რედაქტორისაგან
ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია
ჯვაროსნული ლაშქრობა ლეგალური ბიზნესის წინააღმდეგ
ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია მუსლიმთა მიერ ბიზანტიის იავარქმნა იყო და ამას დღემდე თურქ ტომებს ვაბრალებთ, რომლებმაც, შუა აზიიდან წამოსულებმა, ისეთი ციტადელი დალაშქრეს, რომელსაც ათასი წლის გამუდმებულმა ალყამ და ომმა ვერაფერი დააკლო. პირიქით, ეფესოდან სავაჭრო და პოლიტიკურ-სამხედრო სტრატეგიული მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, ბიზანტია უფრო მდიდრდებოდა და ძლიერდებოდა.
კონსტანტინოპოლი ქრისტიანებმა ქრისტეს და ქრისტიანების სახელით დაამხეს.
ამ ზანტად მომავალი გაზაფხულის პირზე, როცა ქართველები საკუთარი ეკონომიკურ-პოლიტიკური ვაკხანალიებით ვერთობით და ამით აგიზგიზებული კოცონით ვითბობთ უშუქობისაგან და უგაზობისგან გათოშილ სხეულს, ვიღაცას, შეიძლება, სარკაზმად მოეჩვენოს კონსტანტინოპოლის და მთელი ქრისტიანობის სირცხვილის გახსენება, მაგრამ, ჩემო, ერაყის მშრომელ მასებზე გულდათუთქულო საზოგადოებავ, ნუ იჩქარებთ, რადგან არც მე ვარ ისტორიკოსი და არც თქვენ ბიზანტიური ხასიათიდან შორს მდგომნი.
მოდით, ერთად გავიხსენოთ, ერთი საუკუნით ადრე, ვიდრე თურქები მიადგებოდნენ წმინდა ქალაქის კედლებს, რომის პაპის ბრძანებით, ვენეციაში შეკრებილმა შეიარაღებულმა ჯვაროსნებმა, რომლებიც იერუსალიმის წმინდა ადგილების ურჯულოებისგან გასანთავისუფლებლად მოდიოდნენ, ვენეციის ბრმა დოჯის, ენრიკო დანდოლოს მეთაურობით, გზად, რომელი ქალაქი ააოხრეს?
გავიხსენოთ, როგორ ეახლა ჯვაროსნებს და ვენეციის ბრმა დოჯს ზარაში უფლისწული კონსტანტინე კონსტანტინოპოლიდან, როგორ ემუდარებოდა ბიზანტიის ხელისუფალთა დამხობას, როგორ ჰპირდებოდა მათ, ბიზანტიის ხალხს, ოქროს, აურაცხელ პრივილეგიებს, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, რძის და თაფლის მდინარეებს, მთელი საქრისტიანოს აყვავებას და გამდიდრებას, ოღონდაც ის ასულიყო ტახტზე. ჰო და, უფლისწულმა თავისი დემაგოგიით ჯვაროსნებიც და საკუთარი მოქალაქეების ნაწილიც დაითანხმა. შუა საუკუნეების ევროპას მსგავსი სირცხვილი არ ახსოვს და ასე, ჯვრით ხელში ქრისტიანობის დასაცავად შეკრებილმა ჯვაროსნებმა, ერთი საუკუნით ადრე იავარქმნეს ბიზანტია მისი შვილის ტახტსმოწყურებული უფლისწული კონსტანტინეს ხელით. კონსტანტინე გახდა მეფე, თუმცა, ერთი წელიც ვერ გასძლო ტახტზე და იმავე დაშნით განიგმირა, რომელიც სამშობლოს წინააღმდეგ აღმართა. აქ, ისტორიული ექსკურსისთვის წერტილის დასმა შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენი მიზანი ეს არ არის. ჯვაროსნების მიერ გაძარცული ქვეყანა დაძაბუნდა და ამის შემდეგ დიდებისთვის არ მიუღწევია. დაიწყო შინააშლილობა, ომები, ეკონომიკა გაჩანაგდა, კონსტანტინეს დემაგოგიამ იმდენ ხანს იცოცხლა, რამდენსაც საპნის ბუშტი ჰაერში დაფრინავს. კონსტანტინე კი დაისაჯა, მაგრამ რა დააშავა დემაგოგიით გაბრუებულმა ხალხმა, რომელსაც სიმშვიდე და სიმდიდრე წაართვეს. ბიზანტია ბიზანტიელების ხელით დაემხო. თურქებმა დავრდომილს მხოლოდ ყავარჯენი გამოაცალეს, თანაც, დაემხო მისივე ხსნის ცრუ ლოზუნგით და ბიზანტიელების კეთილდღეობის ზრუნვაზე ყვირილით.
რა პარალელის გავლება შეიძლება დღევანდელ ჩვენს ყოფასთან, ამას თქვენ მოგანდობთ, ჩემო მკითხველო, მაგრამ, ერთ რამეს გეტვით:
2003 წელი მსოფლიო ეკონომიკისთვის მრავალ მიზეზთა გამო, უმძიმესი იქნება, რაზედაც წინა ნომერში ვილაპარაკეთ და, ბუნებრივია, მათ შორის არის, ერაყის ომი, თავისი თანამდევი პროცესებით. ასეთ სიტუაციაში ყველა ქვეყანა საგანგებო ზომებს იღებს და ცდილობს გადაარჩინოს ბიზნეს-აქტივობა, წარმოების ზრდას და მოხმარების სტაბილურობას ხელი შეუწყოს, დაიცვას ლეგალური ბიზნესი.
ჩვენ? ჯერ ელექტროენერგია გავაძვირეთ (“ელექტრიკი” არ გახლავართ, არც ვიცი, ვისი ბრალია, მაგრამ ამბობენ, კერძო სტრუქტურის, “თელასის”, გამართული სისტემა, სხვა სახელმწიფო ბიუროკრატიულმა სისტემებმა, რომლებიც ფსევდო-კერძო ბიზნეს-სტრუქტურებს წარმოადგენენ, თავიანთ მარწუხებში მოაქციეს), ამან, ლეგალურ ბიზნესს პროდუქცია 30%-ით გაუძვირა, ამ გაძვირების მიუხედავად, გაუგებარი სასამართლო კამპანიები წამოვიწყეთ და ლეგალურ ბიზნესს შუქი ისევ გამოვურთეთ (წარამარა რაღაცას ვაფეთქებთ). მოსახლეობას შეღავათებს შევპირდით, ბიზნესს – არა. ბიზნესს ისიც არ გავუკეთეთ, რომ საუკეთესო იძულებით გადამხდელი ცალკე ხაზზე შეგვეერთებინა და არგადამხდელებთან ერთად არ გამოგვერთო (თელასმა ამაში დიდი შეცდომა დაუშვა და სანამ არ გამოასწორებს, ფინანსური პრობლემები სულ ექნება).
კრიმინოგენული სიტუაცია უმართავი ხდება. დღისით, მზისით კლავენ, იტაცებენ, ძარცვავენ ბიზნესს და ბიზნესმენებს, მათ ოჯახის წევრებს უწიოკებენ. ამ ვაკხანალიაში დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლები მარტო არ არიან. მათ ხშირად ძალოვნები მფარველობენ, რომლებიც მიიღებენ თუ არა ინფორმაციას წარმატებულ ლეგალურ ბიზნესზე, ძერასავით ესხმიან მათ თავს და ამ პირობებში ჩვენ ვიღებთ კანონს ე.წ. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესახებ, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა, ლეგალური ბიზნესის “დამტერორებლებისათვის” ახალი, სრული ინფორმაციის მიწოდება. მერე შვილს ან ძმას გაიტაცებენ და ადამიანს განადგურებენ. ჩვენ კანონის მოწინააღმდეგები არა ვართ, მაგრამ იგი უნდა მივიღოთ არა ამ ფორმით და არა ამ სიტუაციაში, ან მასში ბიზნესის დაცვის მკაცრი მექანიზმი ჩავდოთ. მახსოვს, როგორი ზარ-ზეიმით მივიღეთ კანონი თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შევსების შესახებ. მერე, შემცირდა კორუფცია, თუ გაიზარდა, მივიღეთ შედეგი? პრესაში ამა თუ იმ ჩინოვნიკზე აშკარად შეკვეთილი სტატიებისა და პოლიტიკური სიბინძურის გარდა, შედეგი არ მიგვიღია. ჯერ საქართველოს ყველა მოქალაქემ სავალდებულო წესით შეავსოს შემოსავლების დეკლარაცია, მოისპოს კრიმინოგენული ქაოსი და შემდგომ, ამასაც მივხედავთ. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესახებ კანონის თანახმად, თქვენგან მალულად, ყოველი 30 000 ლარის გადარიცხვა ეცოდინებათ იქ, სადაც ჯერ არს, მოგებას დაითვლიან, რა თქმა უნდა, ლეგალურს და ძალოვნებისა თუ “შავების” მხრიდან “გაწეწვის” ყველა ცნობილი მექანიზმი ჩაირთვება. გამოსავალი? დროზე დაიწყეთ არალეგალური ბიზნესი და თქვენ უსაფრთხოდ იქნებით! გადაუხადეთ ყველას, სახელწიფოს გარდა, რადგან სახელმწიფოს, თქვენ, ჩემო ქვეყნის მარჩენალო და გადამრჩენელო ლეგალურო ბიზნესმენებო, ფეხებზე ჰკიდიხართ!
ჯვაროსანთა ჯგუფს ანტიმონოპოლიური სამსახურიც მიემატა. სხვა პრობლემა თურმე არ გვქონია, ვიდრე იმპორტულ პროდუქციაზე ქართულენოვანი წარწერა. ქართული ენის სიყვარულში ანტიმონოპოლიურსაც შევეჯიბრები და მონოპოლიურსაც, ასევე, ჩემი ტანჯული ქართველების სამსახურშიც, დიდ პატივისცემას გამოვხატავ პირადად ამ სამსახურის ლიდერის მიმართაც, იმაშიც ვეთანხმები, რომ პროდუქციას ქართულ ენაზე ანოტაცია მაინც უნდა მოჰყვებოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელმა საჭირო ონფორმაციის მიღება შეძლოს, მაგრამ ნებისმიერ ცალკე პროდუქტზე ამხელა ინფორმაციის დატანა, ამ ეტაპზე უტოპიაა და ლეგალური ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან ეს ის ქვეყანაა, სადაც უაქციზო სიგარეტი და კონტრაბანდული საქონელი ვერ გავაკონტროლეთ, სადაც ვაჭრობის ძირითადი ფორმა ბაზრობებია. რას იზამთ, როგორ გააკონტროლებთ ბაზრობებს, ხართ ამაზე პასუხისმგებელი, ჩემო მეგობარო? მე გეტყვით, ვისაც გააკონტროლებთ – ლეგალურ ბიზნესს, რომელიც ისედაც ორი კინკილა დარჩა.
მეორე მხრივ, ბიზნესის თვალსაზრისით, საქართველო ძალზე პატარა ქვეყანაა, მომწოდებელს არ უღირს თქვენი პატარა პარტიისათვის დაზგა შეაჩეროს და ქართული ეტიკეტები დააკრას. ჰკითხეთ ბიზნესმენებს, საქონელის დიდი ნაწილი რუსეთიდან შემოდის, მხედველობაში არა გვაქვს რამდენიმე მსოფლიო-მონსტრი კომპანია, რომლებიც საქართველოსაც მონოპოლიურად იპყრობენ, რა ვქნათ, ყველამ “ნესკაფე” დავლიოთ?
ნამდვილი ჯვაროსნული ლაშქრობა საქართველოში ლეგალური ბიზნესის წინააღმდეგ დაიწყო. ჯვაროსნები პოლიტიკაშიც გალავანს უახლოვდებიან. იფხიზლეთ ხალხო, თორემ, კი დასჯის კონსტანტინეს ღმერთი, მაგრამ ბიზანტია და ბიზანტიელები იქნებ ვერ გადაარჩინოს.
დიდი, მოწიწებული ბოდიში, ჩემო მკითხველო, დაგამძიმე და ჩვეული იუმორიც ვერ შემოგთავაზე აბჯრების ჟღრიალის და გაზაფხულის ზანტად შემოპარვის ფონზე, მაგრამ მიყვარხარ და მინდა იფხიზლო.