კიდევ ერთი ნაბიჯი ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ
ქართული ღვინის ცენტრი, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს განახლებულ შენობაში განთავსდა, 4 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასთან ერთად გახსნა. ცენტრის გახსნასთან ერთად 4 ოქტომბერს ქართული ღვინის დღეც აღინიშნა. ქართული ღვინის ცენტრში მცირე მუზეუმი, ენოთეკა, მარანი, სადეგუსტაციო ოთახები და სასწავლო აუდიტორიები გაერთიანდება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას შეფასებით, ცენტრის გახსნა ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზანს ემსახურება. „ქართული ღვინის ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობას ემსახურება. მინდა ყველა სტუმარს დიდი მადლობა გადავუხადო მობრძანებისთვის, რადგან მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა დარგის წახალისების კუთხით. მნიშვნელოვანია ყველა ღონისძიების მაქსიმალური გატარება. განსაკუთრებით ეს პასუხისმგებლობა ჩვენ გვეკისრება“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
ცენტრის გახსნის დღეს გაკეთებულ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ ჯიღაურას მეურნეობის ტერიტორიაზე უნიკალური ქართული ღვინის მუზეუმი აშენდება, სადაც წარმოჩენილი იქნება ქართული ღვინის წარმოების ისტორია და კულტურა.
„ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ მთელს მსოფლიოს შევახსენოთ, რომ საქართველო ვაზის და ღვინის სამშობლოა; რომ აქ, ამ მიწაზე, უკვე 8 ათასი წელია, იწარმოება ღვინო; ეს გახლავთ ადგილი, რომელმაც სახელი გაითქვა, როგორც ღვინის აკვანმა“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან რამდენიმე წლის წინ აშშ-ში გამართული შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ კალიფორნიის უნივერსიტეტში ღვინის ისტორიის სწავლება საქართველოთი იწყება.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში შემონახულია ღვინის დაყენების, დაწურვის, შენახვის ტრადიციული მეთოდები და შემთხვევითი არ არის, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
მთავრობის მეთაურმა ღვინის პოპულარიზაციისა და დივერსიფიკაციის ხელშემწყობი ღონისძიებების გააქტიურების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, გაიხსნა რუსეთის ბაზარი, ასევე ხელისუფლების ძალისხმევით, ღვინის ექსპორტი გაიზარდა ყაზახეთში – 68%-ით, პოლონეთში – 85%-ით, ჩინეთში – 107%-ით, ლატვიაში – 50%-ით, ესტონეთში – 35%-ით, დიდ ბრიტანეთში – 46%-ით, იაპონიაში – 110%-ით. პრემიერი განსაკუთრებით მიესალმა დელეგაციას ჩინეთიდან, რომელიც ამ დღის აღსანიშნავად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გამკაცრდა და კიდევ უფრო გამკაცრდება ღვინის ხარისხის კონტროლი, რათა ქართული ღვინო მაქსიმალურად იყოს დაცული ფალსიფიცირებისგან.
„ჩვენს პატარა მიწაზე, ვაზის კულტურის 500-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა, სხვადასხვა ჯიში არსებობს და მინდა, აქვე განსაკუთრებით აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი. მისი დამსახურებაა, რომ ჩვენს მომავალ თაობებს შემოენახებათ 500-ზე მეტი ქართული სახეობის ვაზი. წლების განმავლობაში, როდესაც წინა მთავრობა ფაქტობრივად არ აქცევდა ყურადღებას მეღვინეობის განვითარებას, ბიძინა ივანიშვილმა, საგურამოში, დააფუძნა ულტრათანამედროვე, ჯიღაურას სანერგე მეურნეობა, სადაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი არის ინვესტირებული, შექმნილია თანამედროვე ლაბორატორია და იქ არის 800–მდე სახეობის ვაზის უნიკალური ჯიში, მათ შორის 500-მდე ქართული და 300-მდე ევროპული ჯიშის ვაზის ნერგი. ბატონმა ბიძინამ ეს მეურნეობა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოსცა და მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო ეს დიდი საქმე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ქართული ღვინის ცენტრში თავმოყრილია საინტერესო ექსპონატები, ქართული ღვინის მთელი ისტორია. დაინტერესებული სტუმრები ცენტრში მიიღებენ ფაქტობრივ მონაცემებზე დამყარებულ ინფორმაციას ქართული მეღვინეობისა და მევენახეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ორიგინალური ტრადიციების შესახებ.
მთავრობის მეთაურმა რთველის მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროის მონაცემებით, გადამუშავებულია 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჭარბ ყურძენში, რომელსაც კერძო სექტორი ვერ ჩაიბარებს, სახელმწიფო, თეთრი ყურძნის შემთხვევაში 0,60 ლარს, ხოლო საფერავზე – 0,85 ლარს გადაიხდის.
„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ის, რომ გლეხს, აღნიშნული ფასის პირობებში, დაახლოებით 100%-იანი მოგება მიეღო. ეს არის ჩადებული ამ ტარიფში. სამი წლის განმავლობაში, რთველის დროს 300 მილიონ ლარამდე ოდენობის ყურძენია გადამუშავებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ეს თანხა შევიდა ჩვენი ქართველი მევენახეების ოჯახში. აგროდაზღვევის პროგრამით, ჯამში 182 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების აგრორისკია დაზღვეული“, – განაცხადა პრემიერმა და სოფლის მეურნეობის მინისტრს პროექტის ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შესახებაც, რომელიც სახელმწიფოს 14 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა და რომლითაც, ჯამში 30-ჯერ მოხდა სეტყვის პრევენცია.
მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობისთვის 150 მილიონ ლარამდე, ხოლო ღვინის ექსპორტიორ კომპანიებზე 40 მილიონი დოლარის სესხი გაიცა. სახელმწიფომ დააფინანსა 20 ახალი საწარმო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით, ასევე დაფინანსდა არსებული ქარხნების გაფართოება, რაც ბუნებრივი მოსავლის რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობია.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყურძნის სუბსიდიის თანხა, მესამე წელია, არ შეცვლილა და რჩება – თეთრ ყურძენზე – 15 თეთრის, ხოლო შავზე – 35 თეთრის ოდენობით.
„ეს არის სერიოზული დახმარება ჩვენი მევენახეებისთვის და ამ დარგს სჭირდება სერიოზული ხელშეწყობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.