ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებით მთავრობა მონოპოლიურ ბაზარს შლის
არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ადვოკატები” მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებითა და ახალი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით მთავრობა მონოპოლიურ ბაზარს შლის. ამის შესახებ ”რეპორტიორის” პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის იურისტმა, ნინო ისაკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ”ახალგაზრდა ადვოკატები” საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, რადგან ცვლილებები და ახალი რეგულაციები ქვეყანაში ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებისათვის მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებებზე მიუთითებს.
ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილება, ვილნიუსის სამიტზე საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოახდინოს და ქვეყანაში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სტანდარტები შემოიღოს, არსებული მონოპოლიებისა და ოლიგიოპოლიებისაგან ქართული ბაზრის გათავისუფლების საშუალებას იძლევა.