„ექსპო ჯორჯიაში“ ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა ELCOMM CAUCASUS 2014 მიმდინარეობს
12 ნოემბერს გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენას ELCOMM CAUCASUS 2014 გაიხსნა. გამოფენა 14 ნოემბრამდე გაგრძელდება.
გამოფენის ძირითად ამოცანას სექტორის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს.
აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს, მიიღოს ინფორმაცია დარგში არსებული სიახლეების, ახალი ტექნოლოგიებისა და საქართველოს ბაზარზე არსებული მომსახურებების სრული სპექტრის შესახებ. გამოფენის ფარგლებში, ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები ენერგეტიკის დარგში მომუშავე ორგანიზაციებთან.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შემდეგი სახის პროდუქტები და მომსახურება: ენერგეტიკის სფეროში გამოყენებული მოწყობილობები და დანადგარები, გადამცემი ხაზები, მართვის ავტომატური სისტემები, კონტროლის სისტემები, ენერგეტიკულ კომპანიათა პროგრამული უზრუნველყოფა, მოწყობილობები და ტექნოლოგიები ენერგიის დაზოგვისთვის, ენერგიის მართვის სისტემები და განახლებადი ენერგიის წყაროები.
გამოფენის პარალელურად, 12 ნოემბერს, გაიმართა კონფერენცია – „ენერგეტიკა მდგრადი განვითარებისთვის“, რომლის ძირითად მისიას წარმოადგენს დარგის მდგრადი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს თემებზე ყურადღების მიპყრობა და ამ მიმართულებით დისკუსიის სტიმულირება. ღონისძიების ფარგლებში, კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ, განხილული იყო ქვეყნის განვითარების სტრატეგია, გარემოსცაცვითი ფაქტორები ენერგეტიკაში, სატარიფო პოლიტიკა, ახალი პროექტები და სხვა აქტუალური საკითხები.