“ანტიდემპინგური კანონი და ცალსახად არარსებული პასუხი”
ანტიდემპინგურ კანონი პარლამენტში განსახილველადაა წარდგენილი. სავარაუდოდ კანონს პარლამენტი 2015 წლის ბოლომდე მიიღებს. იგი იმპორტიორ კომპანიებს პროდუქციაზე შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასების დაწესებას უკრძალავს, რადგანაც ასეთი ქმედების მიზანი ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი კომპანიების ჩაძირვაა.
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მაისურაძე აღნიშნავს, რომ კანონის მიღებას ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, ამიტომ „ანტიდემპინგური“ კანონის მიღება აღარ გაჭიანურდება.
ანტიდემპინგური კანონის მიღების აუცილებლობაზე საქართველოში უკვე წლებია მსჯელობენ, რადგან ეს არის ერთერთი იმ კანონთაგანი,რომელიც სავაჭრო ურთიერთობების სამართლებრივ და სატარიფო საკითხებს აწესრიგებს. ქართული წარმოება წლების განმავლობაში იჩაგრებოდა უცხოური დემპინგური პროდუქციისგან. ჩვენი მეზობელი ქვეყნები სოფლის მეურნეობას, კვების მრეწველობასა და გადამამუშავებელ მრეწველობას ყოველთვის სერიოზულ დახმარებასა და სუბსიდირებას უწევდნენ. ამის გამო, საქართველოში მცხოვრებ გლეხს, თუ მეწარმეს არაკონკურენტულ ვითარებაში უწევდა საქმიანობა. ამის ერთერთი მაგალითად ექსპერტები ხშირად 1990-იან წლებს ასახელებენ, როდესაც ჩვენს ბაზარზე თურქეთსა და ირანს საქონელი დემპინგურ ფასად შემოჰქონდათ, რის გამოც ქართველმა გლეხმა პროდუქციის მოყვანის სურვილი დაკარგა, ხოლო ჩვენმა აგრარულმა სექტორმა დიდი ზარალი განიცადა. იმპორტიორებმა პროდუქცია დემპინგურ ფასად შემოიტანეს, ხოლო შემდეგ იმავე ფასად დაიწყეს გაყიდვა, რა ფასადაც ადგილობრივი მწარმოებელიც გაყიდდა.
დღემდე მსჯელობის საგანია თუ რა დადებით და უარყოფით შედეგებს მოუტანს ეს კანონი ქართულ რეალობას. რამდენად მისაღები იქნება იმპორტიორი კომპანიებისთვის, ხომ არ შეაფერხებს ბაზრის განვითრდებას. ანტიდემპინგური კანონის მიღებასთან დაკავშირებით სპეციელისტების აზრი იყოფა . ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კანონი შეაფერხებს ქართულ ეკონომიკის წინსვლას და განვითრებას და ხელს შეუშლის მოსახლეობის სურვილს, დაბალ ფასებში მიიღონ პროდუქცია. მათი აზრით, ასეთი რეგულაციების ამოქმედება მაშინაა ეფექტური, როცა ბიზნესი ძლიერია. ზოგიერთი, პირიქით , ანტიდემპინგური კანონის მიღებას უჭერს მხარს და ამბობს, რომ ეს კანონი ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების გაზრდას და დაიცავს მცირე და საშუალო შემოსავლების მქონე კომპანიებს უსამართლო კონკურენციისგან. ხელს შეუწყობს ჯანსაღ კონკურენციას და განაპირობებს კონკურენტული ბაზრის არსებობას. ექსპერტების აზრით, კანონის მიღების შემდეგ დასტაბილურდება ფასები. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ხარისხის ზრდას და ამ მხრივ დაცული იქნება მომმარებლის ინტერესებიც.
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე, თემურ მაისურაძის განცხადებით, ეს კანონი იმპორტიორ კომპანიებს შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით დაბალი ფასების დაწესებას აუკრძალავს. ამ მხრივ დაცული იქნება ადგილობრივი მეწარმე და მცირე და საშულაო ბიზნესი.
ქართველი სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ანტიდემპინგური კანონი ამ ურთიერთობებს დაარეგულირებს და ჩვენს გლეხს თუ მეწარმეს გაკოტრების საშუალებას არ მისცემს. ამდენად, შესაძლოა, ანტიდემპინგური კანონის მიღების შემდეგ გარკვეული ტიპის პროდუქციაზე იანვრისთვის ფასები კიდევ უფრო გაიზარდოს. ერთი მხრივ, აუცილებელია, ჩვენი მწარმოებლები დავიცვათ უცხოური მონოპოლიისგან, მაგრამ, მეორე მხრივ, ამა თუ იმ პროდუქციაზე ფასების კლება, რაოდენ მუხანათურ გეგმებსაც არ უნდა შეიცავდეს უცხოელი იმპორტიორების მხრიდან და, როგორც არ უნდა ემსახურებოდეს ქართველი მწარმოებლების გაკოტრებას, რიგითი მომხმარებლისთვის მაინც სახეიროა. სოციალურად დაუცველ ჩვენს მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ურჩევნია, გაცილებით იაფად მიიღოს პროდუქცია, ვიდრე გაზრდილი ფასებით. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, სწორედ ეს არის უცხოელი იმპორტიორების ჩანაფიქრი, ფასების დაწევით სპობენ კონკურენტებს და მას შემდეგ, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს ჩამოიცილებენ, ფასებს ისევ მაღლა სწევენ, რადგან ბაზრის კონკრეტულ სეგმენტში მონოპოლისტები გახდნენ.
მართლია არსებობს უამრავი ფაქტორი, რომლებიც დადებითდ იმოქმედებს ბაზარსა და ეკონომიკაზე,თუმცა ერთმნიშვნელოვნად ვერ შევაფასებთ კანონის მიღებას. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს,რომ აღნიშნული კანონი ვერ იმუშვებს.
ეკონომიკის ექსპერტის აკაკი ცომაია მიიჩნევს რომ დემპინგური ფასის, ისევე როგორც ზოგადად, მონოპოლისტური ფასის დადგენა არ არის მარტივი ამოცანა. ფაქტობრივად, დემპინგი – ეს არის ფასისმიერი დისკრიმინაციის ერთერთი ფორმა საერთაშორისო ვაჭრობაში. ამიტომ,მისი თქმით, კონკურენციის სააგენტოს გაუჭირდება დადგინოს დემპინგური ფასებით მანიპულირების შემთხვვევა.
„თავისთავად იგულისხმება, რომ სავარაუდოდ ფირმა უცხოელ მომხმარებელს იმიტომ სთავაზობს დაბალ ფასს ექსპორტირებულ საქონელზე ადგილობრივ მომხმარებელთან შედარებით, რომ ამ ფირმას უკავია მონოპოლიური მდგომარეობა (ან ცოტა რაოდენობის კონკურენტი ყავს) ადგილობრივი ბაზრის რომელიმე სეგმენტზე, ხოლო უცხოურ ბაზარზე კონკურენციის დონე შედარებით მაღალია. თეორიულად, ეს აძლევს მას საშუალებას, რომ გაზარდოს შემოსავლები, თუ ფირმა გაყიდის ნაწარმს უცხოურ ბაზარზე იმ ფასად და იმ რაოდენობით, რომელიც წარმოიქმნება მოცემული ფირმის ზღვრული ხარჯებისა და უცხოურ ბაზარზე მოთხოვნის მრუდების გადაკვეთის წერტილში, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე კი გაყიდის ნაწარმს იმ რაოდენობით, რომელსაც განსაზღვრავს ფირმის ადგილობრივ ბაზარზე ზღვრული შემოსავლისა და უცხოურ ბაზარზე მოთხოვნის მრუდების გადაკვეთა და იმ ფასად, რომელიც შეესაბამება ამ მოთხოვნის რაოდენობას ადგილობრივ ბაზარზე როგორც წესი, მარეგულირებელ სააგენტოს ვერ ექნება წვდომა შესაბამის ინფორმაციასთან, რომ ეს ფაქტი დაადგინოს.“
კითხვაზე, თუ როგორ აისახება ანტიდემპინგური კანონის მიღება მოსახლეობაზე, აკაკი ცომაიას თქმით,აღნიშნული კანონის მიღება, უფრო მეტ სარგებელს მოუტანს საზოგადოებას, რადგან :
„დაბალი ფასი ზრდის მომხმარებელთა და ამცირებს მწარმოებელთა კეთილდღეობას. კონკურენციის გაზრდის შედეგად, ჯამში საზოგადოება უფრო მეტს იგებს, რადგან ჯამური კეთილდღეობა იზრდება“
თუმცა, ეკონომიკის ექსპერტის თქმით, ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონი ვერ იმუშავებს . ეს კანონი მხოლოდ ფურცელზე დარჩება, როგორც ერთ-ერთი უმოქმედო კანონი. მისივე თქმით, დემპინგური ფასებით მანიპულირების შემთხვევას ნაკლებად უნდა ველოდებოეთ, რადგან საქართველოს ბაზარი არის მცირე (როგორც მოსახლეობა, ისე შემოსავალი), იგი არ არის იმდენად მომხიბლავი, რომ უცხოურმა ფირმამ მიმართოს დემპინგურ პოლიტიკას.
„ საფასო დისკრიმინაცია განიხილება, როგორც საზოგადოებრივი ეკონომიკური დანაკარგების შემცირების ერთერთი გზა, რომელსაც ადგილი აქვს მონოპოლისტურ ბაზარზე. სავარაუდოდ, ბიუროკრატიული ხარჯები უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ანტიდემპინგური საქმიანობით მიღწეული სარგებელი“-განაცხადა აკაკი ცომაიამ.
ანტიდემპინგური კანონის მიღებას ასევე უარყოფითდ აფასებს თავისუფალი უნივერსიტეტის დეკანი გიგა ბედინეიშვილი.
მისი თქმით, კონკრეტლი ნაბიჯის გადადგმა, მაშინაა ეფექტური,როდესაც ქვეყნის ეკონომიკა და ბიზნესი ძლიერია. ამ შემთხვევაში კი ანტიდემპინგური კანონი დააზარალებს, როგორც მომხმარებელს, ასევე ბიზნესს.
„კანონის მიღება აზარალებს ქართველ მომხმარებელს . ეს კანონი მხოლოდ ბიზნესის ლობის შედეგი შეიძლება იყოს, რომელიც სრულიად უადგილო და უდროოა იმ ეკონომიკური გამოწვევების ფონზე რაც ჩვენ გვაქვს.თანაც თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში დემპინგური ფასებეის ტენდენცია რამე მნიშვნელოვანი მასშტაბით ნამდვილად არ შემიმჩნევია,ამ შემთხვევაში ანტიდემპინგური კანონის მიღება საჭირო არ არის. ამ კანონის უკან, ეჭვი მაქვს, ზოგიერთი ქართველი მსხვილი ბიზნესმენი და მათი ინტერესების დაცვა დგას. თუ მათი ლობისტური ძალისხმევა ინტენსიური დარჩება, დიდი შანსია რომ ეს კანონი გამოყენებული იყოს კონკურენტების დასაჩაგრად. საბოლოოდ ყველაზე დაჩაგრული მომხმარებელი დარჩება“-აღნიშნა გიგა ბედინეიშვილი.
ანტიდემპინგური კანონის შემოღების შესახებ ინფორმაცია 2014 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაავრცელა. კვირიკაშვილის თქმით, კანონის შემოღების მიზანი ადგილობრივი წარმოების უსამართლო კონკურენციისგან დაცვაა და ის ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება. პროექტი უკვე შევიდა პარლამენტში. მართალია ექსპერტების დიდი ნაწილი კანონს უარყოფითდ აფასებს და მისი ამოქმედების საჭიროებას ვერ ხდევას, დიდი ალბათობით ანტიდემპინგურ კანონს პარლამენტი 2015 წლის ბოლომდე მიიღებს.
როგორ იმუშავებს ეს კანონი, რამდენად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, სარგებელს მოუტანს თუ არა ჩვენს მოსახლეობას და ეკონომიკას, ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ერთი მხრივ, აუცილებელია, ჩვენი მწარმოებლები დავიცვათ უცხოური მონოპოლიისგან, მაგრამ, მეორე მხრივ, ამა თუ იმ პროდუქციაზე ფასების კლება, რაოდენ მუხანათურ გეგმებსაც არ უნდა შეიცავდეს უცხოელი იმპორტიორების მხრიდან და, როგორც არ უნდა ემსახურებოდეს ქართველი მწარმოებლების გაკოტრებას, რიგითი მომხმარებლისთვის მაინც სახეიროა. სოციალურად დაუცველ ჩვენს მოსახლეობას, რა თქმა უნდა, ურჩევნია, გაცილებით იაფად მიიღოს პროდუქცია, ვიდრე გაბერილი ფასებით. თუმცა, როგორც ექსპერტები ამბობენ, სწორედ ეს არის უცხოელი იმპორტიორების მზაკვრობა, რომ ისინი ფასების დაწევით სპობენ კონკურენტებს და მას შემდეგ, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს ჩამოიცილებენ, ფასებს ისევ მაღლა წევენ, რადგან ბაზრის კონკრეტულ სეგმენტში მხოლოდ ერთადერთ მოთამაშედ რჩებიან.
ავტორი: მარიამ ლეკიაშვილი