ფსონი გაზზე


მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

ნავთობისა და გაზის სექტორში, ბოლო 20 წლის მანძილზე ერთ-ერთი უმსხვილესი შერწყმა-გაერთიანება ნავთობის ფასების მკვეთრი შემცირების შემდეგ, 2014 წელს ხდება. Shell-ის მიერ ბრიტანული BG-ის შესყიდვამ შესაძლოა დარგის კონსოლიდაციაში ახალი თავი გადაფურცლოს.
ანგლო-ჰოლანდიური ნავთობისა და გაზის გიგანტმა Royal Dutch Shell-მა აპრილის დასაწყისში განაცხადა 70 მილიარდ დოლარად ბრიტანული გაზის კომპანია BG Group-ის შესყიდვის შესახებ. BG British Gas-ის ქვეგანყოფილება იყო დაზვერვასა და მოძიებაში და ცალკე სტრუქტურად 1997 წელს ჩამოყალიბდა, Shell-თან შერწყმა კი ბოლო პერიოდის ენერგეტიკული სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამ გარიგების შედეგად შეიქმნება კომპანია, რომლის ერთობლივი კაპიტალიზაცია 265 მილიარდი დოლარია, 1,5-ჯერ მეტი, ვიდრე ბრიტანულ საფონდო ბაზარზე კაპიტალიზაციით ნომერ მეორე კომპანია საბანკო გიგანტი HSBC Corporation.

BG Group-ის პრეზიდენტი, ნორვეგიელი ჰელგე ლუნდი, რომელმაც ეს სავარძელი მხოლოდ თებერვლის დასაწყისში დაიკავა, პოსტს გარიგების გაფორმების შემდეგ 2016 წელს დატოვებს და შეძლებს 37 მილიონი დოლარის „ოქროს პარაშუტის“ მიღებას. შერწყმა ინვესტბანკებსაც მისცემს „საკბილოს“, რომლებიც ორივე კომპანიის კონსულტირებას ახდენენ. Goldman Sachs და საბროკერო კომპანია Robey Warshaw 50-50 მილიონ დოლარს მიიღებენ BG Group-ისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევისთვის, ხოლო Bank of America Merrill Lynch 82 მილიონს მიიღებს Shell-ისთვის გაწეული სამსახურისთვის.

გარიგება, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაში რეგულატორის ნებართვა სჭირდება, მათ შორის ევროკავშირსა და ავსტრალიაში, არის Royal Dutch Shell-ის პრეზიდენტის ბენ ვან ბერდენისა და BG Group-ის მმართველობის თავმჯდომარის ენდრიუ გოულდის იდეა. როგორც კი ცნობილი გახდა გარიგების შესახებ, ვან ბერდენი გოულდომს დაუკავშირდა და შესთავაზა თავის ძალისხმევა შერწყმაში, ხოლო მოლაპარაკებამ მხოლოდ 3,5 კვირა გასტანა. ასეთი სისწრაფე იმით იყო გამოწვეული, რომ Shell-მა BG-ის აქციონერებს ქაღალდების საბაზრო ღირებულებასთან შედარებით მნიშვნელოვანად დიდი პრემია შესთავაზა შერწყმის პროცესში.

შერწყმა გაზრდის Royal Dutch Shell-ის დაზუსტებულ მარაგებს 25%-ით, ხოლო მოპოვებას 20%-ით. გაერთიანებული სტრუქტურა გახდება მსოფლიოში მესამე უმსხვილესი კომპანია ბუნებრივი გაზის მოპოვებაში „გაზპრომისა“ და ირანული ეროვნული კომპანია NIOC-ის შემდეგ. დასავლელ კომპანიებს შორის კი Shell + BG კაპიტალიზაციით მხოლოდ ExxonMobil-ს ჩამორჩება, 2018 წელს გაუსწრებს თავის ამერიკელ კონკურენტს მოპოვების მოცულობით.

Shell-ის მზადყოფნა გადაიხადოს საბაზრო ფასზე მეტი ღირებულება BG-ისთვის, მიანიშნებს იმაზე, თუ რამდენად არიან დაინტერესებულნი ნავთობისა და გაზის კომპანიები მარაგების ხელში ჩასაგდებად თუნდაც ფასების შემცირების ფონზე. ეს ხომ ბევრად იაფია, ვიდრე თავად აწარმოოს კომპანიამ ახალი საბადოების დაზვერვითი და დამამუშავებითი სამუშოები. რაც ასევე ხაზს უსვამს დარგში კონსოლიდაციის მოსალოდნელ ტენდენციას გასულ წელს ფასების მკვეთრი ვარდნის შემდეგ. 2014 წლის ნოემბერში ნავთობის სფეროში სერვისულმა კომპანიამ Halliburton-მა შეიძინა თავის კონკურენტი Baker Hughes 38 მილიარდ დოლარად. ბერდენის თქმით, არსებული ფასნამატი, რომლის გადახდასაც მისი კომპანია აპირებს, არ არის უჩვეულო ნავთობისა და გაზის სფეროში. ხოლო ნავთობის ფასების შემცირებამ კარგი შესაძლებლობა გააჩინა BG Group-ის შესაძენად, რომლის აქციებიც 25%-ზე მეტადაც გაუფასურდა 2014 წლის ივნისის შემდეგ, როცა ვარდნა დაიწყო.
გაერთიანებული კომპანია 2016-18 წლებში 30 მილიარდი დოლარის აქტივებს გაყიდის და ამ სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი ინვესტორებს დაუბრუნდება 25 მილიარდი დოლარის მოცულობის აქციების გამოსყიდვის პროგრამის ფარგლებში. Shell მიიჩნევს, რომ სინერგიის ეფექტით, გაერთიანებული კომპანია შეძლებს ყოველწლიურად მიიღოს დამატებით 2,5 მილიარდი დოლარი.

gazi
წყარო: www.bloomberg.com

ნახსენები გაერთიანება მნიშვნელოვნად გააძლიერებს მის პოზიციებს საკვანძო პროექტებში, მათ შორის გათხევადებული ბუნებრივი გაზის ბაზარზე და ბრაზილიის ნაპირებთან ღრმაწყლოვანი საბადოების დამუშავებაში.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ BG და Shell ძალიან დაინტერესებულნი არიან გათხევადებული ბუნებრივი გაზის სეგმენტის განვითარებით, რომელიც საშუალებას იძლევა მთელ მსოფლიოში ტანკერების საშუალებით მომხმარებელს მიაწოდოს გაზი და ჩახსნას ბაზარი მაგისტრალურ გაზსადენებს. ორივე კომპანიაზე მოდის გათხევადებული ბუნებრივი გაზის გლობალური ბაზრის 16%, რაც გაერთიანებულ კონცერნს ბაზარზე აშკარად ლიდერად აქცევს. Shell-ის მენეჯმენტს კარგად ესმის სეგმენტის მიმზიდველობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია დაბალი რისკები და მოგების მაღალი ნორმა, ვიდრე ახალი საბადოების დაზვერვასა და დამუშავებაში.

ეს შერწყმა-გაერთიანება იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ დარგში მოსალოდნელია კონსოლიდაციის ახალი ტალღა. BP – ბრიტანეთის კიდევ ერთი გიგანტი ამ დრომდე იძულებულია საქმე ჰქონდეს 2010 წელს ავარიის შედეგად ნავთობის ჩაღვრის მძიმე შედეგებთან, რაც მრავალმილიარდიანი ჯარიმების მიზეზი გახდა. რაც შეეხება ევროპაში მოსალოდნელი გარიგების პოტენციურ აქტორებს, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ფრანგული Total-ის, იტალიური Eni-ის, ნორვეგიული Statoil-ისა და ესპენური Repsol-ის შერწყმა შესაძლოა ნაციონალურმა რეგულატორებმა დაბლოკონ. გარდა ამისა, ასეთ გაერთიანებებს დაუპირისპირდება პროფკავშირებიც, ცნობილია, რომ ნებისმიერი გაერთიანება ამცირებს სამუშაო ადგილებს.

Shell-ისა და BG-ის გაერთიანების შემდეგ ძალიან მალე ლონდონის სიტიში გავრცელდა ხმები, რომ მსგავსი „შოპინგით“ შესაძლოა ამერიკული კომპანიები დაინტერესდნენ – ExxonMobil ან Chevron – მათ შორის ExxonMobil – BP-ით. თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ ასეთი მეგაშერწყმების პროცესში შესაძლოა ბევრი დაბრკოლება გაჩნდეს, პირველ რიგში, ანტიმონოპოლიური რეგულატორები ასეთი მსხვილი გაერთიანებული კომპანიებისგან მნიშვნელოვანი აქტივების გაყიდვას მოითხოვენ, რაც გარიგების ეფექტს შეასუსტებს. მეორე რიგში, Exxon დიდი ხანი არ არის, რაც რუსეთის ფედერაციაში დაზვერვების ერთობლივი პროექტებიდან სანქციების გამო გამოვიდა. ამიტომაც ნაკლებსავარაუდოა, რომ ის დაინტერესებული იყოს ისეთი კომპანიის შეძენით, რომელსაც ფედერაციაში მნიშვნელოვანი აქტივები აქვს. მესამეც, მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის დაუსრულებელი საქმე გარიგებას გაართულებს.

ამიტომ, შესასყიდად ყველაზე კარგი კანდიდატები მეორე ეშელონის, არც ისე დიდი ნავთობისა და გაზის კომპანიები არიან, რომელთა საფინანსო ბალანსზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ნავთობის ფასების ვარდნამ. აღნიშნული შერწყმის შემდეგ მკვეთრად დაეცა ისეთი კომპანიების აქციები, როგორიცაა Ophir Energy, Tullow Oil და Nostrum Oil & Gas. ასე მოახდინა ბაზარმა რეაგირება იმაზე, რომ ისინი შეიძლება გახდნენ პოტენციური სამიზნეები მსხვილი კომპანიებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ თვითონ Shell + BG-ის მხრიდანაც კი.