ერთიანი ევროპის იდეა პოზიციებს კარგავს
საფრანგეთის ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება, სხვა ეკონომიკური პარამეტრები უარესდება, ფრანგები კი ამაში მთავარ დამნაშავედ პრეზიდენტის პოლიტიკასა და ევროპის სავალო კრიზისს მიიჩნევენ. პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის რეიტინგი ყველაზე დაბალია მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტად აირჩიეს. მისმა დანაწევრებულმა, სოციალისტურმა პარტიამ მესამე ადგილი დაიკავა საპარლამენტო არჩევნებში. და თუ ოლანდის მთავრობის ჯერ ისევ სჯერათ, ეს მხოლოდ ევროკომისიისა და მისი მეთაურის, ბაროზოს დამსახურებაა, მაგრამ საფრანგეთის მთავრობა მის კეთილგანწყობასაც კარგავს.
დასავლელი მიმომხილველების აზრით, საფრანგეთში არსებული დაძაბულობა, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ სფეროში ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, იმის დამსახურებაცაა, რომ იმავე კრიზისის გავლენით, ურთიერთობა ევროპის სახელმწიფოებსა და ევროკავშირის მმართველობას შორის დაიძაბა. ევროპაში მწვავდება დაპირსპირება მემარჯვენე და მემარცხენე იდეოლოგიას შორის და ძლიერდება სკეპტიციზმი ერთიანი ევროპის იდეოლოგიის მიმართაც.
ერთიანი ევროპის იდეას კიდევ ერთი ბზარი აშშ-ევროკავშირის მოლაპარაკებებმა გაუჩინა. ევროკავშირის ხელმძღვანელობას ახალი თავსატეხი აქვს – დაუჭერს თუ არა საფრანგეთი მხარს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. მთავარი საკითხი, რაც საფრანგეთს ამ შეთანხმებაში აინტერესებს, კულტურის თემატიკას ეხება – როგორი იქნება კვოტები და ტარიფები ფილმების, სატელევიზიო და აუდიოვიზუალური პროდუქციის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთს ეს საკითხები არ დააკმაყოფილებს, ის მოლაპარაკებების დაბლოკვით იმუქრება.
ბაროზომ გააკტრიტიკა საფრანგეთის მცდელობა დაბლოკოს ეს მოლაპარაკებები და Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საფრანგეთის ეს მცდელობა არათუ ხელს უწყობს კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება-განვითარებას, არამედ პირიქით, ხელს შეუშლის კულტურის განვითარებას. ხოსე მანუელ ბაროზოს განცხადებით, საფრანგეთის ქმედება ანტი-გლობალურ ექსტრემიზმს ჰგავს, ეს კი მსოფლიოს განვითარებას უშლის ხელს და ევროპა ამ გზას არ უნდა დაადგეს.
თუმცა ბაროზო მეორე ვადითაა არჩეული, მისი ვადა იწურება და ძნელად სავარაუდა, რომ ის მესამე ვადით აირჩიონ ევროკომისიის მეთაურად, ამიტომაც მის კრიტიკაში არც ორიგინალური ყოფილა რამე და საფრანგეთისათვის არც დიდად საშიში. თუმცა ბაროზოს განცხადებებს მაინც დიდი რეაქცია მოჰყვა საფრანგეთში. მას გამოეხმაურნენ საფრანგეთის პრეზიდენტი, კულტურის მინისტრი და სხვა პარტიების წარმომადგენლები. ბაროზოს განცხადებებით კმაყოფილი საფრანგეთში, ისევე როგორც სრულიად ევროკავშირში არც მემარცხენე და არც მემარჯვენე იდეოლოგიის პარტიები არ არიან. ანტიბრიუსელური განწყობა სულ უფრო ძლიერდება.
საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მონტებურგის განცხადებით, რომელიც ასევე ეკუთვნის დეგლობალიზაციის ბანაკს, ევროკავშირი არის პარალიზებული: ”ის ვერ პასუხობს ხალხის ინტერესებს ვერც ერთ სფეროში, ვერც ინდუსტრიაში, ვერ ეკონომიკაში და ვერც ბიუჯეტირების საკითხებში. შედეგად, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სათავეს უდებს ანტი-ევროპულ მოძრაობებს”. მარია ლა პენმა, საფრანგეთის ნატიონალური ფრონტის ლიდერმა კი, ბაროზოს კატასტროფა უწოდა, როგორც საფრანგეთის, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებისთვის და დასძინა, რომ ბაროზო არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეშლილი ხდება ევროპა ნელ-ნელა.
ევროპელ პოლიტიკოსთა ასეთი მწვავე გამოსვლის შემდეგ ბაროზომ განაცხადა, რომ ის თავის განცხადებებით საფრანგეთის მთავრობას კი არ აკრიტიკებდა, არამედ მათ, ვისაც მსგავსი შეხედულებები აქვს საფრანგეთში. თუმცა იქვე დასძინა, რომ მათი ნაწილი ხელისუფლების წევრიცაა. ბაროზომ იქვე დაამატა, რომ პოლიტიკოსებს არ უნდა ჰქონდეთ იმის ილიზია, რომ ევროკავშირზე თავდასხმით რამეს მიაღწევენ, ისინი უბრალოდ ამით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ ეს სწორი პოლიტიკა არაა – აცხადებს ევროკომისიის ლიდერი.
საინტერესოა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პოლემიკა და შეძლებს თუ არა ერთიანი ევროპის იდეა პოზიციების შენარჩუნებას ევროპულ სახელმწიფოებში.