ინდოეთის ეკონომიკა – მომავლის საიდუმლო
მოამზადა ლინა ეპიშევამ
ინდოეთს საოცრებების ქვეყნად თვლიდნენ ჯერ კიდევ აფანასი ნიკიტინის ჩანაწერების დროიდან. ინდოეთის საოცრებებით აღფთოვანებულები იყვნენ ინგლისელები, რომლებიც ათწლეულობის განმავლობაში ამ ქვეყნის კოლონიზატორები იყვნენ, ასევე ევროპელები და ჩრდილოამერიკელები, რომელთაც ინდოეთში შეზღუდული შესვლის უფლება ჰქონდათ.
თუ “ტრადიციული ინდოეთის საოცრებების” სპექტრი იყო საკმაოდ ფართო და მრავალმხრივი, მე-XX საუკუნამდე ის არ შეიცავდა ინდუსტრიულ-ეკონომიკური თვისებების მოვლენებს. ინდოეთი არის “მახაბხარატა” და იოგი, ტაჯ-მაჰალი და ცნობილი მონღოლების განძი, მაგრამ ინდოეთი და ინფორმაციულ-ტექნოლოგიური პროცესი? მიუხედავად ამისა, 90 წლების მეორე ნახევარში სხვადასხვაგვარი ემოციურობისგან თავისუფალი სამრეწველო-საფინანსო სფეროს ანალიტიკურ წყაროებში აქტიურად განიხილებოდა ინდოეთის ინფორმაციული ტექნოლოგიების რევოლუციის თემა და მისი წარმოუდგენელი მიღწევები. Credit Suisse-ის, First ational Bank of Boston-ის, Marryl Lynch da Elsina-ს სპეციალისტთა პუბლიკაციებში “ინდოეთის ტექნოლოგიურმა საოცრებამ” საერთო ადგილი დაიკავა.
მეორე მხრივ, სხვაგვარად როგორ შეიძლება დავადგინოთ ის ფაქტი, რომ ქვეყანამ, რომელიც ინფორმატიზაციის მსოფლიო პროცესებისგან ასე შორს იდგა, მხოლოდ ხუთი წლის მანძილზე (1997-2002) პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტის მოცულობის ათჯერად ზრდას მიაღწია და მსოფლიო ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგისთვის კრიზისულ 2002 წელს IT-პროდუქციის და მომსახურეობის წარმოების 30%-იანი ზრდა უზრუნველყო.
ბოლო დროს ინდოეთის ელქტრონული წარმოების ზრდა ყოველწლიურად 25-30%-ს შეადგენდა. ქვეყანა უშვებს საკუთარ კომპიუტერებს, საკომუნიკაციო მოწყობილობას, რადიო-სამაუწყებლო და სტრატეგიულ მოწყობილობას, ტელევიზორებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას.
დღეს ინდოეთის ეკონომიკა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკათა შორის განიხილება. მყიდველობითი უნარის კუთხით ქვეყანა მეხუთე ადგილს იკავებს. ინდოეთში არის მსხვილი და სწრაფად მზარდი სამომხმარებლო ბაზარი – სამომხმარებლო საქონლის ბაზრის, ძლიერი კერძო სექტორის ფორმირება ხორციელდება 300 მილიონზე მეტი ადამიანის მიერ.
ინდოეთის ეკონომიკის ბოლო მონაცემები სახელმწიფო ლიდერების ოპტიმიზმს იწვევს. უცხოელი ექსპერტების აზრით, შემდგომი ათი წელი ინდოეთს “ეკუთვნის”, იგი გაუსწრებს სამხრეთ კორეას, ჩინეთს, სინგაპურს და მალაზიას.
ინდოეთი უკვე შევიდა აზიის იმ სამი სახელმწიფოს რიცხვში, სადაც ეკონომიკის ზრდა უსწრაფესი ტემპებით ვითარდებოდა. რას უნდა ნიშნავდეს ჩინეთისთვის ეკონომიკური ზრდის ასეთი მაღალი მაჩვენებლის მიღწევა? – ერთ სულ მოსახლეობაზე შემოსავლის ზრდას; ქვეყანაში სიღარიბის დონის შემცირებას 15-20%-მდე, იმ შემთხვევაში თუ ინდოეთის ეკონომიკის განვითარების ყოველწლიური ტემპები უფრო მეტად გაიზრდება და 8-10%-ს მიაღწევს. ასეთი დონის მიღწევა ინდოეთის ხელისუფლების ეკონომიკური სტრატეგიის მთავარი მიზანია.
მომავალ ათ წელიწადში ინდოეთი გიგანტურ წარმატებებს მიაღწევს. ჰარვარდის უნივერსიტეტის ცნობილი მეცნიერების, ნირუპამ ბაჯპაჯის და ჯეფრი საქსის აზრით, ინდოეთის ეკონომიკურ მოდელში ჩადებულია დიდი პოტენციალი, რომლის მთლიანად გამოყენების შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპების მიღწევა განხორციელებადი ხდება, მაგრამ ინდოეთის “ეკონომიკური რენესანსი” გუშინ არ დაიწყო. დელიში მდებარე გამოყენებითი ეკონომიკის ეროვნული საბჭოს მთავარი ეკონომისტი, სუბირ გოკარი ხაზგასმით აღვნიშნავს, რომ ინდოეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების მქონე ქვეყნების რიცხვში ჯერ კიდევ ოცი წლის წინ შევიდა. 80-იან წლებში ეს მაჩვენებელი ქვეყანაში 5,5%-ის დონეზე იყო, ხოლო შემდგომ 6%-ზე ზემოთ ავიდა.
ინდოეთის ეკონომიკური აღმავლობის საფუძველი 80-იან წლებში ჩაიდო, როცა ქვეყნის ეროვნული მეურნეობა ძალზე არასახარბიელო მდგომარეობაში იყო და რესპუბლიკის ფინანსური დეფოლტის საკითხი დადგა. ქვეყნაში იყო ინფლაცია, სახელმწიფოს შიდა ვალის ზრდა, ოქროს-სავალუტო რეზერვი კატასტროფულად დაბალ დონემდე დაეცა. მოუქნელი სახელმწიფო მანქანა მთავრობის ბრძანებებზესუსტად რეაგირებდა, მაგრამ რეფორმები თანდათან ძლიერდებოდა. 80-იან წლებში რაჯივ განდის ხელმძღვანელობით, ინდოეთის ეროვნული კონგრესის მიერ დაწყებული ლიბერალიზაციის პოლიტიკის შედეგად, შესაძლებელი გახდა განვითარების მყარი ტემპების მიღწევა, ინდუსტრიულ განვითარებაში კერძო სექტორის როლის ზრდა, ქვეყანაში უცხოური კაპიტალის, ტექნოლოგიების და ნედლეულის შედინება. ეკონომიკურმა ლიბერალიზაციამ ბაზრის გასავლიანი საქონლით გაჯერებას ხელი შეუწყო, გამოიწვია ნამდვილი სამომხმარებლო ბუმი და საშუალო კლასის რიცხვის ზრდა.
1991 წელს ინდოეთის კონგრესიულმა მთავრობამ ნარასიმხა რაოს მეთაურობით გაატარა “ახალი ეკონომიკური პოლიტიკა”, რომელიც სამ საკვანძო მიმართულებას შეიცავდა: ვაჭრობის და ინვესტიციების ლიბერალიზაციას, ფინანსურ სტაბილიზაციას და სახელმწიფო სექტორის საწარმოების რეფორმას. ინდოეთის რეფორმების კურსის უმთავრეს მიმართულებად აგრეთვე ითვლებოდა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა უღარიბესი ფენების დახმარებაზე ორიენტირებული სოციალური მომსახურეობის პროგრამების განხორციელება. ამასთან პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლებოდა მსოფლიო ეკონომიკაში ინდოეთის როლის გაძლიერება ექსპორტის მოცულობის სტაბილური ზრდის უზრუნველყოფის, უცხოური ინვესტიციების ფართო მოზიდვის და საგარეო ვალების კეთილგონივრული მართვის გზით.
მას შემდეგ, რაც ინდოეთში ხელისუფლების სათავეში ჩადგა ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსის კოალიციური მთავრობა, დამკვირვებლები რესპუბლიკის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ იმედოვნებდნენ, რომ მათი წინამორბედების ეკონომიკური სტრატეგიის და ეკონომიკური რეფორმების ახალი ფაზის განხორციელება გაგრძელდებოდა. თავის პრაქტიკულ საქმიანობაში ა.ბ. ვაჯპაის მთავრობამ ამ იმედების დასაბუთებულობა დაამტკიცა და მტკიცედ ახორციელებდა ეკონომიკური რეფორმების რეალიზაციის პოლიტიკას, უპირველეს ყოვლისა, ფისკალური დეფიციტის შემცირებას, საგადასახადო ბაზის გაფართოებას და სამრეწველო საწარმოების განსახელმწიფოებრიობას. ინდოეთის ლიდერები მომდევნო რეფორმების ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად საბანკო სფეროში რეფორმის პერსპექტივას, გაკოტრების კანონმდებლობის და პროცედურის შეცვლას, შრომის კანონმდებლობის განახლებას მიიჩნევდნენ.
ინდოეთის ეკონომისტები ეროვნული მეურნეობის ამ მასშტაბური გეგმების პრაქტიკული შესრულების შესაძლებლობას მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობის მომდევნო გაუმჯობესებაში ხედავენ. ინდოეთის ეკონომიკის მომდევნო ლიბერალიზაციისთვის მთავარი მნიშვნელობა ამ ქვეყნის და საერთოდ, სამხრეთ აზიის პოლიტიკურ სტაბილურობას ენიჭება. ამ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უცხოელი ინვესტორებისათვის, რომლებიც შეწუხებულები არიან ჩრდილო ინდოეთის შტატში, ჯამა და კაშმირში ისლამური ტერორისტული დაჯგუფებების აქტიურობით, რაც უარყოფითად მოქმედებს ინდოეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. 1999 წლის მაის-ივლისში კარგილის რაიონში მომხდარმა ინდოეთ-პაკისტანურმა სამხედრო კონფლიქტმა ინდოეთის ეკონომიკაზე გარკვეული უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა: ინდური რუპიას კურსი დაეცა, მოხდა უცხოური ინვესტიციების დროებითი უკუდენა და ბომბეის საფონდო ბირჟის საქმიანი აქტიურობის ინდექსის ვარდნა, მაგრამ პაკისტანთან კონფლიქტში გამარჯვების შემდეგ საფონდო ბაზარზე კვლავინდებური ტენდენცია გავრცელდა და მდგომარეობა სავალუტო ბაზარზე გამოსწორდა. თუმცა კონფლიქტი კარგილში ინდოეთის საინვესტიციო კლიმატზე უარყოფითად არ აისახა და ეს ქვეყანა უცხოელი ინვესტორებისათვის ნაკლებად მიმზიდველი არ გახადა. უცხოელ საქმიან პარტნიორებს კვლავ აწუხებს სამხრეთ აზიის რეგიონში მოვლენების ასეთი განვითარება და ინდოეთში შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა.
ამ უარყოფითი ფაქტორების მიუხედავად, ინდოეთის ეკონომიკა სტაბილურად ვითარდებოდა. მშპ-ის ზრდამ მრეწველობაში 6%-ს მიაღწია, ხოლო სოფლის მეურნეობაში – 3%-ს. გაიზარდა პროდუქციის ძირითადი სახეების წარმოება, მათ შორის ელექტროენერგიის, გაზის და მარცვლეული კულტურების. დაეცა ინფლაციის ტემპები, ოქროს-სავალუტო მარაგი 34,9 მილიარდამდე გაიზარდა, ინდოეთის მდგომარეობა საგარეო საფინანსო ბაზარზე უფრო სტაბილური გახდა. 1999 წელს გარკვეულ დაძაბულობას იწვევდა ინდოეთის სახელმწიფო ბიუჯეტის ფისკალური ბიუჯეტის მატება. ეს აიხსნებოდა თავდაცვაზე დანახარჯებით, ნავთობზე ფასების ზრდით და მცირე საგადასახადო შემოსავლებით. ეკონომიკური რეფორმების ურყევი განხორციელების და ხელსაყრელი პირობების უზრუნველსაყოფად რესპუბლიკაში მუშავდება, ხორციელდება და მუდმივად განახლდება მთავრობის საინვესტიციო და ექსპორტ-იმპორტის პოლიტიკა, სავალუტო და საგადასახადო კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს პრეფერენციებს, უპირატესობებს და თავდაცვით ზომებს ეკონომიკის პრიორიტეტული დარგების და კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად.
ინდოეთის მთავრობა ძირითად ყურადღებას ელექტროენერგიის განვითარებას აქცევს. ამ სფეროში ძირითად ორიენტირად არჩეულია 2012 წელი. ამ წლისათვის იგეგმება ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის გაორმაგება. ერთდროულად გრძელდება ნავთობის და გაზის პროგრამების განვითარება, რომლის ფარგლებში ინდური და უცხოური კომპანიები ეძებენ ახალ საბადოებს. ინდოეთის მთავრობის მსგავსი პროგრამების შესრულება ითვალისწინებს სავაჭრო ურთიერთობების მომდევნო გლობალიზაციის და უცხოელი ინვესტორების მოზიდვის ტენდენციას, რაც ზრდის უცხოელი ინვესტორების ინდოეთის ბაზრით დაინტერესებას. ამის მანიშნებელია ინდოეთში 2,5-3,5 მილიარდი დოლარის დონეზე განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ერთობლივი საწარმოების შექმნა და ინდოეთის ბიზნესის კომერციული და გრძელვადიანი დაკრედიტება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელშეწყობით.
სამხრეთ აზიის სუბკონტინენტზე მდებარე რესპუბლიკა სულ უფრო ფართოდ იხსნება მსოფლიოსთვის. ეს შესაძლებელი გახდა დელის ახალი იმპორტის ლიბერალიზაცის პოლიტიკის გამო. ასე, 2000 წელს იმპორტისთვის შეზღუდული ინდური საქონლის ნუსხაში 2714 პოზიციიდან მხოლოდ 665 პოზიცია დარჩა. იმპორტზე შეზღუდვებების მოხსნა სტიმულირდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინაშე ინდოეთის ვალდებულებებით. ის აზიის ამ ქვეყნისგან უცხოური საქონლის გზაზე მდგომი ყველა არასატარიფო სავაჭრო ბარიერის მოხსნას მოითხოვს. ინდოეთს მწვავე უთანხმოება აქვს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დასავლურ პარტნიორებთან ელექტრონული ტექნოლოგიების სფეროში ლიბერალიზაციის პოლიტიკის და ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე.
ანალიტიკოსთა გამოთვლით, 2004 წელს ინდოეთის ეკონომიკური ზრდა 8 პროცენტს მიაღწევს. ეს შთამბეჭდავი მაჩვენებელი ძირითადად, სოფლის მეურნეობის ხარჯზე მიიღწევა, რომელზეც ქვეყნის ეკონომიკის დიდი ნაწილია დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, არნახული ტექნოლოგიური წინსვლის მიუხედავად, ინდოეთის ეკონომიკა უამინდობას უფრო განიცდის, ვიდრე მსოფლიო ბაზარზე ვალუტის რყევას. 2003-2004 წლებში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4 % შეადგინა, რისი მიზეზიც მოსავლისათვის არახელსაყრელი ამინდი იყო.
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანას, ინდოეთს სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს. ბევრი სპეციალისტი მას ჩინეთზე გაცილებით უკეთეს მომავალსაც კი უწინასწარმეტყველებს. ეს მოსაზრება იმას ეფუძნება, რომ ინგლისელთა ბატონობის შემდეგ ამ ქვეყანამ უკეთ შეითვისა დასავლური ტრადიციები – აქ კონკურენცია გაცილებით უფრო ღიაა, კომპანიათა მოღვაწეობა გამჭირვალე; ქვეყნებში მოქმედებს ეფექტური სასამართლო სისტემა, რაც მეტად მნიშვნელოვანია სამეწარმეო საქმიანობისათვის. მთელი სახელისუფლო სისტემაც ლიბერალურ-დემოკრატიულია. ქვეყნის სათავეშიც უცხოეთში (ძირითადად, ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში) განათლებული სახელმწიფო მოხელეები დგანან. ჩინეთისაგან განსხვავებით, ინდოეთს აქცენტი არ გაუკეთებია გარე ინვესტიციების მოზიდვაზე. მართალია, ამ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სისტემა სოციალისტურადაა მიჩნეული, მაგრამ ეს უფრო ზომიერი სოციალიზმია, რომელიც ძალიან შორსაა საბჭოური სისტემისაგან. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში შიდა სამეწარმეო საქმიანობისათვის ყოველთვის კარგი პირობები იყო შექმნილი და ამან შედეგიც გამოიღო. ისევ ჩინეთს თუ შევადარებთ, მართალია, მსოფლიოს ყოველ კუთხეში “მეიდ ინ ჩაინა”-თი დამშვენებულ საქონელს ვაწყდებით, მაგრამ ამავე დროს რომელიმე ცნობილი ჩინური მარკის, ჩინური კომპანიის დასახელება ყველა მომხმარებელს გაუჭირდება. მიზეზი ისაა, რომ ეს კომპანიები მსოფლიო ბაზარზე არაკონკურენტუნარიანნი არიან და ეს არც უნდა იყოს გასაკვირი; ჩინეთის ეკონომიკური პოლიტიკა ხომ ინვესტიციების მოზიდვას ემყარებოდა და ემყარება. შიდა ბაზარზე აქ კონკურენცია თითქმის არ იყო დაცული. შედეგად, შესაძლოა, “მაკდონალდის” სათამაშოები ან “ბარბი” ჩინეთში მზადდებოდეს, მაგრამ ეს ხომ ჩინური მარკები არა არის.
ინდოეთში თანდათან მოძლიერდნენ ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც ახლა მსოფლიო მასშტაბით გახდნენ კონკურენტუნარიანნი. ესენი არიან იგივე პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტები “ინფოზისი” და “უიბრო”, ფარმაცევტული და ბიოტექნიკური ფირმები “რანბაქსი” და “დოქტორ რედის ლებზი” და სხვა. “ფორბსის” მიერ დასახელებულ 200 საუკეთესო კომპანიას შორის ცამეტი ინდური კომპანია მოხდა, ჩინური კი – მხოლოდ ოთხი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, წინსვლის მიუხედავად, ინდოეთის ეკონომიკის დიდი წილი კვლავ სასოფლო მეურნეობაზეა დამოკიდებული. ცხადია, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებამდე ინდოეთს ბევრი უკლია. თუმცა, თუ იმავე ჩინეთს შევადარებთ, უნდა ითქვას, რომ პერსპექტივაში ისევ ინდოეთს უნდა მივცეთ უპირატესობა. თუ ინდოეთის სისუსტე სასოფლო მეურნეობის ერთობ დიდი სექტორია, ამ მხრივ არც ჩინეთს აქვს უკეთ საქმე. გარდა ამისა, ჩინეთს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია წაგებაზე მომუშავე სახელმწიფო საწარმოების პრობლემა.
ეკონომიკური განვითარების “ინდოეთის მოდელის” შემქმნელები ამტკიცებენ, რომ პირველ ადგილზე დგას ეროვნული მიზნები და ეკონომიკის აყვავება. რესპუბლიკა მილიარდული მოსახლეობით ცდილობს დაამტკიცოს, რომ მისი წარმატებები შემთხვევითი არ არის და რომ ის შეძლებს გახდეს მსოფლიო ლიდერი ეკონომიკური ზრდის ტემპებით. მიაღწევს თუ არა ამას ინდოეთი, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ნათელია, რომ ამ აზიურ ქვეყანას არ სურს იყოს განვითარებადი ქვეყნების რიცხვში. იგი აპირებს გახდეს ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყანა უმოკლეს ვადაში.