მდიდრები მდიდრდებიან, ღარიბები ღარიბდებიან

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) აცხადებს, რომ მსოფლიოში მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება ღრმავდება. ორგანიზაციის წევრი 34 სახელმწიფოს მოქალაქეების ყველაზე მდიდარი 10% გამოიმუშავებს თითქმის 10-ჯერ მეტს, ვიდრე ყველაზე ღარიბების 10%. საყოველთაოდ აღიარებული მეთოდიკა, რომელიც უთანასწორობას იკვლევს, არ არსებობს. თუმცა, სტატისტიკური მაჩვენებლების უმრავლესობა იმაზე მეტყველებს, რომ ის შემცირდა საფინანსო კრიზისის დროს, ხოლო ახლა ისევ გაფართოვდა.

OECD ამბობს, რომ მსგავსი უთანასწორობა შეიძლება გახდეს ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი. ორგანიზაციის მოხსენების თანახმად, ნაწილობრივ ეს გამოწვეულია განათლების დონეებს შორის დიდი განსხვავებით ყველაზე უზრუნველყოფილ და ყველაზე გაღატაკებულ მოსახლეობას შორის, რაც შედეგად იწვევს დაბალხარისხიანი და დაბალეფექტური სამუშაო ძალის წარმოქმნას.

სხვა ქვეყნებთან ერთად, OECD-ის წევრები ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა და სხვა განვითარებული ქვეყნები არიან: აშშ, კანადა, ავსტრალია და იაპონია. ერთ-ერთი ფაქტორთაგანი, რასაც OECD მზარდ უთანასწორობას უკავშირებს, არის ე.წ. „არასტანდარტული სამუშაო“, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს დროებით კონტრაქტებს და თვითდასაქმებას. OECD-ის შეფასებით, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული, წევრ ქვეყნებში შექმნილი სამუშაო ადგილების საშუალოდ ნახევარზე მეტი ხვდებოდა „არასტანდარტული სამუშაოს“ კატაგორიაში. მოხსენებაში ნათქვამია, რომ შინამეურნეობები, რომლებიც დასაქმების ასეთ ტიპს ეფუძნება, გამოირჩევიან მაღალი სიღარიბის დონით და ეს აღრმავებს საერთო უთანასწორობას.
მოხსენება ასევე ამტკიცებს, რომ სოციალური დაცვისა და დაბეგვრის მოქმედი სისტემები შემოსავლების გადანაწილებაში აღარ არის ეფექტური. მეორე მხრივ, ანგარიშში მითითებულია, რომ უთანასწორობის გაღრმავების ხელისშემშლელ ფაქტორად დასაქმებული ქალების რიცხოვნობის ზრდა წარმოადგენს. იმ მცირე რეგიონებიდან, სადაც ბოლო 30 წელია უთანასწორობა არ გაზრდილა, ერთ-ერთი ლათინური ამერიკაა, თუმცა, უთანაბრობის დონე იქ თავიდანვე მაღალი იყო.

ძირითადი თეორია, რომელიც ხსნის თუ რატომ ფიქრობს OECD უთანასწორობას ეკონომიკური ზრდის მუხრუჭად, იმაში მდგომარეობს, რომ ღარიბი ფენა ნაკლებ სახსრებს აბანდებს განათლებასა და თვითგანვითარებაში. სწორედ ამიტომ უთანასწორობასთან ბრძოლის მთავარი რეცეპტი სახელმწიფო ინვესტიციებია პროფესიულ განათლებაში, ასევე უფრო ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნაში.

გაანგარიშების თანახმად, თუკი უღარიბესი ფენის ცხოვრების დონე დიდ ბრიტანეთში გაიზრდება საფრანგეთში არსებულ ანალოგიურ სტანდარტამდე, მაშინ ეროვნული შემოსავლის ყოველწლიური ზრდა იქნება 0,3% 25 წლის განმავლობაში. ეს არც ისე ცოტაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
უთანაბრობის თემასთან დაკავშირებით ცნობილმა კომენტატორმა კოლუმბიის ბიზნეს-სკოლიდან – ჯოზეფ სტიგლიცმა – ბი-ბი-სისთან ინტერვუში განაცხადა, რომ პრობლემა მხოლოდ არასაკმარის განათლებაში არ არის. „როგორც ვხედავთ, ბოლო 15 წელია უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის მფლობელთა შემოსავლებიც ერთ ადგილზეა გაყინული. რეალური პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თამაშის წესები მონოპოლისტების, კორპორაციების ხელმძღვანელების სასარგებლოდ არის შედგენილი“, – აცხადებს ექსპერტი. „დღეს მსხვილი კომპანიის დირექტორს შეუძლია აიღოს, უხეშად რომ ვთქვათ, 300-ჯერ მეტი ხელფასი რიგით თანამშრომელთან შედარებით, არადა, იყო დრო ეს განსხვავება იყო 20-30 ჯერადი“, – დასძენს პროფესორი. OECD-ის გასაშუალოებულ სიდიდეების მიღმა ცალკეული ქვეყნის შიგნით უთანასწორობის ხარისხში მნიშვნელოვანი სხვაობა იმალება.

ginis_koefitsienti_geo
OECD-ის ქვეყნებში ჯინის კოეფიციენტის საშუალო დონე 0,32 შეადგენს. შედარებით მაღალი დონე ფიქსირდება ჩილეში – 0,50, რაც შემოსავლების გადანაწილების ყველაზე დიდ უთანაბრობას მიანიშნებს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება დანიაში – 0,25, რაც იმას ნიშნავს, რომ თანასწორობის დონით ის პირველია. დიდი ბრიტანეთი და აშშ იმ ქვეყანათა შორის არიან, რომლებიც ჯინის კოეფიციენტის შედარებით მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან – 0,35 და 0,40 შესაბამისად.

მოხსენების ერთ-ერთმა ავტორმა ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში განაცხადა: „როდესაც ზღვარგადასულ კონცენტრაციაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს არა მხოლოდ შემოსავლები. შინამეურნეობების საერთო კეთილდღეობაზე რომ ვისაუბროთ, შეგვიძლია ვნახოთ, რომ მდიდარ ქვეყნებში შედარებით ღარიბი მოსახლეობის 40% მთლიანი სიმდიდრის მხოლოდ 3%-ს ფლობს, მაშინ როდესაც შედარებით მდირების 10%-ის ხელშია მთლიანი სიმდიდრის თითქმის ნახევარი. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც სიმდიდრე, ისე სიღარიბე ძალიან კონცენტრირებულია. ეს ნიშნავს, რომ ბევრ საზოგადოებაში არ არსებობს თანაბარი შესძლებლობები და ეს ზრდას აფერხებს“.

oxfami
მიმდინარე წლის დასაწყისში ბრიტანულმა საქველოქმედო ორგანიზაცია Oxfam-მა კვლევა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ დედამიწაზე ყველაზე მდიდარი ადამიანების კეთილდღეობა, რომელიც 1%-ს შეადგენს, გადააჭარბებს პლანეტის მოსახლეობის კეთილდღეობის ნახევარს. ორგანიზაციის მონაცემებით, საერთო სიმდიდრე, რომელიც ყველაზე მდიდრების ხელშია, გაიზარდა 2009 წლის 44%-დან 2014 წელს 48%-მდე და მიმდინარე წელს, ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ის 50%-ს გადააჭარბებს. ორგანიზაცია ანგარიშში ამბობს, რომ უთანასწორობის ასეთი მკვეთრი ნახტომი გაართულებს გლობალურ სიღარიბესთან ბრძოლას.
მსოფლიო სიმდიდრიდან დარჩენილი 52%, რომელიც არ ეკუთვნის უმდიდრესი ადამიანების 1%-ს, თითქმის 46% ეკუთვნის მოსახლეობის მდიდარ ფენას, რომელიც ერთ მეხუთედს შეადგენს დედამიწის მოსახლეობის. მთელ დანარჩენ მსოფლიოს ეკუთვნის გლობალური კეთლდღეობის 5,5%, რაც ნიშნავს, რომ 2014 წელს ნებისმიერი ზრდასრული ადამიანის საშუალო წლიური შემოსავალი მოსახლეობის ამ ნაწილში შეადგენდა მხოლოდ 3851 დოლარს, როცა სუპერ-ელიტის მდიდარი ადამიანებისთვის ეს ციფრი 2,7 მილიონ დოლარს შეადგენს.
Oxfam-ის მონაცემებს გასული წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული, ბანკ Credit Suisse-ის მიერ მომზადებული ანგარიშიც ადასტურებს იმასთან დაკავშირებით, რომ სუპერ-მდიდრების 1% ფლობს მსოფლიო კეთილდღეობის ნახევარზე მეტს.
ეკონომიკური უთანასწორობა საქართველოსთვისაც საკმაოდ მტკივნეული თემაა. ამას ადასტურებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული 2015 წლის 20 იანვრით დათარიღებული კვლევა, რომლის თანახმადაც ჩვენი ქვეყანა რეგიონში ეკონომიკური უთანასწორობის რეიტინგის ლიდერია. ამასთან, რაც ყველაზე სამწუხაროა დროთა განმავლობაში სიტუაცია მძიმდება: თუკი შემოსავლების უთანასწორობის რეიტინგში ქვეყანა 2007 წელსაც პირველ ადგილზე იყო 40,6-იანი ნიშნულით, 2012 წლიდან მაჩვენებელი გაუარესდა და 42,1 შეადგინა. მოხსენების თანახმად, ჯინის ინდექსი გაიზარდა რეგიონის 9 ქვეყნიდან ექვსში. ეს განსაკუთრებით ჩანს ისეთ ქვეყნებში, რომლებშიც ადრეც ფიქსირდებოდა შემოსავლების უთანასწორობა – საქართველოში, რუსეთში და თურქეთში.

sigaribis_zgvars_qvemot_geo
სტატისტიკოსების თქმით, საქართველოში ყველაზე მდიდარი ფენის 5%-ის ფულადი შემოსავალი ყველაზე ღარიბი ფენის 5%-ის შემოსავალთან შედარებით, 65-70-ჯერ მაღალია. საზოგადოების სოციალურ ფენებს შორის არსებული უთანასწორობის მაჩვენებლით კი საშუალო ევროპულ დონეს 2-ჯერ და მეტჯერ ვუსწრებთ. გარდა ამისა, საქართველოში მცირერიცხოვანია საშუალო ფენა.
ექსპერტების თქმით, უთანასწორობის ზრდის მკვეთრი ნახტომი გაართულებს სიღარიბესთან ბრძოლას, ეს ბრძოლა ეკონომიკისა და ფინანსების საფუძვლების კორექტირებას მოითხოვს. ბოლო წლებში ჯინის ინდექსმა გადააჭარბა ყველა გონივრულ ზღვარს. სიტუაცია არაერთგვაროვანია. მისი ფესვები გლობალურ ეკონომიკურ სისტემაშია, რომელიც ბოლო ასწლეულის მანძილზე შეიქმნა და სწორედ იმისთვის, რომ უთანასწორობას გავუმკლავდეთ, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ის პრინციპები შეიცვალოს, რაზედაც დღეს შენდება გლობალური საფინანსო სისტემა და ბევრად სოციალურად ორიენტირებული პრინციპები წამოვიდეს წინა პლანზე.

ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ ეს სიტუაცია პოლიტიკურ და სოციალურ სტაბილურობას ემუქრება იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია უთანასწორობა. პროპორციის შეცვლა კი ანალიტოკოსებს შესაძლებლად მიაჩნიათ სამართლიან დაბეგვრასა და რიგითი თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურების გაზრდით, გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობის გაფართოება.