კონსტრუქციული კრიტიკის წესები

რედაქციისაგან
შექება ადვილია, შედარებით ძნელია კორექტული, ობიექტური და სასარგებლო შენიშვნის მიცემა. კრიტიკა ნაყოფიერი რომ იყოს, ამისთვის იგი შეურაცხმყოფელი და საწყენი არ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ კრიტიკული შეფასების არც ისე რთული შემდეგი ვარიანტები.
1. უპირველეს ყოვლისა, უნდა ამოვიღოთ კრიტიკიდან საბრალდებო სიტყვები, ყურადღება გავამახვილოთ კონსტრუქციულ წინადადებებზე;
2. შენიშვნა მივცეთ ადამიანს განცალკევებით, რათა არ შეილახოს მისი თავმოყვარეობა;
3. შევეცადოთ გულწრფელად და სერიოზულად მიუდგეთ პარტნიორის ხედვას ამა თუ იმ საკითხზე, მისი აზრების მიმართ თანაგრძნობა გამოვხატოთ.
4. პატივი ვცეთ პარტნიორის აზრს და ნუ უარვყოფთ მას უცებ, თუნდაც იგი აბსურდად მოგვეჩვენოს. გავაანალიზოთ მისი არგუმენტები, მივცეთ შესაძლებლობა ბოლომდე გამოთქვას თავისი აზრი და ვეცადოთ გავარკვიოთ ფაქტები და არა რამის დამტკიცებას;
5. შენიშვნის მიცემისას ვესაუბროთ მას მტკიცედ, მაგრამ მშვიდად. ვეცადოთ იმ თემით დავიწყოთ, რაზეც მას არ ვეთანხმებით. შეძლებისდაგვარად შევეცადოთ ისეთი კითხვები დავუსვათ, რომლებზეც ჩვენი აზრები ემთხვევა და რაზეც შეიძლება დასტური და პატრნიორის თანხმობაც მივიღოთ. თუ ადამიანი თავიდან იტყვის “არას, მისი გადარწმუნება მერე ძნელია, რადგან მას თავმოყვარეობა არ აძლევს საშუალებას გადათქვას თავისი პირვანდელი აზრი იმ შემთხვევაშიც კი თუ ის მოხვდება, რომ ეს აზრი არასწორი იყო. გავუფრთხილდეთ პარტნიორის თავმოყვარეობას;
6. თუ გვსურს ადამიანს მივუთითოთ თავის შეცდომებზე, დავიწყოთ მისი შექებით და მისი დადებითი თვისებების აღიარებით;
7. როცა ადამიანებს თავიანთ შეცდომებზე მივუთითებთ, გავაკეთოთ ეს ირიბი ფორმით. მაგალითად გავიხსენოთ მსგავსი შემთხვევები;
8. გამოვიყენოთ კრიტიკა – “რეკაშეტი: აბსტრაქტული (მოგონილი) პიროვნების მოქმედებების კრიტიკა;
9. გამოვთქვათ ჩვენი აზრი საკითხის განხილვის შესაბამისად, ისე რომ თავს არ მოვახვიოთ იგი პარტნიორს;
10. ნუ გამოვიყენებთ არგუმენტაციის გაძლიერებისთვის გაუმართლებელ წესებს. სასურველი არ არის შემდეგი სახის არგუმენტი: “რამდენჯერ გითხარით მე თქვენ!. აზრის გამოთქმის არაკორექტული ფორმაა ასევე ხმის აწევა. თუ გაგვიჩნდა სურვილი მკაცრად ვუთხრათ პარტნიორს რაიმე, ნუ ავჩქარდებით – რამდენიმეჯერ ღრმად ჩავისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ, ან ჩუმად დავითვალოთ ათამდე;
11. კამათის დროს ადამიანებს მივცეთ ფსიქოლოგიური პაუზის შესაძლებლობა. ამან შეიძლება მათი ემოციური აღგზნებადობა შეანელოს, ლოგიკურად მიუდგნენ საკითხებს და რჩევისთვის ახლობელ ადამიანებს მიმართონ. ნუ მოვითხოვთ პარტნიორისაგან შეცდომების უცბად აღიარებას და საკამათო საკითხზე ჩვენ აზრთან დათანხმებას. ეს ფსიქოლოგიურად ძნელია, მივცეთ პარტნიორს დრო დასაფიქრებლად;
12. ჩვენი შეცდომა და არასწორი ნაბიჯი ვაღიაროთ სწრაფად და გულახდილად;
13. კრიტიკასთან ერთად სასურველია არგუმენტირებული თვითკრიტიკა. ვიდრე სხვას გავაკრიტიკებთ, საკუთარი შეცდომები ვაღიაროთ. ეს გაუადვილებს ჩვენს პარტნიორს იგივე გააკეთოს და ამასთან მისი თავმოყვარეობა ნაკლებად შეილახება;
14. შენიშვნა, ნაკლი ისე წარმოვაჩინოთ, რომ ადვილად გამოსასწორებელი ჩანდეს. ზოგჯერ ადამიანები თავიანთი მდგომარეობის გამოუვალობის გამო სასოწარკვეთაში ვარდებიან. ნუ მოვახდენთ მათ ფსიქიკაზე ზეწოლას, არამედ დავეხმაროთ პარტნიორს გამოსავალის მოძებნაში;
15. ვილაპარაკოთ მხოლოდ საქმეზე, ნუ შევეხებით პარტნიორის პიროვნებას. გავაკრიტიკოთ ადამიანის მოქმედებები და არა ადამიანი. მივცეთ მას შეცდომების გამოსწორების საშუალება.
აუცილებელია გვახსოვდეს კანონზომიერება: რაც უფრო აღგზნებულია ადამიანი, მით უფრო შელახულია მისი თავმოყვარეობა, მიუხედავად ამისა, ის ლოგიკისადმი მგძნობიარე, მიკერძოებული და სუბიექტურია, ამიტომ ტაქტიკურ მიდგომას მოითხოვს.
თუ თქვენ შეამჩნიეთ, რომ კამათის დროს ვიღაც ზედმეტად აღგზნებულია, უმჯობესია საუბარი სხვა დროისთვის გადადოთ.
კონსტრუქციული კრიტიკის ფორმის ზოგიერთი ვარიანტი:
გამამხნევებელი კრიტიკა: “არა უშავს. ეხლა არ გამოგივიდა, მაგრამ სხვა დროს უკეთესად გამოგივა;
კრიტიკა-საყვედური: “ეს რა ქენით? მე ხომ თქვენზე იმედებს ვამყარებდი!;
კრიტიკა-იმედი: “იმედი მაქვს, შემდეგში ამ დავალებას უკეთ შეასრულებთ;
კრიტიკა-ანალოგი: “ადრე, როცა მე ისეთი ვიყავი როგორც თქვენ, იგივე შეცდომა დაუშვი და ჩემი უფროსისაგან საყვედურიც დავიმსახურე;
კრიტიკა-შექება: “საქმე კარგად არის შესრულებული, მაგრამ არა ამ შემთხვევისთვის;
კრიტიკა-შეწუხება: “ძალიან შეწუხებული ვარ საქმის ასეთი ვითარების გამო, განსაკუთრებით ეს ეხება ჩვენს მეგობრებს;
კრიტიკა-თანაგრძნობა: “კარგად მესმის თქვენი, შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, მაგრამ თქვენც გამიგეთ, საქმე ხომ არ არის გაკეთებული…;
კრიტიკა-სინანული: “ძალიან ვწუხვარ, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ საქმე უხარისხოდაა გაკეთებული;
კრიტიკა-გაოცება: “როგორ? ნუთუ თქვენ ეს საქმე ვერ შეასრულეთ! არ ველოდი
კრიტიკა-ირონია: “აკეთებდით, აკეთებდით და გააკეთეთ, საქმე მშვენივრად შეასრულეთ, მაგრამ ეხლა ხელმძღვანელობას როგორ გაუსწოროთ თვალი?;
კრიტიკა-საყვედური 2: “ეჰ…, თქვენზე უფრო დიდი წარმოდგენა მქონდა;
კრიტიკა-ქარაგმა: “მე ვიცი ერთი ადამიანი, რომელიც ზუსტად თქვენსავით მოიქცა. ამიტომ მას ცუდად წაუვიდა საქმეები;
კრიტიკა-შემსუბუქება: “რატომ შეასრულეთ საქმე ასე არააკურატულად და არადროულად;
კრიტიკა-შენიშვნა: “ისე ვერ გააკეთეთ, როგორც საჭიროა. სხვა დროს რჩევა მთხოვეთ;
კრიტიკა-გაფრთხილება: “თუ კიდევ დაუშვებთ ასეთ შეცდომას, თქვენ თავს დააბრალეთ;
კრიტიკა-მოთხოვნა: “დავალების ხელახლა შესრულება მოგიწევთ;
კრიტიკა-გამოწვევა: “თუ ამდენი შეცდომა დაუშვით, თვითონ იპოვეთ გამოსავალი;
კრიტიკა-შიში: “ძალიან ვშიშობ, რომ საქმე შემდეგშიც ასეთ დონეზე იქნება შესრულებული.

კრიტიკის ყველა ეს ფორმა ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელქვეითი თავის უფროსს პატივს სცემს და აფასებს მის აზრს. უფროსის ნდობის შესანარჩუნებლად ხელქვეითი ყველა ძალას იხმარს ვითარების გამოსასწორებლად.
როგორ შევხვდეთ კრიტიკას
კრიტიკას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაქვს შედეგი, თუ, ადამიანები მას სწორად აღიქვამენ. ამისთვის უნდა შევიქმნათ შემდეგი განწყობილება:
კრიტიკა ჩემი მისამართით – საუკეთესო რეზერვი ჩემი სრულყოფისათვის;
კრიტიკა – ეს საუკეთესო ფორმაა ნაკლოვანებების გამოსასწორებლად;
არ არსებობს უსარგებლო კრიტიკა;
კრიტიკის სერიოზულად აღქმა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ და რა მიზნით გამოთქვამს კრიტიკულ შენიშვნას;
კრიტიკის სერიოზულად აღქმა არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ რა ფორმით გამოითქმება იგი, მთავარია ნაკლოვანებების გაანალიზება;
კონსტრუქციული კრიტიკის აღქმის ძირითადი პრინციპია – “რაც მე გავაკეთე, იმის გაკეთება უკეთესადაც შეიძლებოდა;
კრიტიკის უმნიშვნელოვანესი სარგებლობა ის არის, რომ ვიპოვოთ ჩვენთვის რაციონალური მარცვალი იქ, სადაც პირველი შეხედვით ეს შეუძლებელი გვეჩვენება.
კრიტიკული შენიშვნების სარგებლობა იმაში გამოიხატება, რომ დავინახოთ მუშაობის ის ხერხები, რომლებსაც ადრე ვერ ვხედავდით;
ნებისმიერი კრიტიკის დროს საჭიროა მინიმუმ იმის გათვითცნობიერება, თუ რამ გამოიწვია ის, მაქსიმუმ კი მდგომარეობის გამოსწორება.
კრიტიკის სწორი აღქმისათვის, ჯერ ერთი, საჭიროა მისი დაფიქსირება, მეორე, მისი გააზრება საქმისთვის სასარგებლოდ, მესამე, ნაკლოვანებების გამოსწორება, მეოთხე, ისეთი პირობების შექმნა, რომ იგივე შეცდომა არ გავიმეოროთ;
თუ მე მაკრიტიკებენ, ე.ი სჯერათ, რომ მე შემიძლია შეცდომის გამოსწორება და შემდეგში ხარვეზების გარეშე მუშაობა;
თუ ჩვენს მიმართ კრიტიკა არ არსებობს, ე.ი სამსახურში სერიოზულად არ აღგვიქვამენ;
შედარებით სასარგებლოა კრიტიკა, რომელიც მიგვითითებს იმის არასრულყოფილებაზე, რაც, პირიქით ჩვენ სრულყოფილად მიგვაჩნია;
კრიტიკის ადრესატს არა აქვს გაბრაზების უფლება, მას უფლება აქვს კონსტრუქციულად გაიაზროს ის, რაც მისი მისამართით ითქვა;
კრიტიკის ადრესატს აქვს კონტრკრიტიკის უფლება. მას შეუძლია აქტიურად დაიცვას თავისი პოზიცია. ერთადერთი, მას არა აქვს უფლება, გამართლების მიზნით ფაქტები დაამახინჯოს;
მრავალი უსამართლო კრიტიკული შენიშვნები კოლექტივში უარყოფითი ფსიქოლოგიური კლიმატის მაჩვენებელია;
თუ მე თავშეკავებით და საქმიანად შევხვდი კრიტიკას, ე.ი მე მოვერიე ჩემს თავს და ძლიერი ადამიანი ვარ;
კრიტიკის მიღება ნიშნავს შეცდომების გამოსწორება თქვენს თავზე აიღოთ.
ნებისმიერი პრობლების განხილვისას ყველა მონაწილეს თანაბარი უფლება აქვს მოცემული წესები გამოიყენოს.