საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისა და გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით საქართველო ეტაპობრივად საჰაერო ნავიგაციის ახალ სისტემაზე გადასვლას იწყებს
საქართველოში საავიაციო უსაფრთხოების დონის ამაღლების, საჰაერო ხომალდების საექსპლუატაციო ეფექტურობისა და საჰაერო სივრცის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) დანერგვის გეგმა ამოქმედდა. შესაბამის დოკუმენტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს ხელი.
PBN კონცეფციის დანერგვა ხელს შეუწყობს:
ქვეყანაში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების გაზრდას საჰაერო ხომალდების დაშვების პროცედურების გაუმჯობესების გზით;
საჰაერო ხომალდების ფრენის დროის შემცირებას ოპტიმალური ფრენის მარშრუტების დანერგვის გამო, რასაც შედეგად მოჰყვება საწვავის დაზოგვა, ხმაურისა და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირება, ასევე გარემოს დაცვის დონის ამაღლება;
აეროდრომებზე თვითმფრინავების მოფრენის გაუმჯობესებას ყველანაირ მეტეოროლოგიურ პირობებში, ასევე კრიტიკული დაბრკოლებებისაგან დაშორების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას;
ავიამეთვალყურისა და მფრინავის სამუშაო დატვირთვის შემცირებას თანამედროვე პროცედურებისა და თვითმფრინავის ტექნიკური შესაძლებლობების უკეთესად გამოყენების გზით;
ფრენის მარშრუტის პროგნოზირებადობის გაზრდას
საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN)-ის დანერგვის გეგმა ითვალისწინებს ახალ სისტემაზე ავიასაწარმოების ეტაპობრივ და გეგმაზომიერ გადასვლას, რაც გულისხმობს გარდამავალი პერიოდის განმავლობაში არსებული საჰაერო ნავიგაციის პროცედურების შენარჩუნებას, იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც არ არიან აღჭურვილნი PBN კონცეფციით გათვალისწინებული ზონალური ნავიგაციის (RNAV) და/ან მოთხოვნილი სანავიგაციო მახასიათებლების (RNP) სისტემებით.
ეროვნული PBN კონცეფციის ეფექტურად და შეუფერხებლად დანერგვის მიზნით, გეგმის შემუშავებისას ჩატარდა საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ოპერაციებში ჩართული საჰაერო ხომალდების აღჭურვილობის კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ საჰაერო ხომალდების თითქმის 80-90%-ს გააჩნია RNAV და RNP შესაძლებლობა. ასევე, პირველ ეტაპზე ახალი პროცედურების დანერგვა დაიგეგმა საქართველოს იმ აეროპორტებში (ქუთაისი, ბათუმი), სადაც სანავიგაციო და სარადიოლოკაციო ინფრასტრუქტურა მზადაა შესაბამისი ცვლილებებისთვის.
საქართველოს საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) გეგმა ემყარება ICAO-ს მე-11 დანართის მოთხოვნებს, 37-ე ასამბლეის რეზოლუციით და გლობალური საჰაერო ნავიგაციის განვითარების გეგმით (Global Air navigation Plan) გათვალისწინებულ პრიორიტეტებს. დოკუმენტი შემუშავებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „საქაერონავიგაციის“ სპეციალისტებისაგან შემდგარი ჯგუფის მიერ. საავიაციო ინდუსტრიის ინფორმირების, მათგან შენიშვნებისა და წინადადებების წარმოდგენის მიზნით, სააგენტოს მიერ შემუშავებული პროცედურის შესაბამისად, დოკუმენტის პროექტი დაეგზავნა ყველა ავიასაწარმოს (პროექტი განთავსებული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზეც). გარე განხილვის ეტაპის ფარგლებში სააგენტოს გამოეხმაურა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეიზი.“ ის ამ ეტაპზე არის ერთადერთი ქართული ავიაკომპანია, რომელიც ახორციელებს საჰაერო მიმოსვლას საქართველოს აეროპორტებში და აეროპორტებიდან. ავიაკომპანიამ მხარი დაუჭირა საქართველოში PBN-ის დანერგვის გეგმას.
საქართველოს საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) დანერგვის გეგმა შეგიძლიათ იხილოთ სააგენტოს ვებ-გვერდის შემდეგ ბმულებზე: