თბილისში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა

12 თებერვალს თბილისში ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს მე-7-ე სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე მოხსენება გააკეთეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრმა ბინალი ილდირიმმა.
სხდომაზე საუბარი წარიმართა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მიმდინარეობასა და 2016 წელს განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

თავის გამოსვლაში საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობასა და აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ხელშეწყობაზე. მან ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის საერთაშორისო და რეგიონულ სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად დაასახელა აბრეშუმის გზის განვითარება და ამ ჭრილში პარტნიორ ქვეყნებთან ერთობლივი პროექტების განხორციელება. მისი განცხადებით, საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალი სატრანსპორტო ინფრასტურქტურული პროექტების განხორციელებას, არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას და მის ეფექტიან ფუნქციონირებას.
1
საქართველოს ვიცე-პრემიერმა სხდომაზე ხაზი გაუსვა ბაქო-თბილისი-ყარსის შემაერთებელი ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას, რომელიც ხელს უწყობს ევროპასა და აზიას შორის ტვირთბრუნვის ზრდას, პროექტის მონაწილე ქვეყნების ინტეგრაციას საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში და ჩვენი ქვეყნების ეკონომიკურ სტაბილურობას. მან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შეაფასა, როგორც აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს ისტორიული აბრეშუმის გზის აღორძინებაში.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის საქართველოს მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დამამთავრებელ სტადიაშია. საქართველოს ტერიტორიაზე დასრულებულია სამშენებლო სამუშაოების უდიდესი ნაწილი, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სატესტო და სატვირთო მატარებლების გატარება, რაც აღნიშნულ უბანზე რკინიგზის მშენებლობის დამთავრებას ნიშნავს.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს მე-7-ე სხდომის დასასრულს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელებმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ზია მამედოვმა და ბინალი ილდირიმმა სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი.