რედაქტორისაგან
ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია
ქართველები ახალ ქვეყანას და ახალ ეკონომიკას აშენებენ. საქართველოში მეტამორფოზა მსოფლიო ახალი წესრიგის დამყარებას დაემთხვა. ერაყის ომი არ არის უბრალო კონფლიქტი ორ სამყაროს შორის.
ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების კრიზისი, მათი უუნარობა, რეალურად და ეფექტურად მოაგვარონ ნაციონალური თუ საერთაშორისო კონფლიქტები, დაარეგულირონ ეკონომიკური ბალანსი მდიდარ, განვითარებულ ქვეყნებსა და ღარიბებს შორის, მოაგვარონ კატასტროფულად მზარდი დავალიანების საკითხი და რესურსსა თუ ტექნოლოგიურ გადანაწილებაში მოახდინონ სამართლიანობის აღდგენა. გლობალიზაცია, რომელიც ერთ დროს მსოფლიო განვითარების ერთადერთი გზა იყო, ახლა მისი შემაფერხებელი ხდება. ამას ერთვის დიქტატორული ქვეყნები, რომლებიც კრიმინალური წესით ცხოვრობენ და მსოფლიოს მუდმივ საფრთხეს უქმნიან, რომ არაფერი ვთქვათ საკუთარ ხალხზე. ნათელი ხდება, რომ მარტო რეზოლუციებით არ შეიძლება იმართოს მსოფლიო. ამასთან, აშკარაა თვით განვითარებულ ქვეყნებს შორის მწვავე კრიზისი. აშკარად ჩამოყალიბდა სამი ცენტრი – ამერიკა, ევროპა და იაპონია. ბიზნესი უფრო და უფრო ტექნოლოგიური და ენერგოტევადი ხდება, იმარჯვებს ის, ვისაც ეს კოზირები უჭირავს, პლუს ბაზარი, ბაზარი რუსეთის, თუ ჩინეთის. სად არის აქ საქართველო – საქართველო გამარჯვებულთან. სხვა შანსი მას არა აქვს. ჩვენი ეკონომიკა არც ენერგოტევადი იქნება და არც ტექნოლოგიატევადი, მას აქვს დანამატის როლი. სამწუხაროდ, ის ვერასოდეს ითამაშებს დამოუკიდებლად და მისი ეკონომიკა რეგიონალურის დონეზე დიდ ეკონომიკაზე იქნება მიბმული. ჰოდა, რაც უფრო დიდს მიებმება, მით უკეთესი, ადვილად ავითქვიფებით და საკუთარ სახესაც ადვილად დავკარგავთ. ან გვქონდა კი ეს საკუთარი სახე და ხედვა ოდესმე, ან რა საჭიროა საკუთარი ეკონომიკა, ორიგინალური ნაციონალური სახე და ეკონომიკური ინსტიტუტი? უფრო ადვილი და უსაფრთხოა – აერევი მორევში, იტრიალებ დიდი ზესახელმწიფოს მუცელში და არც ფიქრი გინდა, არც თავის მტვრევა ეკონომიკურ სისტემებსა და თეორიებზე, მიყევი ტალღას და იცოცხლე. სახე არ გექნება, მაგრამ იცოცხლებ, არავითარი ეკონომიკა, მხოლოდ პოლიტიკა და ყველაფერი კარგად იქნება.
ეს არის ერაყის ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგი მსოფლიო ცენტრები და პატარ-პატარა ქვეყნები, როგორც ამ ცენტრების ან თანამგზავრების ნაწილები. ხომ ხედავ, რა კარგად გადაწყდა ყველაფერი. მერე რა, რომ პერმანენტული უშუქობაა და პოლიტიკური დემაგოგია, ყველაფერი გადაწყვეტილია და თანაც კარგად.
საუკუნის უკან, ერთ ჩვენთან არაპოპულარულ პოლიტიკოსს უთქვამს (მე ნამდვილად ვერ დავიფიცებ), რომ ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, მზარეულსაც შეეძლება სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნაო. მერე ამას ჩვენში სასტიკად აკრიტიკებდნენ და ძალიან არასწორადაც, რადგან ეტყობა იმ პოლიტიკოსს ქართველი მზარეულები ჰყავდა მხედველობაში, ისინი კი, ძალზე ჭკვიანები და ორგანიზებულნი არიან და ვითომ რატომაც არ შეძლებენ. დიახაც, რომ შეძლებენ და თანაც კარგადაც, მით უმეტეს, როცა არ არის საჭირო მართო, ან სამართავიც არაფერია, მხოლოდ უნდა დაყვე.
ისე, ამ საომარ ფონზე ზოგმა ქართველმა პაციფისტობაც გაბედა, ზოგმა პროტესტის ნიშნად თირკმელში კენჭი გაიჭედა, ზოგმა შუქის ფულის გადახდა დაიწყო და ზოგმა – გადასახადის.
უფრო მეტიც, ომის პროტესტის ნიშნად ოპოზიციის ლიდერებმა თითქოს უარი თქვეს მომავალ არჩევნებში მონაწილეობაზე და პოზიციამ – თვით არჩევნებზე.
აკი გეუბნებოდით, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი.