ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარი საქართველოში

მაკა ღანიაშვილი

სტატისტიკური მონაცემებით, ქართველი მომხმარებელი საკუთარი შემოსავლების თითქმის 70%-ს საკომუნიკაციო მომსახურებაში იხდის. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2007 წელს საქართველოში მობილური სატელეფონო ქსელის აქტიური აბონენტების რაოდენობა 895 000-ით გაიზარდა და 2.6 მილიონი გახდა, ხოლო ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის მთლიანმა შემოსავლებმა 1.114 მლრდ ლარს მიაღწია, 2006 წელს კი ეს მაჩვენებელი 1 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც მაჩვენებელი ქვეყნის მშპ-ის 6.6%-ია.

ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მთლიანი შემოსავლის (რომლის შემადგენლობაშიც შედის ფიქსირებული ტელეფონი, ტელერადიომაუწყებლობა და მობილური საკომუნიკაციო მომსახურება) 63.28%-იანი წილი მობილური საკომუნიკაციო მომსახურების სეგმენტზე მოდის (აღნიშნული მაჩვენებელი 2006 წელს 65%-ს შეადგენდა), ფიქსირებულ საკომუნიკაციო მომსახურებაზე – 29.53%, ხოლო ტელე და რადიო მაუწყებლობაზე – 7.19% (2006 წელს – 5.22%). 2006 წელთან შედარებით მობილური სატელეფონო ოპერატორების შემოსავალი 2007 წელს 54 მილიონით გაიზარდა და 704 მილიონ ლარს გადააჭარბა. მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ყოველთვიური შემოსავლების ოდენობა საშუალოდ ერთ აბონენტზე გადაანგარიშებით 2000 წელს 57.74 ლარი იყო, 2007 წლისათვის კი 217 ლარს მიაღწია.
საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელის აბონენტთა რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება და ეს მიუხედავად იმისა, რომ World Development Indicators database-ის მიერ მსოფლიოს 186 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველო მობილურ ტელეფონებზე საუბრის საფასურით ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანაა მსოფლიოში. შეფასების კრიტერიუმად 1 თვის განმავლობაში საშუალო პაკეტის ღირებულება აიღეს, რომელიც 25 სატელეფონო ზარისა და 30 მოკლე ტექსტური შეტყობინების ღირებულებათა ჯამისაგან შედგება. საქართველოში ამ პაკეტის ღირებულება 44,09 აშშ დოლარია და ამ მაჩვენებლით ქუვეითისა და სიერა-ლეონეს შემდეგ ჩვენი ქვეყანა მესამე ადგილზეა.
მსოფლიოში თვეში პაკეტის საშუალო ღირებულება 12,25 აშშ დოლარია. ყველაზე ძვირია საუბარი ქუვეითში – 75,18 აშშ დოლარი, ყველაზე იაფი კი ვენესუელასა და შრი-ლანკაში – 1,17 აშშ დოლარი. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ამ მაჩვენებლის მიხედვით 46-ე ადგილზეა აზერბაიჯანი (15,11 დოლარი), მე-12-ზე სომხეთი (8,31 დოლარი), 71-ზე – თურქეთი (12,57 დოლარი) და 148-ზე რუსეთი (5,96 დოლარი). მსოფლიოში მობილური ტელეფონიდან განხორციელებული სატელეფონო საუბრის 1 წუთის ღირებულება საშუალოდ 0,05 აშშ დოლარია, საქართველოში კი ეს მაჩვენებელი, გამონაკლისი სატარიფო სქემების გარდა, 29 თეთრი, ანუ დაახლოებით 17,7 ცენტია.
რატომაა საქართველოში მობილური ტელეფონით საუბარი ასეთი ძვირი? ეს გამოწვეულია ლიცენზიებისა და სერვისის სიძვირით, თუ ძალიან მარტივი და ბანალური მიზეზით – მონოპოლიით. “ჯეოსელი” და “მაგთი” საქართველოში ორი უმსხვილესი მობილური სატელეფონო ოპერატორი კომპანიაა. მათ ბაზარი თითქმის მთლიანად მონოპოლიზებული აქვთ – 2.6 მილიონი აბონენტიდან “მაგთისა” და “ჯეოსელის” აბონენტების საერთო რაოდენობა ჯამში 2.4 მილიონია. შესაბამისად, მესამე მოთამაშე “ბილაინის” სახით, რომელიც ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა, 200000 აბონენტით ამინდს ქართული ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე ჯერ-ჯერობით ვერ ცვლის. დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში მსგავსი ვითარება ბიზნეს-სეგმენტში კონკურენტების სიმცირითა და შესაბამისად კარტერული გარიგებებით კვალიფიცირდება, საქმეში ანტიმონოპოლიური სამსახური ერთვება და კომპანიების მდგომარეობას შეისწავლის. თუ დამტკიცდა, რომ ტარიფი არაბუნებრივად მაღალია, კომპანიები ვალდებულნი არიან ტარიფის გაიაფებაზე იზრუნონ. საქართველოში კი ანტიმონოპოლიური სამსახური გაუქმებულია, კომუნიკაციების ეროვნული კომისია კი, რომელთანაც სატარიფო პოლიტიკის შეთანხმება ხდება, ამ ვითარებას მშვიდად უყურებს.
რაც შეეხება სამ მობილურ ოპერატორს და მათ მიერ განვლილ გზას კავშირგაბმულობის ბაზარზე, 1996 წელს “ჯეოსელი” გახდა პირველი GSM ოპერატორი საქართველოში, კომპანიამ პირველი ზარი 1997 წელს განახორციელა. მისი დამფუძნებლები იყვნენ თურქული და ქართული მხარეები, ქართული მხარე საკონტროლო პაკეტის მფლობელი იყო. 2001 წელს “ჯეოსელისა” და საქართველოში მესამე GSM ოპერატორის “GT მობილურის” შერწყმის შედეგად, ჯეოსელი Gთ მობილურის სრულუფლებიანი მფლობელი გახდა, რასაც მალევე მოჰყვა წინასწარი გადახდის სისტემის, “ლაი-ლაი”-ს შემოღება. 2003 წლიდან კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელია მსოფლიო კავშირგაბმულობის ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი, შვედურ-ფინური კომპანია თელიაშონერა. შესაბამისად, “ჯეოსელი” გახდა ისეთი ჯგუფის წევრი, როგორიცაა Fintur Holdings B.V. ამ ჯგუფის წევრები არიან აზერბაიჯანში (Azercell), მოლდოვასა (Moldcell) და ყაზახეთში (Kcell) მოქმედი GSM ოპერატორები. 2006 წლის მაისში “ჯეოსელი” ე.წ. UMTS ლიცენზიის მფლობელი გახდა, რაც აბონენტებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ მესამე თაობის ტექნოლოგიების სამყაროს შესაძლებლობები – მაღალსიჩქარიან მონაცემთა და (2 მბ/წმ-მდე) ვიდეო გამოსახულების გადაცემა, მობილური ტელევიზია და მათზე დაფუძნებული მრავალი სხვა სერვისი. კომპანიამ უკვე განახორციელა 77 მილიონი დოლარის ინვესტიცია ქართულ ეკონომიკაში. სამომავლოდ იგეგმება ამ ციფრის 130 მილიონამდე გაზრდა. “ჯეოსელი” ფარავს საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 95%-ს, ჰყავს დაახლოებით 1 700 000 აბონენტი და მომსახურების 45-მდე ოფისი.
“მაგთიკომის” საკონტროლო პაკეტის მფლობელია კომპანია “სელფორდი”, რომელმაც აქციები ამერიკული “მეტრომედიისგან” 2007 წელს შეიძინა. მას ჰყავს 1 700 000-ზე მეტი აბონენტი და ისიც ფარავს საქართველოს ტერიტორიის 97%-ზე მეტს. ამჟამად საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს “მაგთის” 43 ოფისი. 10 წლის განმავლობაში “მაგთიკომმა” საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 46 185 000 ლარი შეიტანა.
რაც შეეხება “ბილაინს” – შპს “მობიტელი” – ქართული GSM ოპერატორი კომპანიაა, რომელიც ფლობს საქართველოს ტერიტორიაზე ფიჭური მომსახურების განხორციელების უფლების ლიცენზიას. კომპანია 2003 წლის ნოემბერში დაარსდა, მაგრამ კომერციულ საქმიანობას არ ახორციელებდა. 2005 წელს “მობიტელმა”, როგორც სს “ვიმპელკომის” შვილობილმა კომპანიამ, შეისყიდა GშM-1800 სტანდარტით არსებული რადიოსიხშირის სპექტრის გამოყენების უფლების ლიცენზია. სს “ვიმპელკომს” შპს “მობიტელის” აქციათა 51% ეკუთვნის. კომპანიის ჯგუფში გაერთიანებულია: რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და საქართველოს GSM ოპერატორი კომპანიები. სს “ვიმპელკომი” გახდა პირველი რუსული კომპანია, რომლის აქციებიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე (NYSE) VIP ინდექსით იყიდება. “ბილაინს” საქართველოს მასშტაბით ყავს 200 000-ზე მეტი აბონენტი და აქვს მომსახურების დაახლოებით 40 ოფისი.
მართალია, ვითარება ჯერ რადიკალურად არ შეცვლილა, მაგრამ ფაქტია, რომ ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენის შემდეგ “ჯეოსელიცა” და “მაგთიკომიც” მომხმარებელს სულ უფრო მეტ განსხვავებულ და ხელმისაწვდომ სატარიფო სქემას სთავაზობენ.
“მაგთიკომი” აბონენტებს, “მაგთისა” და “ბალის” გარდა, კიდევ ერთ ახალ ბრენდს – “მაგთი ფიქსს” სთავაზობს. “მაგთი ფიქსი” უსადენო, ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებისა და მონაცემთა გადაცემის სერვისია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ისარგებლოს როგორც მაღალხარისხიანი სატელეფონო კავშირით, ასევე EV-DOტექნოლოგიაზე დაფუძნებული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ-მომსახურებით. ქსელში ჩართვისთვის საჭიროა სპეციალური უსადენო, სტაციონარული ტელეფონის აპარატი, რომელიც 450 მეგაჰერც სიხშირეზე ფუნქციონირებს და მას მომხმარებელს კომპანიის ოფისებში შესთავაზებენ. “მაგთი ფიქსის” ინდექსი 8 90 &ლოწასტ;&ლოწასტ;&ლოწასტ;&ლოწასტ;&ლოწასტ;&ლოწასტ; იქნება. კომპანია აქციის სახით კი პირველ ოქტომბრამდე “მაგთი ფიქსის” ქსელში ჩართვის მსურველებს უფასოდ მოემსახურება, ზარები “მაგთი ფიქსიდან” “მაგთი ფიქსზე” უფასოა, ხოლო ზარები ამერიკაში, რუსეთსა და დსთ-ს დანარჩენ ქვეყნებში წუთი მხოლოდ 20 თეთრი ეღირება. მომსახურების ახალი სერვისი აქვს “ჯეოსელსაც”, რომელიც 5 საყვარელი ნომრის არჩევის შემთხვევაში საშუალებას აძლევს აბონენტს მათთან 5 თეთრად ისაუბროს. თუმცა ეს მხოლოდ სხვადასხვა სატარიფო გეგმებია, ძირითადი ტარიფი კი წუთში 28 თეთრი კვლავ უცვლელი რჩება.
სატარიფო სქემები “ბილაინის” გამოჩენის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მან ბაზარზე გამოჩენისთანავე შესთავაზა მომხმარებელს სხვადასხვა სერვისი. მაგალითად, “ბილაინის” სატარიფო გეგმა – “მეგობრები” აბონენტს საშუალებას აძლევს ყველა მობილურ ოპერატორთან ისაუბროს მხოლოდ 15 თეთრად. სატარიფო გეგმა – “მოკითხე” დსთ-ს ქვეყნებში 27 თეთრად დარეკვის საშუალებას იძლევა, ხოლო “იყავი ახლოს” – მომხმარებელს საყვარელ ოპერატორთან მხოლოდ 9-თეთრიან ტარიფს სთავაზობს. ახალი სატარიფო გეგმა “I საბავშვო” შექმნილია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის. ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ 5 საყვარელი ნომერი და ესაუბრონ მათ წუთში მხოლოდ 5 თეთრად. შემომავალ ზარზე კი ბონუსის სახით დაერიცხებათ ორი თეთრი, დამატებით სერვისზე (SMS, MMS, GPRS) მათთვის მოქმედებს სპეციალური ტარიფი – SMS – 2 თეთრი,MMS – 15 თეთრი. გამავალი ზარის ღირებულება “ბილაინისა” და სხვა მობილურ ოპერატორებზე, ასევე ქალაქის ტელეფონებზე 25 თეთრია.
ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე სხვა სიახლეებიცაა. კერძოდ, “ჯეოსელმა” უკვე დანერგა ახალი პროდუქტი – 3.5G-ი. HSPA (High Speed Packet Access) ტექნოლოგია მე-3 თაობის განვითარების მომდევნო ნაბიჯია, რომელიც მონაცემთა გადაცემას 10-ჯერ უფრო სწრაფს ხდის. თუ აქამდე ინტერნეტის სიჩქარე 386 კილობიტი/წამი იყო, დღეს უკვე 3.6 მეგაბიტი/წამი სიჩქარით სარგებლობაა შესაძლებელი. “ჯეოსელის” მე-3 თაობის ქსელი ავტომატურად გადასულია HSPA რეჟიმში და აბონენტებისათვის რაიმე დამატებითი პარამეტრების შეყვანა ან სერვისის აქტივაცია საჭირო არაა. ყველა სერვისი, როგორებიცაა: WAP-GPRS, GPRS-INTERNET, MMS, VIDEO STREAMINGავტომატურად იმუშავებს მაღალი სიჩქარით იმ შემთხვევაში, თუ მობილურ ტელეფონს HSPA მხარდაჭერა აქვს. “ჯეოსელ-ბროუდბენდი” წარმოადგენს HSPA ფიქსირებულ ტერმინალს, რასაც ერთდროულად უერთდება 4 კომპიუტერი და ინტერნეტის სიჩქარე 3.6 მეგაბიტი/წამია. მოდემს ასევე გააჩნია Wi-Fi დაფარვის ფუნქცია და მუშაობს 100 მეტრის რადიუსში. “ჯეოსელ-ბროუდბენდი” მომხმარებელს ულიმიტო ინტერნეტ-ტრაფიკს, უფასო HSPAტერმინალს და საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასო ინსტალაციას შესთავაზებს. მისი ღირებულება თვეში 99 ლარი იქნება. “ჯეოსელ-კონექტიკი” სწრაფი, მარტივი და მობილური ინტერნეტია, რომლის საშუალებითაც ინტერნეტით სარგებლობა ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი, იქნება ეს აგარაკი, უბრალოდ მგზავრობისას თუ ბიზნეს შეხვედრის დროს. ინტერნეტის სიჩქარე წამში 3.6 მეგაბიტს შეადგენს. ინტერნეტ-ტრაფიკის ღირებულება 1 გიგაბაიტამდე – 35 ლარია თვეში, ხოლო 5 გიგაბაიტამდე – 69 ლარი.
გარდა ამისა, 1 ივნისიდან ცვლილება შევიდა დარეკვის წესებში, რომლის მიხედვითაც “მაგთიკომისა” და “ჯეოსელის” აბონენტები ერთმანეთთან დაკავშირებას მხოლოდ ცხრანიშნა ნომრის აკრეფით შეძლებენ, შესაბამისად 6-ნიშნა ნომრით დაკავშირება გაუქმდა. კომპანია “ჯეოსელის” ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება “ჯეოსელ”-ის 877 სისტემის აბონენტთან დაკავშირების წესებში შევა – აბონენტთან დასაკავშირებლად ნომრის წინ ინდექსი 877 აიკრიფება. რაც შეეხება “მაგთიკომის” აბონენტებს, “მაგთი”-ს და “ბალი”-ს აბონენტებთან დაკავშირება მოხდება მხოლოდ 9-ნიშნა ნომრის აკრეფით – 899, 895, 891 ან 898 და აბონენტის ექვსნიშნა ნომერი.