ამერიკის ახალი ეკონომიკური ერა
მოამზადა ნინო არველაძემ
მომავალი წლის ეკონომიკის გაანალიზების მცდელობის დროს ინვესტორები დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს, რადგან აშშ-ისა და სხვა ეკონომიკების ბედი მსოფლიოში მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ პიროვნებაზე, რომელიც თეთრ სახლში ზის. შესძლებს ბარაკ ჰუსეინ ობამა II აშშ-ის ფინანსური კრიზისის პრობლემების გადაწყვეტას? ბოლო პერიოდში აშშ-ის ეკონომიკის ბედის ბორბალი რომ უკუღმა ტრიალებს, საიდუმლო არავისთვისაა.
ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ საკრედიტო, საბინაო და საფინანსო კრიზისებმა მნიშვნელოვნად დააზარალდა ამერიკის ეკონომიკა და მდგომარეობის გაუმჯობესებას ხანგრძლივი მუშაობა დასჭირდება. რას მოუტანს ამერიკისა და მსოფლიოს ეკონომიკას დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ბარაკ ობამას გაპრეზიდენტება? ბაზრებზე მოთამაშეები ყოველთვის წინ იხედებიან, ობამას გამარჯვების შემდეგ ისინი (და სკეპტიკურად განწყობილნი) ერთ ვარაუდს გამოთქვამენ – ობამას ეკონომიკის მართვის ჯანსაღი ხედვა არ გააჩნია და მისი გაპრეზიდენტება ამერიკის ეკონომიკის გამოჯანსაღებას შეაფერხებს. ოპოზიციურად განწყობილი ეკონომისტები აცხადებენ, რომ სამწუხაროდ, დემოკრატები ფიქრობენ, რომ ეკონომიკური კანონები მეტი არაფერია, თუ არა რესპუბლიკური პარტიის ხრიკები, მათი იგნორირება სავსებით შესაძლებელია და რომ სლოგანი – “დიახ, ჩვენ შეგვიძლია!” – ხალხში ემოციურ განწყობას იწვევს და ბაზრებზე განგაშის მოლოდინს ამძაფრებს. მსოფლიო კი თავს ვერ მოიტყუებს. ნათელია, რომ ამერიკის ეკონომიკის სურათი ნელ-ნელა მუქდება. როგორც სჩანს, ობამას ადმინისტრაცია ფინანსური მომსახურების სექტორს ფასებს გაუზრდის, რაც ბანკების საქმიანობას შეუშლის ხელს, ეს განსაკუთრებით სავაჭრო სივრცეზე აისახება. ამიტომ შეიზღუდება ინვესტიციების მოცულობა აშშ-ის ფინანსურ სექტორში.
ობამას გამარჯვების პირველმა დღემ მწარმოებლურობის მრუდი გაზარდა, რაც დემოკრატებმა პირველ დადებით ნაბიჯად მიიჩნიეს, მაგრამ არის კი ეს საკმარისი? მოსჩანს ჰორიზონტზე ეკონომიკის გაუმჯობესების პირველი ნიშნები? უარყოფითი მწარმოებლურობის მრუდი (მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები გრძელვადიანს აღემატება) მოახლოვებულ ეკონომიკურ პრობლემებს მოასწავლეებს, საწინააღმდეგო უნდა ითქვას, თუ მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები გრძელვადიანზე ნაკლებია. ნებისმიერი ეკონომისტი იტყვის (ყოველ შემთხვევაში უნდა თქვას), რომ თავისუფალი ბაზარი ყოველთვის ისწრაფვის გააწონასწოროს ერთი და იგივე საქონლისა თუ მომსახურების ფასები. მაგრამ როგორც კი მდგომარეობა რთულდება, იგივე ეკონომისტები იწყებენ იმ მიზეზების ძებნას, რომლის საშუალებითაც ახსნიან, თუ რატომ დადგა ესა თუ ის ფუნდამენტური ეკონომიკური კანონი ეჭვსქვეშ, როგორც ეს ეკონომისტმა ნათ უიქსელმა გააკეთა 1898 წელს:
“მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი (საპროცენტო განაკვეთი ფასიან ქაღალდებზე) უნდა პასუხობდეს მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთებს (ბანკის საპროცენტო განაკვეთებს), ან ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის უნდა არსებობდეს ნამდვილი კავშირი. შეუძლებელია გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი ბევრად აღემატებოდეს მოკლევადიანს, სხვა შემთხვევაში მეწარმეები ბიზნესს საბანკო კრედიტების მეშვეობით წარმართავენ. ასევე შეუძლებელია გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები მოკლევადიანთან შედარებით ძალიან დაბალი იყოს, რადგან კაპიტალისტთა დიდი ნაწილი ამჯობინებს ფულის ბანკში დატოვებას.”
გვრჩება ერთი დასკვნის გაკეთების საშუალება – “მწარმოებლურობის მრუდი” ცენტრალური ბანკების მანიპულაციის პირმშოა. კრედიტების ზრდასთან ერთად ფედერალური სარეზერვო სისტემა ამცირებს გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებს და სტიმულს აძლევს პროდუქციას, ხოლო როდესაც ფედერალურ სარეზერვო სისტემას მონეტარული პოლიტიკის შევიწროება სურს, ის ზრდის მოკლევადიანი სესხების საპროცენტო განაკვეთებს და ამცირებს პროდუქციას. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთი ახლა 1%-ია, რაც ექსტრემალურად დაბალია. მონეტარული ბაზა კი 980 914 მლრდ დოლარიდან 1 233 679 დოლარამდე გაიზარდა. გასაკვირი არ არის, რომ მწარმოებლურობის მრუდი დადებითია: მაგრამ ნიშნავს ეს ეკონომიკის აღორძინებას? ალბათ არა. დაბალი საპროცენტო განაკვეთები უსარგებლო ნივთად იქცევა, როდესაც მთავრობა მტრულად არის განწყობილი მოგებისა და ინვესტიციების მიმართ. ამ შემთხვევაში ეს შეიძლება ობამაზე ვთქვათ, რადგან ის რუზველტივით გადასახადებისა და დანახარჯების გაზრდას აპირებს. რუზველტმა ინიციატივა “ახალი გარიგების” საშუალებით დააყენა, შედეგად ცნობილი “დიდი დეპრესია” მიიღო. ბიზნესის მფლობელებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ სამუშაო ადგილების შემცირება, ისინი შიშობენ, რომ კაპიტალური მოგების გადასახადის გადახდა გაუჭირდებათ, რასაც მაღალი სოციალური დაზღვევის გადასახადიც ემატება. ბევრმა მეწარმემ უკვე დაიწყო სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა, ყველაფერი მარტივია, თუ 5 მილიონი ბიზნესმენი მაინც მიბაძავს მათ, აშშ-ში დასაქმებულთა რიცხვი სულ მცირე 5 მლნ ადამიანით მაინც შემცირდება. ობამამ პირობა დადო, რომ ეს ავტომწარმოებლებს არ შეეხება და მათი დაფინანსების საკითხს განიხილავს, თუმცა მათ მკაცრად გაწერილი ხარჯების გეგმა მას შემდეგ მოთხოვა, რაც “კრაისლერის”, “ფორდისა” და “ჯენერალ მოტორსის” ხელმძღვანელები პროტესტის გამოსახატად ვაშინგტონში საკუთარი თვითმფრინავებით დაეშვნენ, სენატში კი განაცხადეს, რომ “კონგრესში კერძო თვითმფრინავით გამოცხადება, რომელთა ღირებულება რამდენიმე მლნ დოლარია, იგივეა, რაც ღარიბებისთვის სამოწყალოდ წვნიანის დარიგების დროს ღარიბი სმოკინგში გამოწყობილი გამოცხადდეს.” აშშ-ში შიშობენ, რომ ობამას ყველა გეგმის გახორციელების შემთხვევაში უმუშევრობის მაჩვენებელი 16%-ს მიაღწევს, რაც მცირე ბიზნესისათვის კატასტროფა იქნება. ობამა აპირებს შეტევა განახორციელოს კაპიტალურ მოგებაზე, გაზარდოს გადასახადები და მასიურად გაზარდოს მთავრობის დანახარჯები. 2008 წლის ბოლო კვარტალსა და 2009 წლის პირველ კვარტალში ელიან, რომ ხაზინა 920 მლრდ აშშ დოლარს ისესხებს, იგივე ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში ალბათ მალე ტრილიონებზე იქნება საუბარი. ყველა მიხვდება, რომ რეცესიის პირობებში სამთავრობო დანახარჯების კატასტროფული ზრდა აშშ-ის ეკონომიკისთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს (ნუთუ დემოკრატებს ისიც დაავიწყდებათ, რომ რეცესიის დროს შემოსავლები მცირდება?)
და მაინც, როგორც სჩანს დემოკრატები გულგრილად არიან განწყობილნი იმ ფაქტის მიმართ, რომ ბაზრები მათ ყოველ წვრილმან მოქმედებას აკვირდებიან და სიხარულით არ ხვდებიან ობამას გადაწყვეტილებებს გაზრდილი გადასახადების, სამთავრობო დანახარჯების და უფრო და უფრო მკაცრი რეგულაციის შესახებ. ბაზრებს გათავისებული აქვთ, რომ ჯერჯერობით ეკონომიკის ზრდის ნიშნები არ სჩანს, რომ არაფერი ვთქვათ მის გაუმჯობესებაზე. ეს ყველაფერი მწარმოებლურობის მრუდთან გვაბრუნებს. ვინც ფიქრობს, რომ მწარმოებლურობის მრუდი ეკონომიკის აღორძინების ინდიკატორია, ის სრულ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან მრუდის ზრდა იწვევს აშშ-ის ხაზინის მიერ დაზღვევის ღირებულების მკვეთრ ზრდას ვალდებულების შეუსრულებლობის წინააღმდეგ, ანუ კრედიტის დაუბრუნებლობის დაზღვევა. როგორც წესი, კრედიტის დაუბრუნებლობის დაზღვევა იცავს კორპორატიული ფასიანი ქაღალდების ინვესტორებს. როგორც ამბობენ, ეშმაკი დეტალებშია. ბაზრებზე აცხადებენ, რომ არსებობს საკმარისი შიდა დანაზოგები, ისევე როგორც უცხოური მოთხოვნა, აიღონ ვალი ხაზინიდან. მაშინაც კი, თუ დანაზოგი საკმარისია, რომ ფონდებმა ინვესტიციებისგან თანხები სამთავრობო დანახარჯებში გადაისროლონ, ეს ეკონომიკას მხოლოდ და მხოლოდ უარყოფით შედგეს თუ მოუტანს. ბენ ბერნანკეს არასწორმა შეფასებამ 1930 წლების მიმართ შეიძლება ობამა უფრო ენერგიული გახადოს და აქტიურად შეუდგეს გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ბაზრები ეჭვობენ, რომ ობამას რეჟიმი უფრო მაღალი ინფლაციის რეჟიმს დანერგავს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ-ის ეკონომიკა ზრდის ტემპს შეანელებს. ობამამ კი უნდა გაითავისოს, რომ მიმდინარე კრიზისი არსებული ეკონომიკური ეპოქის დასასრულია. ობამამ როგორღაც უნდა შეარიგოს წარსული და აწმყო. მთავარი პრობლემა მისი პრეზიდენტობის დროს იქნება მოსახლეობის შემოსავალზე დიდი მოთხოვნა და ეკონომიკის უნარიანობის ზრდა. თუ ამერიკის ეკონომიკა სტაგნაციაში გადავა, ძალიან გამძაფრდება ბრძოლა მდიდრებსა და ღარიბებს, ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებს, ემიგრანტთა და ადგილობრივებს შორის.
დაე, მოხდეს, რაც მოსახდენია!