საით მიყავს საქართველოს საბანკო სისტემას ეკონომიკა

მაკა ღანიაშვილი

რამდენიმე კვირის წინ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი ანგარიშის შესახებ სტატიაში (იხილეთ სტატია: ახალი საფრთხე გლობალური ეკონომიკისთვის) ვსაუბრობდით იმ საფრთხეზე, რასაც გლობალურ ეკონომიკას სულ უფრო მზარდი ფინანსური ინსტიტუტები უქმნიან. ბოლო წლების განმავლობაში აშშ-ში, იაპონიაში და სხვა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნებში საფინანსო სექტორის როლი ძალიან გაიზარდა, რაც საფრთხის შემცველია. განვითარების გარკვეულ ეტაპზე ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები ეკონომიკის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენენ, მაგრამ მათი წვლილი ეკონომიკის ზრდაში სულ უფრო მცირდება, რადგან ფინანსური განვითარების გარკვეული მიჯნის მიღმა, ეკონომიკის ზრდაზე პოზიტიური ეფექტი მცირდება, ეკონომიკური და ფინანსური არამდგრადობა კი იზრდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტებთან ერთად, უკვე ბევრი სპეციალისტი საუბრობს იმაზე, რომ საფინანსო სექტორის დომინანტობა ხდება შემაფერხებელი ფაქტორი სხვა სექტორების განვითარების გზაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული „ფინანსური განვითარების ინდექსი“ შეისწავლის არამხოლოდ ბანკების ფინანსურ მდგრადობის სხვადასხვა მაჩვენებლებს, არამედ უფრო ღრმად იმასაც, თუ როგორია ეკონომიკის სხვა სექტორების წვდომა საბანკო და სხვა ფინანსურ პროდუქტებზე. სავალუტო ფონდის კვლევამ აჩვენა, რომ ისეთი ეკონომიკების საფინანსო სექტორებმა, როგორიც არის: ირლანდია, იაპონია და აშშ უკვე გადაკვეთეს ის ხაზი, როდესაც ფინანსური სექტორის ზრდას ნაკლები ეფექტი აქვს ეკონომიკურ ზრდაზე. აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, ბევრ განვითარებად ქვეყანას ჯერ არ მიუღწევია ამ ნიშნულისთვის. მაგრამ რა ხდება საქართველოს შემთხვევაში? რამდენად დომინანტურია ფინანსური სექტორი? რა წვლილი შეაქვს მას ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებაში და რამდენად ამარაგებს ის ეკონომიკის რეალურ სექტორებს ფინანსური რესურსებით?

საქართველოს საბანკო სექტორი

2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 21 კომერციული ბანკით იყო წარმოდგენილი. არარეზიდენტი მესაკუთრეების მონაწილეობა ბანკების აქტივებში, საბოლოო მფლობელობის მიხედვით, შეადგენდა 87 პროცენტს, ხოლო სააქციო კაპიტალში 84 პროცენტს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 2014 წლის 31 დეკემბრისთვის საბანკო სისტემის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 13 მილიარდ ლარს გადააჭარბა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, ერთწლიან ინტერვალში ზრდამ – 18.6% შეადგინა.

1-საბანკო
როგორც 2013 წელს, ასევე 2014 წელს ყველაზე დიდი მოცულობით გაიზარდა საცალო სესხების სეგმენტი. რომელშიც იგულისხმება ავტო-სესხები, სამომხმარებლო სესხები, მომენტალური განვადება, საკრედიტო ბარათები, სესხები ბინის რემონტისთვის და იპოთეკური სესხები. ამ სახის სესხებზე მთლიანი სესხების 38.6% მოდის. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკების მიერ არასაწარმოო სექტორზე გაიცემა სესხების დიდი წილი, რითაც ეკონომიკაში პროდუქტიულობა არ იზრდება. გარდა საცალო პროდუქტებისა, სასესხო პორტფელში დიდი წილი მოდის ვაჭრობაზე – დაახლოებით 13%. მაშინ როცა ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ისეთ დარგზე, როგორიცაა – ენერგეტიკა – მოდის მთლიანი სასესხო პორტფელის 3.2%, სოფლის მეურნეობაზე – 4.6%, წარმოებაზე – 1.2%, სასტუმროებსა და ტურიზმზე – 3.5%, უძრავი ქონების დეველოპმენტზე, მენეჯმენტსა და სამშენებლო კომპანიებზე კი ჯამში მთლიანი სასესხო პორტფელის 7.9%.

3-სები

2-სები
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვა სექტორებისგან განსხვავებით, საქართველოს საბანკო სექტორის მომგებიანობა სტაბილურად იზრდება. სების ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს უკუგებამ საშუალო აქტივებსა და კაპიტალზე 2.6 და 14.8 პროცენტი შეადგინა. საბანკო სისტემის მომგებიანობის მაჩვენებელი ბოლო წლებში სტაბილურობით ხასიათდება.

5-სები

სების ანგარიშის მიხედვით, საბანკო სისტემის მომგებიანობაზე გასულ წელს პოზიტიურად იმოქმედა აქტივების ზრდამ და მასშტაბის გამო ეფექტიანობის გაუმჯობესებამ.

7-სები

6-სები
გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში მზარდი ტენდენციით ხასიათდება ბანკების მიერ დასაკუთრებული აქტივების მოცულობა.

4-სები

საქართველოს ფინანსური სექტორის სტრუქტურა

2013 წელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა ლომბარდების აქტივების შეფასების მიზნით. აღნიშნული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2013 წელს ლომბარდების მთლიანმა აქტივებმა შეადგინა 340.0 მლნ ლარი, საიდანაც 91.5% გაცემულ სესხებზე მოდის, 4.0% – ლომბარდებში არსებულ ნაღდ ფულზე, ხოლო დანარჩენი სალომბარდო აქტივები – ბანკებში განთავსებულ სახსრებსა და სხვა ტიპის აქტივებზე. გამოდის, რომ ლომბარდების მიერ სესხად გაცემული თანხა დაახლოებით 310 მილიონ ლარს შეადგენს. სალომბარდო აქტივების მოცულობის შეფასების შედეგად შესაძლებელი გახდა მთლიანი ფინანსური სექტორის აქტივების მოცულობისა და სტრუქტურის დადგენა. ფინანსური სექტორის მთლიანმა აქტივებმა (2013 წლის მონაცემებით) 19 მილიარდი ლარი შეადგინა, სადაც 91% კომერციულ ბანკებზე მოდის, 4% მიკროსაფინანსო სექტორზე, 3% სადაზღვევო სექტორზე და აქტივების 2%-მდე ლომბარდებზე. ფინანსური სექტორის აქტივების ფარდობამ მთლიან შიდა პროდუქტთან, რომელიც ფინანსური სექტორის განვითარების ერთ-ერთ მაჩვენებელს წარმოადგენს, საქართველოში 71% შეადგენს. აქედან მხოლოდ კომერციული ბანკების აქტივებზე მშპ-ის 64.4% მოვიდა.

ფაქტობრივად, საქართველოს ფინანსურ ბაზარზე საბანკო სისტემა მონოპოლისტად ჩამოყალიბდა. ფინანსურ სექტორში აქტივების 90%-ზე მეტი საბანკო სექტორზე მოდის. მაშინ როცა ევროპის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ევროზონაში ფინანსური სექტორის მთლიან აქტივებში ბანკები 60%-იანი წილით არიან წარმოდგენილნი. ფედერალური სარეზერვო სისტემის სტატისტიკით კი, იგივე მაჩვენებელი აშშ-ში 23.4%-ია, ანუ ბანკები ფინანსური სისტემის მეოთხედზე ნაკლებს წარმოადგენენ. გარდა იმისა, რომ კომერციულ ბანკებს ქვეყნის შიგნით კონკურენტი ფაქტობრივად არ ჰყავთ, დაბალია კონკურენცია თვითონ ბანკებს შორისაც. საქართველოს საბანკო ბაზარი ნაკლებად კონკურენტულია. მცირე ზომის ბანკების, რომლებიც სისტემაში, რაოდენობრივი თვალსაზრისით, უმრავლესობას შეადგენენ, შესაძლებლობები იმდენად მიზერულია, რომ არსებით გავლენას საბაზრო განაკვეთებზე ვერ ახდენენ.

რაც შეეხება უმსხვილეს საბანკო ინსტიტუტებს, მათ დიდი შესაძლებლობები აქვთ; კერძოდ, შეუძლიათ უფრო იაფი და გრძელვადიანი საკრედიტო რესურსების მოზიდვა, მათ შორის უცხოეთიდან. შეუძლიათ შედარებით მსხვილი კრედიტების გაცემა მოქნილი პირობებით, რისკების ეფექტიანი მართვა და ა.შ. რაც მსხვილ ბანკებთან კონკურენციას შანსს ასევე ამცირებს. ფაქტია, რომ დღეისთვის ქართული საფინანსო სისტემა მთლიანად საბანკო სექტორისგან შედგება, რაც ეკონომიკის ბანკებზე დამოკიდებულების ხარისხს ზრდის. ეს, თავის მხრივ, რისკ-ფაქტორების ზრდასაც უწყობს ხელს. თუ მსოფლიოს მთლიანად ფინანსური სისტემის დომინანტობა აშინებს, საქართველოში უარესი ვითარებაა, სადაც არათუ ფინანსური სისტემა, არამედ მისი მხოლოდ ერთი სეგმენტი, კომერციული ბანკების სახით არის დომინანტურ პოზიციაში.

8
ზემოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევა ვახსენეთ, სადაც ფონდის ექსპერტები არსებული რისკების შესამცირებლად, გამკაცრებული რეგულირების რეკომენდაციით გამოდიან. ფინანსური სფეროს რეგულირების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ გახდა. მსოფლიო ეძებს რეგულირების ახალ მიდგომებს. ახალი ეკონომიკური თეორიების უმეტესობა კომპლექსური რეგულირების მომხრეა, რადგან ეკონომიკის დარგებს შორის ზღვარი სულ უფრო იშლება. საქართველოს ფინანსურ სექტორში კომპლექსური მიდგომა ბაზრის განუვითარებლობის გამო არ გამოდგება, განვითარებულია მხოლოდ ერთი ფინანსური სექტორი კომერციული ბანკების სახით. რაც ქართული ეკონომიკისათვის სპეციფიურ რისკს ქმნის. მაშინ როცა მსოფლიო ღრმად ინტეგრირებული სექტორების რეგულირების პრობლემის გადაჭრას ცდილობს, საქართველოში ფინანსური სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობა მხოლოდ ერთი სექტორის განვითარებას უწყობს ხელს, რაც არანაკლებ სახიფათო ტენდენციაა.

გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების დაფინანსების ადგილობრივი რესურსების დეფიციტის გამო, გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოსვლა. ამ პროცესის უზრუნველყოფაში ორგანიზებული ბაზრის ფუნქციას ასრულებს ადგილობრივი საფონდო ბირჟა. საფონდო ბირჟის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად დღის წესრიგში დგება საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა. ამ მიმართულების ნაბიჯები გადაიდგა 2012 წელს პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებით, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ბანკის კომპეტენციის სფეროდან ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირების გამოტანას და ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისათვის აღდგენას. მიუხედავად ამ კანონპროეტის მომზადებისა, მისი განხილვა ჯერ არ მომხდარა. ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინსტიტუტისადმი მოსახლეობის სკეპტიკური დამოკიდებულება და ამ სფეროში გაუთვითცნობიერებაა. საჭიროა სახელმწიფომ შეიმუშავოს სტრატეგიული გეგმა და ისეთი კანონმდებლობა, რომელიც გათვლილი იქნება ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების გრძელვადიან პერსპექტივებზე. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ინვესტიციების დაბანდებას კორპორაციულ ფასიან ქაღალდებში, რაც შემდგომში ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საფუძველი იქნება.

განსახორციელებელი რეფორმების ფარგლებში უნდა გამოიკვეთოს ისეთი პრიორიტეტები, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის გამჭვირვალობას, ფინანსური ინსტრუმენტების ფართო სპექტრის შექმნის სტიმულირებას, საბროკერო კომპანიების რაოდენობის ზრდის წახალისებას და სახელმწიფოს ან ბიზნესის მხრიდან მუნიციპალური და პროექტებით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდების შექმნას. ჯერჯერობით კი გვაქვს დომინანტური საბანკო სისტემა, რომლის სიჯანსაღეზეც დიდწილადაა დამოკიდებული ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური სტაბილურობა და რომლის მომგებიანობაც წლიდან-წლამდე იზრდება. ამასთანავე, მათი საკრედიტო პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც პრიორიტეტი ისეთი სესხების გაცემაა, რომელიც ეკონომიკის რეალურ სექტორს ნაკლებად ემსახურება.