გლობალური ეკონომიკის მთავარი გამოწვევები – რაზე იმსჯელეს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე
მოამზადა მაკა ღანიაშვილმა
2015 წლის დავოსის ეკონომიკური ფორუმის 45-ე ყოველწლიური შეხვედრა ამერიკული ორგანიზაცია Oxfam-ის ახალი კვლევის ფონზე წარიმართა, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს მასშტაბით უთანასწორობა სულ უფრო ღრმავდება. კვლევის შედეგების მიხედვით, მომავალი წლისთვის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების 1%-ის საერთო ქონება იმაზე მეტი იქნება, ვიდრე დანარჩენი 99% ერთად აღებული ფლობს. ამის გამო დავოსში შეკრებილ მსოფლიო ლიდერებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან ყველაზე დიდი მოლოდინი იმ ნაბიჯების გადადგმისკენ იყო მიმართული, რომელმაც მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრულის შემცირების გზით უნდა წაიყვანის მსოფლიო.
Oxfam-ის ანგარიშის მიხედვით, 2009 წელს მსოფლიო მოსახლეობის ყველაზე მდიდარი ადამიანების 1% მთელი სიმდიდრის 44%-ს ფლობდა, 2014 წელს 48%-ს, 2016 წელს კი ეს მაჩვენებელი 50%-ს გადააჭარბებს. როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, სხვაობა მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის განსაკუთრებით 2008-2009 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ გაიზრდა. „ჩვენი მიზანია გავაგებინოთ დავოსში შეკრებილ ლიდერებსა და მილიარდელებს, რომ მზარდი უთანასწორობა საშიშია, როგორც ეკონომიკური ზრდისთვის, ასევე ხელისუფლებისთვის, მათ აღარ უნდა განაგრძონ ღარიბი ხალხის ინეტრესების უგულვებელყოფა“, – მიმართავენ კვლევის ავტორები მსოფლიო ლიდერებს.
ამასთანავე, კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი 80 ადამიანის ქონება იმდენივეა, რასაც მსოფლიოს ყველაზე ღარიბი მოსახლეობის 50% ერთად ფლობს, ეს კი 3.5 მილიარდი ადამიანია. ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე უარესდება. მსგავს კვლევებს სხვა ორგანიზაციებიც აქვეყნებენ. მაგალითისათვის, დიდ ბრიტანეთში ყველაზე მდიდარი 100 ოჯახის ქონება 2008 წლიდან 15 მილიარდი ფუნტით გაიზრდა, მაშინ როცა საშუალო შემოსავალი დიდ ბრიტანეთში მხოლოდ 1233 ფუნტით გაიზრდა.
უთანასწორობის თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2008-09 წლების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ კრიზისთან ბრძოლის მეთოდებმა მდიდრების აქტივები კიდევ უფრო გაზარდა, ხოლო ღარიბების ცხოვრების დონის კიდევ უფრო გააუარესა. საკითხი განსაკუთრებით გამწვავდა და სავარაუდოა, რომ აშშ-ს მომავალი საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი საკითხი სწორედ უთანაბრობის აღმოფხვრა იქნება. ბარაკ ბამას უკვე აქვს გეგმა, რომელიც საგადასახადო სისტემის ცვლილებით ითვალისწინებს დამატებით 300 მილიარდი აშშ დოლარის რედისტრიბუციას უმდიდრესი ადამიანების კლასიდან მუშათა კლასზე.
კვლევის ავტორი ორგანიზაცია „ოქსფამი“ და მისი წარმომადგენლები დავოსის ეკონომიკურ ფორუმზეც მიიწვიეს, სადაც მათ გააჟღერეს მათეული ხედვა უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, რომელსაც ეკონომისტთა დიდი ნაწილიც ეთანხმება:
• მკაცრი ზომების მიღება იმ ორგანიზაციებისა და მდიდარი ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილებას სხვადასხვა გზებით ცდილობენ და ხშირ შემთხვევაში ამას ახერხებენ კიდეც;
• ჯანდაცვასა და განათლებაში უფრო მეტი ინვესტიციების ჩადება;
• სადაგასახადო წნეხის გადანაწილება დასაქმებისა და მოხმარებიდან, კაპიტალსა და სიმდიდრეზე;
• მინიმალური ხელფასის ცნების გადახედვა;
• გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა;
• განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობისათვის მინიმალური შემოსავლების უზრუნველყოფა;
• გლობალურ სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება, რომლის მთავარი მიზანიც უთანასწორობის შემცირება იქნება.
„უთანასწორობის ამხელა დონე არ არის შემთხვევითი და მხოლოდ ეკონომიკის მუშაობის ბუნებრივი შედეგი, ეს იმ პოლიტიკის შედეგია, რომლითაც მსოფლიო დღემდე იმართება და გვჯერა, რომ არსებობს მდგომარეობის გამოსწორების შანსი“ – მიიჩნევენ კვლევის ავტორები.
ეკონომიკურ უთანასწორობასთან ერთად, დავოსის ფორუმზე სხვა საკითხებიც განიხილეს, რომელთაგანაც პრიორიტეტული რამდენიმე მათგანი იყო.
ფორუმის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ჩინეთი და მისი გლობალური ინვესტიციებია, რომელიც დაახლოებით 1.3 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდება. მომავალ წელს ჩინური ინვესტიციების კიდევ უფრო მეტად ზრდაა მოსალოდნელი გლობალურ ბაზრებზე. ფორუმის განმავლობაში წარიმართა დისკუსია იმის შესახებ, თუ რა გავლენას მოახდენს სულ უფრო მზარდი ჩინური ინვესტიციები გლობალურ ბაზრებზე, როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებში. თუ გასული წლების განმავლობაში ჩინეთი ძირითადად დაინტერესებული იყო კაპიტალის მიზიდვით ქვეყნის შიგნით, ახლა ის ექსპორტზე ორიენტირებული ხდება. ამასთანავე, თუ ადრე ჩინური ექსპორტი, ძირითადად, ნედლეულით შემოიფარგლებოდა, დღეისთის ჩინელი ინვესტორები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან წარმოებითა და ქარხნებით.
ჩინეთთან დაკავშირებული დისკუსიის მონაწილეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ჩინური ეკონომიკა უფრო მეტად „ხარისხიანი“ ხდება, თუმცა ხაზი გაუსვეს იმ გამოწვევებს რომელიც ჩინურ კომპანიებს ადგილობრივ ბაზრზე დახვდებათ. თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, სარგებელი მხოლოდ ცალმხრივი არ უნდა იყოს, იმისათვის, რომ ჩინური ინვესტიციებიდან ადგილობრივმა ბაზრებმაც მიიღონ სარგებელი, ჩინურმა ინვესტიციებმა ხელი უნდა შეუწყონ სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური ზრდის წახალისებას იმ ქვეყნებში, სადაც ჩინური ინვესტიციები დიდი მასშტაბით ხორციელდება.
ნავთობის ფასების შემცირებისა და ევროპის ცენტრალური ბანკის რაოდენობრივი შერბილების პროგრამის გარდა, დავოსის მონაწილეებისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი განხილვის თემა, მიმდინარე წელს ინტერნეტის მომავალი იყო, რომელიც დღეისთვის მსოფლიო ეკონომიკის ხერხემალია და დიდი საფრთხე ემუქრება მომავალში ფრაგმენტაციის სახით. ამაში დამნაშავე კი ადგილობრივ დონეზე რეგულირების ახალი სისტემის დანერგვის მცდელობაა. „ადგილი აქვს თუ არა ფრაგმენტაციას? ყოველ შემთხვევაში, ამის მოლოდინი არის“, განაცხადა მობილური ტელეკომუნიკაციის ქსელის „ვოდაფონის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვიტორიო კოლოუმ, რომელმაც განსხვავებული რეგულაციის რეჟიმები ინტერნეტ-ქსელის მომავლისთვის დიდ საფრთხედ დაასახელა. ეს თემა აქტუალურია, რადგან თანამედროვე ბიზნესისათვის ინტერნეტ-ტექნოლოგიები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ტურიზმისა და ფინანსების სფეროში, ინტერნეტ-სივრცე ასევე ეხმარება პატარა ფირმებს მოძებნონ საკუთარი ნიშა და მომხმარებელი საერთაშორისო მასშტაბით. Boston Consulting Group-ის ანგარიშის მიხედვით, დიდი ოცეულის ქვეყნებში 2016 წლისათვის ინტერნეტ-ეკონომიკის მოცულობა 4.2 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
რა საფრთხე ემუქრება ინტერნეტს? ინტერნეტი მსოფლიო ეკონომიკის ხერხემალი გახდა და არ არის გასაკვირი, რომ ინტერნაციონალური კომპანიები თუ სხვადასხვა სამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებისა თუ სხვა მიზნების გამო ხშირად ხდებიან ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი. ბოლო ყველაზე გახმაურებული შემთხვევის დროს, ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერების მხრიდან კომპანია Sony-ზე თავდასხმა მოხდა. ამიტომ მთავრობებმა, სასამართლოებმა თუ მარეგულირებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვიტეს, ინტერენეტ-ქსელების ფრაგმენტაცია და რეგულირების გამკაცრება ქვეყნების შიგნით ადგილობრივ დონეზე, რაც სპეციალისტებს ყველაზე სახიფათოდ მიაჩნიათ. ეს არ ეხება მხოლოდ ისეთ არადემოკრატიულ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, მსგავს ნაბიჯების მიღების შესაძლებოლობას განიხილავენ ბრაზილიაში, დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, საფრანგეთში, აშშ-სა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში.
Boston Consulting Group-ის კვლევის ავტრების შეფასებით, ეკონომიკური ზრდა იმ ქვეყნებში, სადაც ინტერნეტზე უფრო მკაცრი რეგულაციებია, უფრო მცირეა სხვა ქვეყნებთან შედარებით. იმ ქვეყნებს შორის, სადაც ლიმიტირებული ონ-ლაინ აქტივობებია ნებადართული და იმ ქვეყნებს შორის, სადაც ამ საკითხისადმი ლიბერალური მიდგომაა, ინტერნეტ-ეკონომიკის წილი მშპ-ის ზრდაში 2.5%-ით განსხვავდება ერთმანეთისგან. „მთავრობებმა უნდა გაიგონ, რომ ადგილობრივ დონეზე ეროვნული შეზღუდვები ინტერნეტ-ქსელზე გლობალური კომპანიების ინეტრესს აზიანებს. ბიზნესი ამ ტენდენციასთან საბრძოლველად უნდა გაერთიანდეს, რადგან ის პირდაპირ უშლის ხელს თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
ბიზნესის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან იმ ფაქტს, რომ ინფორმაციის გაჟონვის საშიშროება არის იმის საფუძველი, რომ ინტერნეტი შეიზღუდოს, მაგრამ ასე არ ფიქრობენ მთავრობის წარმომადგენლები. მათი აზრით, გამოსავალი ინტერნეტის დეცენტრალიზებაა და ონლაინ-სივრცესთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და კონფიდენციალობის დაცვის საკითხი მთავრობებზე უნდა იყოს დელეგირებული ქვეყნების შიგნით. დავოსის მიმდინარე წლის ეკონომიკურ ფორუმზე კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ამ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა ფორუმმა დისკუსიის ახალ ტალღას დაუდო სათავე ინტერნეტის მომავალთან დაკავშირებით.
დავოსის ეკონომიკური ფორუმის მთავარი თემა ასევე იყო გლობალური რისკები, რომელიც, პირველ რიგში, საერთაშორისო კონფლიქტებს უკავშირდება, რომელიც მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობას ყველაზე მეტად ემუქრება. მაგრამ როგორც ეს დავოსის ეკონომიკური ფორმუმის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მითითებული, საერთაშორისო კონფლიქტი სულაც არ არის მხოლოდ რუსეთის ჯარები უკრაინაში, ამ კატეგორიაში გადის მაგალითად ჩრდილოეთ კორეის ჰაკერების თავდასხმა კომპანია „სონიზე“ და სხვა მსგავსი მოვლენები.
„ბერლინის კედლის დაცემიდან 25 წლის შემდეგაც კი, მსოფლიო კვლავ დგას სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის პირისპირ. მსოფლიო ლიდერების პოლიტიკა მომავალ წელს უნდა იყოს კონკურენციის ეტაპიდან თანამშრომლობის ეტაპზე გადასვლა. მით უემეტს, რომ დღეს მსგავსი კონფლიქტების მოგვარების უფრო მეტი ბერკეტი გვაქვს. ეს არის 2015 წლის მთავარი გამოწვევა“ – წერია „დავოსის“ ეკონომიკური ფორუმის კომიტეტის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ განცხადებაში.
გარდა ამისა, მთავარ გამოწვევებად დასახელდა კვლავ სასმელი წყლის პრობლემა მსოფლიოს მასშტაბით, ინფექციური დაავადებების გავრცელება და გლობალურ დათბობასთან დაკავშირებული საკითხები.