ქონების აღდგენის პრეცენდენტები ფაქტიურად არ არსებობს
”პოლიტიკური უფლებების დაცვის ცენტრის” თავმჯდომარე, ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ ქონების აღდგენის პრეცენდენტების არარსებობა მხოლოდ პროკურატურის პასიურობის შედეგი არ არის. მისი თქმით, საუბარია უამრავ საქმეზე, უზარმაზარი რაოდენობის მასალის დამუშავებაზე, მტკიცებულებების ანალიზზე, საქმისწარმოებაზე. ამ დროს კი პროკურატურას აქვს მიმდინარე საქმეებიც და მას უამრავი მიმდინარე ვალდებულება აქვს შესასრულებელი.
ამის გათვალისწინებით გიგუაშვილი სპეციალური საგამოძიებო ორგანოს შექმნის ინიციატივით გამოდის. ”ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. რეალობა არის ასეთი, რომ არსებობს 9-წლიანი ციკლი, როდესაც ადამიანების უფლებების დარღვევა პერმანენტულად ხდებოდა. რა უნდა ქნას ხელისუფლებამ? ან უნდა აკეთოს მიმდინარე საქმე და დაიცვას მიმდინარე პროცესებში დაზარალებულების ინტერესები თუ სახელმწიფოს ინტერესები, ან უნდა იცხოვროს მხოლოდ წარსულით” – აცხადებს გიგუაშვილი. მისი თქმით, ამ მოცემულობაში ახალი, სპეციალური საგამოძიებო ორგანოს შექმნასთან მივალთ, რომელიც მხოლოდ ამ წარსული საქმეების განხილვაზე იქნება ორიენტირებული. მისი ინფორმაციით, ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან ამ საკითხზე ზეპირი კონსულტაციებიც უკვე მიმდინარეობს.