ფინანსთა მინისტრმა საზოგადოებას ორწლიანი მუშაობის შედეგები გააცნო

„საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ პროექტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს 2-წლიანი მუშაობის ანგარიშის ჩაბარება საზოგადოებისთვის მკვეთრი უკმაყოფილების ფონზე მოუწია, რისი ძირითადი მიზეზიც ლარიც კურსის მკვეთრი ვარდნაა. საზოგადოებას ფინანსთა მინისტრმა ორი წლის მუშაობის შედეგები 3 დეკემბერს გააცნო. ნოდარ ხადურის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტი სწორი გადანაწილების გამო (მათ შორის, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით), გასული წლებისგან განსხვავებით, რადიკალურად შეიცვალა და სოციალურად ორიენტირებული გახდა. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური: „გასული ორი წლის განმავლობაში ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით 2 წლის განმავლობაში დამატებით 2 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯა წინა წლებთან შედარებით. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით. დაიხარჯა უკვე 500 მილიონ ლარზე მეტი. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდა საქართველოში 5%-ზე მაღალი იქნება“.

ფინანსთა სამინისტროს ორი წლის მუშაობის შემაჯამებელ ანგარიშში სამინისტროს მიერ გადადგმული შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯებია ხაზგასმული: გაიზარდა ყველა კატეგორიის პენსიის მოცულობა; ასაკით პენსიონერების და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების პენსია – 150 ლარამდე; სხვა დანარჩენი კატეგორიის პენსიონერების პენსია – 100 ლარამდე; ძალოვანი უწყებებიდან 2005 წლამდე დათხოვნილი პირების პენსიები განისაზღვრა ნამსახურები წლებისა და მიღებული წოდებების მიხედვით; გაორმაგდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებები; ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად გახდა 60 ლარი, ხოლო ყოველ მომდევნო წევრზე 24-ის ნაცვლად – 48 ლარი; გაიზარდა დევნილთა და ლტოლვილთა შემწეობები 45 ლარამდე; სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა ყველა მოქალაქისთვის – დაფინანსება გაიზარდა 300,0 მლნ ლარზე მეტით; გაიზარდა მასწავლებელთა ხელფასები და ათობით მილიონი ლარი გამოიყო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის; საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სასწავლო სახელმძღვანელოებით, ხოლო ის მოსწავლეები, რომლებიც სკოლებიდან მოშორებით ცხოვრობენ, უზრუნველყოფილნი არიან სასკოლო ავტობუსებით; დამატებითი რესურსი გამოიყო სტუდენტების სწავლის, პროფესიული განათლებისა და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2014 წელს პირველად, „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 20,0 მლნ ლარამდე იქნა გათვალისწინებული და გაიზარდა სოფლის მეურნეობის დაფინანსება, რამაც შესაძლებელი გახადა რამდენჯერმე გაზრდილიყო როგორც დამუშავებული მიწის ფართობი, ასევე მორწყული ფართობების რაოდენობა. საქართველოს ბიუჯეტში სოციალური ხარჯების მუხლის ზრდა ბიუჯეტის მთლიან სტრუქტურაზეც აისახა.

1

2

თუმცა, ჯანდაცვის ხარჯების ზრდასთან ერთად, ნდარ ხადურმა ხაზი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების წილსაც გაუსვა: მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურაში წილი არ შემცირებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბიუჯეტის ზრდასთან ერთად იზრდება ინფრასტრუქტურული ხარჯები. მომავალ წელს 1 მილიარდი ლარი იქნება დახარჯული ამ მიმართულებით, რაც საქართველოსთვის ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია“, – განაცხადა ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის ეფექტიანობის გაზრდის, მისი ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფისა და სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით, პარლამენტსა და საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია წარედგინება „სხვა ხარჯების“ მუხლით გათვალისწინებულ ხარჯებთან მიმართებაში. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ასევე წარმოდგენილია ინფორმაცია მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების მოცულობებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ.
საჯარო ფინანსების მართვის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდისა და სახელმწიფო ფინანსების აღრიცხვის გაუმჯობესების მიზნით, 2015 წლის 1-ლი იანვრიდან ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის ოპერაციები მოექცევა ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში შესაბამისად, ყველა დონის ბიუჯეტის ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციის შემოსულობები და გადასახდელები ექცევა ხაზინის ერთიან ანგარიშთა სისტემაში. ასევე, ყველა დონის ბიუჯეტის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესი ექცევა სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიან სისტემაში (PFMS).

3

ერთ-ერთი აქტუალური საკითხია საგარეო ვალის თემა. ვალის მომსახურების პიკი 2013-2015 წლებზე მოდის, რაც ძირითადად განპირობებულია სსფ-ის სესხების მომსახურებით. „დღეის მდგომარეობით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების/განვითარების პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით შეღავათიანი ფინანსური რესურსების და გრანტების სახით მიმდინარეობს დაახლოებით 45 პროექტი, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია 3-დან 5 წლამდე პერიოდში და მოცულობა შეადგენს დაახლოებით 2,85 მილიარდ აშშ დოლარს. 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე დონორებთან გაფორმებულია შეთანხმებები დაახლოებით 1,47 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ რესურსზე მთავრობის მიერ გასატარებელი რეფორმების მხარდაჭერის და ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა პრიორიტეტული პროექტების დაფინანსების მიზნით. მიმდინარე პროექტები განკუთვნილია საგზაო, ურბანული და მუნიციპალური, წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, გარემოს დაცვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებისა და სხვა პროექტებისთვის“ – ვკითხულობთ სამინისტროს ანგარიშში.

ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად აღებული კრედიტები და სახელმწიფო ვალების მომსახურება ნოდარ ხადურის განცხადებით, „მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რაც მთავრობამ გადადგა სუვერენული რეიტინგების გაუმჯობესების კუთხით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას“. საქართველო განაგრძობს თანამშრომლობას საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან – Standard & Poor’s, Fitch და Moody’s.

ამჟამად, საქართველოს Standard & Poor’s-ის შეფასებით, „BB- სტაბილური“ რეიტინგი აქვს მინიჭებული, ხოლო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა 2014 წლის აგვისტოს შეფასებით, პირველად შეცვალა საქართველოს პერსპექტივა (Outlook) „სტაბილური“ „პოზიტიურით“, Fitch-მა მიმდინარე წლის ოქტომბერში პირველად შეცვალა შეფასება ,,BB- სტაბილური“ „BB- პოზიტიურით“.

4

5

სამინისტროს ანგარიშში ასევე გამახვილებულია ყურადღება ლიბერალიზაციის მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივებზე. „მთავრობის საგადასახადო პოლიტიკა მიმართულია კერძო სექტორისა და უცხოური ინვესტიციების, ასევე ბიზნესის დაწყებისა და განვითარების, მიმზიდველი და სტაბილური საგადასახადო გარემოს შექმნის უზრუნველყოფისკენ. სწორედ ამ მიზნით განხორციელდა არაერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიმართული იყო სამართლიანი და ეფექტური ადმინისტრირებისათვის საჭირო სამართლებრივი ბაზის შექმნისკენ, ჯარიმებისა და სანქციების ლიბერალიზაციისკენ. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო დაუბეგრავი მინიმუმის ცნების შემოღება, რომლის საფუძველზეც 400 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს წელს უკვე დაუბრუნდა 128 მლნ ლარზე მეტი (პროცესი გრძელდება). ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაძლიერების, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის, ბიზნესის, ადგილობრივი და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით ამჟამადაც პარლამენტში მიმდინარეობს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვა. 2014 წლის 30 ივნისს პარიზში OECD-ის გლობალური ფორუმის ექსპერტთა ჯგუფის წევრი სახელმწიფოების მიერ ერთხმად დამტკიცდა ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული საქართველოს საკანონმდებლო ბაზის შეფასების პირველი ფაზის ანგარიში და აღინიშნა, რომ საგადასახადო საკითხებში გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. გადამხდელთა მომსახურებისა და სერვისების გამარტივების მიზნით: შეიქმნა და ამოქმედდა ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიანი ელექტრონული სისტემა; სსიპ – შემოსავლების სამსახურსა და სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს შორის დაინერგა ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული იმპორტის/ტრანზიტის ნებართვების აღრიცხვისა და ინფორმაციის რეგულარული გაცვლის ერთიანი ელექტრონული სისტემა; 2014 წლიდან საბაჟო-გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში ამოქმედდა და წარმატებით ფუნქციონირებს კინოლოგიური ცენტრები; დაინერგა საბაჟო დეკლარაციის შესახებ შეტყობინების გადასახადის გადამხდელის მობილურ ტელეფონზე გაგზავნის მომსახურება; დაინერგა საქონლის გაფორმების შესაძლებლობები – გეზ-ში რიგის რეზერვაცია rs.ge-ს მეშვეობით, რიგის ნომრისა და საქონლის გაფორმების სავარაუდო დროის შესახებ ინფორმაციის მიღება, ასევე, საქონლის დეკლარირება იმპორტიორის გეზ-ში მიუსვლელად – სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტების დასკანერებული ვერსია გეზ-ში გამოცხადების შემდეგ ვებ-გვერდის მეშვეობით გადაეგზავნება ორგანიზაციას და მისი თანხმობის შემთხვევაში გეზ-ის ოფიცერი შეავსებს და დაასრულებს დეკლარაცია“ – ვკითხულბთ ანგარიშში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში გაწეული საქმიანობის შედეგად გამოვლენილი იქნა 831 სამართალდარღვევის ფაქტი, ხოლო 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში გამოვლენილი იქნა 706 სამართალდარღვევა. საგამოძიებო სამსახურის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამეწარმეო და ფისკალურ სფეროში ჩადენილ დანაშაულეობათა გამოვლენა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. მიმდინარე წლის 10 თვეში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გამოვლინდა ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადებისა და რეალიზაციის 9 ფაქტი, 3 შემთხვევაში გამოვლინდა ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაციის ფაქტი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 27 პირის მიმართ. 2014 წლის 10 თვეში კორუფციული და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ხაზით გამოვლინდა 55 დანაშაულებრივი ფაქტი.

2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 დეკემბრის პერიოდში ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ გადამხდელთა სასარგებლოდ სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა მიღებული საჩივრების 44%, არ დააკმაყოფილა – 40%, ხოლო მომჩივნის მიერ სხვადასხვა პროცედურული მოთხოვნის დარღვევის ან დავის შეწყვეტის გამო, განუხილველი დარჩა საჩივრების 16% (ამჟამად დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობაში შედიან ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა და ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები).

2012 წელს სააგენტოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგებმა თანხამ შეადგინა 8 045 873 ლარი. 2013-2014 წლებში კი 10 311 510 ლარი. მათ შორის: ინტერნეტაუქციონებიდან 7 143 158 ლარი და სავაჭრო ობიექტებიდან 3 168 352 ლარი. 2013-2014 წლებში უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ღირებულებამ შეადგინა 4 269 275 ლარი.

ერთიან სისტემაში მოექცა საბიუჯეტო პროცესის დაგეგმვისა და მისი აღსრულების მთლიანი ციკლი. 2013 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მართვის სრულიად ახალი სისტემა, განახლებული ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემა და გაეშვა ელექტრონული აუქციონის ახალი ვერსია. იუსტიციის სამინისტროსთან ერთად შეიქმნა ახალი ვებ-პორტალი მთავრობის „ღია მმართველობის“ კურსის მხარდასაჭერად. საქართველოში პირველად დაინერგა eCloud – ღრუბლოვანი გამოთვლითი ტექნოლოგიების სრულფასოვანი მომსახურება. ფინანსთა სამინისტრო ასევე მუშაობს ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების კუთხითაც.

გადამხდელთა სწრაფი, ეფექტური და კვალიფიციური მომსახურების დონის ამაღლების მიზნით, მიმდინარე წელსაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები: გაიხსნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2“; დასრულდა საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ და სატვირთო ავტომობილების დასათვალიერებელი რამპის მშენებლობა; დასრულების ეტაპზეა საბაჟო-გამშვები პუნქტი „კარწახის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები „ნინოწმინდისა“ და „ვალეს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარეობს სტაციონარული რენტგენოსკანერების სამონტაჟო სამუშაოები. დაწყებულია „ნინოწმინდას“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა და „ლაგოდეხის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია.

რაც შეეხება მომავალი წლის საპროგნოზო მაჩვენებელს, ნოდარ ხადურის განცხადებით: „ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ფასები სტაბილურობით გამოირჩევა, მინდა ვთქვა, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალი წლისათვის. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ინფლაცია არ იქნება მაღალი და იქნება დაახლოებით 3.5-4%-ის ფარგლებში“. რაც შეეხება ლარის გაცვლით კურსს და მის გაუფასურებას, ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარის კურსზე გავლენა ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯს არ მოუხდენია, თუმცა მინისტრი არც იმ კონკრეტულ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ლარი დოლართან მიმართებაში ყოველდღიურად უფასურდება. „პანიკა არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ცუდი ზეგავლენა მოახდინოს ლარის გაცვლით კურსზე. მე მინდა გითხრათ, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ეროვნულ ბანკს გააჩნია შესაბამისი რეზერვები იმისათვის, რათა მოახდინოს ინტერვენცია, ასევე არანაირი მაკროეკონომიკური პარამეტრები არ იძლევა იმის საფუძველს, ვიგულისხმოთ, რომ ლარის კურსის დაცემა გაგრძელდება. გაცვლით კურსზე მოქმედებს ბევრი ფაქტორი, საშინაო, საგარეო, ფსიქოლოგიური ფაქტორები. საშინაო ფაქტორებიც დივერსიფიცირებულია, ძალიან ბევრია, მათ შორის, ხშირად ხდება აპელირება ბიუჯეტიდან გაწეული დიდი რაოდნობით ხარჯებზე. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ლარის კურსის შემცირებაზე დოლართან მიმართებაში სახელმწიფო ბიუჯეტის გავლენა არის ნულის ტოლი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვხარჯავთ მხოლოდ იმ თანხას, რასაც ეკონომიკიდან ვიღებთ გადასახადების სახით. ბიუჯეტის მხრიდან არ არსებობს არანაირი ზემოქმედება მიმოქცევაში არსებული ფულის ზრდასთან“ – განაცხადა ნოდარ ხადურმა.