პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა იზრდება
წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მოცულობამ 2014 წელს 1272 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 39 პროცენტით აღემატება 2013 წლის წინასწარ და 35 პროცენტით – ამავე წლის დაზუსტებულ მონაცემებს. ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21 პროცენტი შეადგინა.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2014 წლის წინასწარი მონაცემების მიხედვით 65 პროცენტი შეადგინა. განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მიხედვით პირველ ადგილზე ნიდერლანდები იმყოფება 26 პროცენტით, მეორეზე – აზერბაიჯანი 24 პროცენტით, ხოლო მესამეზე – ჩინეთი 15 პროცენტით.
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2014 წელს 64 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა და 343 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 27 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობა 295 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობა 174 მლნ. აშშ დოლარით.