საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ფორმირებისა და განვითარების ძირითადი მიმართულებები
დავით ჭიოტაშვილი DA
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო ქვეყნის სადაზღვევო სისტემის ჩამოყალიბების და განვითარების პროცესი. გარდამავალი ეკონომიკის საწყის ეტაპზე, როდესაც ქვეყანაში მძვინვარებდა ღრმა ეკონომიკური კრიზისი და ადგილი ჰქონდა ინფლაციურ და ჰიპერინფლაციურ პროცესებს, შეუძლებელი იყო სადაზღვევო საქმიანობის ნორმალურად წარმართვა. მას შემდეგ, რაც მოხდა ერთგვარი პოზიტიური შემოტრიალება ეკონომიკურ პროცესებში, გაუმჯობესდა მაკროეკონომკური გარემო და მიღწეულ იქნა შედარებითი ფინანსური სტაბილიზაცია, შეიქმნა მინიმალური პირობები სადაზღვევო საქმიანობის განვითარებისათვის. ამ უკანასკნელს განსაკუთრებით ხელი შეუწყო სადაზღვევო სფეროსათვის საკანონმდებლო საფუძვლების შემუშავებამ.
გარდამავალ ეტაპზე საქართველოს სადაზღვევო სისტემის ფორმირების და განვითარების ანალიზი საშუალებას გვაძლევს, გამოიყოს ორი ძირითადი ეტაპი: პირველი ეტაპი მოიცავს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 1998 წლამდე განვლილ პერიოდს, ხოლო მეორე ეტაპი – 1998 წლიდან დღემდე განხორციელებულ სადაზღვევო საქმიანობას.
სადაზღვევო სისტემის ფორმირების პირველ ეტაპზე ნაკლებად შეიმჩნეოდა სადაზღვევო საქმიანობისადმი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა, თუ არ მივიღებთ მხედველობაში საკანონმდებლო ბაზისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის შექმნას. ესაა პერიოდი, როდესაც სწრაფი ტემპებით იქმნებოდა სადაზღვევო კომპანიები და საბროკერო დაწესებულებები. უკვე 1998 წლის დასაწყისისათვის საქართველოში რეგისტრირებული იყო 36 სადაზღვევო კომპანია, რომელთაგან ოთხს გააჩნდა სააქციო საზოგადოებისა და ორს საბროკერო დაწესებულების სტატუსი, დანარჩენი კი წარმოდგენილი იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების სახით. ამ პერიოდისათვის ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის შექმნა, რომლის ამოცანას წარმოადგენდა დაზღვევის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაზე ზედამხედველობა, სადაზღვევო ურთიერთობათა ნორმატიული რეგულირება, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა სამსახურმა უმოკლეს დროში შეძლო სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირების წესების, შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების, სადაზღვევო რეზერვების ფორმირების დებულების და სხვა კანონქვემდებარე აქტების შემუშავება.
აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო სისტემის ფორმირების საწყის ეტაპზე არ იყო შექმნილი ხელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო. საუბარია იმაზე, რომ სადაზღვევო სისტემის ფორმირება მიმდინარეობდა ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ადგილი ჰქონდა გადაუხდელობის პრობლემის გამწვავებას, კრიზისულ ფინანსურ მდგომარეობაში იყო თითქმის ყველა სამეურნეო სუბიექტი, ამას ემატებოდა მოსახლეობის გაღატაკება და, შესაბამისად, მსყიდველობითუნარიანობის დაბალი დონე, არაჯანსაღი კონკურენცია ბაზარზე, განსაკუთრებით საფინანსო სფეროში, მოსახლეობის ნდობის დაკარგვა საფინანსო-საბანკო სისტემისადმი და ა.შ.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, სადაზღვევო სისტემის ფორმირების საწყის (პირველ) ეტაპზე სადაზღვევო მომსახურების ასორტიმენტი ძალიან მცირე იყო. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, სადაზღვევო მომსახურების ასორტიმენტი არ აღემატებოდა 15 სახეობას. ამასთანავე, ადგილი ჰქონდა სადაზღვევო სისტემის არაპროპორციულ განვითარებას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ქვეყნის სადაზღვევო ბაზრის უდიდესი ნაწილი (65 პროცენტამდე), ძირითადად, ოთხ სადაზღვევო კომპანიაზე მოდიოდა. კერძოდ, კომპანიაზე “საქართველოს სახელმწიფო დაზღვევა” მოდიოდა ბაზრის 34 პროცენტი, “კრწანისზე”-22%, “ალდაგზე”-15%, “ქართულ დაზღვევაზე”-13% და დანარჩენ ყველა კომპანიზე ერთად – ბაზრის მხოლოდ 16 პროცენტი.1
სადაზღვევო სისტემის ფორმირების საწყის ეტაპზე ასევე არარაციონალური იყო სადაზღვევო კომპანიების შემოსავლები დაზღვევის ცალკეული სახეობების მიხედვით. მაგალითად, სადაზღვევო ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, 1998 წლის დასაწყისისათვის ქვეყნის სადაზღვევო კომპანიების შემოსავლები დაზღვევის სახეობების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურებოდა: უბედური შემთხვევებისა და ავადმყოფობებისაგან დაზღვევა შეადგენდა 24 პროცენტს, ქონების დაზღვევა-32%-ს, ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა-18%ის ტვირების დაზღვევა-5%-ს, სახმელეთო-სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა-4%-ს. მთლიან სადაზღვევო პრემიაში დაზღვევის ცალკეული სახეების ხვედრითი წილი აღნიშნული პერიოდისათვის გადანაწილდა შემდეგნაირად: ქონების დაზღვევა-43%-ს, პირადი დაზღვევა-37%-ს და პასუხისმგებლობის დაზღვევა-20%-ს.
სადაზღვევო სისტემის ფორმირების საწყის ეტაპზე, როგორც ზემოთ აღინიშნა, სწრაფი ტემპებით მიმდინარეობდა სადაზღვევო კომპანიების ჩამოყალიბება, რაც ქმნიდა შესაბამის კონკურენტულ გარემოს. ამ პროცესს სათანადოდ ვერ აუწყო ფეხი სააქციო საზოგადოება “საქართველოს სახელმწიფო დაზღვევამ”, რომელიც იყო “საქართველოს სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის” სამართალმემკვიდრე. საქმეს ართულებდა ის გარემოება, რომ მასზე გადმოვიდა ყველა ის ვალდებულება, რომელიც გააჩნდა ძველ სახელმწიფო დაზღვევის კომპანიას. ამასთან, დროში ძალიან გაიწელა სახელმწიფო კომპანიის რესტრუქტურიზაციის პროცესი. ვერ მოხერხდა მისი აქციათა პაკეტის, რომლის 100 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იყო, გაყიდვის პროცესი. ეს უკანასკნელი გამოწვეული იყო იმით, რომ აქციების ახალ მყიდველს უნდა ეკისრა ორგანიზაციის ვალდებულებების დაფარვა, რაც დიდი მოცულობის ფინანსებთან იყო დაკავშირებული. ძველი კომპანიის ვალდებულებებში იყო ჩადებული მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი ინტერესების სადაზღვევო პასუხისმგებლობა, რომელიც რუსული რუბლის მაშინდელი კუსრით შეადგენდა 301 მილიონ აშშ დოლარს. ეს უკანასკნელი შეტანილი იყო ყოფილ სსრკ კავშირის რეზერვის ფონდში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა რუსეთის ფედერაციის წინაშე მოლაპარაკების თავის სასარგებლოდ წარმართვა, რათა აღნიშნული თანხა ასახულიყო სახელმწიფოთაშორისო დავალიანებაში. უფრო მეტიც, ქვეყანაში შექმნილი საფინანსო-ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოს მთავრობას არ მისცა საშუალება, თვითონ აეღო საკუთარ თავზე სს “საქართველოს სახელმწიფო დაზღვევის” ვალი და იგი ჩაეთვალა სახელმწიფოს შიდა ვალებში. ყოველივე ამის შედეგად, აღნიშნულმა კომპანიამ ვერ უზრუნველყო სათანადო სიმძლავრით ფუნქციონირება და იგი დღეისათვის, სადაზღვევო სისტემის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიიდან, ბოლო ადგილზე აღმოჩნდა.
საქართველოში სადაზღვევო სისტემის ფორმირება-განვითარების მეორე ეტაპი სათავეს იღებს 1998 წლიდან. აღნიშნულ ეტაპზე შედარებით ხელსაყრელი მაკროეკონომიკური გარემო შეიქმნა სადაზღვევო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისათვის. საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება ქვეყნის საფინანსო-საბანკო სისტემა, ეკონომიკური ზრდის ტემპები გაცილებით მაღალია წინა ეტაპთან შედარებით, ქართული ლარისადმი მოსახლეობის და სამეურნეო სუბიექტების ნდობა საკმაოდ მაღალია, შედარებით გაიზარდა შრომის ანაზღაურების დონე და ა.შ. ყოველივე ამან დადებითი როლი შეასრულა სადაზღვევო სისტემის ტრანსფორმაციის საქმეში და, შეიძლება ითქვას, ახალი იმპულსი მისცა სადაზღვევო საქმიანობის შემდგომ სრულყოფას და განვითარებას.
1998 წლიდან საქართველოში დაწყებული სადაზღვევო სფეროს რეფორმა ორი ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: პირველი – ეს არის სადაზღვევო ბიზნესისა და სადაზღვევო ურთიერთობების მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის სრულყოფა-შექმნა და მეორე, სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო კომპანიების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და განვითარებისადმი აქტიური მხარდაჭერა. შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ჩამოყალიბებულია დაზღვევის სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული საფუძვლები. აღნიშნული შეეხება არა სიცოცხლის დაზღვევის სფეროს, ხოლო რაც შეეხება სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევას, ამ მიმართულებით მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მომზადება, ჯერჯერობით, არაა დასრულებული და უახლოესი მომავლის მთავარ ამოცანად რჩება.
საქართველოში სადაზღვევო ბაზრის სტაბილური განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია უცხოელი ინვესტორების დაინტერესება ჩვენი ქვეყნის სადაზღვევო ბაზრით. ამის ნათელი მაგალითია, ის, რომ მოქმედი 16 სადაზღვევო კომპანიიდან 5 წარმოადგენს უცხოელებთან ერთად შექმნილ სადაზღვევო კომპანიას.
საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ანალიზი გვიჩვენებს, რომ უკანასკნელ 2-3 წელიწადში ლიდერის როლს ინარჩუნებს სადაზღვევო კომპანია “ალდაგი”, რომელმაც თავისი დაარსებიდან 10 წლის იუბილე აღნიშნა. აღნიშნული სადაზღვევო კომპანია იყო პირველი კერძო სადაზღვევო იურიდიული პირი, რომელიც დაარსდა რამდენიმე პიროვნების მიერ. მის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე მაღალი სტანდარტის მქონე სადაზღვევო პროდუქტის შემოტანა და ქვეყანაში ძლიერი სადაზღვევო ინფრასტრუქტურის შექმნა.
საყურადღებოა, რომ სს “ალდაგი” ახორციელებს 15 სხვადასხვა სახის დაზღვევას. კერძოდ: ავტო-მოტო-ტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას, სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევას, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევას, საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევას, საწყალოსნო სატრან-სპორტო საშუალებათა დაზღვევას, უბედური შემთხვევებისა და ავადმყოფობისაგან დაზღვევას, ქონების, სამედიცინო, ტვირთების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ფინანსური რისკების, სოფლის მეურნეობის, ავტო-მოტო-ტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხიმგებლობის ნებაყოფილობით და გადამზღვეველის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას.
“ალდაგი” არის ერთადერთი სადაზღვევო კომპანია საქართველოში, რომელიც აკონტროლებს სავალდებულო დაზღვევის მთელ ბაზარს. აღნიშნული გამოწვეულია იმითაც, რომ 1999 წელს მან შემოიერთა “ქართული დაზღვევა”, რომელიც, თავის მხრივ, ფლობდა სადაზღვევო კომპანია “კრწანისის” პორტფელს და ამ უკანასკნელში იყო თავმოყრილი სავალდებულო დაზღვევის ძირითადი სახეები.
სს”ალდაგის” სადაზღვევო საქმიანობის ანალიზი 1997-2000 წლებში გვიჩვენებს, რომ ამ პერიოდში არსებითად შეიცვალა დაზღვევის სახეობების ხვედრითი წილი, მთლიანად, კომპანიის მიერ განხორციელებულ სადაზღვევო სტრუქტურაში. მაგალითად, 1997 წელს ყველაზე დიდი ხვედრითი წილი მოდიოდა ქონების (34%) და ტვირთების (45%) დაზღვევაზე, მაშინ, როდესაც 2000 წელს პირველ ადგილს იკავებს ავტოტრანსპორტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა (33%), შემდეგ მოდის სამედიცინო დაზღვევა (25%), სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა (12%) და ა.შ. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში გაფართოვდა კომპანიის მიერ განხორციელებული სადაზღვევო პროდუქტის არეალი. 1997 წელს კომპანია დაზღვევას ახორციელებდა 7 სახეობაში, ხოლო 2000 წლისათვის მან შეადგინა 15 სხვადასხვა სახეობა, მათ შორის, სოფლის მეურნეობის დაზღვევა. დღეისათვის “ალდაგი” არის ერთადერთი სადაზღვევო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში მიყენებულ ზარალს ისეთი რისკებით, როგორიცაა: სეტყვა, მავნე მწერები, ქარიშხალი, ჭარბნალექიანობა და ხანძარი. ამ სახეობაში 1999 წელს საპრემიო შემოსავალმა შეადგინა 14 ათასი ლარი, ხოლო 2000 წელს – 45 ათასი ლარი. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, სოფლის მეურნეობის დაზღვევის მასშტაბები მცირეა, მაგრამ მთავარია, რომ ამ მიმართულებით სადაზღვევო საქმიანობას ჩაეყარა საფუძველი, რაც მისი მომავალში განვითარების იმპულსის მატარებელია.
საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერის როლს თამაშობს აგრეთვე სადაზღვევო კომპანია “იმედი-L”, რომელიც ექვსი წლის წინ (1995წ) ჩამოყალიბდა უცხოურ სადაზღვევო კომპანიასთან ერთად, 1998 წლიდან – კომპანიის მფლობელთა ქართულ-გერმანულ საფინანსო ჰოლდინგური ჯგუფი. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ფუნქციონირებადი სადაზღვევო კომპანიებს შორის საწესდებო კაპიტალის მოცულობით “იმედი-L ” უდიდესია და იგი შეადგენს 2,5 მილიონ აშშ დოლარს. კომპანიის სადაზღვევო საქმიანობის ფართო მასშტაბებზე მიუთითებს მის მიერ მოზიდული პრემიის ზრდის მაღალი ტემპი. მაგალითად, 1997 წელს მოზიდულმა მთლიანმა პრემიამ შეადგინა 75 ათას ლარამდე, ხოლო 2000 წელს იგი გაიზარდა 3,2 მილიონ ლარამდე.
როგორც სტატისტიკური2 მონაცემები გვიჩვენებს, დღეისათვის ქვეყნის სადაზღვევო სისტემაში მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით ლიდერობენ
სადაზღვევო კომპანიები “ალდაგი”, “იმედი-L” და “კარგო”, თუმცა ზრდის კოეფიციენტის მიხედვით მათ მნიშვნელოვნად უსწრებენ სხვა კომპანიები. კერძოდ, საანალიზო პერიოდში კომპანია “ალდაგის” მიერ მოზიდული ჯამური პრემიის ზრდა არ აღემატება ერთ პროცენტს, “იმედი-L”-ის 1,5 და “კარგო”-ს 1,6 პროცენტს. მაშინ, როდესაც კომპანია “ენიკის” და “ბრიტანეთი-კავკასიის” შესაბამისად შეადგენს 23,8 და 30,0 პროცენტს. სხვა დანარჩენი კომპანიების მიერ მოზიდული ჯამური პრემიის მოცულობის ზრდის ტემპი ერთ პროცენტზე ნაკლებია, ხოლო ზოგიერთების (“ნია”, “მარშალი”, “საქართველოს სახელმწიფო დაზღვევა”) კლების ტენდენციით ხასიათდებიან.
რაც შეეხება მთლიანად ანაზღაურებული ზარალის მოცულობას, ამ კრიტერიუმით 1999 წლის მაჩვენებლით პირველ ადგილზეა სადაზღვევო კომპანია “ალდაგი”, მეორე და მესამე ადგილს იყოფენ კომპანიები “ანგლო-ქართული” და “საქართველოს სახელმწიფო დაზღვევა”. ამასთან, არიან ისეთი კომპანიები, რომლებსაც საერთოდ არ აუნაზღაურებიათ ზარალი. კერძოდ, მათ რიცხვს განეკუთვნება კომპანიები “ალბა-ავია”, “ინტერენჯერი”, “ფარი” და სხვები. ანაზღაურებული ზარალის ზრდის კოეფიციენტის მიხედვით, პირველ ადგილზეა “ანგლო-ქართული”&ლსქუო;(127,3%), მეორე ადგილზე მოდის კომპანია “ნობათი” (42,4%), ხოლო მესამეზე “არესი”. საანალიზო პერიოდში მოზიდული ჯამური პრემიის ზრდის კოეფიციენტი ანაზღაურებული ზარალის ზრდის კოეფიციენტს აჭარბებდა 0,3 პროცენტით.
ანალიზიდან ჩანს, რომ სულ სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემიის მოცულობამ 1998 წელს შეადგინა 9,1 მილიონი ლარი, ხოლო 1999 წლისათვის იგი გაიზარდა 14,4 მილიონ ლარამდე. ამასთან, დაზღვევის სახეობების მიხედვით ყველაზე მეტი მოზიდული პრემია მოდის ავტო-მოტო-ტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, მეორე ადგილზე მოდის სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევა, ხოლო მესამეზე – ქონების დაზღვევა. 1999 წელს საერთოდ არ ჰქონდა ადგილი დაზღვევას, საწყალოსნო-სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევას, პროფესიული პასუხისმგებლობისა და ვალდებულებებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის დაზღვევას.
საანალიზო პერიოდში დაზღვევის სახეობების მიხედვით მოზიდული პრემიის მოცულობის ყველაზე მაღალი ზრდის ტემპებით ხასიათდება გადამზღვეველთა სამოქალაქო პასუხიმგებლობის დაზღვევა (5,5%), სამედიცინო დაზღვევა (1,4%) და ფინანსური რისკების დაზღვევა. საშუალოდ დაზღვევის ყველა სახეობის მიხედვით მოზიდული პრემიის ზრდის კოეფიციენტმა 0,6 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს სადაზღვევო სისტემის განვითარების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ამ ბოლო წლებში გამოიხატება გადაზღვევის ოპერაციების განხორციელებაში. თითქმის ყველა წამყვანი სადაზღვევო კომპანიის სადაზღვევო პორტფელში იზრდება გადაზღვევის ხვედრითი წილი.
საინტერესო სურათს იძლევა სადაზღვევო კომპანიების მიერ ბაზრის ათვისების მაჩვენებლების ანალიზი. დღეისათვის საქართველოში ფუნქციონირებადი სადაზღვევო კოპმპანიებიდან მთელი სადაზღვევო ბაზრის 48 პროცენტზე მეტი მოდის კომპანია “ალდაგზე”, მეორე ადგილს იკავებს “იმედი-L”-12,7%, შემდეგ მოდის “კარგო”-5,9%, “ენიკი”-4,7%, “ანგლო-ქართული”-4,2%, “ჰელიოსი”-4,0%, “ბრიტანეთი-კავკასია”-3,8%, “ნობათი”-3,7%, “მადლი”-2,7%, “ახალი სადაზღვევო კომაპნია”-2,6%, “არესი”-1,3%, დანარჩენი 7 კომპანია საერთო ბაზრის 1-დან 0,1 პროცენტს იკავებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში ამ უკანასკნელ პერიოდში შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო სამართლებრივი და ორგანიზაციულ-მეთოდური საფუძვლები. თუმცა, ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი ცივილიზებული საბაზრო სადაზღვევო ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის. ეს უკანასკნელი მოითხოვს საკმაოდ დიდ ძალისხმევას როგორც კერძო სადაზღვევო კოპმპანიების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან, რათა მოკლე დროში შეიქმნას შესაძლებლობა, ჩვენს ქვეყანაში ეფექტურად მოქმედი ცივილიზებული სადაზღვევო ბაზრის ჩამოყალიბებისათვის.