მშენებლობაში გაპარული მილიონები
რედაქციისაგან
საქართველოს ეკონომიკაში არსებული სირთულეების მიუხედავად არის დარგები, რომლებიც წარმატებით ვითარდებიან. კრიზისული ეკონომიკის ფონზე თბილისში გამალებული ტემპებით მიმდინარეობს საბინაო მშენებლობა. ის მთლიანი შიდა პროდუქტის და საგადასახადო ბაზის მნიშვნელოვან ნაწილს უნდა შეადგენდეს, მაგრამ …
დიდი ეკონომიკური მსჯელობა და ანალიზი არ უნდა იმ გათვლებს, რომ თბილისში ერთი კვ. მეტრის ბინის აშენება ჯდება 150 -160 აშშ დოლარი, თან იმ კონდიციით, როგორითაც ის ჩვენთან იყიდება, (300-500 აშშ დოლარად), მშენებლობა 200-300 %-იან პირობით მოგებას იძლევა. ერთდროულად 200-ზე მეტი ობიექტი შენდება, რომელთა თითოეულის ფართი 4000-5000 კვ. მეტრია, ღირებულება მშენებლობის ნაწილში 600000-750000, ხოლო სარეალიზაციო ფასი 1200000-2250000. ეს არის გდპ-ს მონაცემი, საშუალოდ 1.5 მილიონი ორასჯერ, ანუ სამასი მილიონი დოლარი (ანუ ექვსას სამოცი მილიონი ლარი), რაც გდპ-ს 10 პროცენტია. აქედან მარტო მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტს 60-80 მილიონი ლარი უნდა მიეღო, ხოლო სოციალურ ფონდებში და საშემოსავლოს სახით (თუ მშენებლობის სპეციალისტ-ეკონომისტებს ვენდობით, რომელთა აზრით მშენებლობის ღირებულების მინიმუმ 40 პროცენტი ხელფასზე მოდის, ხოლო მისი ნახევარი – გადასახადებზე) 50-60 მილიონი უნდა შესულიყო. სულ ბიუჯეტში 120-130 მილიონი ლარი უნდა შესულიყო, რეალურად კი, ნულია. არადა, ძნელია ამხელა მშენებლობა დაუმალო საგადასახადო ინსპექტორს. ერთადერთი, რასაც იფიქრებ – ამ სექტორს ეკონომიკაში უზარმაზარი მფარველი ჰყავს!
რა არის იმაზე ლამაზი, ვიდრე მშენებარე ქალაქი, როგორ შეიძლება არ გიხაროდეს ამდენი ნგრევის შემდგომ აღმშენებლობა, “ხრუშოვკების” შემდეგ თანამედროვე სახლები და ბინები, მაგრამ ბენზინის არ იყოს, ეს ბინები იაფად რომ იყიდებოდეს მოქალაქეზე, გაჩუმდებოდი ხალხის ხათრით, მაგრამ არც მოსახლეობის ინტერესებია გათვალისწინებული, არც ბიუჯეტის – ეს მეტისმეტია.
თუ გადავხედავთ თუნდაც მოსკოვის გამოცდილებას, არაფერს ვამბობთ დასავლეთის ქვეყნებზე, სადაც კვ. მეტრი 1000-1500 აშშ დოლარი ღირს, მშენებლობა იქ ბიუჯეტის სერიოზული შემოსავლის წყაროა. ჩვენ კი, ტაქსისტებისაგან და ქუჩის მევაჭრეებისგან ვაპირებთ ბიუჯეტში ფულის ამოღებას. თუ ეს საკითხი არ დარეგულირდება და მშენებლობის ბიზნესის ლეგალიზაცია არ მოხდება, ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანა გაგვიჭირდება. ამ საქმის მოწესრიგების შანსი არსებობს როცა ყველა მშენებლობა იქნება კანონიერი და ლეგალური, მშენებლები – კმაყოფილი დაფინანსებით და მოქალაქეები – იაფი ბინებით? დიახ, არსებობს და საკმაოდ ადვილად განსახორციელებელიცაა.
და ამაზე შემდეგ ნომერში…