ანგარიშვალდებული საწარმოს სამართლებრივი საფუძვლები საქართველოში
ლევან კოკაია,
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის
(GIPA) მოწვეული ლექტორი
შესავალი
საზოგადოებათა ჩამოყალიბება, ოპერირება, შიდა ადმინისტრირება და მათზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გამოირჩევა უამრავი სპეციფიკით, რაც განასხვავებს მას ჩვეულებრივი დახურული ტიპის სააქციო საზოგადოებისაგან. აღნიშნული განსხვავება გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან, რაც გარკვეულწილად შეესაბამება ამ სფეროში არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას.
1998 წლის 24 დეკემბრის “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონმა საქართველოში არსებული ანგარიშვალდებული საწარმოების სტატუსის, მათი ფუნქციონირების, ადმინისტრირების და კონტროლის სამართლებრივი საფუძვლები ჩამოაყალიბა. კანონის ძალით განისაზღვრა ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა პასუხისმგებლობისა და ინსაიდერული გარიგებების დადების პრევენციული მექანიზმები, რომლებიც თავის მხრივ უზრუნველყოფენ კომპანიების საქმიანობის მეტ გამჭვირვალეობასა და შესაბამისად, არსებულ და პოტენციურ ინვესტორთა სამართლებრივ დაცვას.
ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ განსაზღვრული მოთხოვნები აგრეთვე დადგენილია 1994 წლის 28 ოქტომბრის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყოფს ანგარიშვალდებული საწარმოს მნიშვნელობას და ასეთი ტიპის საწარმოსთვის განსაზღვრავს სპეციფიკურ სამართლებრივ რეჟიმს.
ასევე, აღსანიშნავია 2013 წლის 24 ივლისის კანონი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“, რომელმაც საინვესტიციო ფონდის ერთ-ერთ სახედ ღია ტიპის სააქციო საზოგადოება – ანგარიშვალდებული საწარმო დაასახელა.
აღნიშნული ძირითადი წყაროების გარდა, საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში მოიპოვება მთელი რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც ანგარიშვალდებული საწარმოების მიერ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობასთან დაკავშირებულ სრულ სამართლებრივ პროცედურებს ასახავენ. ხსენებული კანონქვემდებარე აქტების მიღების უფლება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეროგატივას წარმოადგენს.
I. ანგარიშვალდებული საწარმოს ცნება და მისი უპირატესობები დახურული ტიპის საწარმოსთან
ანგარიშვალდებული საწარმოს ცნება მოცემულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9-ე მუხლის პირველ პუნქტში, რომლის მიხედვით: „ანგარიშვალდებულ საწარმოდ (საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტად) მიიჩნევა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელსაც გამოშვებული აქვს საჯარო ფასიანი ქაღალდები (გარდა სრულად დაფარული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა)“*. ციტირებულ ნორმაში მითითებული „იურიდიული პირი“ მხოლოდ სააქციო საზოგადოების (სს) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნებულ საწარმოს გულისხმობს. გამომდინარე იქიდან, რომ აქცია წარმოადგენს ფასიანი ქაღალდის ერთ-ერთ ნაირსახეობას, სწორედ სს, როგორც საწარმოს დამოუკიდებელი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა შეიძლება არსებობდეს ანგარიშვალდებული (ღია) ან არაანგარიშვალდებული (დახურული) საწარმოს სახით.
საერთოდ, სს უპირატესად ინვესტორთა ფართო მასისთვის არის განკუთვნილი და კაპიტალდამბანდებელთა მხრიდან განხორციელებული ინვესტიციების მოზიდვის მეშვეობით კაპიტალის შევსების საჯარო ფუნქციის მატარებელ ღია საზოგადოების ფორმად მიიჩნევა.** სს-ში ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთ ხერხს სწორედ მის მიერ საკუთარი ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე განთავსება წარმოადგენს. საჯარო შეთავაზების გზით განთავსებული ან/და საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული საწარმოს განსაზღვრული კლასის ფასიანი ქაღალდები საჯარო ფასიან ქაღალდებად არის წოდებული.
ღია და დახურული ტიპის საწარმოს შორის არსებობს რამდენიმე არსებითი სხვაობა, რომელიც ვლინდება აქციათა ემისიის და აქციათა გადაცემის წესში, საწარმოს მართვის ორგანოების სტრუქტურირების პრინციპში, გარე აუდიტორის მოწვევის ვალდებულებაში, კორპორაციული ინფორმაციის მოცულობის გამჟღავნების თავისებურებებსა და აღნიშნული ინფორმაციის ადრესატთა ვინაობის განსაზღვრაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ანგარიშვალდებული საწარმოების მიმართ კანონმდებლობა უფრო მეტ მოთხოვნას აწესებს, ვიდრე არაანგარიშვალდებული საწარმოს მიმართ, რაც განპირობებულია საწარმოს ყველა არსებითი საკითხის ირგვლივ არსებული და პოტენციური ინვესტორების სრული და ობიექტური ინფორმირებით, მათი სამართლებრივი ინტერესების დაცვითა და გადაწყვეტილებების მიღებისას ინვესტორთა მხრიდან პოტენციური სამართლებრივი და ფინანსური რისკების შემცირებით.
ქართული კანონმდებლობა და საერთაშორისო გამოცდილება მიუთითებს, რომ ანგარიშვალდებულ საწარმოებს მოეთხოვებათ უფრო მაღალი სტანდარტი საკუთარი კორპორაციული მართვის სისტემის ჩამოსაყალიბებლად, სამართვად და მის განსავითარებლად, ვიდრე ეს არაანგარიშვალდებული საწარმოს შემთხვევაშია მოთხოვნილი. მეტწილად, გამართული კორპორაციული მართვის სისტემა განაპირობებს ანგარიშვალდებული საწარმოს წინაშე წარდგენილი საკანონმდებლო მოთხოვნების სრულად და უპირობოდ შესრულების მნიშვნელოვან წინაპირობას.
ანგარიშვალდებულ საწარმოს გააჩნია არაერთი უპირატესობა არაანგარიშვალდებულ საწარმოსთან შედარებით. კერძოდ, ანგარიშვალდებული საწარმოებისთვის უფრო მეტად არის ხელმისაწვდომი სხვადასვა საინვესტიციო საშუალებებთან წვდომა. გამომდინარე იქიდან, რომ ღია ტიპის კომპანიის შესახებ ინფორმაცია უფრო გამჭვირვალე და ხელმისაწვდომია, პოტენციურ ინვესტორებს ეძლევათ უფრო მეტი საშუალება, რომ მარტივად მოიზიდონ აღნიშნული ინფორმაცია, გაანალიზონ და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. საყურადღებოა, რომ ღია ტიპის კომპანიების მიერ გაცხადებული ინფორმაციაც ობიექტურობის უფრო მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ვიდრე რიგ შემთხვევებში ეს შესაძლოა ყოფილიყო დახურული ტიპის კომპანიებში. ამასთან, საყურადღებოა, რომ ღია ტიპის კომპანიების მიმართ კანონმდებლობით წაყენებული კონტროლისა და ადმინისტრირების მკაცრი წესების დაცვა ასეთი ტიპის კომპანიებს ყოველი კონკრეტული საოპერაციო მოქმედების შესრულებისას მაქსიმალური სიფრთხილის დაცვისკენ უბიძგებს, რაც, თავის მხრივ, ასეთი კომპანიების სტაბილურობისა და უსაფრთხოების უფრო მეტ გარანტიებს ქმნის პოტენციური ინვესტორებისათვის. ღია კომპანიების საქმიანობის შემთხვევაში, უფრო მარტივია აქციათა ემისიისა და აქციათა გადაცემის პროცედურები. კერძოდ, თუ დახურული კომპანიის შემთხვევაში აქციათა გადაცემისას საჭიროა კომპანიის თანხმობა რომელიმე კლასის აქციების გადაცემის შემთხვევაში, ღია კომპანიის პირობებში აქციათა გადაცემა შეუზღუდავია საჯარო ფასიან ქაღალდებზე. აღნიშნული უპირატესობა ტექნიკურად და სამართლებრივად ამარტივებს კომპანიების წვდომის შესაძლებლობებს მსხვილი კაპიტალის ბაზრებზე. ასევე, საჯარო შეთავაზების გზით აქციათა ემისია კომპანიას უქმნის იმის მნიშვნელოვან წინაპირობებს, რომ მან გაზარდოს საკუთარი კაპიტალი გარე სახსრების მეშვეობით, რასაც ვერ ვიტყოდით არაანგარიშვალდებული ტიპის საწარმოზე. ღია კომპანიების აქციონერთა დაბალი რისკიანობა დახურული ტიპის საწარმოს აქციონერებთან შედარებით ასევე ერთ-ერთ უპირატესობად შეიძლება მივიჩნიოთ. გამომდინარე იქიდან, რომ ღია კომპანიის რისკები აქციონერთა დიდ რაოდენობაზეა დივერსიფიცირებული, ასეთ დროს თითოეული აქციონერი შედარებით უფრო დაცულად გრძნობს თავს, ვიდრე ეს მოხდებოდა რისკების ერთ ან რამდენიმე აქციონერზე კონცენტრაციის შემთხვევაში. როგორც წესი, აქციონერთა რისკი მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების ღირებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული გარკვეული ვალდებულებების შესრულებით შემოიფარგლება. ცხადია, რომ კომპანიაში აქციონერთა სიმრავლე ვერ უზრუნველყოფს ყოველი აქციონერის თითოეული კლასის აქციის ღირებულების მაღალი ფინანსური ლიკვიდურობის გარანტიას, მაგრამ აქციონერთა სიმრავლე ყოველთვის ანაწილებს მათ პასუხისმგებლობას კანონმდებლობით განსაზღვრული კონტროლისა და ადმინისტრირების მოთხოვნათა სრულ და უპირობო დაკმაყოფილებასთან. კომპლექსური კორპორაციული მართვის სისტემა ასევე წარმოადგენს ღია კომპანიების უპირატესობას. კერძოდ, კაპიტალის ბაზრებზე წვდომისათვის ღია კომპანიები ნათლად მიჯნავენ კორპორაციული მართვის ორგანოების სტრუქტურას და მათ ფუნქციებს, აყალიბებენ ორგანოთა იერარქიული კონტროლის საუკეთესო მოდელებს. დახურული ტიპის კომპანიაში საწარმოთა მართვის ორგანოების ოპერირება ნაკლებად კონტროლირებადია შიდაკორპორაციული მართვის სხვა ორგანოთა მიერ.
II. ანგარიშვალდებული საწარმოს ადმინისტრირება და კონტროლი
სხვადასხვა ქვეყანაში ანგარიშვალდებული საწარმოების სახელმწიფო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ კონტროლს ახორციელებენ გარკვეული საჯარო ორგანიზაციები. ზოგ ქვეყანაში ისინი წარმოდგენილი არიან სპეციალური ფასიანი ქაღალდების ბრუნვის მაკონტროლებელი სტურქუტრებით, ზოგ ქვეყანაში კი აღნიშნული ფუნქცია შეთავსებული აქვთ ეროვნულ (ნაციონალურ) ბანკებს. ძირითადად პატარა ქვეყნებში აღნიშნული ფუნქცია სწორედ ეროვნული ბანკების პრეროგატივას წარმოადგენს. საქართველოში ღია ტიპის კორპორაციები ანგარიშვალდებულნი არიან სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკის წინაშე.
ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიანი ქაღალდების ბრუნვის სამართლიანობა და აღნიშნულ პროცესში ჩართული თითოეული მხარის ინტერესების გათვალისწინება მოითხოვს როგორც გარკვეული ადმინისტრაციული, აგრეთვე სპეციფიკური შიდაკორპორაციული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. აღნიშნული პირობების არსებობა მით უფრო აქტუალურია ფასიანი ქაღალდების ბრუნვის თავისებურებებიდან გამომდინარე, რაც ძირითადად ორიენტირებულია ღია საწარმოთა გამჭვირვალეობაზე, როგორც სახელმწიფოს, აგრეთვე კერძო ინვესტორთა წინაშე.
ღია საწარმოთა ადმინისტრირებაში მოიაზრება ანგარიშვალდებული საწარმოს შიგნით მართვის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც შეესაბამება როგორც კანონმდებლობის მოთხოვნებს, ასევე კონკურენციის არსებობისას ქმნის ინვესტორთათვის მიმზიდველ პირობებს.
საწარმოს სათანადო ადმინისტრირება მიზნად ისახავს მოქნილი შიდაკორპორაციული მართვის ორგანოების ჩამოყალიბებას, თითოეული მათგანის ფუნქციების მკაფიოდ განსაზღვრას და მაღალი კორპორაციული კულტურის დამკვიდრებას. კორპორაციული მართვის ესა თუ ის მოდელი, საუკეთესო შემთხვევაში, უნდა შეესაბამებოდეს საწარმოს სპეციფიკას, მისი საქმიანობის ხასიათს, საწარმოს სტრატეგიულ მიზნებსა და საუკეთესო დახვეწილ პრაქტიკას.
ანგარიშვალდებულ საწარმოთა კონტროლი მიზნად ისახავს, არსებულ და პოტენციურ ინვესტორთა (როგორც აქციონერთა, ასევე ობლიგაციის მფლობელთა) ინტერესების ყოველმხრივ დაცვას, აგრეთვე საწარმოს ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობის განსაზღვრული მოთხოვნების დაწესებას. რაციონალური კონტროლის არსებობის შემთხვევაში, თითოეული ანგარიშვალდებული საწარმო ექვემდებარება საქმიანობის თანაბარ პირობებს, ერთგვაროვანი ღია საწარმოების შემთხვევაში, ხელს უწყობს მათ შორის ჯანსაღი კონკურენციის არსებობას და აყალიბებს საერთო ადმინისტრირების ერთიან სისტემას.
ანგარიშვალდებული საწარმოს კონტროლი შეიძლება დაიყოს შიდა და გარე კონტროლის მექანიზმებად. შიდა კონტროლში მოიაზრება ღია სააქციო საზოგადოების დირექტორთა საქმიანობის სავალდებულო კონტროლი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. აღნიშნულ პირობას ამყარებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით: „თუ სააქციო საზოგადოება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით არის ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე, ან სააქციო საზოგადოება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის ლიცენზირებული, ან სააქციო საზოგადოების აქციონერთა რაოდენობა აღემატება 100-ს, სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა არანაკლებ 3 და არა უმეტეს 21 წევრისაგან. ყველა სხვა შემთხვევაში, სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა არ არის სავალდებულო.“***
ანგარიშვალდებული საწარმოს გარე კონტროლი კი მოიცავს მარეგულირებელი ორგანოს მიერ სახელმწიფო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებას, რაც ვლინდება ანგარიშვალდებულ საწარმოთა საქმიანობის სპეციფიკის მიუხედავად, საერთო, ერთიანი სტანდარტებისა და პირობების ჩამოყალიბებაში და რეგულირებულ საწარმოთა მიერ, მათი საქმიანობის ფარგლებში აღნიშნული სტანდარტების ყოველმხრივი და ზუსტი შესრულების შემოწმებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ შემოწმების მსგავსი ტიპი მკვეთრად განსხვავდება საწარმოთა შემოწმების სტანდარტული პირობებისაგან (საგადასახადო სამართლებრივი შემოწმება, სანებართვო და სალიცენზიო პირობების შემოწმება). შემოწმების განსახილველი წესი უნიკალურია იმდენად, რამდენადაც ღია სააქციო საზოგადოების საქმიანობის მიუხედავად, მარეგულირებელ ორგანოს გააჩნია ერთიანი სტანდარტი შესამოწმებელი კომპანიის დარგობრივი სპეციფიკის მიუხედავად.
დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ტიპის საწარმოს საქმიანობა გარკვეული რისკის შემცველია. ანგარიშვალდებულ საწარმოთა შემთხვევაში, აღნიშნული რისკი უფრო მაღალია, რაც საბირჟო გარიგებათა დადების მაღალი ნდობის კოეფიციენტით გამოიხატება. შესაბამისად, მაღალი რისკის დასაბალანსებლად კანონმდებლობის მიზანი, რომ ჩამოაყალიბოს საწარმოს მართვის უფრო მაღალი სტანდარტი, ადექვატურად უნდა პასუხობდეს ინვესტორთა ინტერესების ყოველმხრივ დაცვას.
ანგარიშვალდებულ საწარმოთა ადმინისტრირებისა და კონტროლის დაცვითი ფუნქცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია ინვესტორთა ინტერესების დაცვის სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმთან და საუკეთესო პრაქტიკასთან ერთად.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ირაკლი ბურდული „სააქციო სამართლის საფუძვლები“, ტომი I, თბილისი 2010;
2. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონი. „კოდექსი 2007“ – კოდიფიცირებული კანონების საძიებო სისტემა;
3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი. „კოდექსი 2007“ – კოდიფიცირებული კანონების საძიებო სისტემა;
4. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი. „კოდექსი 2007“ – კოდიფიცირებული კანონების საძიებო სისტემა.
* ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონი. „კოდექსი 2007“ – კოდიფიცირებული კანონების საძიებო სისტემა
** Hoffmann-Becking in Hoffmann-Becking (Hrsg.), Münch. Hdb. Gesr IV, (2007), §2 Rn.6-7 ციტირებულია ირაკლი ბურდული სააქციო სამართლის საფუძვლები, ტომი I, თბილისი 2010, გვერდი 126
*** „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი. „კოდექსი 2007“ – კოდიფიცირებული კანონების საძიებო სისტემა