ჩინეთის ეკონომიკის შემცირების მიზეზები
მოამზადა მაკა ღანიაშვილმა
ჩინეთმა საკუთარი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2015 წელს 7%-მდე შეამცირა, რაც ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება ბოლო 20 წლის განმავლობაში, მაგრამ როგორც პირველი კვარტლის მონაცემები ცხადყოფს, ამ მიზნის მიღწევაც კი შეიძლება გაუჭირდეს მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკას. 2014 წლის ბოლოს ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7,4% შეადგინა და 10,4 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც 1998 წლის შემდეგ, ეკონომიკური ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ჩინეთის „ეკონომიკური სასწაული“ ბევრი ქვეყნისთვის შურის მიზეზია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მისი ეკონომიკის შემცირება გლობალურ ეკონომიკაზე ცუდად აისახება. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩინეთის ეკონომიკის ასეთ შემცირებას არავინ ელოდა (2012 წლისთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზების მიხედვით ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ყოველწლიურად 8%-ზე მეტი იქნებოდა 2017 წლამდე).
ჩინეთის ეკონომიკის პრობლემების ერთ-ერთი მიზეზია ნედლეულის ბაზარზე ფასების ვარდნა ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაწყებული რკინის მადნიდან ნახშირით დამთავრებული. რაც ყველაზე უარესია, ჩინეთის ეკონომიკის პრობლემების გაგრძელების შემთხვევაში, ფასები კიდევ უფრო მეტად შემცირდება. ჩინეთიდან გამოსული სუსტი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე, ნაციონალური ვალუტა დოლართან მიმართებაში უკვე ზედიზედ რამდენიმე დღეა პოზიციებს კარგავს. ერთი დოლარი დაახლოებით 6.21 იუანი ღირს, რაც ბოლო რამდენიმე კვირის მინიმალური მაჩვენებელია. მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანას რომ პრობლემები აქვს, ექსპორტის მკვეთრად შემცირებული მაჩვენებლის შემდეგ, ეკონომიკური ზრდის ციფრიც მოწმობს. შემცირებულია წარმოების ტემპებიც და ის 2008 წლის მაჩვენებელს უტოლდება. არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა უძრავი ქონების სექტორშიც, რაც ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთ უმთავრეს ინდიკატორად მოიაზრება. ჩინეთში მკვეთრად შემცირებულია ახალაშენებული სახლების გაყიდვები, იკლებს ფასები და შესაბამისად მცირდება მშენებლობის ტემპიც. სამრეწველო პროდუქტების ზრდა ჩინეთში, გასულ წელს, 8,3%-მდე შემცირდა – 2013 წელს ეს მაჩვენებელი 9,7% იყო. ინვესტიციების ზრდამ კი 15,7% შეადგინა.
რა არის ჩინეთის ეკონომიკის ვარდნის მიზეზი?
პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ თავიდანვე შეუძლებელი იყო ჩინეთის ეკონომიკა ბოლო 30 წლის მანძილზე წელიწადში საშუალოდ 10%-ით გაზრდილიყო. ეკონომიკის თეორიიდან და პრაქტიკიდანაც ცნობილია, რომ რაც უფრო დიდი ხდება ეკონომიკა, სულ უფრო რთული ხდება ზრდის ფართო მასშტაბების მიღწევა. იმ შემთხვევაში, თუ წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 7%-ს მიაღწევს, ამ მაჩვენებლით მისი დამატებითი გამომუშავება 2007 წლის გამომუშავებაზე მეტი იქნება, როცა მშპ-ს ზრდის მაჩვენებელმა 14% შეადგინა.
გრძელვადიან პერიოდში ზრდა არის სამუშაო ძალის, კაპიტალისა და პროდუქტიულობის ცვლილების შედეგი. როდესაც სამივე მათგანი იზრდება, როგორც ეს მოხდა ჩინეთში ბოლო მრავალი წლის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდა კულმინაციას აღწევს. მაგრამ ყველა ეს მაჩვენებელი ახლა ჩინეთში მცირდება. ჩინეთის სამუშაო ძალის წილმა მოსახლეობაში პიკს 2012 წელს მიაღწია. პიკს მიაღწია ინვესტიციებმაც (მშპ-ს 49%-იანი მაჩვენებლით, მაჩვენებელი რომელიც ქვეყნების უმეტესობას არასოდეს უნახავს) და ბოლოს, ჩინეთის ტექნოლოგიური ჩამორჩენა სულ უფრო მცირდება განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტიულობის ზრდის ტემპებიც კიდევ უფრო შემცირდება.
ჩინეთის ეკონომიკის მოსალოდნელზე მეტად შემცირების ფაქტი კიდევ რამდენიმე ტენდენციით შეიძლება აიხსნას. ერთ-ერთია ჩინეთის მთლიანი ვალი, რომელმაც (სამთავრობო, შიდა მეურნეობებისა და კორპორაციების ვალის ცათვლით) მშპ-ს 250% შეადგინა, 2008 წელს ეს მაჩვენებელი 150% იყო. მართალია, ეს ვალი დაეხმარა ჩინეთს ნაკლები სიმძიმით გადაეტანა მსოფლიოს ფინანსური კრიზისის გავლენა, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ვალის ამხელა მაჩვენებელი ეკონომიკაზე კარგ გავლენას არ ახდენს. რაც ყველაზე ცუდია ჩინეთისთვის, ვალის დიდი ნაწილი მიემართება ჩინეთის უძრავი ქონების სექტორში. მაშინ როცა გაუყიდავი უძრავი ქონების მაჩვენებელი ქვეყანაში რეკორდულად გაიზრდა. უძრავი ქონების სექტორი, რაც გასული წლების ეკონომიკის ზრდის 15%-ს შეადგენდა, მცირდება. მცირდება ახალაშენებული უძრავი ქონების მაჩვენებელიც. ამ გადასახედიდან ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპების შემცირება უფრო მეტად ციკლურია, ვიდრე სტრუქტურული.
ზედაპირულ ეკონომიკურ ზრდას მოჰყვება კორექცია. კრედიტების გაჯანსაღებას წლები დასჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთის ფინანსური სისტემა ჩაკეტილია, მასზე გლობალური კრიზისის გავლენის რისკი ნაკლებია, მაგრამ მედლის მეორე მხარე ის არის, რომ ჩინეთს უფრო მეტი დრო დასჭირდება „ცუდი“ ვალებისგან გასათავისუფლებლად. კარგი ამბავი ის არის, რომ ეკონომისტების შეფასებით, ჩინეთის ეკონომიკის ვარდნის როგორც ციკლური, ისე პოლიტიკური მიზეზი პერმანენტულია. ამიტომ მათი შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანას შეუძლია ზრდის ტემპების გაუმჯობესება.
ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა უკვე 2-ჯერ მიიღო საპროცენტო განაკვეთების შემცირების გადაწყვეტილება. ამასთანავე, შეუმცირა კომერციულ ბანკებს სავალდებულო რეზერვები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკებს სხვადასხვა სახის კრედიტების გასაცემად ფული გამოუთავისუფლდათ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს კვირეებსა თუ თვეებში ბანკი კვლავ მიმართავს ეკონომიკაში რბილ მონეტარულ პოლიტიკას. თუმცა ჯერჯერობით, ჩინეთის ცენტრალური ბანკი ყოყმანობს გააგრძელოს თუ არა რბილი მონეტარული პოლიტიკა. ფისკალური წესების ცვლილებებმა რთული გახადა ადგილობრივი მთავრობებისთვის ფულის დახარჯვა. შედეგად სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 5 წლის მინიმუმზე დაფიქსირა 1.1%, საწარმოო ფასები კი დეფლაციაშია.