ინოვატორი ახალგაზრდები ტექნოლოგიურ პარკში არსებულ სერვისებს გაეცნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე ტექნოპარკში ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანა კვარაცხელია.
ირაკლი ქაშიბაძემ ინოვატორ ახალგაზრდებს სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები დაათვალიერებინა, გააცნო ტექნოპარკის სერვისები, ახალგაზრდებმა გატესტეს მაღალტექნოლოგიური დანადგარები. სააგენტოს თავმჯდომარე მათ ბიზნეს ინკუბატორის სერვისებსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა.
ტექნოლოგიურ პარკს სხვა ინოვატორ ახალგაზრდებთან ერთად სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ბენეფიციარი ნემო ჯალაღონიაც ესტუმრა, რომლის საქმიანობაც სამეგრელოში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მეწარმეობის განვითარების თვალსაჩინო მაგალითად დაასახელა. მეწარმის საამქრო ასევე მოინახულა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. შეხვედრისას მთავრობის წარმომადგენლებმა ახალგაზრდა მეწარმეს შესთავაზეს გამოეყენებინა ტექნოლოგიური პარკის უნიკალური რესურსი, ინკუბატორის სერვისები და მოეხდინა საკუთარი იდეის კომერციალიზაცია.
ბიზნეს ინკუბატორის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური და ტექნოლოგიებზე დაყრდნობილი ბიზნეს იდეის მქონე გუნდებს , რათა მოხდეს მათი სტაბილურად განვითარებად კომპანიად ჩამოყალიბება. ამისათვის ტექნოპარკი მათ მომსახურების სრულ ციკლს შესთავაზებს.
ინკუბატორში განხორციელდება Start-up-ებისთვის სხვადასხვა სერვისების შეთავაზება, მათ შორის: საერთო სამუშაო სივრცეში განთავსება, წვდომა ექსპერტებთან მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების, პერსონალის მართვის და სხვა დარგებში (სერვისის მიწოდება განხორციელდება მართვის აკადემიის მიერ); ფინანსური, იურიდიული და ბუღალტრული მომსახურება (სერვისის მიწოდება განხორციელდება დელოიტის მიერ); ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული საკითხები (სერვისის მიწოდება განხორციელდება საქპატენტის მიერ); კონსულტაცია ონლაინ პლატფორმებზე ტექნოლოგიური ინოვაციების გასატანად, მენტორშიპი ბიზნესის სტრატეგიული განვითარებისა და გლობალური მარკეტინგის წარმოების შესახებ, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში (Fab Lab) პროტოტიპის შექმნას, საერთაშორისო კომპანიების შოურუმები და ფუნქციური სივრცეები სატესტო აპარატურით (Intel, HP, Autodesk, Samsung, Cisco, Epson), სატრენინგო ოთახები, საკონფერენციო სივრცე, შეხვედრების ოთახები ვიდეო კონფერენციების აპარატურით, ბიბლიოთეკა ინოვატორებისათვის საინტერესო ლიტერატურით, რეზერვირებული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, წვდომა ქლაუდ სერვისებთან.