: The Visegrad Countries and Russia, Ukraine, Belarus and Moldova. ICEG European Center.