2002 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას ახალი წევრ-კორესპონდენტი შეემატა, პროფესორი ავთანდილ სილაგაძე

რედაქციისაგან

2002 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას ახალი წევრ-კორესპონდენტი შეემატა, პროფესორი ავთანდილ სილაგაძე.

ბატონმა ავთანდილმა მეცნიერებაში საინტერესო გზა განვლო. იგი უნივერსიტეტის შვილია. სრულიად ახალგაზრდამ ეკონომიკური აზრის კვლევას მოკიდა ხელი და ამ მეტად რთულ და საპატიო სფეროს დღემდე არ შორდება. დღემდე რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა შეემატა ქართული აზროვნების ისტორიას. მაგრამ აღსანიშნავია 2001 წელს უნივერსიტეტის მიერ გამოცემული “ეკონომიკური აზრის ისტორიის საკითხები”. მასში თანამედროვე პოზიციებიდან გაანალიზებულია XVI-XX საუკუნეების ეკონომიკური აზრის ძირითადი მიმართულებები მერკანტილიზმიდან თანამედროვეობამდე.

იგი ორი განყოფილებისგან შედგება: პირველი ეძღვნება ჟ. ბ. კოლბერის, კლასიკური სკოლის წინამორბედების, დ. რიკარდოს, თ. რ. მალთუსის, ნ. სენიორის, ჟ. ბ. სეის, ჯ. ს. მილის, გერმანული ისტორიული სკოლის (ფ. ლისტი, გ. როშერი, ბ. ჰილდებრანდი, კ. კნისი, გ. შმოლერი) და კ. მარქსის ეკონომიკური იდეების ანალიზს; მეორე განყოფილებაში განხილულია ამერიკული ინსტიტუციონალიზმი, მონოპოლისტური კონკურენციის თეორია, ნეოკლასიკოსებიდან – კეინზიამდელი პერიოდი, გერმანული ნეოლიბერალიზმის იდეების წარმოშობა, “მგეგმავების”, “კეთილდღეობის”, ეკონომეტრიკოსების, მონეტარისტული და ნეოკლასიკური სინთეზის მთავარი წარმომადგენლების ეკონომიკური შეხედულებები.

გვაოცებს უზარმაზარი მოცულობის სამუშაო, რომელიც ბ-ნმა ავთომ და ქართულ მეცნიერთა ჯგუფმა: გ. გოშაძემ, ვ. ზურაბიშვილმა, თ. დემეტრაშვილმა ჩაატარეს ეკონომიკური ლექსიკონის შედგენაზე, ბ-ნი ავთოს ხემძღვანელობით.

ეკონომიკის განმარტებითი ლექსიკონი 6000-ზე მეტ ტერმინს შეიცავს. მასში მოცემულია მოკლე ცნობები ეკონომიკური აზრის ისტორიაში საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერ-ეკონომისტების (მათ შორის, ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატების) შესახებ. ლექსიკონს თან ერთვის მსოფლიოს ძირითადი ქვეყნების ფულადი ერთეულების ნუსხა.

ყურადღებას იმსახურებს ავტორთა კოლექტივთან თ. ბასილიასა და თ. ჩიკვაიძესთან ერთად ა. სილაგაძის მიერ 2001 წელს გამოშვებული მონოგრაფია “პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია: საქართველოს ეკონომიკა XXI საუკუნის მიჯნაზე”.

მონოგრაფიაში შესწავლილია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირეული საკითხები: ეკონომიკური ტრანსფორმაციის ობიექტური აუცილებლობა და არსი, რეფორმის შედეგები, სახელმწიფოებრივი რეგულირების ინსტრუმენტარიუმი, ინსტიტუციური, საფინანსო-საკრედიტო, სოციალური და საგარეო-ეკონომიკური კრიზისის დაძლევის, სამომავლო განვითარების მოთხოვნებისა და რეფორმის ახალი სტრატეგიის განხორციელების აუცილებლობის გათვალისწინებით.

ბატონ ავთოს ჟურნალ “მაკრო მიკრო ეკონომიკის” რედაქცია ულოცავს ამ დიდ წარმატებას და უსურვებს შემდგომ წინსვლას. .