ტურისტების რაოდენობის ზრდას ექსპერტები ეჭვით უყურებენ

ალექსანდრა ლალიაშვილი

საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 8 ივნისს გაიხსნა. ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელის, მაია სიდამონიძის განაცხადებით, მიმდინარე სეზონზე, სამი თვის განმავლობაში საქართველოში დაახლოებით 1 მილიონი უცხოელი ტურისტი ჩამოვა. მისი თქმით, ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით უკვე 40%-ით არის გაზრდილი.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2013 წლის მაისის ჩათვლით, ქვეყანაში 1 მილიონ 300 ათასი ტურისტია შემოსული. წლის ბოლოსთვის კი, მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, 3.5 მილიონს გაუტოლდება. აჭარაში წლეულს, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ მეტ ტურისტს ელოდებიან. საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, მაისის განმავლობაში 2012 წლის ანალოგიურ პერიოდისაგან განსხვავებით, ბათუმის ყველა დიდი სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობდა.

1
მართალია, მთავრობაში მიიჩნევენ, რომ წელს ქვეყანას უფრო მეტი ვიზიტორი ეყოლება, ვიდრე შარშან, მაგრამ ექსპერტები ამ განცხადებას ეჭვის თვალით უყურებენ. მათი შეფასებით, 2013 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაგვიანებულია, რაც იმის ბრალია, რომ წინა წლისგან განსხვავებით, წლეულს ქვეყანას საერთაშორისო დონეზე მარკეტინგული კამპანია არ ჰქონია.

ამასთან, საქართველოში ნარჩუნდება არასტაბილური პოლიტიკური ვითრება, რაც ტურისტების ნაკადზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ, 2013 წლის ზაფხული ტურისტების რაოდენობთ გასული წლის ანალოგიური იქნება. ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში კი, ექსპერტები ტურისტების ნაკადის შემცირებასაც არ გამორიცხავს.

სპეციალისტები დარგის პრობლემად ასახელებენ იმას, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია დარგის განვითარების პოლიტიკა, უნდა არსებობდეს დოკუმენტი, განვითარების 5-10-წლიანი სტრატეგია და კონცეფცია, რომელშიც უნდა იყოს გაწერილი, თუ როგორ და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს სექტორი. ექსპერტთა განცხადებით, ასეთი რამ საქართველოს ტურიზმის სექტორს არ ჰქონია და არც დღეს აქვს. სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს კრიზისულ მენეჯმენტსაც, თუ როგორ უნდა მოხდეს დარგის მართვა, რათა სექტორის განვითარება არ შეიზღუდოს ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების პერიოდებში. ექსპერტები არაერთგზის უსვამენ ხაზს იმ ფაქტს, რომ აუცილებელია ქვეყანაში უფრო მეტი 2-3-ვარსკვლავიანი სასტუმროები არსებობდეს, რაც ფასების დასტაბილურებას შეუწყობდა ხელს. მათი შეფასებით, აჭარა არ არის თურქეთის რომელიმე კურორტი, სადაც 2 კვირით ჩადის ტურისტი და ერთ ადგილზე, ერთ სასტუმროში იღებს ყველა იმ მომსახურებას, რომელიც მას სურს. დაიწყება თუ არა წვიმები, აღარავინ აღარ ჩერდება ბათუმში, ქობულეთში და ზღვის სანაპირო კურორტებზე. საქართველოში უნდა აშენდეს პატარა სასტუმროები, მოტელები, გზებზე დასასვენებელი ადგილები, რათა ტურისტებისთვის ერთი რეგიონიდან მეორეში გადაადგილება თავისუფლად შეიძლებოდეს.

2
ქვეყანაში ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის მსგავსი სასტურმოები და მოტელები რომ აუცილებელია, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენელთა შეფასებიდანაც ნათლად ჩანს. ტურისტულ კომპანია ”გუდ თრეველში” შარშანდელთან შედარებით წელს ტურისტების ნაკადების ზრდას ელიან, თუმცა, იქვე აღნიშნავენ, რომ უცხოელი ტურისტებისათვის, საზღვაო კურორტებზე მეტად, საქართველო ისტორიული ძეგლებითა და ისეთი ტურებითაა მიმზიდველი, როგორიცაა ფშავ-ხევსურეთის, ყაზბეგის, კახეთის და მსგავსი ადგილების დათვალიერება. ”ჩვენ, ძირითადად, შემოგვყავს ტურისტები მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ისრაელიდან და გერმანიიდან. რა თქმა უნდა, ზაფხულის კურორტები სეზონზე პოპულარულია, მაგრამ უფრო დიდია დაინტერესება მაღალმთიანი რეგიონების მიმართ” _ აცხადებს ”გუდ თრეველის” ტურ-ოპერატორი, ილონა ქორიძე.

2013 წლის საზაფხულო სეზონის დაწყების დროსაც, აქტუალურია მაღალი ფასები. როგორც ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები აცხადებენ, აჭარის ზღვისპირა კურორტებზე მაღალი ფასები კვლავ პრობლემად რჩება. კომპანია ”ვიზიტ ჯორჯიას” დირექტორის მოადგილე, თამაზ ხუციშვილი: ”საქართველოში შემომსვლელი ტურისტებისთვის ნაკლებ პოპულარულია ზღვისპირა კურორტები. თვითონ ქართველები ეგვიპტესა და თურქეთში მიდიან დასასვენებლად, იმიტომ, რომ იქ გაცილებით იაფია დასვენება. რატომ ჩამოვა ევროპელი ტურისტი აქ ზღვაზე, იმ კატასტროფულად მაღალი ფასების გათვალისწინებით, რაც ბათუმში სასტუმროებს ადევს?! მათთვის უფრო საინტერესოა თბილისის, მცხეთის, კახეთის, ყაზბეგის დათვალიერება დაMმხოლოდ ამის შემდეგ, ერთი-ორი დღით შეიძლება ჩავიდნენ აჭარაში”.

3
თამაზ ხუციშვილი შარშანდელთან შედარებით ტურისტების ნაკადის ზრდასაც უსვამს ხაზს: ”სეზონის დასაწყისიან დღემდე, შარშანდელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 15-20%-ითაა უკვე გაზრდილი და ჯერ მეთელი სეზონი წინაა, ჩვენი ვარაუდით, ტურისტების ნაკადი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება”.

რაც შეეხება გასულ ტურისტულ სეზონს, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წლევანდელი ზამთრის სეზონის განმავლობაში (დეკემბერი, იანვარი, თებერვალი), შემოსული უცხოელი მოგზაურების რაოდენობამ 937 493 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტია (694 549). მათივე ინფორმაციით, ზამთრის პერიოდში, ისევე როგორც მთელი წლის განმავლობაში, მოგზაურების უდიდესი ნაწილი _ 91% მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა. კერძოდ, თურქეთიდან – 359 496, აზერბაიჯანიდან – 208 353, სომხეთიდან – 196 578, რუსეთიდან – 87 745, ხოლო უკრაინიდან – 15 959 ვიზიტორი. ამასთან, მოგზაურები საქართველოში, საშუალოდ 9 დღეს რჩებიან, თუმცა ეს მაჩვენებლი ქვეყნების მიხედვით ვარირებს.

”ზამთრის პერიოდში რუსეთიდან შემოსულ მოგზაურთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 72%-ით აღემატება. სხვა ქვეყნებს რაც შეეხება, აღსანიშნავია მოგზაურების ზრდა ერაყიდან და ეგვიპტიდან. ვფიქრობთ, ერაყთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დამყარება ამ ქვეყნიდან მოგზაურების შემოსვლების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის”, _ აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაგეგმვისა და განვითარების განყოფილების უფროსი, რუსუდან მამაცაშვილი, და ჯამში, მიუხედავად გარკვეული ჩავარდნებისა, ზამთრის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებს.

”ზამთრის სეზონი გუდაურისთვის წარმატებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ. რაც შეეხება ბაკურიანს, წელს დამსვენებლების შედარებით მცირე რაოდენობა დაფიქსირდა. ჩვენ გამოვიკითხეთ ზამთრის კურორტების განთავსების საშუალებები. მონაცემების თანახმად, გუდაურის განთავსების საშუალებების დატვირთვის კოეფიციენტი მნიშვნელოვნად აღემატება ბაკურიანის მაჩვენებლებს, ამის მიზეზად კი უმეტესად ბაკურიანში უამინდობა (დეკემბერი-იანვარი) და თოვლის ცუდი საფარი სახელდება”, _ განმარტა მამაცაშვილმა.

2012 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი 1 410 901 000 აშშ დოლარი იყო, ხოლო მხოლოდ ბოლო კვარტალში ამ მაჩვენებელმა 356 423 000 აშშ დოლარი შეადგინა.