ქართული ბანკების “დახლი” დაიტვირთა
ეკა ლომიძე
საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების უმრავლესობა კრედიტების ბაზარზე ყველა მიმართულებით მუშაობს და შესაბამისად, საკრედიტო პოლიტიკასაც სხვადასხვა სფეროს დაფინანსებაზეა ორიენტირებული. კრედიტის თემა საკმაოდ ყბადაღებულ და მრავალ მაქინაციებთან დაკავშირებულ მოვლენათა შორის მოიაზრება, თუმცა კომერციული ბანკები ამ ეტაპს უკვე განვლილ გზას მიაკუთვნებენ.
ვაჟა ბერიაშვილი – TBC ბანკის პროდუქტების სამსახურის უფროსისაკრედიტო სექტორი იურიდიულ და ფიზიკურ პირთა დაკრედიტებად იყოფა. თავიდან ქართული საბანკო სისტემისათვის ყველაფერი იურიდიულ პირთა დაკრედიტებით დაიწყო. ფიზიკური პირები ამ ბაზარზე დაახლოებით 2,5 წლის წინ გამოჩნდნენ. ორი წლის წინ თითქმის ყველა ქართული ბანკის პორტფელი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: დომინირებდა მოკლევადიანი სესხები კონკრეტული ოპერაციების დაფინანსებისათვის და შედარებით ნაკლები იყო გრძელვადიანი სესხები წარმოების საშუალებების შესაძენად და მსგავსი მიზნებისათვის. დღეს ეს პროპორცია ნელ-ნელა იცვლება. ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად მაინც რჩება სავაჭრო ოპერაციების დაფინანსება, მაგრამ გრძელვადიანი კრედიტების დაფინანსების წილი მკვეთრად იზრდება იურიდიულ პირთა დაფინანსებაში. მთლიანად ეს პაკეტი შეიძლება შემდეგნაირად დავყოთ: იურიდიულ პირთა სესხების პაკეტი; მოკლევადიანი სესხები სავაჭრო ოპერაციების დასაფინანსებლად; ოვერდრაფტები, რაც საკმაოდ გაგრძელებული პროდუქტია, მიკროკრედიტები, რომელიც განსაკუთრებულ კატეგორიას წარმოადგენს, რაშიც ძალიან ძლიერია მიკროსაფინანსო ბანკი. TBC ბანკი ამ პროდუქტით, ძირითადად, რეგონებში გამოდის. ძალიან პოპულარულია საკრედიტო ხაზი იურიდიული პირებისათვის, რომელსაც ბანკი მსხვილ კომპანიებს სთავაზობს.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაფერი დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო. ქართულ ბაზარზე ამ ტიპის მომსახურება პირველად TBC-მ და “საქართველოს ბანკმა” გამოიტანეს. დღეს კი, ფიზიკური პირების დაფინანსების წილი თBჩ-ის პორტფელში 100%-ია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ იპოთეკურ სესხებს შემდგომში მოჰყვა სხვა ტიპის, მათ შორის, სამომხმარებლო დანიშნულების სესხებიც. ამ ეტაპზე TBC ბანკი სამომხმარებლო სესხებს ნებისმიერი მიმართულებით აწარმოებს. ამ შემთხვევაში, მიზნობრიობას ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება. TBC ბანკს აქვს დადებული ხელშეკრულებები სხვადასხვა პროფილის სავაჭრო ობიექტებთან, ტურისტულ სააგენტოებთან, რის საფუძველზეც მომხმარებელს ეძლევა საშუალება მარტივი პროცედურების შესრულების შემდეგ შეიძინოს როგორც საქონელი, ასევე მომსახურეობა. საქართველოს საბანკო ბაზარზე მსგავსი პროდუქტი არ არსებობს, დღესდღეობით კი, იგი საკმაოდ პოპულარულია. სამომხმარებლო კრედიტებით სარგებლობისას ძირითადი მოთხოვნაა კლიენტის შემოსავალი. ჩვენი გამოკვლევის შედეგად, იპოთეკური სესხებით, ძირითადად, სარგებლობს ხალხი, რომელთა საშუალო ასაკი 40 წელია, მათგან 77% დაოჯახებულია, საშუალო შემოსავლით 1000$, (აქ იგულისხმება ყველანაირი შემოსავალი, ანუ რამდენიმე წყარო). საინტერესო ციფრები გვაქვს სქესთან მიმართებაში: 70% მამაკაცია, 30% – ქალი, თუმცა, გადაწყვეტილების მიღებაში ეს უკანასკნელნი ძალიან აქტიურობენ. გავითვალისწინეთ ეს მომენტი და წელს სარეკლამო კამპანიას სწორედ ამ მიმართულებით წარვმართავთ. რაც შეეხება პერსპექტივებს, ეს ბაზარი წელს კიდევ უფრო განვითარდება. ბანკი ახალი პროდუქციის დანერგვას იწყებს ფრთხილად და შემდეგ უფრო შლის და ნელ-ნელა ამარტივებს. ჩვენ თავიდან მუშაობა დავიწყეთ სისტის პირობებით და ნელ-ნელა ვცდილობთ ბაზრის მეტი სეგმენტი მოვიცვათ. ვამარტივებთ პირობებს, ვზრდით ვადებს, ვაკლებთ პროცენტებს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ბაზრის ძალიან პატარა ნაწილია ათვისებული. ხალხი სესხებს ნაცნობ-მეგობრებისგან იღებს, ბანკთან ურთიერთობას და კონტაქტს ერიდება. რაც, ალბათ, გაუცხოებას უნდა მივაწეროთ, მოსახლეობა შემოსავლების ჩვენებასაც ერიდება.
საქართველოში კომპანიები შემოსავლების გამჟღავნებას უფრთხიან, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ სირთულის გადალახვა შეიძლება. სარეკლამო ღონისძიებების გატარებას ამ კუთხითაც ვგეგმავთ, რაც, ვფიქრობთ, ბანკსა და კლიენტს შორის არსებულ დინსტანციას შეამცირებს. განსაკუთრებული აქცენტი წელს გვინდა გავაკეთოთ პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებულ დაკრედიტებაზე. დღესდღეობით საქართველოში არსებული ყველა პლასტიკური ბარათი სადებეტოა. რა თქმა უნდა, არსებობს ოვერდრაფტების სისტემა, მაგრამ ძალიან პატარა სეგმენტზე. ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება ოვერდრაფტების პირობების გამარტივება, რაც ამ ბარათებს რეალურად აქცევს საკრედიტო ბარათებად. პროდუქციის ძალიან ფართო სპექტრი გვაქვს და წელს აქცენტს გავაკეთებთ არა ახალ პროდუქციაზე, არამედ გამარტივებაზე.
დავით ფანჯიკიძე – “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე.
ბოლო პერიოდში, საბანკო სექტორში დაბანდებათა სტრუქტურა მრეწველობის სასარგებლოდ იხრება და ინაცვლებს მოკლევადიანიდან გრძელვადიანი კრედიტებისაკენ. თვითონ კრედიტები ღებულობენ მონაწილეობას მეწარმეების სხვადასხვა საინვესტიციო ხასიათის პროექტების განხორციელებაში და ის დრო ნელ-ნელა უკან მიდის, როცა ძირითადად ვაჭრობას ვაფინანსებდით და კრედიტები მოკლევადიანი იყო, ე.ი. ცვლილება პოზიტიური მიმართულებით ხდება, ვიხრებით მრეწველობისკენ. საპროცენტო განაკვეთებიც შესაბამისად მცირდება, რამეთუ ბანკებს დღეს გაუჩნდათ საშუალება მიიღონ საკმაოდ იაფფასიანი სესხები საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებიდან, პარტნიორი ბანკებიდან, რაც საშუალებას გვაძლევს მათი განთავსება განხორციელდეს უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ბანკებს შორის ჯანსაღი კონკურენციაა. თუ ადრე საქართველოში დაახლოებით 230 ბანკი იყო, დღეს დარჩნენ ის ბანკები, ვინც ქმნიან კლიმატს და მოსალოდნელია ბანკების გამსხვილებაც, რაც ლოგიკურია. ძლიერი ბანკების პოზიცია კიდევ უფრო მეტად ძლიერდება, რადგან ის უფრო მხარდამჭერია თავისი კლიენტურისა, გვერდში უდგას და ავითარებს თავის შესაძლებლობებს, რაც უსათუოდ მოქმედებს პატარა ბანკის პოზიციაზე, რომელიც ვერ ემსახურება კლიენტს კომპლექსურად, ამიტომაც ეს კონკურენცია გადაადგილებულია და სწორედ დიდი ბანკების წილზე მოდის. კლიენტურა კი დასაყრდენია ყველა ბანკისათვის. აღარ არის ის დრო, როდესაც ბანკი მომხმარებელს პირობებს კარნახობდა. დღეს ბანკსა და კლიენტს შორის არსებობს წმინდა პარტნიორული ურთიერთობა. გვინდა, ჩვენმა კლიენტმა მიიღოს არა ერთი სახის საბანკო მომსახურება, არამედ მთელი სპექტრი. იქონიონ დეპოზიტები, პლასტიკური ბარათები, სამომხმარებლო კრედიტები, რა თქმა უნდა, საუბარი მაქვს იმ კლიენტურაზე, რომელიც გადახდისუნარიანია და შეუძლია ბანკთან მუშაობა, რადგან ბანკი წითელი ჯვარი არ არის, რომ ფული არიგოს. ბანკი კომერციული სტრუქტურაა და ის, ბუნებრივია, მოგებაზე მუშაობს. წლების მუშაობამ ჩვენს ბანკს მისცა საშუალება უფრო აამაღლოს მომსახურების დონე და კლიენტურა მოიზიდოს. ჩვენი ქსელი გვაძლევს რეგიონალურ ბაზარზე აქტიური მუშაობის შესაძლებლობას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ “საქართველოს ბანკი” ტექნოლოგიურად ყველაზე აღჭურვილია. გვინდა სამომხმარებლო კრედიტების გაფართოება. დღეს ყველა ბანკი ცდილობს, საერთაშორისო ნორმებს მიუახლოვდეს მუშაობაში, მაგრამ საბანკო მომსახურების პროცედურები დახვეწილი მაინც არ არის. ჩვენ ვაპირებთ ვიმუშავოთ ამ კუთხით. სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით საკმაოდ მრავალფეროვანი პროდუქტების შემოღება გვაქვს დაგეგმილი. მაგალითად, დღეს გვაქვს ხელშეკრულებები სხვადასხვა მაღაზიებთან და მწარმოებლებთან. შევეცდებით, გავაფართოვოთ ამ მხრივ ჭრილი და მრავალფეროვნება შევძინოთ ამ პორტფელს. მოსახლეობა ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია ბანკისათვის. განვლილმა პერიოდმა ცხადყო, რომ ხალხის მასა გადახდისუნარიანი გახდა, ამიტომაც მათთვის მომსახურების ხარისხის ზრდა ერთ-ერთი პრიორიტეტია, რა თქმა უნდა, ეს გვერდზე არ აყენებს ჩვენს ინტერესებს და სტრატეგიას კორპორატიულ კლიენტურასთან მიმართებაში. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება სამომხმარებლო დაკრედიტება. ამჟამად ძალიან საინტერესო პროექტი მიმდინარეობს. ეს არის საკრედიტო ბიუროს პროექტი, ე. წ. ინფორმაციული ბაზა. შეიქმნება მსესხლებლის საკრედიტო ისტორიები, რომლითაც ისარგებლებს ყველა ბანკი; თაღლითი, რომელიც რომელიმე ბანკში შექმნის ცუდ ისტორიას ყველა ბანკისთვის ცნობილი გახდება. კომერციულ ბანკებს ეს მიმართულება პრობლემებს მოუხსნის და ნაწილობრივ გაუადვილებს. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აღებული კრედიტი არამიზნობრივად დაიხარჯა, ანუ კლიენტმა თანხა აიღო და ბიზნეს-გეგმის ნაცვლად თანხა უმაღლეს სასწავლებელში გადაიხადა, შვილის მოსაწყობად. ჩემი აზრით, ასეთი ხალხი ბანკში არ უნდა შემოუშვა.
ხშირად საუბრობენ, რომ ბანკიდან კრედიტის აღება არც ისე იოლია, ანუ გარკვეული გასამრჯელოს გარეშე არ ხდება.
ვერ ვხედავ ვერანაირ მოტივაციას, რაც აიძულებს ბანკის თანამშრომელს ჩაიდინოს ისეთი რამ, რაც შემდგომ საფუძველი გახდება საკმაოდ შემოსავლიანი სამსახურის დაკარგვისა. არავისთვისაა უცხო, რომ დღეს საბანკო სექტორი მაღალანაზღაურებადია, ამას ემატება ბონუსები. არავის სჭირდება არანაირ საზღაურად ასეთი სამუშაოს დაკარგვა. თუკი სადმე არსებობს ასეთი მახინჯი ურთიერთობები, ამისგან სასწრაფოდ უნდა განვთავისუფლდეთ. ჩვენ რომ არ გვემუშავა, მივყვებოდით იმ 230 ბანკს, რომელიც დღეს აღარ არსებობს და დღეს სამეულში არ ვიქნებოდით. ყველა ბანკი ცდილობს დააკრედიტოს კლიენტი ფართო პროფილით. თუმცა სოფლის მეურნეობის კუთხით 0,1% მოდის, რადგან ეს დარგი მსოფლიოში ყველაზე მაღალი რისკებით ხასიათდება. ამ მიმართულებით 2003 წლიდან, ვფიქრობთ, საპილოტო პროექტით გამოვიდეთ, თუმცა ეს არ იქნება “საქართველოს ბანკის” პრიორიტეტი და ჩვენი აქტივებით გადატრიალებას ვერ მოვახდენთ სოფლის მეურნეობაში. ეს იქნება ინსტიტუციონალური პროექტი, რომელსაც განვახორციელებთ სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიებთან ერთად.
გიორგი კალანდარიშვილი – საქართველოს აგრო-ბიზნეს ბანკის საკრედიტოს უფროსი.
აგრო-ბიზნეს ბანკი თავისი სპეციფიურობიდან გამომდინარე ძირითადად აფინანსებს სოფლის მეურნეობის სექტორს, თუმცა წესდებით სხვა სექტორის დაფინანსება აკრძალული არა აქვს. სხვა სექტორს არც დავაფინანსებთ, რადგან ის თანხები, რაც ჩვენ გვაქვს, საკმაოდ ადვილად დაბანდებადია თუნდაც, აგროსექტორში. ჩვენი სესხები, ძირითადად, 3-8 ათასი ლარის ფარგლებშია მოქცეული. გავცემთ უფრო დიდ სესხებსაც, მაგრამ ეს ერთეულებს ეხება. ყველაზე მსხვილი სესხი, რომელიც გავეცით, იყო ნახევარი მილიონი დოლარი. ჩვენი ძირითადი საქმიანობა კი შემოიფარგლება ფერმერებისა და იმ ხალხის მომსახურებით, რომლებიც დასაქმებული არიან რეგიონებში. სესხები იყოფა სახეობებად. მცენარეულ კულტურაზე სესხის ვადა 1 წელია, მეცხოველეობაზე – 2-3 წელი, რადგან მას განსავითარებლად ეს პერიოდი სჭირდება. ძირითადი სესხები სწორედ ამ ორ დარგზე მოდის და თანხების დიდი პროცენტიც აქაა დაბანდებული. დღეს ჩვენი პორტფელი 6 მლნ-ს შეადგენს. კრედიტის გაცემისას, მოქმედებს საკმაოდ ბიუროკრატიული მექანიზმი. კონტროლი არის მკაცრი. ნიუანსურად ფიქსირდება კლიენტთან ურთიერთობა. რეგიონებში ყოველთვის დგება გირავნობის პრობლემა, როგორც მისი რეალური ღირებულების. შეიძლება ქონების ღირებულება დიდი იყოს, მაგრამ მისი გაყიდვის ღირებულება ყოველთვის დაბალია, რადგან რეგიონში მისი რეალიზაცია რთულია.
ჩვენ ყოველთვის დაბალი საპროცენტო განაკვეთი გვაქვს, წლიურად 18%, სესხებიც გვაქვს ლარებში, რაც ნებისმიერ მსესხებელს აძლევს იმის საშუალებას, რომ არ იყოს დამოკიდებული დოლარის ცვალებადობაზე. თუ ამას კომერციული თვალსაზრისით შევხედავთ, უმჯობესია ლარებში მოიზიდო და დოლარებში გაყიდო, მაგრამ ამავე დროს, რადგანაც ჩემი კომერციული სექტორი – მესაკუთრეა, მე ვალდებული ვარ გარკვეული შეღავათები გავუწიო ფერმერებს, ანუ სესხები არის ლარებში, 18%-იანი განაკვეთით და, შესაბამისად, ისეთი ვადებია, რაც ამ დარგის მსესხებლისათვის მისაღებია. “აგრო-ბიზნეს ბანკი” მარტო მოგებაზე ორიენტირებული ბანკი არ არის, თუმცა 2002 წელი ნახევარი მილიონი ლარის მოგებით დაიხურა.
სოფლის მეურნეობას დიდი ამონაგები არა აქვს. ამასთან კლიენტურაც სპეციფიურია. ჩვენი მომხმარებელი თანდათან სწავლობს ბანკთან ურთიერთობას ფულის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ბანკიც ეხმარება კლიენტს გადაუწიოს ვადები, მაგალითად, ეპიდემიის დროს, მუშაობს დაზღვევის მექანიზმი.
პიტერ შოუს გატაცებამ რამდენად იმოქმედა ბანკის იმიჯზე?
გარეშე პირი რომ ვიყო, ყოველივე იმის შემდეგ, რაც მესმოდა ტელევიზიიდან ამ ბანკის შესახებ, აქ აღარ შემოვიდოდი. სრული ჯოჯოხეთი გავიარეთ. ყველა კლიენტი გვეკითხებოდა, რას ვშვრებით, რატომ ლაპარაკობენ ჩვენზე ასე. ამას, პრინციპში, იმიჯზე არ უმოქმედია, ვისაც თავის საქმე აინტერესებს, სესხის აღება უნდა, თანამშრომლობს კიდეც ჩვენთან, მაგრამ “აგრო-ბიზნეს ბანკი” რომ ყოფილიყო, ისეთი ბანკი, რომელსაც ბევრი მოზიდული თანხები ექნებოდა, მაშინ ნამდვილად შეიქმნებოდა ძალიან სერიოზული პრობლემა. ცუდი ის არის, რომ მასმედიის საშუალებები რასაც უნდა, იმას ლაპარაკობენ. მითიური მილიონები, რომელზეც იყო საუბარი – არაპროფესიონალიზმის, უცოდინრობის, რაღაც სენსაციების ძებნის მიზეზია და რადგან მოპასუხე არავინაა, მათ ფანტაზიას ზღვარი აღარ აქვს. ეს ეტაპები გავლილია და, ალბათ, აღარ შემოტრიალდება.
ტარიელ გვალია – “თბილუნივერსალბანკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
საბანკო სისტემის ზრდა კარნახობს კომერციულ ბანკებს, რომ დეპოზიტი და კრედიტი იყოს დივერსიფიცირებული. თუ ადრე კრედიტების დიდი წილი მოდიოდა ვაჭრობებზე, დღეს ეს ასე არაა. ჩვენს პორტფელში მნიშვნელოვნად გაიზარდა სამომხმარებლო კრედიტების წილი. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მოქალაქეები უფრო გადამხდელუნარიანნი და მსყიდველობითუნარიანნი გახდნენ, თანაც, ამ მხრივ, ბანკებმაც დააგროვეს შესაბამისი გამოცდილება. მიიჩნევა, რომ, თუ ქვეყანაში რაიმე სასიკეთო ხდება, მაშინ სამომხმარებლო კრედიტების წილი უნდა იზრდებოდეს. ჩვენს სისტემაში კრედიტების გაცემის დიდი წილი კერძო პირებზე მოდის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ფული ბრუნავს ბიზნესში, რაც ჩრდილოვანი ეკონომიკის ანარეკლია, ამჟამად კლიენტი იღებს კრედიტს პირადი მოხმარებისთვის, ავეჯის, ავტომანქანის თუ ბინის შესაძენად. დამეთანხმებით, წინ გადადგმული ნაბიჯია, როცა კრედიტი ამ მიმართულებით გაედინება. ჩვენ ქალაქის რამოდენიმე ცნობილ საფირმო მაღაზიასთან დავგეგმეთ განვადებით გაყიდვები, რა თქმა უნდა, ვაპირებთ ამ სპექტრის გაფართოებას. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ შარშან ჩვენ სესხებს 23%-იანი განაკვეთით გავცემდით, წელს კი 21%-მდე შემცირდა, ანუ სესხები იაფდება. წლიური 2% უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, ამაზე დაბლა ეს არ მიდის. იზრდება ვადებიც. თუ შარშან ვადა 23 თვე იყო, წელს – 26 თვეა. ადრე სესხები პერიოდის ბოლოს უნდა დაბრუნებულიყო, ახლა კი ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ, გარკვეული დროის შემდეგ იფარება. კლიენტები ითხოვენ სხვადასხვანაირ პროდუქტს.
2002 წლის ბოლოს სამომხმარებლო სესხებმა ჩვენი პორტფელის 10% შეადგინა.
მურთაზ კიკორია – საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს უფროსი.
ბუნებრივია, საინტერესოა, როგორ წარსდგება ეროვნული ბანკი 2003 წელს, რომ სისტემა იყოს უფრო ჯანსაღი. გასულ წელს რომ გადავხედოთ, ერთადერთი, რაც ჩვენ გვაღელვებს, არის ის ფაქტი, რომ, ძირითადად, ბანკებში კონცენტრირებულია მთელი სისტემის 80%-ზე მეტი, რაც, გარკვეულწილად, შეიძლება დადებითი მახასიათებელი იყოს იმ გაგებით, რომ ეს ბანკები ვითარდებიან და იზრდებიან, თუმცა მათ გვერდით მოღვაწეობენ ისეთი ბანკები, რომლებმაც ვერ დაიკავეს ადგილი საბანკო სისტემაში. მიგვაჩნია, რომ სისტემის შემდგომი კონსოლიდაციისათვის ეროვნულმა ბანკმა, რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგას. საუბარია იმაზე, რომ ხელი შევუწყოთ ბანკების გამსხვილების, შერწყმა-გაერთიანების პროცესს. ხაზგასმულია ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ამ წელს გადაწყდება დაზღვევის სისტემის მოდელის ჩამოყალიბება, ანუ მთელი წლის განმავლობაში კომერციულ ბანკებთან კონსულტაციებითა და აზრთა გაზიარებით უნდა ჩამოვაყალიბოთ დაზღვევის სისტემა, თუ რა ტიპის დეპოზიტების დაზღვევაზე იქნება საუბარი და ა.შ. რატომ დადგა ეს საკითხი? იქიდან გამომდინარე, რომ სისტემა იზრდება, კონსოლიდაცია მაღალია და დეპოზიტებისა და ანაბრების მოცულობა ბანკებში იწევს, გაკოტრების შემთხვევაში, უნდა მოქმედებდეს დამცველი მექანიზმი. წელს, ვფიქრობთ, ჩამოვყალიბდეთ კონცეპტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, ანუ რა ტიპის, რა მოცულობის თანხების დაზღვევა უნდა მოხდეს. საჭიროა მივიღოთ გადაწყვეტილება მოდელზე. დაზღვევის სისტემას აქვს მნიშვნელოვანი მახასიათებლები, ამიტომ ფაქიზად უნდა გავითვალოთ ყველა ვარიანტი, რომ საბანკო სექტორი არ დაზიანდეს. საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებიდან გამოვყოფდი კრედიტების კონცენტრაციის საკითხს. ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს, კომერციულ ბანკებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შევიმუშავოთ დებულება კრედიტების კონცენტრაციისა და გამსხვილების შესახებ. ზოგადად, საკრედიტო საქმიანობა ბანკებში ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი და მნიშნელოვანი საკითხია, რასაც თან დიდი რისკი ახლავს. ამ ახალმა დებულებამ რისკების მეტნაკლებად განეიტრალებისათვის უნდა იმუშავოს.
გასულ წელს შეიქმნა მნიშვნელოვანი დოკუმენტი. კომერციული ბანკების არასაქმიანობის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება შიდა აუდიტისა და კონტროლის მექანიზმების მუშაობის კუთხით. მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი დადებითად იმოქმედებს შიდა კონტროლის სამსახურის მიუკერძოებლობაზე და დაარეგულირებს ბანკის თითოეულ რგოლს შორის ურთიერთობას. ვფიქრობთ, ეს მნიშნელოვანი ცვლილებაა, რომელიც აღკვეთავს უკანონო შემოსავლებს ბანკში. კომერციულ ბანკებში განსახილველად გავაგზავნეთ დოკუმენტი – “იცნობდე შენს კლიენტს”, რომელიც ასევე საერთაშორისო სტანდარტებს მოიცავს და ასახავს ბანკის ურთიერთობის მიდგომებს, პოლიტიკას და პროცედურებს კლიენტებთან მიმართებაში. განსაზღვრული გვაქვს, გადავხედოთ ზოგიერთ არსებულ დოკუმენტებს, თუმცა შესწავლილი იქნება აქტივების დარეზერვების არსებული პოლიტიკის ნაკლოვანებები და სისუსტეები. კომერციულ ბანკებთან ამ კუთხით კონსულტაციები უკვე დაწყებული გვაქვს. მიღებული გვაქვს მათი მოსაზრებები და ვიცით, როგორ უყურებენ ამ საკითხს.
კომერციული ბანკების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება შესაფერისობის კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ ესეც მნიშვნელივანი ნაბიჯი იყო. ასევე, გარკვეული ცვლილებები შევიდა ბანკის მფლობელებთან დაკავშირებით. ამ ცვლილებებით ბანკების წილების ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაში, შემოდის ისეთი ელემენტი, როგორიცაა ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობა მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე, რომელიც 10%-ით განისაზღვრა, ანუ პირი ვერ შეიძენს ბანკის 10% და მეტ წილს ეროვნული ბანკის გარეშე, რაც, რა თქმა უნდა, ეროვნული ბანკის მხრიდან გარკვეულ დამატებით სამუშაოებს მოითხოვს. ყოველივე ზემოთქმული კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია საქართველოს საბანკო სისტემაში ზედამხედველობის არსებული პრაქტიკის საერთაშორისო პრაქტიკასთან მიახლოებისკენ.
ასევე, საყურადღებოა სარეზერვო განაკვეთის თემა, რომელიც ძალიან ცნობილი და მუდმივი განსჯის საკითხია ეროვნულ და კომერციულ ბანკებს შორის. ამ კუთხით გაგეგმილი გვაქვს საკორესპოდენტო და მინიმალური რეზერვების ანგარიშების გაერთიანება, რაც კომერციული ბანკების მუშაობაზე დადებითად იმოქმედებს.
საბანკო სისტემის ზრდის ტენდენცია თვალშისაცემია. ბოლო პერიოდში ჩვენ არ გამოგვიშვია ახალი წესი, ან მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც შეთანხმებული არ იყო კომერციულ ბანკებთან. ესეც ერთგვარი ნაბიჯია იქითკენ გადადგმული, რომ პრობლემა კომერციულ ბანკში არ არის ცალკე განხილული. ჩვენ ერთ ნავში ვზივართ. კომერციული ბანკის ნებისმიერი პრობლემა ეროვნულ ბანკამდე მოდის. ვცდილობთ, კომერციული ბანკები რაც შეიძლება მეტად გახსნილები იყვნენ, რადგან მათი პრობლემა ჩვენი და მთლიანად, სისტემის პრობლემაა. ბანკი ისეთი ინსტიტუტია, რომ აქ პრობლემა მარტივად არ წყდება. მაგალითად, არასწორად გაცემულმა კრედიტმა შეიძლება სერიოზული პრობლემა შეუქმნას, როგორც თვითონ ბანკს, ასევე მთლიან სისტემასაც. ბუნებრივია, რაღაც უთანხმოებები მაინც არსებობს, მაგრამ ვცდილობთ სამუშაო გარემოში, კომერციულ ბანკებთან შეთანხმების საფუძველზე მივიღოთ გარდამავალი ზომები. საბანკო სექტორში ბაზრის მოცულობა არ გაზრდილა, მაგრამ მწვავე კონკურენციამ შესაბამისად ბევრნაირი პროდუქტი წარმოქმნა. ბანკებმა შექმნეს რამდენიმე ტიპის სამომხმარებლო თუ კორპორაციული სესხები. შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთმა დაიწია, ვალები კი გაიზარდა. ბანკები კრედიტებს, ძირითადად, მომგებიან დარგებზე გასცემენ, თუმცა, უკვე შეინიშნება ჭარბი რესურსები, რაც, საშუალებას იძლევა, რომ კომერციული ბანკებმა კაპიტალი სოფლის მეურნეობაშიც დააბანდონ, რათა მათი “დახლი” უფრო “დატვირთულად” გამოიყურებოდეს. უნდა ველოდოთ კომერციული ბანკების გამსხვილება-შერწყმის პროცესსაც. ამ ეტაპზე საბანკო სექტორი ყველაზე მეტად წარმატებულად ითვლება საქართველოში. ასევე პროგრესულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს ბანკების უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი სადაზღვევო სექტორთანაც.