ახალი შესაძლებლობა რეგიონის მოსახლეობას
რეგიონის მოსახლეობას მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაზე ამომწურავი ინფორმაციის მიღების ახალი შესაძლებლობა უჩნდება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს რეგიონებში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია, გაიაროს კონსულტაცია და მარტივად ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამაში.
13 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“ ზემოხსენებული მომსახურების ერთობლივად დანერგვის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, სტრუქტურების ხელმძღვანელებმა, ანა კვარაცხელია და შიო ხეცურიანმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად ინფორმაციის მოძიების მიზნით რეგიონულ მოსახლეობას აბსოლუტურად უსასყიდლოდ შეუძლია ისარგებლოს საზოგადოებრივ ცენტრებში არსებული კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით, ან მიმართოს ცენტრის ოპერატორებს კონკრეტული, მათთვის საინტერესო კითხვებით. დაინტერესებული პირის თხოვნის საფუძველზე ასევე შესაძლებელია გადამისამართება მეწარმეობის განვითარების სააგენტოში ან პროგრამის განმახორციელებელ კონტრაქტორ ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც მოხდება პროექტთან დაკავშირებული ყველა ნიუანსის განხილვა და ასევე ზოგადად, სახელმწიფო პროგრამაზე „აწარმოე საქართველოში“ მეტი ინფორმაციის მიწოდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში ახალი მომსახურების დანერგვა ხდება უშუალოდ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის მეორე რაუნდის წინ, რომელიც 2016 წლის 15 თებერვლიდან დაიწყება.
მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, ღონისძიების ფარგლებში მეწარმეობის განვითარების სააგენტომ საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლებს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის დეტალები და ინფორმაციას პროგრამაში ჩართვის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები გააცნო.
„სააგენტოებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონებში ბიზნესისა და ზოგადად მეწარმეობის განვითარების კუთხით, ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ბიზნეს საქმიანობის მხარდაჭერის მექანიზმების მოსახლეობისათვის გაცნობის თვალსაზრისით“,- აცხადებენ სააგენტოში.
2016 წლის 15 თებერვლიდან კი საქართველოს ყველა რეგიონში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მეორე რაუნდი დაიწყება, რომლის ფარგლებშიც პირველი რაუნდის მსგავსად, ბიზნეს იდეების მიღება განხორციელდება და გაგრძელდება მარტის თვის ბოლომდე.
„აღნიშნული პროგრამის მეორე რაუნდში დაგეგმილია დაფინანსდეს მინიმუმ 1500 და გადამზადდეს 3000-მდე ბენეფიციარი.
რაც შეეხება პირველი რაუნდის შედეგებს, სააგენტოს ცნობით, მოცემული ეტაპისთვის დაფინანსებულია 1620 ბენეფიციარი, ამასთანავე ტრენინგი გაიარა 3118 ბენეფიციარმა. ასევე გაფორმებულია 218 ხელშეკრულება, რომლებიც დაფინანსდებიან უახლოეს მომავალში, რადგან პროექტში ჩართვისას ბენეფიციარი ხარჯავს საკუთარი თანამონაწილეობის თანხას და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან.
საერთო ჯამში, პირველი რაუნდის შედეგად დაფინანსდება 1770-მდე ბენეფიციარი.“-აღნიშნავენ სააგენტოში.