ნავთობის ბაზარი ტრანსფორმაციას განიცდის

ჩვენ ნავთობის ბაზრის ისტორიის ახალი თავი გადავფურცლეთ, რომელიც ისე მუშაობს, როგროც ჩვეულებრივი სანედლეულე ბაზარი, რომელზედაც კარტელები არ მოქმედებენ

ნავთობის ფასის მეტ-ნაკლებად გააზრებული და ზუსტი პროგნოზის გასაკეთებლად, ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. მოცემულ მომენტში ვიცით ერთი რამ: მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის ფასი ცოტათი გაიზარდა, გასული წლის ზაფხულიდან ნავთობის ფასები თითქმის 50%-ით შემცირდა. ეს ყველაზე დიდი ვარდნაა ბოლო 20 წლის მანძილზე.

ამის მიზეზად შემდეგი ფაქტორები გვევლინება: ჩინეთისა და ევროკავშირის ეკონომიკების ზრდის შენელების გამო მოთხოვნის შემცირების ფონზე, „ფიქლის რევოლუციამ“ აშშ-ში, ასევე, ბაზარზე ლიბიური ნავთობის დაბრუნებამ ბაზრის გადატვირთვა გამოიწვია. ამას შეგვიძლია დავუმატოთ დოლარის გამყარებაც, რის შედეგადაც მივიღებთ ნავთობის გაიაფების მზა რეცეპტს, მაგრამ რა მოხდება შემდგომში, ეს არც ისე მკაფიოა.

იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში ფიქლის ინდუსტრიის სწრაფი განვითარება გრძელდება, ხოლო მსოფლიო ეკონომკის მდგომარეობა ისევ შემაშფოთებელია, არსებობს მიზეზი ვივარაუდოთ, რომ ნავთობის ფასების ვარდნა კიდევ რაღაც დროის მანძილზე გაგრძელდება.

ასეთ მომენტებში თამაშში უნდა ჩართულიყო ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია. ოპეკს შეეძლო წარმოების შემცირების ხარჯზე ფასების სტაბილიზება მოეხდინა. კარტელმა ამ ნაბიჯს არაერთხელ მიმართა, მაგრამ ამჯერად ასე არ მოხდა. გასული წლის ბოლოს ოპეკმა განაცხადა, რომ არათუ არ შეამცირებდა ახლანდელ მოპოვებას დღეში 30 მილიონ ბარელი, არამედ ფეხსაც არ მოუცვლიდა ბარელის ღირებულება 20 დოლარი რომც გამხდარიყო. ეს არ იყო უბრალოდ მუქარა. ვენესუელას, ირანისა და ალჟირის პროტესტის მიუხედავად, რომლებიც ოპეკის უმსხვილესი მწარმოებლები არიან, საუდის არაბეთი არ წავიდა შემხვედრ ნაბიჯებზე. ოპეკის ქვეყნების უმრავლესობას ბიუჯეტი შედგენილი აქვთ ნავთობის ღირებულებით – ბარელი 100 დოლარი, თუმცა 900 მილიარდი დოლარის რეზერვით საუდის არაბეთს შეუძლია საკუთარ თავს დროის გაწელვის უფლება მისცეს.

მსოფლიო ნავთობის ბაზარზე ოპეკის წილი ახლა 30%-ზე ოდნავ მეტია, 1970 წელს ეს ქვეყნები თითქმის მთლიანი მიწოდების ნახევარს აკონტროლებდნენ. ნაწილობრივ წილი მცირდება იმის გამო, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე ფიქლის ნავთობის მწარმოებლები გავიდნენ მაჩვენებელზე – დღე/ღამეში 4 მილიონი ბარელი. „ასეთი სცენარის პირობებში, ვისგან არის მოსალოდნელი ფასის ვარდნის შესაჩერებლად წარმოების შემცირება“, – განაცხადა ოპეკმა იანვარში.

საუდის არაბეთი არ არის მზად მსხვერპლი გაიღოს ბაზარზე წილის შემცირებით მაშინ, როცა კონკურენტები, მათ შორის, ფიქლის ნავთობის მწარმოებლები, იფურჩქნებიან. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას შეუძლია ნავთობის დაბალი ფასები აიტანოს თითქმის ათწლეულის მანძილზე, საუდის არაბეთი მზად არის უკან დაიხიოს და ეკონომიკას მისცეს საშუალება დანარჩენი თვითონ გააკეთოს.
ოპეკის ასეთ გადაწყვეტილებას აქვს ბევრად მასშტაბური შედეგები, ვიდრე ფასების ვარდნის გაგრძელება. „ჩვენ ნავთობის ბაზრის ისტორიის ახალი თავი გადავფურცლეთ, რომელიც ისე მუშაობს, როგროც ჩვეულებრივი სანედლეულე ბაზარი, რომელზედაც კარტელები არ მოქმედებენ“, – აცხადებს სტიუარტ ელიოტი Platts-ის სააგენტოდან.

1navtpbi
შედეგებმა თავი ფაქტობრივად მყისიერად იჩინეს ინდუსტრიის სხვადასხვა სეგმენტში. უახლოეს თვეებში, შესაძლოა წლებში, სექტორში შტორმი ისევ გაგრძელდეს.

ოპეკის მხრიდან ხელოვნური მხარდაჭერის გარეშე და მსოფლიო ეკონომიკის სუსტი ზრდის ფონზე, დაბალი მოთხოვნის პირობებში, ბარელის ფასი 100 დოლარს ქვემოთ დარჩება უახლოესი წლების განმავლობაში.

სავარაუდოა, რომ ფიუჩერსების ბაზარზე ფასი თანდათანობით აიწევს ბარელზე 70 დოლარამდე 2019 წლისთვის. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ფასი იმერყევებს 40-დან 80 დოლარამდე კორიდორში, თუმცა უფრო ზუსტი პროგნოზის გაკეთება ამ მომენტისთვის შეუძლებელია.

ამ ფასების პირობებში ბევრ მწარმოებელს მოპოვება მოგებას აღარ მოუტანს. რისკის ქვეშ მოხვდებიან პირველ რიგში პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ ღრმა წყლებში ჭაბურღილდებიდან მოპოვებას. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არქტიკული ნავთობის მოპოვებას ბარელზე 100 დოლარის ღირებულების ქვემოთ აზრი არ აქვს, აქედან გამომდინარე, თვალსაწიერ მომავალში არქტიკის საბადოების ათვსება გაიყინება.

ჩრდილოეთის ზღვაში მოპოვებაც სერიოზულ რისკებს უკავშირდება: ახალი ჭაბურღილების გაჭრა გამართლებული იქნება მხოლოდ ბარელის 70-80 დოლარის ღირებულების პირობებში. 50 დოლარის ღირებულების პირობებში, მოპოვება ჩრდილოეთის ზღვაში 20%-ით შემცირდება. ეს არა მხოლოდ წარმოებაში ჩართულ კომპანიებს დააზიანებს, არამედ შოტლანდიურ ეკონომიკას მთლიანობაში. დაზუსტებული მარაგები მქონე საბადოების დამუშავება შეჩერდება სამხრეთ და დასავლეთ აფრიკაშიც.

რიგი ექსპერტის თქმით, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფიქლის რევოლუციის მომავალი. მოპოვების ღირებულება შესამჩნევად ვარირებს, მაგრამ Scotiabank-ის კვლევის თანახმად, ამერიკელი მწარმოებლისთვის საშუალო რენტაბელური ღირებულება ბარელზე 60 დოლარს შეადგენს. ამავე დროს, კვლევითი ჯგუფი Wood Mackenzie პროგნოზირებს, რომ ინვესტიციები ახალ ჭაბურღილებში ორჯერ შემცირდება და ამით შეუძლებელი გახდება წარმოების მოცულობის გაფართოება.

ძირითადი სანავთობე კომპანიები უკვე განიცდიან დანაკარგებს, აცხადებენ ინვესტიციების შემცირების შესახებ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რო BP-ის, Total-ისა და Chevron-ის აქციებმა ღირებულების 15% დაკარგეს გასული ზაფხულიდან მოყოლებული, დიდ მოთამაშეებს აქვთ საკმარისი რესურსები იმისთვის, რომ ნავთობის დაბალი ფასების პირობებში იცხოვრონ საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში.
მთელს მსოფლიოში და მათ შორის ამერიკაში, სანავთობე კომპანიების მომავალი ნაკლებად პროგნოზირებადია. ფიქლის გაზის მომპოვებელმა კომპანიებმა ბოლო 5 წლის მანძილზე დაახლოებით 160 მილიადი დოლარის კრედიტები დააგროვეს ბევრად მაღალი ფასებიდან გამომდინარე, არა იმის გათვალისწინებით, რაც ახლა ხდება ბაზარზე.

ექსპერტები ამბობენ, რომ ახლა სერვისული კომპანიებისთვისაც რთული დროა, ამ სეგმენტში მომუშავე კომპანიების აქციები საშუალოდ 30-50%-ით დავარდა. იანვარში კომპანია Schlumberger-მა, რომელიც ასეთი სერვისული კომპანიაა, 9 ათასი სამუშაო ადგილი შეამცირა, თანამშრომლების საერთო რიცხვის 8%. ნედლეულზე ფასების ვარდნის გამო ზარალდებიან არა მხოლოდ მენავთობეები: განახლებადი ენეგეტიკის სექტორიც დარტყმის ქვეშ მოექცა.
ახლო აღმოსავლეთში და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთ რეგიონში განახლებადი ენერგიისა და ნავთობის მიმწოდებლები პირდაპირი კონკურენტები არიან. იაფი ნავთობი პრობლემა გახდება მზის პანელების მწარმოებლებისთვის. ნავთობის ფასის შემცირება ამცირებს გაზის ფასებსაც – რომელიც განახლებადი წყაროების კონკურენტია. ეს ნიშნავს, რომ კომპენსაციისთვის შესაძლოა სუბსიდიების გაზრდა გახდეს საჭირო. ნავთობსა და გაზზე ფასების შემცირება კითხვის ქვეშ აყენებს მთავარ ეკონომიკურ არგუმენტს, რომელსაც ბევრი ხელისუფალი აყენებს განახლებადი ენერგიების მხარდასაჭერად – რომ წიაღისეული საწვავის ფასი მომავალში გაიზრდება.

navtobiii
პირველი სიმპტომები უკვე სახეზეა. Vestas-ს აქციები, რომელიც ქარის ტურბინების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია, ნახევარი წლის განმავლობაში 15%-ით გაიაფდა. JA Solar – ჩინური მზის პანელების მწარმოებელი კომპანიის აქციები კი 20%-ით.

ნავთობის დაბალი ფასები ელექტრომობილების მწარმოებლების შეშფოთებასაც იწვევს. აშშ-ში ჰიბრდების გაყიდვები მცირდება, ხოლო საწვავის მხაპავი ჯიპებისა კი – იზრდება.

ენეგეტიკულ სექტორში დაბალი ფასების ხანგრძლივობის შედეგი ფართე და ღრმა იქნება. მიუხედავად ამისა, ვიდრე საუდის არაბეთის „განზე დგომის“ გადაწყვეტილებით სანავთობე სექტოში ახალი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, მანამდე ფასების სტაბილიზაციის მექანიზმი ძველებურად ეფექტურია: ფასები ვარდება – მოპოვება მცირდება – მიწოდება მცირდება – ფასები იზრდება.

ფასების შემცირების პირდაპირი შედეგი იქნება ნედლეულის წარმოებისა და დამუშავების შემცირება. რამდენიმე წლის შემდეგ მიწოდებაც რომ შემცირდეს, თავის მხრივ ფასები გაიზრდება.
დღეს თუკი ბაზარზე მუშაობს ასეული მცირე მიმწოდებელი, თავისუფალ ბაზარზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან მიწოდებას რამდენიმე მსხვილი მოთამაშე აკონტროლებს. ექსპერტების აზრით, რეალური ცვლილებები შორს არ არის. მოძრაობა მოწოდებით, რომ საწვავი წიაღისეული თავის ადგილზე უნდა დარჩეს, რადგან მკვეთრი კლიმატური ცვლილებები თავიდან ავიცილოთ, გრძელდება.

ნახშირწყალბადებზე გონივრული ფასის შემოღება, რომელიც გავლენას მოახდენდა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის დონეზე, მხოლოდ დროის ამბავია. ამ ფასს კი მსოფლიო სანავთობე სექტორზე სერიოზული გავლენა ექნება.

გარდა ამისა, ისტორიაში პირველად მენავთობეები შეეჯახნენ ავტოტრანსპორტის სექტორში კონკურენციას, რომელზედაც მოდის ნავთობის მოხმარების ნახევარზე მეტი. ელექტრომობილები ჯერჯერობით ნიშურ პროდუქტად რჩება, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებამ შესაძლოა მისი მასობრივი წარმოება გამოიწვიოს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ბენზინზე და დიზელზე მოთხოვნას. ნავთობის ბაზარი სერიოზულ ტრანსფორმაციას გადის, მაგრამ უფრო ახლოს არის ფუნდამენტური ცვლილებები.