ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2015 წლის ანგარიში
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2015 წლის ანგარიში წარმოადგინა.
დამსწრე საზოგადოებას ანგარიში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო.
ანგარიში გასული წლის სტატისტიკურ მონაცემებს, ტურიზმის სტრატეგიას, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებს, შესრულებულ პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებს, გაცნობით ტურებს, პუბლიკაციებს და დაგეგმილ პროექტებს მოიცავს.
როგორც ჩოგოვიძემ აღნიშნა, 2015 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა – ქვეყანას 5 897 685 ადამიანი ესტუმრა.
ასევე, გასულ წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 400-მდე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელს და 150-მდე ტურ ოპერატორს უმასპინძლა. ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დაბა გუდაურსა და ბაკურიანში ველოპარკებიც შეიქმნა. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ტურიზმის ინდუსტრიის 1 100-მა წარმომადგენელმა კი საქართველოს 15 ქალაქში გადამზადების კურსები გაიარა.
მიმდინარე წელს კი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, საქართველოში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, ღვინის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენცია იგეგმება. მისივე თქმით, წელს ადმინისტრაცია 20-მდე მიზნობრივ ქვეყანაში მარკეტინგულ კამპანიასაც ჩაატარებს. გარდა ამისა, ადმინისტრაცია მონაწილეობას გეგმავს 21 საერთაშორისო გამოფენაში.
„2015 წელი გამორჩეულად წარმატებული იყო ტურიზმის განვითარების კუთხით და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მხრივ. გასულ წელს დაფიქსირდა 7%-იანი ზრდა. ეს შემოსავლებსა და დასაქმებაზე აისახება. მხოლოდ 2015 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში შემოსავალი ტურიზმიდან ეკონომიკაში 113 მილიონი დოლარით გაიზარდა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, როგორც საზღვარგარეთ საერთაშორისო მიმართულებით ახალი ბაზრის აღმოჩენის კუთხით, ასევე არსებულ ბაზრებზე მაქსიმალურად მეტი ადამიანის დაინტერესებისა და საქართველოში მოზიდვის მიმართულებით.“ განაცხადა ჩოგოვაძემ.