2005 წლიდან ბიზნესს კიდევ ერთი მაკონტროლებელი მოსცილდება
სოფიკო სიჭინავა
ოპონენტების მხრიდან მკაცრი კრიტიკის მიუხედავად, მთავრობა მყარად აგრძელებს რეფორმებს და ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესების კურსს საქართველოში. ამ მიმართულებით გადამწყვეტი იყო: ფინანსური სტაბილიზაცია და საბიუჯეტო წესრიგი; ახალი, ოპტიმალური საგადასახადო კოდექსის მიღება და მისი 1 იანვრიდან ამოქმედება; ფინანსური ამნისტიის მიღება და ბიზნესისთვის ძველი ტვირთის ჩამოხსნა.
ყოველივე ამის შემდეგ უმნიშვნელოვანესია: საკუთრებითი საკითხის გადაწყვეტა (რეალური პრივატიზება, რათა ყველა მსხვილ საწარმოს პატრონი და ინვესტორი გაუჩნდეს); მმართველობითი აპარატის რეფორმირება და მათი მოტივაციის გაზრდის გზით კორუპციის მოსპობა; დერეგულირება, ფუჭ რეგულირებაზე და არაფრისმთქმელ ლიცენზირებაზე, ნებართვებზე და მაკონტრელებელ ფუნქციებზე უარის თქმა.
ამ ეკონომიკური რეფორმების კონტექსტში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ შემუშავდა ანტიმონოპოლიური სამსახურის და ფასების ინსპექციის რეფორმირების კონცეფცია, რომელსაც ორი მიმართულება აქვს, ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო-ნორმატიული. პირველი მიმართულებით I ეტაპი უკვე განხორციელდა და ამ სამსახურებში თანამშრომელთა რაოდენობა მინიმუმადე შემცირდა, ანტიმონოპოლიურ სამსახურში 19 საშტატო ერთეული, ფასების ინსპექციაში კი – 7 დარჩა. ანაზღაურება 3-4-ჯერ გაიზრდება. II ეტაპზე მეწარმე ზედმეტი მაკონტროლებლისაგან უნდა განთავისუფლდეს და მათი დაცვის ინსტიტუტი შეიქმნას კეთილსინდისიერი კონკურენციის და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობის კუთხით.
ამ რეფორმების პროექტის პრეზენტაცია დეკემბრის ბოლოს მოხდა, რომლის მთავარი მოტივი იყო: ბაზარზე თავისუფალი შეღწევადობის უზრუნველყოფა; ყველა მეწარმისათვის რესურსთხელმისაწვდომობა; არადისკრიმინაციული გარემოს შექმნა.
ანტიმონოპოლიური სამსახურისა და ფასების სახელმწიფო ინსპექციის რეფორმირების შედეგად ჩამოყალიბდება ახალი სტრუქტურა – თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო, რომელიც უფრო კომპაქტური, მობილური გახდება, ანალიტიკური საქმიანობით დაკავდება და აღარ იქნება აღქმული, როგორც კიდევ ერთი მაკონტროლებელი ორგანო და პირველ რიგში, მეწარმეთა, მომხმარებელთა ინტერესების და თავისუფალი კონკურენციის დამცველი იქნება, ანუ იცვლება, როგორც შინაარსი, ასევე დასახელება.
ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მეწარმეებს, ექსპერტებს, პარლამენტარებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას განსახილველად სააგენტოს ახალი მოდელი წარუდგინა, რომლის მუშაობის ძირითადი პრინციპები და მიზნები ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მთავრობის ეკონომიკური ქეისისა, რასაც ჰქვია დერეგულირება და მკაფიო რეგულირება.
საქართველომ მიიღო, მართალია, არა იდეალური, თუმცა საკმაოდ ოპტიმალური საგადასახადო კოდექსი, მაგრამ ცალკე აღებული ეს ღონისძიება ეკონომიკის განვითარებისთვის რეალური ეფექტის მომტანი არ იქნება, თუ კონტექსტში არ განვიხილავთ მთლიანად, როგორც საგადასახადო წნეხის, ისე დერეგულაციის, საკუთრებით, ინფრასტრუქტურულ, თუ კრიმინალურ-უსაფრთხოების საკითხებს. მხოლოდ მთლიანობაში განხორციელებული მთავრობის ეკონომიკური ქეისი იქნება ეფექტის მომცემი.
ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასა და ფასებისა და ფასთაწარმოქმნის შესახებ კანონში მთელი რიგი პასაჟები იყო, რომელიც კოპირებულია, არა მარტო რუსეთის, არამედ საბჭოთა კავშირის კანონმდებლობიდან და აშკარა დისონანსში მოდის საბაზრო ეკონომიკის მშენებლობის პროცესთან. ამ სამსახურის რეფორმირება ახლა არ დაწყებულა, “ტასისის” დახმარებით “ჯეპლაკის” ინსტიტუტი 2000 წლიდან ამუშავებდა ამ საკითხებს, რომლის მიზანი იყო საკანონმდებლო ხარვეზების მოსპობა და ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება. ანტიმონოპოლიური საქმიანობის, მომხმარებელთა უფლებების, რეკლამის, ფასებისა და ფასთაწარმოქმნის შესახებ კანონებს ძირითადად, ანტიმონოპოლიური სამსახური აკონტროლებდა. გარდა ამისა, იყო მრავალი ქვენორმატიული აქტი, რომელიც საბაზრო ეკონომიკის ბუნებას ეწინააღმდეგებოდა და არქაული იყო.
ახალი კონცეფციის შესახებ გვესაუბრება ანტიმონოპოლიური სამსახურის ხელმძღვანელი, ემზარ ჯგერენაია:
დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ დონორ ორგანიზაციებთან ერთად შეგვემუშავებინა ქართული ბიზნესის განვითარების ხელისშემწყობი და ევროპის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებული საკანონმდებლო ბაზა. ამასთან დაკავშირებით მთავრობის განკარგულება გამოვიდა, რომელიც ეროვნული კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზაციას გვავალდებულებს.
ახლანდელ კანონმდებლობას სერიოზული ხარვეზები გააჩნია, ახასიათებს არარსებული და არაეფქტური რეგულირება, დასჯითი ფორმები არ მუშაობს და ბაზრის სრულყოფის კუთხით არანაირი ზეგავლენა არ აქვს. გარდა ამისა, აქვს ინსტიტუციონალური ხარვეზები. ანტიმონოპოლიური სამსახური გახლდათ მთელს რესპუბლიკაში მიმობნეული ორგანიზაცია, რომელსაც ჰქონდა რეგიონალური განყოფილებები, ინსტიტუციონალურად მოუწყობი და მოუქნელი იყო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, ანტიმონოპოლიური სამსახურები ანტიტრასტულ და ანტიკარტელურ საკითხებს აკონტროლებენ, ჩვენთან კი, ბილბროდების გაზომვაზე და მოსაკრებლების მოგროვებაზე იყო გადასული. ანტიმონოპოლიური სამსახური უსუსური იყო სასამართლო კუთხითაც. ბევრჯერ ყოფილა, როცა ორგანიზაცია დაგვიჯარიმებია, მაგრამ სასამართლოს იგი გაუმართლებია. ანტიმონოპოლიურ სამსახურს არ ჰქონდა ქმედითი ბერკეტი იმისთვის, რომ სიტუაცია ემართა, თვითონ დერეგულაციის ხარჯები საკმაოდ მაღალი იყო, მისი ეფექტურობა კი – მინიმალური.
ამ სიტუაციის გაგრძელება შეუძლებელია. ამერიკულ და ევროპული გამოცდილების შეჯერების შედეგად, ასე ვთქვათ, წარმოიშვა ქართული მოდელი, ეს არ არის არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობის კოპირება, იქიდან გამომდინარე, რომ, ჯერჯერობით, ჩვენ კაპიტალის კონცენტრაცია არ გვაწუხებს, არც მსხვილი კარტელური გაერთიანებების შედეგად ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის არსებობა და არათავისუფლად ბრუნვად საქონელში დისკრიმინაცული სიტუაცია, რაც, ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის ყველაზე სერიოზული პრობლემაა. საქართველოს მსგავსად ნებისმიერი ტრანზიტული ქვეყნის პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო ხელოვნურად ქმნის ყველანაირ მონოპოლიას.
ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანი, ფაქტიურად, აქტების წერა, ორგანიზაციების რევიზია იყო, რეფორმირების შემდეგ, ჩვენი ინფორმაციის ძირითადი წყარო იქნება ბიულეტენი, რომელიც ორგანიზაციებს დაურიგდებათ და რომელსაც ისინი შეავსებენ, ხოლო შემდეგ სტატისტიკური, საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით მოვახდენთ სიტუაციაზე დაკვირვებას. ჩვენი მთავარი მიზანი და მიმართულება სახელმწიფო აქტების, ადგილობრივი ხელისუფლების, თუ სხვა დონის ხელმძღვანელი ორგანოების მუშაობის და ქართული ბაზრის მონიტორინგი იქნება.
ჩვენთან დარჩება ერთი კანონი, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ, რაც შეეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონს, მოხდება მისი დერეგულაცია, განთავისუფლდება უამრავი ქვენორმატიული აქტისგან, ის გადავა არასამთავრობო ორგანიზაციების და თვითონ მოსახლეობის გამგეობაში. ეს არის ძალიან ახლებური ხედვა, ბევრ ევროპულ ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების დაცვა ასე ხორციელდება. ანტიმონოპოლიური სამსახურის სახით ერთი მაკონტროლებელი ორგანო იყო, ამიტომ მასთან გარიგება ადვილი იყო, 30 არასამთავრობო ორგანიზაციასთან საქმის მოგვარება რთული საქმე იქნება.
რაც შეეხება რეკლამის კანონს, მიგვაჩნია, რომ ბილბორდებზე რეკლამის მოსაკრებელის შეგროვება ისეთი სერიოზული სამსახურის საქმე არ არის, როგორადაც ჩვენ სააგენტო გვესახება. ეს ფუნქციები ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში გადავა. ხოლო რაც შეეხება ელექტრონული მედიაში რეკლამის კანონის კონტროლს, გადაეცემა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოს, რასაკვირველია, უფრო დახვეწილი ფორმით.
ჩვენ აღარ ვიქნებით რევიზიის და ლაბორატორიული კონტროლის სამსახური, ბენზინგასამართ სადგურებში ოქტანობას ვერ შევამოწმებთ და ვერც ალკოჰოლური სასმელის შემადგენლობაზე და სერთიფიკატის არსებობაზე ვაგებთ პასუხს, ეს ჩვენი ფუნქცია აღარ იქნება. ახალი სამსახურის ერთადერთი მიზანი არის სახელმწიფო ორგანოებისგან, მათი გადაწყვეტილებისგან, ყველა დონის მმართველობის ორგანოებისგან დავიცვათ ბიზნესი და ბაზარი, კონცეფციაში ამოღებულია სიტყვა ხელის შეწყობა, რადგან ბიზნესს ჩვენგან ხელის შეწყობა არ სჭირდება, მთავარია ხელი არ შევუშალოთ, ის ხუნდები მოვაშოროთ, რომელიც ჩვენგან ჰქონდა დადებული. აქედან გამომდინარე, მთავარი პრინციპი იქნება ერთი – ნებისმიერ მეწარმეს, ნებისმიერ რეზიდენტს თუ არარეზიდენტს შეეძლოს ბაზარზე თავისუფალი შეღწევა, ხელეწიფებოდეს რესურსები და ყველა მათგანი თავისუფალი იყოს ხელისუფლების ზეწოლისაგან ბიზნესის კეთების დროს.
პრეზენტაციას სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ბ-ნ ჯემალ ინაიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც კონცეფციას სრული მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა:
თუ გვინდა ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, იგივე გზა უნდა გავიაროთ, რაც თავის დროზე სხვა ქვეყნებმა და არა გვქონდეს სურვილი ვიცხოვროთ განვითარებულ ქვეყანაში, მაგრამ ამ ქვეყანაში ძველი, ან ისეთი წესები მუშაობდეს, რომელიც საერთოდ საბაზრო პრინციპებს ეწინააღმდეგება.
კონკურენცია, რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარების სტიმულია, რაც პირველ რიგში, ხარისხის მაღალ დონეს და მომსახურების ღირებულების გაიაფებას გულისხმობს. დღეს ამ მხრივ საქართველოში ბევრი პრობლემა არსებობს, ხშირად არის სიტუაცია, როცა ზოგიერთი კომპანიას სხვა კომპანიებთან შედარებით განსაკუთრებული პირობები ექმნება. ამიტომ, მიმაჩნია სააგენტოს შექმნა დროულია. ჩვენ ამ იდეის აქტიური მხარდამჭერები ვიქნებით.
რეფორმის მიზნები:
თავისუფალი ვაჭრობისა და კეთილსინდისიერი კონკურენციის ხელშემშლელი პირობებისა და გარემოებების აღმოფხვრა
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიერ, შეზღუდული კონკურენციის პირობებში, ცალკეული ეკონომიკური აგენტებისათვის ექსკლუზიური უფლებების მინიჭების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა.
საკუთრების, რეზიდენტის ან სხვა ფორმის მიუხედავად, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებისაგან ეკონომიკური აგენტების მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედებების გამოვლენა და აღკვეთა მათ შორის დაუსაბუთებელი სახელმწიფო სუბსიდიების და შეღAვათების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა
სასაქონლო ბაზრებზე კონკურენტული გარემოს შეფასების და ეკონომიკური რესურსების ოპტიმალური გამოყენების კუთხით მონოპოლიების ქცევის ანალიზი, ტენდეციების შეფასება და რეკომენდაციების გაცემა ბარიერების მოსახსნელად
სახელმწიფო შესყიდვების და გაყიდვების, ტენდერის, აუქციონის პირობებისა და შეფასების კრიტერიუმებში ხელოვნური ბარიერების გამოვლენა და აღმოფხვრა
დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების მიერ კონკურენტული კანონის დაცვის შეფასება.