უხილავი ბიზნესის ლაბირინთებში

ეკა ლომიძე

საქართველოში პროვაიდერობას იმდენად მცირე კაპიტალი სჭირდება, რომ ბევრს შეუძლია დააყენოს ე.წ. “რუტერი” – სატელიტური თეფში, სათანადო აპარატურა, კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომიტეტიდან ლიცენზია აიღოს და მუშაობას შეუდგეს.

მიერკავკასიის მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში პროვაიდერების ბაზარი ყველაზე მეტადაა განვითარებული. სომხეთში 1-2 პროვაიდერია და ბაზარი იქ თითქმის არ არსებობს, აზერბაიჯანში მათი რიცხვი ოდნავ მეტია, მაგრამ იქ ბაზრის ფასების დონეზე კლანური შეთანხმებები მოქმედებს. რუსეთში კი სულ სხვანაირი სიტუაციაა. გამავალი ტრაფიკი შემავალზე მეტია. მისი ინტერნეტის სეგმენტი გაცილებით განვითარებულია ვიდრე ჩვენი. რუსეთში პროვაიდერთა ბაზარზე კლიმატს სამი უმსხვილესი კომპანია ქმნის: “PTKmm.pu”, “Gold-en Telecom” და “MTV- inteli”, რომელთაც თავიანთი რესურსი აქვთ, ანუ მათი ქსელები განვითარებულია თანამედროვე ტექნოლოგიების შეერთების ხარჯზე. ამ სამ კომპანიას რუსეთის ინტერნეტ-მომხმარებლის ტრაფიკის 90% უჭირავს. შესაბამისად, რუსეთის ინტერნეტის სეგმენტს არ სჭირდება გარე ინტერნეტიდან “გადმოქაჩვა”, პირიქით, უფრო მეტი მიაქვს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ამ პროვაიდერებს საშუალება ეძლევათ გავლენა მოახდინონ ფასზე. თუ ადრე ისინი უფასოდ ცვლიდნენ ტრაფიკს, ახლა სიტუაცია შეცვალეს და უფასო ლოკალური ტრაფიკი ფასიანი გახადეს. რუსეთში ამის მიღწევა ტექნოლოგიურად შესაძლებელი და ძალიან ადვილია. საქართველოში ამ ჭრილში სიტუაცია მომხმარებლის მხარეზეა. პროვაიდერები კი, ნაკლებ მოგებაზე მუშაობენ.

საქართველოში ინტერნეტ-პროვაიდერების ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანია. ყველაზე მსხვილ პროვაიდერებად ითვლებიან: Online, Sanet და Caucasus Network, მათ გვერდით არიან წვრილი პროვაიდერები, რომლებიც მსხვილებისგან ღებულობენ გარკვეული რაოდენობის კანალს, რომელსაც შემდგომ მოსახლეობაში ყიდიან.

ლადო ქვილითაია – “Greennet”-ის გენერალური მენეჯერი: ჩვენი კომპანია სისტემური ინტეგრატორია, რომელიც სხვადასხვა კომპანიების მიერ ნაწარმოები აპარატურისგან ქმნის სისტემას, რომელსაც შემდგომში ვუმონტაჟებთ პროვაიდერებს და ვეხმარებით ინსტალაციასა და შემდგომ განვითარებაში ტექნიკური თვალსაზრისით. გრინეტი არისCISCO-ს პარტნიორი საქართველოში. მსოფლიოში ლიდერი კომპანიის CISCO-ს პარტნიორი რომ გახდე, უნდა გაიარო საკმაოდ ძნელი სასერთიფიკაციო პერიოდი. ამჟამად ჩვენი კომპანია აკმაყოფილებს ვერცხლის პარტნიორის მოთხოვნას, მაგრამ ამ ეტაპზე, ქართულ ბაზარზე ამ კვალიფიკაციით ვერ იმუშავებ.

ჩვენს მიერ დაწერილი სისტემებით ბევრი პროვაიდერი სარგებლობს. დღეს ქართულ ბაზარზე სამი მსხვილი პროვაიდერია, რომლებიც სწორი ტექნოლოგიური გადაწყვეტის შედეგად განვითარდნენ. მსხვილსა და წვრილ პროვაიდერს ერთმანეთისაგან მასშტაბები განასხვავებს. რაც უფრო მეტ მომხმარებელს ემსახურება ერთდროულად პროვაიდერი, მით უფრო მსხვილია და პირიქით. წვრილი პროვაიდერი, რა თქმა უნდა, სულ სხვა აპარატურითა და ტექნოლოგიით მუშაობს. ჩვენთან ცუდადაა განვითარებული ადგილობრივი რესურსებიც. ადრე, როცა ეს პროვაიდერები ერთმანეთთან ნაკლებად თანამშრომლობდნენ, სიგნალი აკეთებდა ძალიან დიდ გზას, ახლა კი, რამდენიმე პროვაიდერი ერთმანეთშია ჩართული და ერთმანეთისგან იღებს თავის ლოკალურ ტარიფს. მაგრამ აქ ერთი პრობლემაა: შეიძლება რომელიღაც X კომპანიას არ მოსწონს Y, ანუ ისინი ერთმანეთთან თანამშრომლობაზე არ წავიდნენ, ამიტომ ეს ფუნქცია უნდა აიღოს რომელიმე ნეიტრალურმა, არაკომერციულმა ორგანიზაციამ, რომ შეიქმნას M9 (მოსკოვის) ტიპის სტრუქტურა, რათა ხელი შეუწყოს ადგილობრივი რესურსების შექმნას. დღეს არც ერთ არაკომერციულ ორგანიზაციას ამის ფინანსები არ გააჩნია და ამის კეთება ვიკისრეთ ჩვენ. ფოსტა-ტელეგრაფის შენობაში დავამონტაჟეთ აპარატურა, რომელიც ერთმანეთთან მიაბამს პროვაიდერებს, რომლებსაც ჩვენ უფასო მომსახურებას ვთავაზობთ, ანუ ტრაფიკის გაცვლისას არ იქნება გადასახადი. ვფიქრობთ, ეს ტენდენცია ხელს შეუწყობს ინტერნეტის განვითარებას საქართველოში. ამასთან ერთად, საშუალება მოგვეცემა გავიგოთ რეალური სიტუაცია, თუ ვინ არის საქართველოში ლიდერი. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, რომლის მეშვეობით, დავადგენთ თუ ვინ არის რეალურად ლიდერი პროვაიდერთა შორის. ქართულ ინტერნეტ – ბაზარზე შემოვალთ კომპანიად, რომელიც შიდა პროდუქტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ოთარ შამანაძე – შპს “ინფოკომის” გენერალური დირექტორი: ჩვენი კომპანია რამოდენიმე კუთხით მუშაობს: ტელეგრაფის დამუშავება ხდება ძირითადად ჩვენთან, ასევე, ვემსახურებით მონაცემების გადაცემას, საბანკო ოპერაციებს და ინტერნეტს.

ინტერნეტის ბაზრის განვითარების დონით მსოფლიო მასშტაბებს მკვეთრად ჩამოვრჩებით, რადგან ამ მომსახურების განვითარება მკვეთრადაა დამოკიდებული საშუალო ხელფასსზე. ინტერნეტის დამაბოლოვებელი აპარატურა, ანუ კომპიუტერი, ძალიან ძვირი ღირს. რომ იმუშავოს ინტერნეტმა, ყველას უნდა ჰქონდეს კომპიუტერი. ბაზარი, ძირითადად, კერძო სექტორიდან ვითარდება, რადგან ძირითადი მომხმარებელი მაინც ის არის. ცხოვრების დონის გაუმჯობესება შესაბამისად განავითარებს ინტერნეტის მოხმარების ბაზარს.

ინტერნეტის ბაზრის განვითარებაზე ასევე პირდაპირ კავშირშია საკომუნიკაციო ქსელი. ცნობილია, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე ცუდი საკაბელო მეურნეობა ჩვენთან იყო, რამაც თავისი ცუდი გავლენა მოახდინა დღევანდელ დღეზე. ახლა სატელეფონო ქსელს ვერავინ შეცვლის, რადგან ძალიან ძვირი ჯდება. დღეს ყველა პროვაიდერი თავის კლიენტთან ოპტიკური კაბელით მიდის. პროვაიდერი 26 კილობაიტიან მოდემს მთავაზობს, საიდანაც 33 ბაიტზე მეტს ვერ მოვიხმარ სატელეფონო ხაზის გამო. ინტერნეტში მუშაობისას დიდი მნიშვნელობა აქვს სინქრონიზაციას, რომლის დარღვევა ინტერნეტიდან აგდებს მომხმარებელს. ამ დროს ხელახლა უნდა აკრიფო ნომერი და შეხვიდე ინტერნეტში, რაც ზოგჯერ იმდენად მოსაბეზრებელია, რომ კაცს ხალისი ეკარგება. ყოველივე ეს ბაზრის განვითარებაზე მოქმედებს. ჩვენ დღეს ლიდერად არ მოვიაზრებით, რადგან სახელმწიფო სტრუქტურა ვიყავით და მილიონიანი მოგება ბიუჯეტში მიდიოდა. ახალი CISCO რომ იყიდო 53000 $ არის საჭირო. თუ მონაგები შენთან არ რჩება, თანამშრომლის ხელფასით ხომ არ იყიდი ახალ ტექნოლოგიებს?

უკვე ნელ-ნელა შიდა პროდუქტიც ყალიბდება. გაჩნდა საინტერესო საიტები. ინტერნეტის ფასს რაც შეეხება, ჩვენთან იაფი არ ღირს, რაზეც რამოდენიმე ფაქტორი მოქმედებს, პირველი და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ინტერნეტის ფასს არეგულირებს წუთობრივი გადასახადი. “ახალი ქსელები” წუთში 2 თეთრს გვახდევინებს, ამიტომ ჩვენ აბონენტს 1,5 ან 0,5 თეთრს ნამდვილად ვერ გადავახდევინებთ. რა თქმა უნდა, არის სხვა მეთოდებიც, რაც ძალიან ძვირი ღირს, მხედველობაში მაქვს ისეთი ხაზი, რომელიც საშუალებას გაძლევს ინტერნეტშიც იყო და ტელეფონზეც ისაუბრო. ინტერნეტის ფასზე მოქმედებს ისიც, რომ ძვირია მაგისტრალი, რომელიც ზღვაში იდება. ჯერჯერობით არავინაა ისეთი, რომელიც ამ მაგისტრალის გაყვანაში თანხებს ჩადებს. ახლა ლაპარაკია საქართველოს რკინიგზის გასწვრივ გატარებულ ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გამოყენებაზე. მაგრამ ეს იქნება ფოთამდე და კონკურენციას მხოლოდ ამ მონაკვეთამდე გასწევს. თუ ეს მაგისტრალი თურქეთამდე გავა, მაშინ, რა თქმა უნდა, კონკურენცია გაიზრდება, ანუ ინტერნეტის მიღებას შევძლებთ როგორც რუსეთიდან, ასევე თურქეთიდანაც, ამ შემთხვევაში ფასიც შემცირდება და ხარისხიც გაიზრდება, მაგრამ ეს ჯერ მომავლის საქმეა. საუბარია ახალ ტექნოლოგიებზეც, როგორიცაა ელექტროენერგიის ქსელით ინტერნეტის მიღება, ვფიქრობ, ეს ტექნოლოგია ჩვენთანაც მალე დაინერგება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ინტერნეტ-ბაზრის განვითარებას.

მამია სანადირაძე – Caucasus Network გენერალური დირექტორი: ჩვენთან ინტერნეტპროვაიდერთა ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანია. რამოდენიმე სერიოზული პროვაიდერი ვართ და არიან წვრილი პროვაიდერებიც, რომლებიც აღარ გაიზრდებიან, რადგან კაპიტალდაბანდებები ვეღარ ჩადეს და დარჩნენ პატარებად. კლიენტურას ზრდის მომსახურეობის ხარისხი და მისი ფასი. ხარისხისა და ფასის შესაბამისობა ზრდის კლიენტურას. დიდ პროვაიდერებს აქვთ იმის რესურსი, რომ დაიჭირონ სათანადო ხარისხი და ფასი. პროვაიდერი, რომელიც ერთხელ ჩართავს თავის ქსელში კლიენტურას, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ შეინარჩუნებს მას. მან უნდა შეინარჩუნოს ხარისხი, რათა არ დაკარგოს კლიენტი. ჩვენ დრომ და გამოცდილებამ გამოგვიმუშავა ჩვენი პატარ-პატარა საიდუმლოებანი, რაც კლიენტურის ზრდის საშუალებას გვაძლევს. ყოველივე ამას, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს კომპანიის სწორი ფინანსური პოლიტიკა და ინვესტიციები. ამ ინდუსტრიაში ძალიან დინამიური და მძაფრი ცვლილებები ხდება, ამიტომ შენ უნდა დანერგო და შესთავაზო მომხმარებელს მზარდი პროდუქცია, რომ დარჩე სერიოზულ კომპანიათა რიგში. ჩვენ იძულებულები ვართ დავაბანდოთ ინვესტიციები ამ მიმართულებით.

ინტერნეტით მომსახურება ძალიან სპეციფიური პროდუქტია. არიან ახალი, პატარა კომპანიები, რომლებიც მეტს შეგპირდებიან და გაგიკეთებენ ნაკლებს.

ჩვენთან ინტერნეტი ძვირია, რადგან არ არსებობს ადგილობრივი რესურსები, არ არის იმდენი ინფორმაცია, რაც ხალხს დააინტერესებდა. ამიტომ კლიენტი უცხოური საიტებით სარგებლობს. ინტერნეტის მაღალ ფასზე მოქმედებს ასევე ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენ შორს ვართ ევროპისგან, ამერიკისგან და აღმოსავლეთ აზიისგან, ამიტომ ინფორმაციას, ძირითადად, სატელიტით მოვიპოვებთ. ასევე, უნდა ითქვას, რომ ფასზე დიდად მოქმედებს რუსეთის მონოპოლია. ფოთამდე მოდის ინტერნეტი ნოვოროსიისკიდან და ამას უამრავი გადასახადი ემატება. ევროპასთან პირდაპირი კავშირი რომ გვქონდეს, მაშინ ფასები ჩვენთან ძალიან დაბალი იქნებოდა, რადგან ინტერნეტი ევროპაში ძალიან იაფი ღირს, მაგრამ ამ მაგისტრალს არავინ ჩადებს. ეს სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, რომელსაც ამისთვის არ სცალია. რაც შეეხება კონკურენციას თვითონ შიდა ბაზარზე, ნორმალური დამოკიდებულებაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ერთად გამოსვლა ინტერესების დასაცავად მაგრამ, ჯერჯერობით, ეს არ ხდება. დღეს ბაზარზე არსებობს 3 ტიპის სეგმენტი: დაილაფტი, გამოყოფილი ხაზები და საერთაშორისო ზარები. ჩვენ ძლიერები ვართ გამოყოფილ ხაზებზე და ვაპირებთ დანარჩენი ორი მიმართულებით მუშაობის გაშლას, რადგან ბაზარი ამას მოითხოვს.

როგორც ჩანს, ქართული ინტერნეტ-ბაზრის განვითარება რამდენიმე ძირითად მომენტზეა დამოკიდებული. ეს არის: ცხოვრების საერთო დონის ამაღლება, ტექნოლოგიების განვითარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, შიდა პროდუქტისა და მოხმარების კულტურის ჩამოყალიბება. დღეს ჩვენთან ფასები საკმაოდ მაღალია, თუმცა ამ მიმართულებით კლანური სისტემა არ მუშაობს. რა დინამიკაში პოვებს განვითარებას ინტერნეტ-ბაზარი საქართველოში, ამას მომავალი გვიჩვენებს.