აგვისტოს ბიზნეს კალენდარი

რედაქციისაგან

1 აგვისტოს დაიწყო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, რომან გოცირიძის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში. 2 აგვისტოს პოლონეთის ეროვნული ბანკის ინიციატივით გამართულ სემინარზე იგი გამოვიდა მოხსენებით “საქართველოს ეკონომიკური ცვლილებები და პერსპექტივები “ვარდების რევოლუციის” შემდეგ”. სემინარი გახსნა პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა.

1 აგვისტოდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში დაიწყო “ბათუმის გემთმშენებელი ქარხნის” შეძენის მსურველთა განცხადებების მიღება.

ქარხნის საწყისი ფასი 7700000 აშშ დოლარია, საწესდებო კაპიტალი კი 13 774 250 ლარს შეადგენს. “ბათუმის გემთმშენებელი ქარხნის” 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. საწარმოს საქმიანობაში შედის მცურავი საშუალებების მშენებლობა-რემონტი, ასევე მანქანა-დანადგარებისა და ლითონკონსტრუქციების წარმოება-რემონტი.

“ბათუმის გემთმშენებელი ქარხნის” დებიტორული დავალიანება 309 837 ლარია, ხოლო კრედიტორული დავალიანება – 1 633 152 ლარი.
კონკურსი 31 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი.

2 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ ფანცულაია განცხადებით გამოვიდა “საბაჟო ტარიფებისა და გადასახადების შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე.

ბრიფინგზე აღინიშნა, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები მიზნად ისახავს სხვადასხვა სახის ტვირთის განუბაჟებლად შემოტანაზე შეზღუდვების დაწესებას. ახალი წესების თანახმად, ფიზიკურ პირს დღე-ღამეში ერთხელ შეუძლია, განუბაჟებლად განახორციელოს 200 ლარამდე ღირებულების 5 კილოგრამი კვების პროდუქტების იმპორტი. Fფიზიკურ პირებს ასევე უფლება აქვთ, განუბაჟებლად შემოიტანონ 300 ლარამდე ღირებულების 50 კილოგრამი საერთოOწონის არაერთგვაროვანი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი. Fფიზიკური პირი დაბეგვრისგან თავისუფლდება დღე-ღამეში ერთხელ 2 ლიტრი ალკოჰოლური სასმელისა და 200 ღერი სიგარეტის იმპორტირების შემთხვევაშიც.

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 6 თვეზე მეტხანს იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, შეუძლიათ, განბაჟების გარეშე შემოიტანონ 1500 ლარამდე ღირებულების 250 კილოგრამი საერთო წონის, არაერთგვაროვანი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი.

ახალი საბაჟო წესები ერთგვარად წაახალისებს იმ პირებს, ვინც საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოდის. ასეთ შემთხვევაში, მათი ავეჯი, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, სატრანსპორტო საშუალებები და პირადი მოხმარების ნივთები განბაჟებას არ ექვემდებარება.

3 აგვისტოს გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითრების სამინისტრომ არ გაიზიარა იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული შენიშვნები “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულებასთან დაკავშირებით.

როგორც ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ განაცხადა, მოქმედი დებულება კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება და, შესაბამისად, არც გაუქმდება.

ცნობისათვის, 27 ივლისის მთავრობის სხდომაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კოტე კემულარიამ “სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ” 2004 წლის 19 ოქტომბრის დებულების ძალადაკარგულად გამოცხადება მოითხოვა. მან განაცხადა, რომ აღნიშნული დებულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და არ შეესაბამება “პრივატიზაციის შესახებ” კანონს.

4 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და სოფლის მეურნეობის მინისტრი მიხეილ სვიმონიშვილი დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონების ფერმერებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კახელმა ფერმერებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, კახეთი 2000 წელს გვალვების გამო სტიქიური უბედურების ზონად გამოცხადდა და, შესაბამისად, იქაური გლეხები გადასახადებისგანაც განთავისუფლდნენ. ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით კი, ფერმერები ვალდებულნი არიან, გადაიხადონ 2000 წლის გადასახადიც და მისი გადაუხდელობისათვის დაწესებული საურავი.
კახელმა ფერმერებმა შიში გამოთქვეს, რომ 2006 წლისათვის შირაქის ველის სახნავ-სათესი ფართობი, რომელსაც მთავრობა სათანადო ყურადღებას არ აქცევს, შესაძლოა, დაუმუშავებელი დარჩეს.
კახეთში სტუმრობის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნოღაიდელმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სვიმონიშვილმა დაათვალიერეს ამიერკავკასიაში პირველი ზეთის სახდელი ქარხანა. ადგილობრივი ნედლეულისაგან დამზადებულ ქართულ ზეთს ადგილობრივი მომხმარებელი სექტემბერში მიიღებს. შპს “არი” დღე-ღამეში 30 ტონა მზესუმზირას გადაამუშავებს და 10-11 ათას ლიტრ ზეთს ჩამოასხამს. საწარმოში 70-მდე ადამიანი დასაქმდება.

4 აგვისტოს სასტუმრო “ვარაზში” გაიმართა პროექტის: “საქართველო – განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისების ხელშეწყობა ადგილობრივი ენერგომომარაგების მიზნით” პრეზენტაცია.

პროექტი მიზნად ისახავს მოსახლეობის გათბობისა და წყალმომარაგებისათვის გეოთერმული რესურსების მოხმარებას და მცირე ჰესების გამოყენების ხელშეწყობას. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, შეიქმნება განახლებადი ენერგეტიკის ფონდი, რომელიც გასცემს შეღავათიან სესსხებს მცირე ჰესებისა და გეოთერმული წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციოდ.

პროექტის ბიუჯეტი 14 მილიონი დოლარია. დონორები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები და ინსტიტუტები (გლობალური გარემოს დაცვის ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა, გერმანიის განვითარების ბანკი და ა.შ).

საწყის ეტაპზე პროექტის განხორციელება საბურთალოდან დაიწყება. ახლო მომავალში საბურთალოს რაიონის 27 ათასი მცხოვრები უზრუნველყოფილი იქნება ცენტრალიზებული გათბობითა და ცხელი წყლით.

ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, გიორგი თავაძის განცხადებით, დამატებითი ღირებულების გადასახადის 20%-დან 18%-მდე შემცირების შედეგად ცვლილებები შევიდა ელექტროენერგიის ტარიფშიც. თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი 12,18-დან 11,97 თეთრამდე შემცირდა.

თავაძის განცხადებით, მეასედებსა და მეათიათასედებში ტარიფების გადაანგარიშება ენერგოგამანაწილებელი კომპანიებისათვის ძალიან რთულია, ამიტომ მოსალოდნელია ტარიფის ოპტიმალურ ვარიანტამდე დამრგვალება. იგი უნდა დამრგვალდეს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით,. რათა ენერგოგამანაწილებელმა კომპანიებმა ტარიფი თავიანთ სასარგებლოდ არ დაამრგვალონ.

10 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საბიუჯეტო დავალიანებების დაფარვა, რაც წელს იყო დაგეგმილი, მომავალი წლიდან დაიწყება. Bზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, იგი გაცილებით მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მთავრობის მიერ იყო გაანგარიშებული.

მიმდინარე წელს გასტუმრებული იქნება მხოლოდ საპენსიო დავალიანება, ხოლო დახმარების პროგრამები ამოქმედდება 2006 წლის ივნისიდან.

“ჩვენ დილემის წინაშე აღმოვჩნდით, – განაცხადა ნოღაიდელმა, – ხარჯები რომ გაგვეზარდა დავალიანებების ბოლომდე დასაფარავად, ეს სერიოზულ მაკროეკონომიკურ პრობლემებს გამოიწვევდა.” მათი ნაწილის დაფარვა გაისად დაიწყება.

მთავრობის სხდომაზე 30-ზე მეტი საკითხი განიხილეს. მათ შორის, ფინანსთა მინისტრის, ალექსიშვილის მიერ წარმოდგენილი მთავრობის დადგენილების პროექტი აზარტული თამაშების მოწყობის ნებართვის პირობების დარღვევისათვის საჯარიმო განაკვეთების დადგენის შესახებ”.

10 აგვისტოს ქობულეთში თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ეკოპლაჟი გაიხსნა. Pპრეზენტაცია ფიჭვების სანაპიროზე მოეწყო და მასში მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა ნოღაიდელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა, მთავრობისა და ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების, აგრეთვე პროექტში ჩართული ორგანიზაციების – მსოფლიო ბანკის, სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის წარმომადგენლებმა.

სუფთა გარემო, კომფორტული საშხაპეები და გასახდელები, შეზლონგები და ქოლგები – ასეთია ქობულეთის ეკოპლაჟის ძირითადი “ღირსებები”. ეკოპლაჟით დამსვენებლები ძალზე კმაყოფილი არიან, რასაც მათი სიჭარბეც ადასტურებს.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის – როი საუსვორდის განცხადებით, ქობულეთის პლაჟის ეს მონაკვეთი მხოლოდ დასაწყისია, რადგან მსოფლიო ბანკი მსგავს პროექტებს კვლავ დააფინანსებს.

კომპანია “ბი-პი”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა პრესრელიზი “ნავთობი შემოდის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საქართველოს მონაკვეთზე”.. მასში ნათქვამია: “ნავთობის პირველმა ნაკადმა გადმოლახა აზერბაიჯანის საზღვარი და შემოვიდა საქართველოში. იგი მიიღეს საქაჩ სადგურ 1-ში, გარდაბნის მახლობლად.�

პირველი ნავთობის შემოსვლის ოფიციალური ცერემონია გაიმართება 12 ოქტომბერს თბილისში.

16 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ისაკაძემ განაცხადა, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მომხმარებელი წაგებული დარჩება, რადგან 1 კუბური მეტრი მოცულობის საქონელზე 1000 ლარის დაწესება რეალური საფუძვლებისგან შორს არის.

ისაკაძის თქმით, ეს სიახლე არასასიამოვნო სიურპრიზი იქნება იმპორტიორებისათვის. “თუ საბაჟოს ხელმძღვანელობა რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ამის შესახებ იმპორტიორი წინასწარ უნდა იქნეს იმფორმირებული და არ უნდა იგებდეს მაშინ, როცა ტვირთს საზღვრამდე მოიტანს”. გიორგი ისაკაძის განმარტებით, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ უნდა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, მანამ კი საბაჟო გადასახადი ძველ განაკვეთს უნდა დაუბრუნდეს.

იმპორტიორების ერთი ნაწილი საბაჟო დეპარტამენტს უკვე ადანაშაულებს არაოფიციალური გადასახადების დაწესებაში. აგვისტოს დასაწყისში მათ ტერმინალ “ოპიზასთან” საპროტესტო აქციაც გამართეს. იმპორტიორთა თქმით, რამდენიმე კვირის განმავლობაში მებაჟეები მათ არაოფიციალურად სთხოვდნენ 1 კუბური მეტრი მოცულობის საქონელზე 1000 ლარის გადახდას.