ტურიზმის სახეები და ქართული ტურიზმის განვითარების შესაძლო პერსპექტივები

კობა არაბული, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის დირექტორი

თავისი ბუნებრივ-კლიმატური პირობების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, საქართველოს მთიანეთი ტურიზმის ისეთი სახეების განვითარების კარგ საშუალებას იძლევა, როგორიცაა: ეკოტურიზმი, სპეციალიზებული ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, ფერმერული ტურიზმი, აგროტურიზმი, ახალგაზრდული ტურიზმი, სოციალური ტურიზმი, ტურიზმი კემპინგებსა და კარვებში.

ეკოტურიზმი ტურიზმის იმ სახეებიდან ერთ-ერთია, რომლებიც სწრაფი ტემპით ვითარდება მთელ მსოფლიოში. ის პოპულარულია იმ ტურისტებს შორის, რომელთაც აწუხებთ გარემომცველი სამყაროს დაცვისა და შენარჩუნების პრობლემები და უნდათ უფრო მეტი გაიგონ ამა თუ იმ მხარის ეკოლოგიური მდგომარეობისა და კულტურის შესახებ. ეკოტურიზმის განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბუნებრივი რესურსების დაცვასა და შენარჩუნებაზე ზრუნვის გაძლიერებას.
უმეტად საინტერესოა ვიცოდეთ, თუ რას ამბობს ეკოტურიზმის 10 მცნება:
1. ნუ დაარღვევთ დედამიწაზე არსებულ წონასწორობას;
2. ნუ დატოვებთ თქვენს შემდეგ ნურავითარ კვალს, გარდა თქვენი ფეხის ანაბეჭდისა. სახსოვრად მხოლოდ ფოტოები წაიღეთ;
3. თქვენი მოგზაურობა უფრო შინაარსიანი რომ იყოს, ეცადეთ შეისწავლოთ მოსანახულებელი რეგიონის გეოგრაფია, ადათები, ყოფა და კულტურა;
4. პატივი ეცით სხვისი ცხოვრების წესსა და ღირსებას;
5. ნუ იყიდით ნივთს, რომელიც დამზადებულია ცხოველებისაგან ან მცენარეებისაგან, რომელთაც გადაშენება ემუქრებათ;
6. ყოველთვის მიჰყევით აღნიშნულ მარშრუტს;
7. დახმარება გაუწიეთ ბუნების დაცვის ორგანიზაციებს;
8. გადაადგილდით ფეხით, ან “ეკოლოგიურად სუფთა” ტრანსპორტით;
9. დაეხმარეთ მათ, ვინც თავისი სამუშაოს ფარგლებში ცდილობს ელექტროენერგიის დაზოგვასა და გარემოს დაცვას, წყლისა და ჰაერის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას, ნარჩენების მოცილებას, ნარჩენებისა და ტოქსიკური ნივთიერებების უსაფრთხო გადამუშავებას, ხმაურის დონის შემცირებას; ვინც მაღალი კვალიფიკაციისა და გარემოს დაცვის ჭეშმარიტი პრინციპებისაკენ მოწოდებულ პროფესიონალებს ზრდის;
10. გაეცანით იმ ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც მისდევენ გარემოს დაცვის ტურისტული სააგენტოების ამერიკის საზოგადოების ძირითად მიმართულებებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტურიზმში.
“ეკოტურიზმის” მნიშვნელობის სწორად გააზრებისათვის იგი შეიძლება განვიხილოთ როგორც მოგზაურობა, რომლის დროსაც:
ბუნება მთავარი ფასეულობაა;
მოგზაური სწავლობს გარემოს;
შემოსული ფინანსები წარიმართება გარემოს დაცვის დასაფინანსებლად;
მონაწილეები, ანუ “ეკოტურისტები” პირადად მონაწილეობენ საქმიანობაში, რომელიც მიმართულია ველური ბუნების დაცვა-შენარჩუნებისაკენ;
ყველა საქმიანობა “ეკოლოგიურად სუფთა და მსუბუქია”.
ეკოტურიზმს შეგვიძლია მივაკუთვნოთ:
1. სამეცნიერო ტურიზმი;
2. “ბუნების მოყვარულთა ტურიზმი”;
3. ბუნების ისტორიის ტურები;
4. სათავგადასავლო ტურიზმი – ალპინიზმი, სპელეოტურიზმი, სამთო და ფეხით მოსიარულეთა ტურიზმი, საწყლოსნო, სათხილამურო და სამთო-სათხილამურო ტურიზმი, კანიონინგი, საცხენოსნო ტურიზმი, მაუნთბაიქინგი (სამთო ველოსიპედები), დაივინგი (ყვინთვა), რაფტინგი (ჩქარ მდინარეებზე დაშვება), პარაპლანერიზმი, საფარი, ქარავანინგი (ხანგრძლივი მოგზაურობა კომფორტული მიკროავტობუსებით) და სხვა.
სპეციალიზებული ტურიზმი (როგორც ეკოტურიზმის სახე) ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სწრაფად განვითარებადი სახეა. მის ფარგლებში შედის სხვადასხვაგვარი გატაცება – არქეოლოგიური გათხრებიდან, ვიდრე ფრინველებზე დაკვირვებამდე. საქართველოში არსებული მდიდარი არქეოლოგიური თუ ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლები იძლევა სპეციალიზებული ტურიზმის განვითარების საშუალებას. ეს კი, თავისთავად გამოიწვევს იმ ტურისტების მოზიდვას რაიონში, რომლებიც პროფესიული გამოცდილების ამაღლების მიზნით დაინტერესებულნი არიან ამა თუ იმ ადგილის ისტორიული, არქეოლოგიური და არქიტექტურული ძეგლების, აგრეთვე ხალხური რეწვის და სხვა შესწავლით.
სათავგადასვლო ტურიზმი პოპულარულია. მთიანეთის მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურესები ქმნის ალპინიზმის, ლაშქრობების, მთიდან დაშვების, ნადირობისა და თევზჭერის განვითარების მრავალფეროვან საშუალებას.
ფერმერული და სასოფლო ტურიზმი მეტად პოპულარულია ევროპის რიგ ქვეყნებში. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ტურისტთა განთავსება ხდება ფერმებში, რანჩოებში ან პლანტაციებში, ან სტუმართათვის განცალკევებულ სახლებში, კვებით. ტურისტებს საშუალება ეძლევათ ერთდროულად დააკვირდნენ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ან უშუალო მონაწილეობა მიიღონ მასში. ამ მიზნით ფერმერები თავიანთ ტერიტორიაზე აწყობენ კემპინგებს, ასევე ტურისტებს საკუთარი ტერიტორიის საზღვრებში ნადირობისა და თევზჭერის ნებას აძლევენ.
აგროტურიზმის ძირითადი არსია გარკვეულ საზღაურად, ქალაქელები (ზედმეტად ურბანიზებული გარემოს მუდმივი მაცხოვრებლები) გაეცნონ სოფლის ყოფას, შეითვისონ ხალხური ტრადიციები, იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, მიიღონ ბუნებრივი პროდუქტი და სხვა. მისი, როგორც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ტურიზმის სპეციალიზებული სახეობის დანერგვა-განვითარება მეტად აქტუალურია საქართველოს მთიანეთისათვის.
საქართველოში აგროტურიზმის განვითარების რეალური საფუძველია ჩვენში სტუმარ-მასპინძლობის საუკუნეებით ჩამოყალიბებული ტრადიცია და ქართველი კაცის ტრადიციული კავშირები სოფელთან. როგორც, ევროპის ტურისტული ბაზრის შესწავლა გვიჩვენებს, ინტერესი აგროტურიზმის მიმართ ყოველწლიურად იზრდება, სულ უფრო ფართოვდება მისი საერთაშორისო ხასიათი, რაც იმის იმედს იძლევა, რომ მთიანეთის სოფელი თავისი უნიკალური თვისებებით, სტუმარ-მასპინძლობითა და წეს-ჩვეულებებით, შესაბამის ადგილს დაიკავებს მსოფლიო აგროტურისტულ ბაზარზე. ამასთან, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ტურიზმის ამ სახეობის სისტემაში მოქცევა შედარებით იოლია და ნაკლებ ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
ახალგაზრდული ტურიზმის განვითარებისათვის საჭიროა მარშრუტების დამუშავება და ლაშქრობების ორგანიზება, ამასთან ისეთი ობიექტების მშენებლობა, როგორიცაა, საერთო საცხოვრებელი, ტურბაზა (განთავსების იაფი და მოსახერხებელი საშუალებები).
ტურიზმი კემპინგებსა და კარვებში შეიძლება გახდეს შემოსავლების წყარო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მოსახლეობისათვის კემპინგებისა და კარვებისათვის ადგილების გაქირავების, აგრეთვე ტურისტებისათვის საჭირო პროდუქციის და ხალხური რეწვის ნიმუშების გაყიდვის გზით.
მოგზაურობა ბუნებრივ რეზერვატებსა და დაცულ ტერიტორიებზე ასევე ეკოტურიზმის უაღრესად საინტერესო და პოპულარული ფორმაა და ჩვენი აზრით, მისი განვითარების საკმარისი პერსპექტივებია საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში (მთელი მათი ტერიტორია ბუნებრივ რეზერვატად შეგვიძლია განვიხილოთ).
დღეისათვის რა მდგომარეობაა ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე, რას სთავაზობენ ტრადიციულად მოქმედი ტუროპერატორები და ტურისტული კომპანიები ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტს?
პირველი: საზაფხულო დასვენებას შავი ზღვის სანაპიროზე (ძირითადად აჭარა) ან მთის კლიმატურ ზოლში განლაგებულ კურორტებზე, მაგალითად, ბორჯომში (სამკურნალო-რეკრეაციული კომპლექსი), ბაკურიანში, შოვში. გაჩნდა ახალი სეგმენტი – რაიონული ცენტრები, რომელთაც აღმოაჩნდათ გარკვეული ატრაქციულობის ან რეკრეაციულობის ხიბლი. კერძოდ, ესენია: თიანეთი (სიონის წყალსაცავი), წყალტუბო (სამკურნალო წყლები), ყაზბეგი (ალპური ზონა) და ა.შ. მათი გამოჩენა ტურიზმის შიდა ბაზარზე სხვადასხვა მიზეზით არის გამოწვეული, მაგრამ ფაქტი ერთია – ქვეყანაში არსებულმა სიტუაციამ (ე.წ. საშუალო ფენის არარსებობა, შემოსავლების დაბალი დონე, მძიმე სოციალური ფონი და ა.შ.) გააჩინა შესაბამისი მოთხოვნილება და ამ მოთხოვნილებამ წარმოშვა შესაბამისი კონკრეტული გარემო.
მეორე: დასვენება ზამთარში (სამთო-სპორტული კომპლექსები ბაკურიანსა და გუდაურში).
მესამე ტიპის ტრადიციულმა პროდუქტმა – სამკურნალო ტურიზმმა მნიშვნელოვნად დაკარგა თავისი ფუნქცია, თუმცა ჯერ კიდევ გამოიყენება რიგი სანატორიუმებისა და დასასვენებელი სახლების შეზღუდული შესაძლებლობები.
რაც შეეხება უცხოურ ბაზარს, მისთვის ძირითადად ერთი პროდუქტია გათვალისწინებული – ე.წ. “აღმოჩენითი (სათავგადასავლო) ტურიზმი”. მისი მარშრუტები მოიცავს ბუნებისა და კულტურული ძეგლების (დიდი ხნის წინ დამუშავებული სტანდარტული სქემები) დათვალიერებას; რიგ შემთხვევებში ასეთი მარშრუტები კავკასიური კრუიზის (აზერბაიჯანისა და სომხეთის ანალოგიური ობიექტები) სახეს იღებს. აღნიშნულ ტურებთან ერთად, ოღონდ შედარებით მცირე მასშტაბებით (გამომდინარე სპეციფიურობიდან) ხორციელდება სამთო და ალპინისტური ასვლები, სპეციალიზებული ლაშქრობები. ყველა შემომყვანი ოპერატორი ყურადღებას ამახვილებს სათავგადასავლო-საექსკურსიო პროდუქტზე ისე, რომ საზღვარგარეთულ ბაზარზე ორიენტირებულია მხოლოდ ერთი ტიპის პროდუქცია.
დარგის სპეციფიკაში და მითუმეტეს ქვეყნის რესურსულ პოტენციალში აღნიშნული ინფორმაცია ადამიანს აძლევს ნათელ წარმოდგენას, თუ რამდენად სწორად, რამდენად სრულად არის გამოყენებული ეს რესურსი. შეფასებების გაკეთება, ვფიქრობ, ზედმეტია.
ისმის კითხვა – რატომ უნდა ჩამოვიდეს დღეს საქართველოში ტურისტი, რა შეიძლება ნახოს მან აქ ისეთი, რასაც ვერ ნახავს სხვაგან? კითხვა, ჩვენის აზრით, მართებულია სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინებით. ჯერ ერთი, გარკვეული მოტივაციური ელემენტის გარეშე ტურისტი (მითუმეტეს უცხოელი) არა თუ საქართველოთი, კიდევ უფრო განვითარებული და სტაბილური ქვეყნებითაც შეიძლება არ დაინტერესდეს. მეორეც, ისიც ფაქტია, რომ საქართველოში მხოლოდ ჩამოსვლა და უკან დაბრუნება იმის გამო, რომ ერთადერთი შესაძლებელი და მისაღები ტრანსპორტი თვითმფრინავია (დღეისათვის ჩამოსვლა შეიძლევა ავსტრიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩეხეთიდან, საბერძნეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და ა.შ.), საკმაოდ ძვირი ჯდება. ამას ემატება სასტუმროების შედარებით მაღალი ფასები (ფასისა და ხარისხის საკითხისადმი საერთოდ გაუგებარი მიდგომა) ქ. თბილისში და შესაძლებელია მივიღოთ ნეგატიური სურათი, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს მოტივაციური ელემენტების გაჩენაზე.
არის თუ არა გამოსავალი ასეთ შემთხვევაში? ჭეშმარიტად არის. ეს გამოსავალი სწორედ იმ უნიკალობის არსებობაა, რაც არ შეიძლება სხვა ქვეყანაში ნახოს ტურისტმა. მთები შეიძლება იყოს (არის კიდეც) უფრო მაღალიც და უფრო დაბალიც, უფრო ტყიანიც და კლდიანიც; მდინარეებიც შეიძლება იყოს უფრო წყალუხვი, გაცილებით დიდი, ვიდრე საქართველოს მთის მდინარეები; ბოლოს და ბოლოს ვაზიც და ღვინოც არის სხვაგან, მაგრამ არ შეიძლება უკეთესად ნახო ქართველი (მთელი მისი ისტორიულ-ეთნოგრაფიული და კუთხური მრავალფეროვნებით) სადმე, ვიდრე თავის სამშობლოში, თავის საცხოვრისში.
თუ ქართული სტუმარ-მასპინძლობის თემას ღრმად განვიხილავთ, თუ ამ ფენომენის შესწავლით სათანადოდ დაინტერესდებიან რეალურად მოქმედი ტუროპერატორები, შესაძლებელი იქნებოდა შემუშავებულიყო ძალზე საინტერესო ტურისტული მარშრუტები ოჯახური დასვენების მოყვარულების, მცირე ჯგუფებისა და ინდივიდუალისტებისათვის; აგრო და ეკო, ე.წ. “ფერმერული ტურიზმის” მიმდევრებისათვის.
თუ დაისმება კითხვა – რატომ უნდა იყოს დაინტერესებული ტურისტების მსგავსი მომსახურების დანერგვით საქართველო? პასუხი მეტად მარტივია, პირველ რიგში იმიტომ, რომ მას აქვს მაღალხარისხოვანი (ცოცხალი ლეგენდებით შეიძლება ზღაპრული მიმზიდველობა შევძინოთ მას) ტურისტული პროდუქტი; მეორე ის, რომ სახელმწიფოს ხარჯი (მონაწილეობა) მინიმალურია (ძირითადი ტვირთი კერძო და ოჯახურ ბიზნესზე მოდის); მესამე ის, რომ ხელი ეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესის კომპლექსურ განვითარებას, განსაკუთრებით რეგიონებში (პერიფერიებში), სადაც ქვეყნის ხელისუფლება თავისი შესაძლებლობების რეალიზაციას პრაქტიკულად ვერ ახდენს (არანაირი რესურსი არ გააჩნია).
რა და როგორი თანმდევი (პარალელური) პროცესები შეიძლება განვიხილოთ სტუმარ-მასპინძლობის ერთიან პროგრამაში? თუ კარგად გავეცნობით საქართველოს ცალკეული ისტორიულ-ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული მხარეების ყოფით სპეციფიკას, შესაძლებელი ხდება ორიგინალური ტურისტული პროდუქტის დამუშავება და შეთავაზება საერთაშორისო ბაზრისათვის. ამასთან, ვფიქრობთ ეს იქნება ისეთი ტურპროდუქტი, რომლითაც შეიძლება დაინტერესდნენ არა მხოლოდ სხვადასხვაგვარი ეკონომიკური შესაძლებლობების, არამედ სხვადასხვა ასაკობრივი და ინტერესების მქონე (მათ შორის წმინდა სამეცნიერო – ეთნოგრაფია, ლინგვისტიკა, არქეოლოგია, რესტავრაცია-რეგენერაცია და ა.შ.) სოციალური ჯგუფები.
მხედველობაში გვაქვს ტურები ე.წ. გურმანებისათვის – თითოეული კუთხე იქნება ამ სფეროში ახალი (ბევრისათვის უცხო) აღმოჩენების უზარმაზარი შესაძლებლობა, რამდენადაც ქართულ სამზარეულოს ამის ამოუწურავი შესაძლებლობები გააჩნია. თვით ამ ტურისტული პროდუქტის შიგნით ცალკე შეგვიძლია განვიხილოთ პროგრამები მათთვის, ვისაც აინტერესებს ქართული ალკოჰოლური სასმელები (დღეისათვის სპეციალისტები არ კამათობენ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. აქ დღემდეა შემორჩენილი 500-ზე მეტი უნიკალური ვაზის ჯიში, რომლებიც სახელგანთქმული ღვინოებით, ქართული ეთნოგრაფიული კუთხეების შესაბამის მრავალფეროვნებას ქმნიან) და იმათთვის, ვისაც ეს არ აინტერესებს. “დაზარალებულები” არც ეს უკანასკნელები აღმოჩნდებიან, რამდენადაც მათთვის შესაძლებელია ასეთივე წარმატებით დამუშავდეს მარშრუტები სხვადასხვა სახის უნიკალური მინერალური და სამკურნალო წყაროების მოსანახულებლად, რომელთა რაოდენობა და მრავალფეროვნებაც კიდევ უფრო სჭარბობს თვით სახელგანთქმულ ღვინოებს.
ცალკე შეგვიძლია განვიხილოთ ტურისტული პროდუქტი ისეთი სპეციფიური ჯგუფებისათვის, რომელთაც აინტერესებთ უშუალოდ გაეცნონ ეროვნულ (ნაციონალურ) კულტურას, მის დღევანდელ ტრადიციებს. ჩვენ აქ მხედველობაში გვაქვს ტურისტებისათვის ისეთი პოპულარული თემები, როგორებიცაა ადგილობრივი ფოლკლორი (ქართული სიმღერა და ცეკვა, რომელიც დღევანდელი ცივილიზებული მსოფლიოსათვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი, შესაძლებელი იქნება ვიხილოთ მისი საწყისებითა და კუთხური მრავალფეროვნებით), რელიგიური (საეკლესიო) და საერო დღესასწაულები (საქართველოს თითოეულ კუთხეში მრავლად ტარდება ასეთი ღონისძიებები, განსაკუთრებით აქტიური ტურისტული პერიოდისათვის – ზაფხულში, შემოდგომაზე), სადაც ტურისტებისათვის შესაძლებელი იქნება (სწორი დაგეგმვის შემთხვევაში) არა მარტო დაესწრონ მათ, არამედ უშუალო მონაწილეობაც მიიღონ (სურვილის შემთხვევაში), რაც კიდევ უფრო საინტერესოს და ეგზოტიკურს გახდის ამ მარშრუტებს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აღნიშნულ ღონისძიებებს, კულტურული თვითშემოქმედების გარდა, ყოველთვის თან ახლავს სპორტული შეჯიბრებებისა და ეროვნული თამაშების დიდი მრავალსახეობა, შესაძლებელია წარმოვიდგინოთ თუ რამდენგვარი სახის მასალის მომზადება შეიძლება ტურისტული ჯგუფის კონტიგენტისა და ინტერესების შესაბამისად.
შემდეგი საკითხი, რასაც გვინდა განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ, ეს არის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-გადარჩენის პრობლემა და სწორედ აქ ტურიზმის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების საკითხები. ეს მიმართულება გარკვეულად განსხვავდება ზემოთაღნიშნულისაგან. ერთ-ერთი არსებითი განსხვავება არის ისიც, რომ აქ ჩვენ სერიოზული ინვესტიციები გვჭირდება. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მიმართულებით დაბანდებული კაპიტალი ძალზე დიდი მოგებით ბრუნდება უკან, ამდენად ეს თემა საინტერესო შეიძლება იყოს შესაძლო ინვესტორებისთვისაც.
საქართველოში, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, 12 000-ზე მეტი დღემდე შემონახული ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია. მათი გარკვეული ნაწილი რელიგიური მიმართულებისაა და მათში ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს ქრისტიანული ღვთისმსახურების პროცესების აღდგენა; ამასთან ერთად არის ძეგლების დიდი ნაწილი, რომელთა რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროგრამის შემუშავებისა და რეალიზაციის შემთხვევაში საქართველოს ტურისტული პოტენციალი მკვეთრად გაიზრდებოდა და გამრავალფეროვნდებოდა.
და კვლავ ძირითადი მომენტი – ვინ და როგორ იყენებს ამ სიმდიდრეს?
ამ საკითხებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. როდესაც ერის, ქვეყნის ისტორია, მისი სულიერი და ყოფითი კულტურა ამის საშუალებას იძლევა, მაგალითებისა და ვარიანტების განხილვის შესაძლებლობები მრავალგვარია. მთავარია ის, რომ თითოეულ ქვეყანაში ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები უნდა ვეძიოთ სწორედ იმაში, რითაც ეს ქვეყანა, ეს ხალხი არის უნიკალური; ამდიდრებს და კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის მსოფლიო ცივილიზაციას, მსოფლიო კულტურას. საქართველოს მაგალითზე (და ალბათ საქართველო ამ კუთხით ორიგინალური არ არის) მთელი ეს სიმდიდრე, როგორც იტყვიან, ხელის გულზე დევს. თუმცა მათი არსებობა, თავისთავად, ჯერ კიდევ არ ნიშნავს პრობლემის გადაწყვეტას. აუცილებელია დაინახო, სწორად შეაფასო ის, რაც თითქოს დამალული არ არის, მიაგნო მისი გაცოცხლების, თანამედროვე ცხოვრებაში ადაპტაციის ფორმებსა და მეთოდებს ისე, რომ არ დაუკარგო მას საკუთარი ისტორიულ-არქიტექტურული ღირებულება და შემდგომ შესაბამისი შინაარსის ლეგენდებით ტურიზმის სამსახურში ჩააყენო. მე ხაზს ვუსვამ სწორედ ტურიზმის, როგორც დარგის მნიშვნელობას, რადგანაც, ჩემი აზრით, არცერთი სხვა ცალკე აღებული დარგის განვითარება არ მოგვცემს ისეთ კომპლექსურ შედეგს, როგორც ტურიზმი.