რუსთავის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა
ეკა ლომიძე
რუსთავს, ეკონომისტთა გარკვეული ნაწილის მოსაზრებით, როგორც ინდუსტრიულ ქალაქს განვითარება აღარ უწერია, თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებაც. ქალაქ რუსთავის მერის, ბატონ მერაბ ტყეშელაშვილის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია, ქალაქი რა ფორმით და რა კუთხით განვითარდება. ამჟამად ხორციელდება რუსთავის 2003-2006 წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა, სადაც სამი ძირითადი მიმართულებაა განსაზღვრული: ვაჭრობა, მიწათმოქმედება და მცირე ბიზნესის განვითარება.
როგორც ჩანს, ინდუსტრიულმა, კომუნისტურ-გიგანტურმა ქალაქმა თავისი დრო მოჭამა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მცდელობა ყოფილი გიგანტის, რუსთავის “მეტალურგიული კომბინატის” ამუშავებისა, ქარხანაში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა, ალბათ, მხოლოდ 3-4 ათასს შეადგენს. ესეც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გაამართლებს “მეტალურგიული კომბინატის” ამჟამინდელი მენეჯმენტი. არარეალური და უტოპიურიც შეიძლება ვუწოდოთ იმ აზრს, რომ კომბინატი კვლავინდებურად “ძველი დატვირთვით” ამუშავდება. რუსთავის დროებით უმუშევარი მოსახლეობა ვერასოდეს დასაქმდება იმ საწარმოებში, რომლებშიც ადრე მუშაობდა (უმრავლესობაზეა საუბარი). რუსთავის მერის მხრიდან წამოწყებული ქალაქის შემდგომი განვითარების სხვა მიმართულებები სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში. რუსთავიდან დასაქმების ძიების მიზნით მასიურად ხდება ადგილობრივი მოსახლეობის გადინება რაიონებსა და სოფლებში, ასევე დედაქალაქში. პირველი ნაწილი, რასაც ზემოთაღნიშნული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა ითვალისწინებს, არის ის, რომ დამუშავდეს და გაწყლოვანდეს რუსთავის მისადგომებთან არსებული მიწის ფართობები, სადაც შემდგომში დასაქმდება მოსახლეობა. არსებობს ამ იდეის საპილოტო პროექტი, რომელიც ინგლისელებთან და ფრანგებთან ერთად განხორციელდა. მიწა დამუშავდა, გაწყლოვანდა და 240 ოჯახი დასაქმდა. რუსთავის მერის განცხადებით, შედეგი დამაკმაყოფილებელია, გარდა იმისა, რომ ამდენი ოჯახი დასაქმდა, მოსახლეობას გაუჩნდა საარსებო მინიმუმი, ბაზაზე ადგილობრივი პროდუქტიც შემოვიდა, რომელიც თავის ღირებულებით და ხარისხით, კონკურენტუნარიანია. ამ მიმართულების პრიორიტეტი ისიცაა, რომ ნელ-ნელა განვითარდება დასახლებული ინფრასტრუქტურა და შემდგომში, როდესაც მწყობრიდან გამოვა, ანუ ექსპლუატაციის ვადა გაუვა საცხოვრებელ, მრავალსართულიან სახლებს, მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილით უზრუნველსაყოფად საფუძველი უკვე მომზადებული იქნება.
რუსთავის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის მეორე მიმართულებას ვაჭრობის სისტემის განვითარება წარმოადგენს. თბილისსა და რუსთავს შორის შეიქმნება სავაჭრო ზონა, სუპერმარკეტების ტიპის სავაჭრო სისტემა, სადაც დასაქმდებიან არა მარტო რუსთავის მცხოვრებნი. ამგვარი სისტემის ჩამოყალიბება დედაქალაქსაც გაანთავისუფლებს მოჭარბებული სავაჭრო ქსელისგან.
მესამე მიმართულება მცირე წარმოებების ჩამოყალიბებაა. მერაბ ტყეშელაშვილი – ქალაქის მერი: ნებისმიერი პროექტის, თუ იდეის განვითარებას სჭირდება როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა. ვფიქრობ, რომ დროა რუსთავის მიმართ შეცვალონ მიდგომა და დამოკიდებულება. მარტო თბილისი არ არის საქართველო და მარტო თბილისში არ ხდება საზოგადოების ჩამოყალიბება, თუ პოლიტიკის წარმართვა. რუსთავის დედაქალაქის სატელიტი ქალაქია, ამიტომ ყველა უნდა ეცადოს, რომ ის გადაიქცეს ძლიერ ორგანიზმად. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმაზე მუშაობა. რა თქმა უნდა, შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ყველაფერი 100%-ით შესრულდება, მაგრამ 40%-თაც რომ შესრულდეს, ეს უკვე სერიოზული, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ჩვენი ყველაზე შორს ჩადებული “ინვესტიცია” მომავალი თაობის მორალური და ფიზიკური აღზრდაა. ის ღონისძიებები, რომლებიც ჩვენთან ტარდება, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნების მშენებლობა, თუ რუსთავის ტყე-პარკების გაშენება- გამშვენიერება, სწორედ მომავალი თაობების სწორად ჩამოყალიბებისათვის კეთდება, რადგან ის შეხვედრის ადგილები და ურთიერთობები აყალიბებს იმ “რუსთაველობას”, რომლის სიყვარულმა უნდა მართოს შემდგომში ქალაქი და თუნდაც სახელმწიფო. ქვეყანა უნდა ზრუნავდეს თავის მოქალაქეებზე. სადაზღვევო კომპანია “ჰელიოსთან” თანამშრომლობის საფუძველზე, რუსთაველ პედაგოგებს დავურიგეთ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი. სკოლის მასწავლებლებმა უნდა აღზარდონ მომავალი თაობა, ჩვენი მოქალაქენი, ამიტომ სახელმწიფომ პედაგოგთა მიმართ მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინოს. რუსთავის საპატიო მოქალაქეებს “ჰელიოსის” ჯანმრთელობის დაზღვევის “ოქროს” პოლისები დავურიგეთ. სხვათა შორის, იყო კითხვა, თუ რა ნიშნით შევარჩიეთ მოქალაქენი. ეს ის ხალხია, ვისაც რუსთავის აღმშენებლობისთვის წვლილი მიუძღვის. ვალდებულნი ვართ, მოვეფეროთ მათ და დავუფასოთ ამაგი. მომავალ თაობებსაც უნდა ვაჩვენოთ, რომ კეთილი საქმე არ იკარგება, უკვალოდ არ რჩება. უმცროსს უფროსი თაობების სიყვარული და დაფასება უნდა ვასწავლოთ.
ხშირად საუბრობენ, რომ ცენტრალური და რეგიონალური მმართველობის ურთიერთობა დასახვეწია. ეს თემა პოლიტიკური დებატების განსჯისა და “იმიჯის” დამკვიდრების საუკეთესო საშუალებადაც მოიაზრება. თქვენი აზრი ამ საკითხთან მიმართებაში?
არსებობენ ქვეყნები, რომელთაც არანაირი ბუნებრივი რესურსი არ გააჩნიათ, მაგრამ დახვეწილი მართვის სისტემის წყალობით წამყვან, მოწინავე ქვეყნებს წარმოადგენენ. სამწუხაროდ, ჩვენთან, საბოლოო ჯამში, მაინც არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული მმართველობისა და თვითმმართველობის ფორმები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია. დავიწყოთ იქიდან, რომ ქონება სახელმწიფოს განკარგულებაშია, მაგრამ არსებობს ქალაქისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები, როგორიცაა, ჩვენ შემთხვევაში, სკოლები, “რუსთავწყალი”, “რელასი”, რომელიც ქალაქმა უნდა მართოს. მაგალითისთვის, ავიღოთ სკოლები, რომელსაც ქალაქი აფინანსებს, უვლის, პრობლემებს უგვარებს, მაგრამ პოლიტიკას განათლების სამინისტრო ატარებს. არ არის გამიჯნული ცენტრალური და მუნიციპალური ბიუჯეტი. დღეს ცენტრალური ბიუჯეტი “ივსება” მხოლოდ რეგიონალური ბიუჯეტის ხარჯზე და ეს უკანასკნელი კი, “ცენტრს” ოდნავადაც კი არ აწუხებს. მთავარია, ცენტრალურ ბიუჯეტში აისახოს თანხები. არც საგადასახადო სისტემაა სრულყოფილი. უკეთესი შედეგი გვექნება რომ, ადგილზე ვმართოთ გადასახადები. ავიღოთ, მაგალითისათვის, ქონების მართვის სამინისტრო. იჯარით მიღებული თანხების 350% ქალაქს მოხმარდება, დანარჩენი მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში. ყოველწლიურად ეს ძალიან დიდი თანხების დანაკარგს იწვევს, რომელიც ჩვენი ქალაქისათვის პრობლემატური ხდება. აღარაფერს ვამბობ იმ ენერგოკრიზისის შედეგებზე, რომელიც ქვეყნის თუ ქალაქის ეკონომიკურ მაჩვენებელზე პირდაპირ აისახება. ამ კუთხით ვმუშაობთ უკვე დიდი ხანია. უნდა მოხდეს ქალაქის საბოლოო გამრიცხველიანება და აშენდეს ჰიდროელექტროსადგურები, რომლის პროექტი აშშ-სა და ისრაელში გვაქვს გაგზავნილი. ამ პროექტზე მუშაობენ საქართველოშიც. სამწუხაროდ, ჩაიშალა ერთწლიანი მუშაობა გერმანელებთან. ამ კომპანიის ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, უნდა ვეძებოთ ალტერნატიული გზები. ვხუმრობ ხოლმე, წელს ნამდვილად გვაქვს ფოტოსურათი გადასაღები, ჩვენ ისეთ ზამთარს გავუძელით, ამაზე უარესი უკვე აღარ არსებობს, თან იმ სოციალურ ფონზე, რაც რუსთავშია. საქართველოს ყველა სხვა ქალაქს რაღაც არსებობის წყარო გააჩნია. ჩვენ, რომ იტყვიან, “ასფალტზე” ვცხოვრობთ და ამიტომაც უნდა შეიცვალოს რუსთავის მიმართ პოზიცია, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. უნდა გამოვიდნენ კაბინეტებიდან და რეალურად დაინახონ შექმნილი სიტუაცია, თორემ ამ მიდგომით ვერც სხვა ქალაქებს გადავარჩენთ. თუ ასეთი მართვის სისტემა იარსებებს, ჩათვალეთ, რომ ცოტა ხანში თბილისიც აღარ გვექნება.