განვითარებადი ბაზრები პირველად უსწრებენ მდიდარ ქვეყნებს განახლებად ენერგო სექტორში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით
ყველამ ვიცით ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეცვალა ტელეფონებმა განვითარებადი ბაზრები. კაკაოს მწარმოებელ პატარა ფერმერებს უცებ გაუჩნდათ შესაძლებლობა სისტემატიურად შეამოწმონ სასაქონლო ფასები სმარტფონების საშუალებით.
დღეს, დაახლოებით, მსგავსი რამ ხდება განახლებად ენერგიასთან დაკავშირებით.
Bloomberg New Energy Finance-ის მონაცემების მიხედვით, პირველად, ერთი წლის განმავლობაში, სუფთა ენერგიაში განხორციელებული მთლიანი ინვესტიციების ნახევარზე მეტი მოდის განვითარებად ბაზრებზე და არა მდიდარ ქვეყნებზე. მსგავსი ტენდენცია პირველად 2014 წელს დაფიქსირდა და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
ქვემოთ მოცემული გრაფიკი აჩვენებს სუფთა-ენერგიის ინვესტიციებს OECD-ის ქვეყნებში არა OECD-ის ქვეყნებთან შედარებით. ტრენდი ნათელია: თუ თქვენ ხართ ენერგო ქარხნის წარმომადგენელი, ალბათ, უახლოეს მომავალში გეგმავთ განახლებადი ენერგიების სფეროში მუშაობას ღარიბ ქვეყნებში.
მსოფლიო უფრო მეტ სიმძლავრეებს აღწევს სუფთა ენერგიის სფეროში ყოველ წელს, ვიდრე ქვანახშირის, ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოპოვებაში ერთად. ამ ტენდენციის გაგრძელება განვითარებადი ქვეყნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
BNEF-ის ანგარიშის, Climatescope-ის მიხედვით, 2014 წელს, განვითარებადმა ბაზრებმა განახორციელეს რეკორდული ინვესტიციები სუფთა ენერგიაში – 126 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობით, რაც 39%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 35.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. დომინანტია ჩინეთი, რომელმაც 35 მილიარდი ვატის მოცულობით გაზარდა სუფთა ენერგიის სიმძლავრეები, უფრო მეტად ვიდრე აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ერთად. მოსალოდნელია, რომ მალე წამყვანი ინდოეთი გახდება, რომელმაც მიმდინარე წელს გამოცხადა, რომ მისი ზრდის გეგმა 2022 წლისთვის არის 175 მილიარდი ვატი.
კვლევის ფარგლებში მოხვედრილმა 55-მა ქვეყანამ ჯამში 50.4 მილიარდი ვატით გაზარდა ახალი ენერგო სიმძლავრეები – 2013 წელს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 21%-ით მეტი. ამ ინვესტიციების დიდი ნაწილი მოდის არა განვითარებულ ქვეყნებზე, რომელიც მათ განახორციელეს განვითარებად ბაზრებში, არამედ განვითარებადი ქვეყნებიდან ისევ განვითარებად ქვეყნებში განხორციელებულ ინვესტიციებზე. 2013 წელს ეს მაჩვენებელი 53 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, 2014 წელს კი 79 მილიარდამდე გაიზარდა. ამასთანავე, საყურადღებოა, რომ ანგარიშში არ არის გათვალისწინებული დიდი ჰიდროელექსტორსადგურები, ავტორები ფოკუსირებას აკეთებენ ქარის, მზისა და სხვა სუფთა ენერგო ტექნოლოგიებზე, რომლებიც სულ უფრო სწრაფად ვითარდება.
BNEF-ის ანგარიში, რომელიც ნოემბრის ბოლოს გამოქვეყნდა, ახდენს 55 განვითარებადი ქვეყნის რანჟირებას იმის მიხედვით, თუ რომელს რა შესაძლებლობები აქვს მიიზიდოს კაპიტალი დაბალ-კარბონიანი ენერგო პროექტების დასაფინანსებლად. შედეგების მიხედვით, ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე ბაზრებია ჩინეთი, ბრაზილია, ჩილე, სამხრეთ აფრიკა და ინდოეთი. ბევრი განვითარებადი ქვეყანა მდიდარია ისეთი რესურსებით, როგორიც არის ქარი, მზის ენერგია და ჰიდრო ენერგია. ზოგიერთ ქვეყანაში ქარი და მზის ენერგია უკვე კონკურენციას უწევს ფასების მიხედვით ელექტროენერგიას, ამასთანავე ბატარეების ფასები დიდ მასშტაბიანი ელექტრო საწყობებისთვის მცირდება.
ტექნოლოგიების ფასები მცირდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, მზის რადიაციის ელექტროენერგიად გარდაქმნა (PV) 15%-ით იაფი იყო 2014 წელს 2013 წელთან შედარებით. რაც ზრდის მზის ენერგო სისტემების კონკურენტუნარიანობას გათბობის სხვა საშუალებებთან მიმართებაში, განსაკუთრებით მზიან და ძვირი ელექტრო ენერგიის მქონე ქვეყნებში. GTM Research-ის პროგნოზის მიხედვით, PV სისტემების გლობალური საინსტალაციო ფასი უახლოეს წლებში 40%-ით შემცირდება – 2014 წელს არსებული 2.16 აშშ დოლარიდან ერთ ვატზე, 1.24 აშშ დოლარამდე 2020 წლისთვის.
ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის, განახლებადი ენერგია მნიშვნელოვანია ენერგო უსაფრთხოების კუთხითაც. ხშირ შემთხვევაში ქვეყნები დამოკიდებული არიან გაზის ან ნავთობის იმპორტზე, რომელთა ფასებიც ვოლატიურია, მიწოდება კი არასტაბილური სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
მოთხოვნის ზრდის პარალელურად, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაზარდეს დაფინანსება სუფთა ენერგო პროექტებისთვის განვითარებად ქვეყნებში. მაგალითად, The World Bank-მა, Export-Import Bank-მა, Overseas Private Investment Corporation-მა და სხვა.
BNEF-ის ანგარიშის პარალელურად, გამოქვეყნდა კიდევ ერთი ანგარიში International Renewable Energy Agency (IRENA)-ის მიერ. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დასახული გეგმის მისაღწევად – 2030 წლისთვის განახლებადი ენერგიის წილის 36%-მდე გაზრდა მთლიან ენერგო მოხმარებაში – აუცილებელია არსებული სიმძლავრეების 6-ჯერ გაზრდა. რისთვისაც 2020 წლამდე ყოველწლიურად საჭირო იქნება 500 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია და კიდევ უფრო მეტი, ყოველწლიურად 900 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია 2021 წლიდან 2030 წლამდე. 2014 წელს მთლიანმა ენერგო ინვესტიციებმა BNEF-ის ანგარიშის მიხედვით, 310 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ენერგო ინფრასტრუქტურა არ არის ტელეფონების მსგავსი. მზისა და ქარის ენერგიის სისტემების აგებას დრო სჭირდება. ამასთანავე, წიაღისეული რესურსები ჯერ ისევ უფრო იაფია, მაშინ როდესაც ქარი არ უბერავს და მზე არ ანათებს. ამასთანავე, ქვანახშირი და ბუნებრივი აირი კვლავ წამყვან როლს თამაშობს ბევრი ადამიანის ცხოვრებაში.
მაგრამ მოსახლეობისთვის, რომლებიც ჯერ ისევ დამოკიდებული არიან ძვირ ენერგო გენერატორებზე ან რომელთაც საერთოდ არ აქვთ ელექტრო ენერგია, და რომლებიც ცხოვრობენ ძალიან საშიში დოზით დაბინძურებულ დიდ ქალაქებში, ახალი ენერგო ტექნოლოგიები და სუფთა ენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
მოამზადა: მაკა ღანიაშვილმა
წყარო: www.bloomberg.com